26 იანვარი, 2023 წელი,
საქმე №ას-714 -2022 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ .........საჯარო სკოლა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - თ.გ–ძე (მოსარჩელე)
მესამე პირი - შ.ყ–ძე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და შვებულების თანხის ანაზღაურება, დისკრიმინაციის მსხვერპლად აღიარება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ .........საჯარო სკოლის (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი, დამსაქმებელი, სკოლა) დირექტორის 2006 წლის 19 სექტემბრის ბრძანებით თ.გ–ძე (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, დასაქმებული) სკოლაში დაწყებითი განათლების მასწავლებლად დაინიშნა.
2. დასაქმებულსა და სკოლას შორის არაერთხელ დაიდო ერთწლიანი შრომითი ხელშეკრულება, ბოლო შრომითი ხელშეკრულება 2017 წელს გაფორმდა.
3. სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მანდატურ თ.შ–ის მიერ 2018 წლის 20 თებერვალს შედგენილი სავარაუდო დარღვევის აღრიცხვის ფურცლის საფუძველზე მოსარჩელის მიმართ დისციპლინური წარმოება დაიწყო.
დარღვევის აღრიცხვის ფურცლის შინაარსიდან გამომდინარე, სკოლაში დამონტაჟებული ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერის მიხედვით, 2018 წლის 19 თებერვალს საგაკვეთილო პროცესის მსვლელობისას ორ მოსწავლეს, ფ.მ–სა და ნ.კ–ს, დასაქმებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შესახებაც დირექციასა და ბავშვების მშობლებს ეცნობათ.
4. 2018 წლის თებერვალში სკოლის დისციპლინური კომიტეტის სხდომა ჩატარდა, სადაც ვიდეო-ჩანაწერი იქნა დემონსტრირებული.
რაკი დერეფანში დამონტაჟებული კამერის ჩანაწერი გაურკვეველი იყო, საკითხის ირგვლივ მოსაზრებები გაიყო, რის შემდეგაც კომიტეტის წევრებმა მოსარჩელისათვის საყვედურის გამოცხადება გადაწყვიტეს.
5. მოგვიანებით, დისციპლინური კომიტეტის წევრებმა ზემომითითებული გადაწყვეტილება რესურსცენტრის იურისტთან გადაამოწმეს, რომელსაც ჩანაწერი აჩვენეს და რომლისგანაც კონსულტაციის სახით განემარტათ, რომ ჩანაწერით ორ არასრულწლოვან ბავშვზე ძალადობა დასტურდებოდა, რაც დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების საფუძველს ქმნიდა.
6. დაახლოებით ორი დღის შემდეგ, ისე, რომ, სკოლის დისციპლინური კომიტეტის სხდომა აღარ ჩატარებულა, კომიტეტის წევრებმა 26 თებერვლით დათარიღებული ოქმი (შემდეგში - სადავო ოქმი ან გასაჩივრებული ოქმი) შეადგინეს, სადაც მიუთითეს, რომ შინაგანაწესის 22.9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის (მასწავლებლის მიერ მოსწავლის შეურაცხყოფა) ადმინისტრაციული სახდელის სახედ მოსარჩელეს სამსახურიდან განთავისუფლება განესაზღვრა.
7. სკოლის დისციპლინური კომიტეტის სხდომას არც დასაქმებული (სავარაუდო დამრღვევი) და არც შესაბამისი კლასის მოსწავლეები (რომელთა მიმართაც, სავარაუდოდ, ფიზიკურ ძალადობას ჰქონდა ადგილი) არ ესწრებოდნენ, გაკვეთილზე მყოფი სხვა მოსწავლეები არ გამოკითხულან და გადაწყვეტილება მხოლოდ ვიდეო-კამერის ჩანაწერის საფუძველზე მიიღეს.
8. 2018 წლის 2 მარტს, სკოლის დისციპლინური კომიტეტის სხდომის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სკოლის დირექტორმა ვ.ა–მა სამეურვეო საბჭოს თავჯდომარეს წერილით აცნობა და შესაბამისი სხდომის ოქმი წარუდგინა.
9. 2018 წლის 5 მარტს სკოლის სამეურვეო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომლის დღის წესრიგში მოსარჩელისათვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მიზნით სკოლის დირექტორისთვის სამეურვეო საბჭოს თანხმობის გაცემის საკითხის განხილვა შედიოდა.
