Facebook Twitter

საქმე №ას-335-2023 4 მაისი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გიორგი მიქაუტაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - შპს ,, ა.ლ–ი’’ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - თ.კ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება

კერძო საჩივრის დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს ,,ა.ლ–ის’’ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი, დამსაქმებელი, საწარმო) წინააღმდეგ თ.კ–ძემ (შემდეგში - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან დასაქმებული) სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლითაც სამუშაოდან მისი განთავისუფლების შესახებ საწარმოს დირექტორის 2020 წლის 19 მარტის ბრძანების მე-2 პუნქტის ბათილად ცნობა, საწარმოს ადმინისტრატორის თანამდებობაზე აღდგენა და 1 500 ლარის ოდენობით იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით:

- სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

- სადავო ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი, მოსარჩელის სასარგებლოდ დამსაქმებელს 1 250 ლარის ოდენობით ფულადი კომპენსაციის გადახდა დაეკისრა, სამუშაოზე აღდგენის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

3. სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 10 თებერვლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა, ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გაშვების მოტივით (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში - სსსკ-ის 369-ე მუხლი).

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარმოადგინა დამსაქმებელმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება მოითხოვა, შემდეგი საფუძვლით:

- პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით აპელანტმა სასამართლოს სსსკ-ის 2591 მუხლით დადგენილ ვადაში, კერძოდ, 2022 წლის 27 დეკემბერს მიმართა, რასაც კერძო საჩივარზე თანდართული წერილობითი დოკუმენტი ადასტურებს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადა კერძო საჩივრის ავტორს არ დაურღვევია.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მარტის განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე კერძო საჩივარი განსახილველად იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

კერძო საჩივარი დაუსაბუთებულია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული შედავება გასაჩივრებულ განჩინებაში დადგენილი ფაქტების მიმართ არ წარმოუდგენია.

8. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი საპროცესო ვადა.

9. სსსკ-ის 369-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა 14 დღეა. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

10. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის დეფინიციით: თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელდება და აღდგენა დაუშვებელია.

აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ: 1). გასაჩივრების უფლების მქონე პირი ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი და, 2). ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში იგი სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

სსსკ-ის 2591-ე მუხლის შინაარსი ცალსახად მიუთითებს, რომ მხარე, გადაწყვეტილების გასაჩივრების ინტერესის არსებობის შემთხვევაში, ვალდებულია კანონით განსაზღვრულ ვადაში ჩაიბაროს სასამართლოს გადაწყვეტილება.

დასახელებული წესიდან გამონაკლისი დადგენილია მხოლოდ სსსკ-ის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისთვის, ასევე, პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი;

მათთვის გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას სასამართლო უზრუნველყოფს, ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით (სსსკ-ის 2591 მუხლის მე-2 ნაწილი).

დადასტურებულია, რომ კერძო საჩივრის ავტორი საგამონაკლისო პირების აღნიშნულ ჩამონათვალს არ მიეკუთვნება და განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს საპროცესო დოკუმენტის გაგზავნის ვალდებულება არ გააჩნდა.

11. საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 60.2 მუხლის დანაწესზეც, რომელიც გასაჩივრების ვადის მიმდინარეობის დაწყებას აწესრიგებს და რომლის თანახმადაც, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (შდრ. სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინება Nას-1161-1106-2014).

12. განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხის სწორად გადასაწყვეტად, საყურადღებოა, საქმის მასალებით დადგენილი შემდეგი გარემოება:

სააპელაციო წესით გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილია 2022 წლის 5 დეკემბერს, რომლის გამოცხადებასაც აპელანტის წარმომადგენელი არ ესწრებოდა, თუმცა ხსენებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დროისა და ადგილის შესახებ მისთვის ცნობილი იყო, რადგან აღნიშნულ სხდომამდე, 2022 წლის 9 ნოემბერს, მთავარი სხდომა ჩატარდა, რომელსაც აპელანტის წარმომადგენელი ესწრებოდა და ამ სხდომაზე გადაწყვეტილების 2022 წლის 5 დეკემბერს გამოცხადების თაობაზე მიეთითა (ტომი 1, ს.ფ. 309-313).