როგორც ხსენებულ ოქმში მიეთითა, სამეურვეო საბჭოს წევრებმა ზემოაღნიშნული ფაქტის გამოკვლევისა და ინფორმაციის გადამოწმების მიზნით დასაქმებული, მოსწავლეები და მშობლები დაკითხეს, ვიდეო-კამერის ჩანაწერს გაეცნენ და მიიჩნიეს, რომ მასწავლებლის მხრიდან მოსწავლეზე ფიზიკური ძალადობა არ გამოვლენილა. შესაბამისად, სამეურვეო საბჭომ მოსარჩელისათვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა გადაწყვიტა.
ოქმის სარეზოლუციო ნაწილის თანახმად, სკოლის სამეურვეო საბჭო თანახმა არ არის, რომ მოსარჩელს (სამეურვეო საბჭოს წევრ მასწავლებელს) შრომითი ხელშეკრულება შეუწყდეს.
10. სკოლის დირექტორის 2018 წლის 6 მარტის წერილისა და ქ.საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის 2018 წლის 6 მარტის კორესპონდენციის საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა იმსჯელა სამეურვეო საბჭოს 2018 წლის 5 მარტის ოქმთან დაკავშირებით და დასკვნით დაადგინა, რომ თანხმობის მიღების საკითხის განხილვის, გადაწყვეტილების მიღებისა და ოქმის შედგენისას სამეურვეო საბჭომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები დაარღვია.
დასახელებული დასკვნის შესაბამისად, შიდა აუდიტის დეპარტამენტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ სკოლას შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირება და გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშის (თანდართული დოკუმენტაციით) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ერთი თვის ვადაში წარდგენა მოეხდინა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 23 აპრილის ბრძანებით სამეურვეო საბჭო დათხოვნილ იქნა.
11. 2018 წლის 22 მაისს, სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ვ.ა–მა მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფის მოტივით მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანება (შემდეგში - სადავო ბრძანება ან გასაჩივრებული ბრძანება) მიიღო.
გასაჩივრებული ბრძანების საფუძვლად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის N1604181135 დასკვნასა და სკოლის დისციპლინური კომიტეტის სადავო ოქმზეა მითითებული.
12. 2018 წლის 4 ივნისს, მოსარჩელემ დამსაქმებელს განცხადებით მიმართა და 7 კალენდარული დღის განმავლობაში შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დასაბუთების გადმოცემა მოითხოვა, რასაც მოპასუხის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.
იგივე წერილით მოთხოვნილი ინფორმაციის ნაწილი (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შინაგანაწესი, 2011 წლიდან დღემდე შრომის ხელშეკრულებების ასლები, სკოლაში მასწავლებლად დანიშვნის შესახებ ბრძანება) სკოლის საქმის მწარმოებელმა მოსარჩელეს იმავე დღეს გადასცა, ხოლო დისკზე ჩაწერილი 2018 წლის 19 თებერვლის ვიდეო-სამეთვალყურეო კამერებით დაფიქსირებული ჩანაწერის გადაცემაზე სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა 2018 წლის 18 ივნისის წერილით უარი განაცხადა, სხვა პირთა პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით.
13. დისკრიმინაციის მსხვერპლად აღიარების, სადავო ოქმისა და ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის, იძულებითი განაცდურის და შვებულების ანაზღაურების მოთხოვნით დამსაქმებლის წინააღმდეგ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი აღძრა.
14. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით:
14.1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
14.2. გასაჩივრებული ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი;
14.3. სკოლის დისციპლინური კომიტეტის სადავო ოქმი ბათილად იქნა ცნობილი;
14.4. დამსაქმებელს სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლის თანამდებობაზე დასაქმებულის აღდგენა დაევალა და ამ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა;
14.5. მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს სამსახურში იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდისთვის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება დაეკისრა, ყოველ გაცდენილ თვეზე 968 ლარის ოდენობით, 2018 წლის 22 მაისიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
14.6. დისკრიმინაციის მსხვერპლად აღიარებისა და შვებულების თანხის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.
15. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დამსაქმებელმა, რომელმაც ამ გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 11 აპრილის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
16.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-12 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და შემდეგი დასკვნები ჩამოაყალიბა:
16.1.1. საქმეზე წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები და სამეთვალყურეო კამერის ვიდეოჩანაწერი მოსარჩელის მიერ სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენას, სკოლის მოსწავლეთა მიმართ მასწავლებლის მხრიდან ძალადობის, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტობრივ გარემოებებს არ ადასტურებდა. შეკრებილი საქმის მასალები მხოლოდ იმაზე მიუთითებდა, რომ მასწავლებლის ქმედებები საგაკვეთილო პროცესში მოსარჩელეთა ჩართვის მიზანს უკავშირდებოდა.