13. ამდენად, სსსკ-ის 2591 მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, აპელანტი ვალდებული იყო, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადებულიყო სასამართლოში და გადაწყვეტილების გასაჩივრების ინტერესის შემთხვევაში, მისი ასლი ჩაებარებინა.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეს აღნიშნული საპროცესო ვალდებულება არ შეუსრულებია და ეს გარემოება კერძო საჩივარში გაქარწყლებული არ არის, რის გამოც იგი პალატისათვისაც სავალდებულოა (სსსკ-ის 407.2 მუხლი).

აშკარაა, რომ აპელანტს სსსკ-ის 2591 მუხლით დადგენილი ქცევის წესი არ დაუცვია, ამიტომ მის მიმართ ამავე ნორმის ის დანაწესი ამოქმედდა, რომელიც გასაჩივრების ვადის ათვლის დასაწყისად გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღის მომდევნო თარიღს ადგენს და ამ ვადის გაგრძელებას და აღდგენას დაუშვებლად მიიჩნევს.

14. განსახილველ შემთხვევაში, რაკი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება 2022 წლის 5 დეკემბერს გამოცხადდა, საქართველოს მთავრობის 2022 წლის 20 დეკემბრის დადგენილების გათვალისწინებით (#580-ე დადგენილება რომლითაც 2023 წლის 3 იანვრიდან-6 იანვრის ჩათვლით დღეები უქმედ გამოცხადდა) გასაჩივრების ვადის ათვლის თარიღად 2023 წლის 9 იანვრის (უქმე დღეებისა და შაბათ კვირის გათვალისწინებით, ოცდაათდღიანი ვადის დასრულების თარიღი) მომდევნო რიცხვი 10 იანვარი უნდა მივიჩნიოთ; ამავე მსჯელობიდან აშკარაა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ამოწურვის თარიღია 2023 წლის 23 იანვარი (ორშაბათი).

საქმის მასალებით დგინდება, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარი სასამართლოში 2023 წლის 1 თებერვალს ე.ი. გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის დარღვევით შეიტანა. აქვე ისიც საყურადღებოა, რომ დასახელებული სააპელაციო საჩივრის შედგენის თარიღად 2023 წლის 30 იანვარია მითითებული.

15. სსსკ-ის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება (შდრ. იხ. სუსგ: №ას-790-757-2016, 18.10.2016; №ას-221-208-2015, 29.05.2015).

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 374-ე მუხლის (სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა) საფუძველზე სააპელაციო საჩივარი კანონშესაბამისად დარჩა განუხილველად და გასაჩივრებული განჩინების მოტივაცია სრულად ესადაგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს.

17. რაც შეეხება სსსკ-ის 2591 მუხლით დადგენილ ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მიღების მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის თაობაზე კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თითოეული მხარე ვალდებულია, დაამტკიცოს მის მიერ მითითებული გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს მის მიერ მითითებული გარემოების დასადასტურებლად სათანადო მტკიცებულება არ წარმოუდგენია. განსახილველ შემთხვევაში ასეთი ხასიათის მტკიცებულებად ვერ განიხილება კერძო საჩივარზე თანდართული ადვოკატ გ.გ–ძის განცხადება ვინაიდან დასახელებული მტკიცებულების სასამართლოს კანცელარიაში ჩაბარების რეალობა დოკუმენტის შინაარსით დადასტურებული არაა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით კი, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის სასამართლოს ბრალით მიღების შეუძლებლობის ფაქტი შეიძლება დადასტურდეს, სასამართლოს კანცელარიაში უფლებამოსილი პირის მიერ ჩაბარებული განცხადებით და სასამართლო მოხელის მიერ იმ გარემოების დადასტურებით, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი მზად არ არის (იხ. სუსგ, #ას-1040-994-2013, 09.12.2013წ.).

17. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,ა.ლ–ის’’ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 თებერვლის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

გიორგი მიქაუტაძე

ლევან მიქაბერიძე