ამდენად, საჯარო სკოლის მასწავლებლის მიერ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულება და გადაცდომების ჩადენის ფაქტი მოპასუხემ ვერ დაადასტურა.
16.1.2. დასაქმებულს სკოლაში პედაგოგიური საქმიანობის ხანგრძლივი გამოცდილება გააჩნდა, მასწავლებლები და მოსწავლეები მას კარგ პედაგოგად ახასიათებდნენ, შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებულ მოვალეობებს ის ჯეროვნად ასრულებდა და წარდგენილი ვიდეო-ჩანაწერის მიხედვით არანაირი ძალადობის ფაქტი არ ვლინდებოდა.
16.1.3. დამსაქმებელმა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43.1 მუხლის „ზ1“ ქვეპუნქტის მოთხოვნები დაარღვია, კერძოდ, დასაქმებულს (რომელიც სამეურვეო საბჭოს წევრი იყო) შრომითი ხელშეკრულება ისე შეუწყდა, რომ სამეურვეო საბჭოს დასაქმებულის განთავისუფლებაზე თანხმობა არ გაუცია; სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით მოსარჩელისგან ახსნა-განმარტება არ მიუღიათ, არც ის მოსწავლეები, რომელთა მიმართაც სავარაუდოდ ძალადობას ჰქონდა ადგილი და არც საკლასო ოთახში მყოფი სხვა მოსწავლეები არ გამოუკითხავთ, ძალადობის ჩადენასთან დაკავშირებით დასკვნები მხოლოდ ბუნდოვან ვიდეო-ჩანაწერზე დაყრდნობით გაკეთდა, რომლითაც საკლასო ოთახში რეალური სურათის ამსახველი ფაქტის უტყუარად დადგენა შეუძლებელი იყო.
16.2. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, შრომითსამართლებრივი დავებისათვის დამახასიათებელი მტკიცების სპეციფიკური სტანდარტის შესაბამისად, მოსარჩელის მიერ შრომითი ხელშეკრულებით ან/და შინაგანაწესით ნაკისრი ვალდებულების იმგვარად დარღვევა, რაც ამ უკანასკნელის დათხოვნას აუცილებელს გახდიდა და შედარებით უფრო მსუბუქი ხასიათის სხვა ღონისძიების გამოყენების მიზანშეუწონლობას დაასაბუთებდა, მოპასუხემ ვერ დაამტკიცა. შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ გამოვლენილ ცალმხრივ ნებას სამართლებრივი შედეგი ვერ მოჰყვებოდა, რადგან ამ შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოება - მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის უხეშად დარღვევა არ დასტურდებოდა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო ბრძანება სწორად ცნო ბათილად (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში - სსკ-ის 54-ე მუხლი), რამდენადაც, დამსაქმებლის ნება სსკ-ის 115-ე მუხლით გათვალისწინებული „მართლზომიერი ნების“ შესაბამის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა.
16.3. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დაადგინა, რომ მოსარჩელის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის შეუძლებლობა და ამისათვის რაიმე დამაბრკოლებელი გარემოების არსებობა საქმის მასალებით არ იკვეთებოდა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სამუშაოზე აღდგენის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანი იყო და კანონშესაბამისად დაკმაყოფილდა (სსკ-ის 408.1 მუხლი).
16.4. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილშიც, გამომდინარე საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ-ის) 44-ე და სსკ-ის 411-ე მუხლებიდან.
17. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით დამსაქმებელმა გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით, შემდეგი დასაბუთებით:
17.1. საქმეზე წარმოდგენილი ვიდეო ჩანაწერი იმის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებაა, რომ საგაკვეთილო პროცესში დამსაქმებელმა მოსწავლეებზე იძალადა, კერძოდ, სკოლის დერეფანში დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერში გაკვეთილის მიმდინარეობისას მასწავლებლის მოსწავლეებთან მიახლოებისა და მათზე ფიზიკურად შეხების ფაქტი ვლინდება.
17.2. დისციპლინური სახდელის სახით დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლება მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის ადეკვატურია.
18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ივნისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
19. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
20. პირველ რიგში, პალატა მიუთითებს სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველ წინადადებაზე, რომლის შინაარსით: საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში.
აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, პალატისათვის უმთავრესი სწორედ კასატორის მიერ შედავებული მოთხოვნაა. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის ავტორი დამსაქმებელია, რომლის ინტერესიც სარჩელის უარყოფისკენაა მიმართული, კერძოდ, იგი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას მოითხოვს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შემდეგია: წარმატებულია თუ არა სასარჩელო მოთხოვნა სადავო ოქმისა და ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
21. სარჩელის დასახელებული მოთხოვნები სშკ-ის 38.8 (გასაჩივრებული ბრძანების მიღების პერიოდისთვის მოქმედი რედაქცია) (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაოზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) და 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), ასევე, სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან გამომდინარეობს.
22. განსახილველი საკითხების სწორად გადასაწყვეტად, პირველ რიგში, დამსაქმებლის სადავო გადაწყვეტილების კანონიერებაა შესაფასებელი, ე.ი. გამოსარკვევია, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლებისას.
23. დადგენილი სასამართლო პრაქტიკით, აღნიშნული საკითხის გამორკვევა შესაძლებელია, მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული განთავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. იხ. სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016).
საკითხისადმი ამგვარი მიდგომა ბუნებრივია, რადგან, მუშაკის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ყოველ კონკრეტულ გადაწყვეტილებას თავისი საფუძველი გააჩნია, რაც ასაბუთებს ან ვერ ასაბუთებს მის გამოცემას. ასეთ დროს, სასამართლოს როლი დამსაქმებლის სწორედ ამ გადაწყვეტილების საფუძვლის მართლზომიერების საკითხის გამორკვევაა, რაც დასაქმებულის სარჩელის იურიდიული ბედის განმსაზღვრელია.
24. სკოლის დისციპლინური კომიტეტის გასაჩივრებული ოქმისა და დამსაქმებლის სადავო გადაწყვეტილების საფუძვლის კანონიერების შემოწმებისას, რამდენიმე საკითხია საყურადღებო:
1). არსებობს დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის კონსტიტუციური პრინციპი, რომლის თანახმად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა უნდა შეფასდეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმისა და დარღვევით გამოწვეული შედეგის თვალსაზრისით. ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომლებიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტურ შრომის მოტივაციას შეუქმნის. ამდენად, იმისათვის, რომ დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებად ჩაითვალოს, აუცილებელია, ვლინდებოდეს ისეთი დარღვევა, როდესაც სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენება მიზანშეუწონელია (შდრ. იხ. სუსგ: №ას-267-2021, 11.06.2021; №ას-997-2020, 10.02.2021; №ას-658-2020, 4.12.2020).
2). შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა უკიდურესი ღონისძიებაა, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. “favor prestatoris” პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით (შდრ. იხ. სუსგ: №ას-941-891-2015, 29.01.2016; №ას-1421-2020, 5.03.2021; №ას-512-2020, 18.02.2021).
3). სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). შრომითსამართლებრივ დავებში კი, მტკიცების ტვირთის განაწილების წესი განსხვავებული და თავისებურია. ამ წესის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია, ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ეს იმითაა გამოწვეული, რომ მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებელსა და დასაქმებულს არათანაბარი შესაძლებლობები აქვთ, დამსაქმებელს მტკიცებითი უპირატესობა აქვს, სასამართლოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები წარუდგინოს. ამდენად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს დამსაქმებლის მხარეს აბრუნებს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად განთავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (შდრ. იხ. სუსგ: №ას-151-147-2016, 19.04.2016; №ას-483-457-2015, 7.10.2015; №ას-1276-1216-2014, 18.03.2015).
25. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ბრძანების ძირითადი სამართლებრივი საფუძველი სშკ-ის 37.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტშია (ნორმის ამჟამინდელი რედაქციით 47.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი. საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 - ვებგვერდი, 5.10.2020წ.) წარმოდგენილი. ამ მუხლის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია, დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ანდა შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.
მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად მოპასუხემ დამსაქმებლის მხრიდან მოსწავლის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი დაასახელა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის N1604181135 დასკვნასა და სკოლის დისციპლინური კომიტეტის სადავო ოქმზე მიუთითა.
სკოლის დისციპლინური კომიტეტის სადავო ოქმის მიხედვით, შინაგანაწესის 22.9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის (მასწავლებლის მიერ მოსწავლის შეურაცხყოფა) ადმინისტრაციული სახდელის სახედ მოსარჩელეს სამსახურიდან განთავისუფლება განესაზღვრა.
26. პალატის განსჯით, კონკრეტულ შემთხვევაში, დამსაქმებელმა დასაქმებულთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება სათანადოდ ვერ დაასაბუთა. ასეთი დასკვნის საფუძველს ქმნის სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დამტკიცებულად ცნობილი რამდენიმე გარემოება, რომელთა წინააღმდეგ კასატორს დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია, ამიტომ, ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407.2 მუხლი).
ეს გარემოებებია:
1). საქმეზე წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები და სამეთვალყურეო კამერის ვიდეოჩანაწერი მოსარჩელის მიერ სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენას, სკოლის მოსწავლეთა მიმართ მასწავლებლის მხრიდან ძალადობის, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტობრივ გარემოებებს ერთმნიშვნელოვნად და უდავოდ არ ადასტურებს.
სამოქალაქო სამართალწარმოებაში წარმატების მომტანია არა მხოლოდ მოთხოვნის დამასაბუთებელ არგუმენტზე (არგუმენტებზე) მითითება, არამედ მისი ნამდვილობის სათანადო მტკიცებულებით (მტკიცებულებებით) დადასტურება. საქმის გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ სწორი დასკვნა სასამართლოს მიერ სწორედ მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას შეიძლება დაეფუძნოს (სსსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა; სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ; მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში).
ამრიგად, მოცემული დავის გადაწყვეტისათვის უმთავრეს შეკითხვას - სკოლის მოსწავლეთა მიმართ დასაქმებული მასწავლებლის მხრიდან ჰქონდა თუ არა ადგილი ძალადობის, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტობრივ გარემოებებს უარყოფითი პასუხი უნდა გაეცეს, რამდენადაც აღნიშნული მიზნით წარმოდგენილი არც მოწმეთა ჩვენებების შინაარსი და არც სამეთვალყურეო კამერის ვიდეოჩანაწერი ასეთი გარემოების მაუწყებელ უდავო და აშკარა მტკიცებულებად არ გვევლინება. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ თავისი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი მოპასუხემ ვერ დაადასტურა.
2). დასაქმებულს სკოლაში პედაგოგიური საქმიანობის ხანგრძლივი გამოცდილება გააჩნდა, მასწავლებლები და მოსწავლეები მას კარგ პედაგოგად ახასიათებდნენ, შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებულ მოვალეობებს ის ჯეროვნად ასრულებდა.
27. სადავო საკითხის შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში ისიც მართებულად მიიღო, რომ დასაქმებულისათვის (რომელიც სამეურვეო საბჭოს წევრი იყო) შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას სამეურვეო საბჭო ამის წინააღმდეგი იყო და მუშაკის განთავისუფლებაზე თანხმობა არ გაუცია, სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით მოსარჩელისგან ახსნა-განმარტება არ მიუღიათ, არც ის მოსწავლეები, რომელთა მიმართაც სავარაუდოდ ძალადობას ჰქონდა ადგილი და არც საკლასო ოთახში მყოფი სხვა მოსწავლეები არ გამოუკითხავთ.
შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაში მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზეც, რომ დამსაქმებელმა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43.1 მუხლის „ზ1“ ქვეპუნქტის (სკოლის დირექტორი უფლებამოსილია, სამეურვეო საბჭოს წევრ მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტოს, მხოლოდ სამეურვეო საბჭოს თანხმობის შემთხვევაში) მოთხოვნები დაარღვია;
ამასთან, ზემოაღწერილი მსჯელობა თვალნათელს ხდის, რომ სააპელაციო სასამართლომ დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნის გადაწყვეტილება მართებულად მიიჩნია კანონშეუსაბამოდ, ხოლო დამსაქმებელმა სადავო ბრძანების კანონიერების დამადასტურებელი რელევანტური არგუმენტები ვერ წარმოადგინა.
28. იმის გამო, რომ სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ სადავო ოქმისა და ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი სწორად დაკმაყოფილდა, მოსარჩელის თანმდევი მოთხოვნების (სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება) წარმატებულად ცნობის წინაპირობაც გამოიკვეთა, რაც მითითებულ ნაწილში გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
30. სსსკ-ის 401.4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის, 1 742.4 ლარის გადახდა კასატორს გადაუვადდა, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული. აქედან გამომდინარე, კასატორს უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 30%-ის, 522.72 ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ .........საჯარო სკოლის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ .........საჯარო სკოლას (ს/კ .......) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ივნისის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის, 1 742,4 ლარის, 30%-ის - 522,72 ლარის გადახდა შემდეგი ანგარიშზე: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე