Facebook Twitter

6 აპრილი, 2023 წელი,

საქმე №ას-1400-2022 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - თ.ჯ–ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანება (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრი“ (შემდეგში - პირველი მოპასუხე, ა(ა)იპ, ცენტრი) 2015 წელს დაფუძნდა.

2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 1 დეკემბრის ბრძანებით 2017 წლის 31 დეკემბრამდე ცენტრის მმართველად თ.ჯ–ა (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი ან მმართველი) დაინიშნა.

იმავე დღეს მხარეთა შორის ერთწლიანი შრომითი ხელშეკრულება (შემდეგში - შრომითი ხელშეკრულება ან ხელშეკრულება) დაიდო, 2017 წლის 1 დეკემბრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

3. შრომითი ხელშეკრულების მე-3 პუნქტით მმართველის უფლება-მოვალეობები განისაზღვრა, რომლის მიხედვითაც, მმართველს გარკვეული უფლებები, მათ შორის, ცენტრის საერთო საქმიანობის წარმართვისა და ორგანიზების, თანამდებობაზე თანამშრომელთა მიღებისა და განთავისუფლების, შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების, ა(ა)იპ-ის ქონებისა და სახსრების მართვის უფლება მიენიჭა.

ხელშეკრულებითვე დადგინდა მმართველის პასუხისმგებლობის საფუძვლები, რაშიც შედიოდა ა(ა)იპ-ის საქმიანობის ეფექტურობასა და კანონიერებაზე, ასევე, ფულადი სახსრების მიზნობრივად ხარჯვაზე პასუხისმგებლობა.

4. ხელშეკრულების მე-8 პუნქტით დადგინდა ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის საფუძვლები, მათ შორის დასახელდა: ა). მხარეთა წერილობითი შეთანხმება; ბ). შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა; გ). ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას; დ). დასაქმებულის მიერ თანამდებობის საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება.

5. ბრძანებითა და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდეგ მოსარჩელემ ა(ა)იპ-ის მმართველის პოზიციაზე მუშაობა განუსაზღვრელი ვადით გააგრძელა და მისი შრომითი ანაზღაურება ყოველთვიურად 1 000 ლარს (დარიცხული სახით) შეადგენდა.

6. მოსარჩელე, როგორც ა(ა)იპ-ის მმართველი, დაკისრებულ ვალდებულებებს ჯეროვნად და კვალიფიციურად ასრულებდა.

7. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 13 დეკემბრის განკარგულებისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 17 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების - მოპასუხე ცენტრისა და ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავების’’ რეორგანიზაციის (შერწყმის) პროცესი დაიწყო.

ამავე ბრძანებით რეორგანიზაციის შედეგად ახალი სუბიექტის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შექმნა დადგინდა, სახელწოდებით - ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანება’’ (შემდეგში - ახალი ა(ა)იპ ან გაერთიანება) და რეორგანიზაციის გეგმა დამტკიცდა.

8. 2019 წლის 19 დეკემბრის შეტყობინებით მოსარჩელეს ეცნობა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 17 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე დაწყებული რეორგანიზაციის პროცესის შესახებ და გაფრთხილებულ იქნა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ-ის) 37-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით შესაძლო/მოსალოდნელი განთავისუფლების თაობაზე.

9. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 4 თებერვლის განკარგულებითა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 18 თებერვლის ბრძანებით ახალი ა(ა)იპ-ის საშტატო ნუსხა და სახელფასო განაკვეთები დამტკიცდა, რომლითაც ახალი ა(ა)იპ-ის ადმინისტრაცია 9 საშტატო ერთეულით განისაზღვრა: დირექტორი - 1 საშტატო ერთეული, დირექტორის მოადგილე - 2 საშტატო ერთეული, მთავარი ინჟინერი - 1 საშტატო ერთეული, ბუღალტერი - 1 საშტატო ერთეული, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის კოორდინატორი - 2 საშტატო ერთეული, ჯამურად 207 საშტატო ერთეული დამტკიცდა, რომლებზეც შესაბამისი პირები არიან დასაქმებული და ვაკანტური პოზიცია დღვანდელი მდგომარეობით არ არის.

10. მოპასუხე ცენტრისა და ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავების’’ რეორგანიზაციის (შერწყმის) შედეგად ა(ა)იპ-ების მმართველთა პოზიციების გაუქმების გამო ახლად დაფუძნებული ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელის (დირექტორის) პოზიციის დასაკავებლად დღის წესრიგში დადგა კანდიდატურის შერჩევის საკითხი.

11. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 7 თებერვლის ბრძანებით ახალი ა(ა)იპ-ის დირექტორის კანდიდატურის შერჩევის მიზნით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო და ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების უზრუნველსაყოფად სამუშაო ჯგუფი შეიქმნა 5 წევრის შემადგენლობით.

ამავე ბრძანებით, ახალი ა(ა)იპ-ის დირექტორის პოზიციის დაკავების მსურველი კანდიდატებისათვის სავალდებულო კრიტერიუმები შემდეგი მოთხოვნებით განისაზღვრა: ა). უმაღლესი განათლება; ბ). სამუშაო გამოცდილება - ადგილობრივ თვითმმართველობაში მუშაობის 5 წელი, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე - 3 წელი; გ). ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი; დ). ცვლილებების/სიახლეების ინიცირებისა და მართვის უნარი; ე). პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი.

12. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდეგში - მეორე მოპასუხე) ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბა დაინტერესებული პირები, მათ შორის, მოსარჩელე და ააიპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის“ მმართველი დ.ი–ძე, რომლებიც 2020 წლის 10 თებერვლის სხდომაზე მიიწვია.

13. 2020 წლის 10 თებერვლის სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადდა, მან დროებითი შრომისუუნარობის გამო საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შესახებ (მწვავე ბრონქიტის დიაგნოზით) განცხადება წარადგინა, ისე, რომ მასში მონაწილეობის მიღების მიზნით სხდომის გადადების თაობაზე შუამდგომლობა არ აღუძრავს და არც ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღების სურვილი არ გამოუთქვამს.

14. მოსარჩელე სათანადოდ ინფორმირებული იყო რეორგანიზაციის პროცესისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 7 თებერვლის ბრძანებით დადგენილი კრიტერიუმების შესახებ და ამ პროცესის არამართლზომიერად წარმართვასთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია (სარჩელის აღძვრამდე) არ განუცხადებია.

15. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კანდიდატების პირადი საქმეების შესწავლის საფუძველზე ახალი ა(ა)იპ-ის დირექტორის თანამდებობაზე დასანიშნად კომისიამ დ.ი–ძის (ააიპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის“ მმართველის) კანდიდატურა შეარჩია.

კომისიამ მიუთითა, რომ დ.ი–ძე ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში 2012 წლიდან მუშაობდა და დაკისრებული მოვალეობების შესრულების მაღალი პასუხისმგებლობით, ეფექტური კომუნიკაციის, ცვლილებების, სიახლეების ინიცირებისა და მართვის უნარით გამოირჩეოდა, რის გამოც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 7 თებერვლის ბრძანებით დადგენილ კრიტერიუმებს სრულად აკმაყოფილებდა; ამავე ბრძანებით დადგენილ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებდა მოსარჩელე, რადგან მას ადგილობრივი თვითმართველობის დაწესებულებაში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება არ გააჩნდა.

16. 2020 წლის 12 თებერვლის შეტყობინებით მეორე მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა, რომ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად ახალი ხელმძღვანელის პოზიციაზე მისი კანდიდატურა არ შეირჩა.

ამავე შეტყობინებით მოსარჩელეს ეცნობა, რომ სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობიდან გამომდინარე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდებოდა და განთავისუფლების შესახებ არანაკლებ სამი კალენდარული დღით ადრე გაფრთხილების გამო 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით კომპენსაცია მიეცემოდა.

17. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 17 თებერვლის ბრძანებით რეორგანიზაციის პროცესი დასრულდა და მოპასუხე ცენტრისა და ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავების“ რეორგანიზიაციის/შერწყმის შედეგად ახალი ა(ა)იპ შეიქმნა.

18. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 18 თებერვლის ბრძანებით რეორგანიზაციის შედეგად დაფუძნებული ახალი ა(ა)იპ-ის წესდება დამტკიცდა, რომლის მე-3 პუნქტით გაერთიანებას დირექტორი ხელმძღვანელობს.

დირექტორის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება. დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი.

ამავე ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა მოპასუხე ცენტრისა და ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავების“ წესდებების დამტკიცების შესახებ ბრძანებები.

19. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 19 თებერვლის ბრძანებით (შემდეგში - სადავო ბრძანება ან გასაჩივრებული ბრძანება) ორგანიზაციული ცვლილებების საფუძველზე სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობიდან გამომდინარე მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.

განთავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად სშკ-ის 37.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტსა და ამავე კოდექსის 38.1 მუხლზე მიეთითა.

20. მოპასუხეთა წინააღმდეგ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლითაც სადავო ბრძანების ბათილად ცნობა, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა და 1 000 ლარის ოდენობით (კუთვნილი გადასახადების გარეშე) იძულებითი განაცდურის (განთავისუფლების დღიდან სამუშაოზე აღდგენის დღემდე) ანაზღაურება მოითხოვა.

21. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

22. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოსარჩელემ გაასაჩივრა, ამ გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

23. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 10 იანვრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

23.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-19 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და შემდეგი დასკვნები ჩამოაყალიბა:

23.1.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილ პრაქტიკაზე დაყრდნობით სადავო სამართალურთიერთობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 720.1 მუხლით (დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ და ამ უფლებაზე უარის შესახებ სხვაგვარი შეთანხმება ბათილია) უნდა გადაწყვეტილიყო.

მითითებული ნორმის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ იურიდიული პირის დამფუძნებელს შეუძლია ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელმძღვანელთან ხელშეკრულება, ხოლო გამოვლენილი ნება მესამე პირების მიმართ ნამდვილი ხდება მისი მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან.

მოცემულ შემთხვევაში, რაკი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ პირსა (მერს) და მოპასუხე ცენტრის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს (დირექტორს) შორის დავალების ხელშეკრულება იყო დადებული, სსკ-ის 720-ე მუხლის საფუძველზე მისი შეწყვეტა მხარეებს ნებისმიერ დროს შეეძლოთ, ხოლო ამ უფლებაზე უარის შესახებ სხვაგვარი შეთანხმება ბათილი იყო.

ამდენად, ახალი ა(ა)იპ-ის დამფუძნებელს - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერს, ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელთან ხელშეკრულების ნებისმიერ დროს შეწყვიტის უფლება ჰქონდა, გამოვლენილი ნება კი, მისი მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან გახდა მესამე პირების მიმართ ნამდვილი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული ბრძანების კანონიერების შეფასებაზე გავლენას ვერ მოახდენდა ის გარემოება, რომ მოსარჩელის განთავისუფლებისას მის მიერ გამოცემულ 2020 წლის 19 თებერვლის ბრძანებაში დამფუძნებელმა (წყალტუბოს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო მერი) დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლების საფუძვლებზე, კერძოდ, სსკ-ის 35.4-ე, 720-ე მუხლებსა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლზე არ მიუთითა.

23.1.2. მიუხედავად ამისა, რაკი მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების მოტივად კონკრეტული ფაქტობრივი გარემოება და სამართლებრივი საფუძველია დასახელებული (ორგანიზაციული ცვლილება - სშკ-ის 37-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი) სადავო ბრძანების მართლზომიერების შეფასებისას, სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს, ხოლო მოპასუხე ვალდებულია, აღნიშნული საფუძვლის ნამდვილობა ამტკიცოს.

23.1.3. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ, მართალია, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირსა (დამფუძნებელს) და მის დირექტორს შორის ურთიერთობა სსკ-ის 35.4 მუხლისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-9 მუხლით განსაზღვრული წესებით წესრიგდება, ხოლო მხარეთა შორის ურთიერთობა დავალების სამართლებრივ ურთიერთობად კვალიფიცირდება, თუმცა ამ ურთიერთობას დასაქმებული დირექტორის მინიმალური სოციალური დაცვის გარანტიებით უზრუნველმყოფი მოთხოვნები გააჩნია, რაც შრომითი ურთიერთობისათვისაა დამახასიათებელია; კერძოდ, მხოლოდ ის საკითხები, რაც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით, საზოგადოების წესდებით ან თავად დირექტორთან/სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან გაფორმებული ხელშეკრულებით არ არის მოწესრიგებული, შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოწესრიგების (მაგ. სოციალური გარანტიები, ანაზღაურებადი შვებულება) საგანი შეიძლება გახდეს.

23.1.4. განხორციელებული ცვლილებებისა და შედეგების გათვალისწინებით კონკრეტულ შემთხვევაში არ დადასტურდა ის გარემოება, რომ რეორგანიზაცია მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა და სამსახურიდან მოსარჩელის განთავისუფლების მიზნით ჩატარდა, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის ხელმძღვანელთან დამფუძნებელს სასამსახურო სახელშეკრულებო ურთიერთობის ნებისმიერ დროს (მათ შორის, დასაბუთების/კონკრეტული მოტივის მითითების გარეშე) შეწყვიტის უფლებამოსილება ჰქონდა და საამისოდ რეოგრანიზაციის პროცესის წარმართვა არ სჭირდებოდა.

საქმეზე დადგინდა და ამ გარემოებას არც მოსარჩელე არ უარყოფს, რომ განხორციელებული რეორგანიზაციის (ორი იურიდიული პირის შერწმის) შედეგად იურიდიული პირების მმართველთა შტატები გაუქმდა და ხელმძღვანელობით/წარმომადგენლობით უფლებამოსილება რეორგანიზაციის შედეგად ახლადშექმნილი ა(ა)იპ-ის დირექტორს მიენიჭა. ამდენად, რეორგანიზაციის პროცესი, რასაც შედეგად ორი ა(ა)იპ-ის მმართველთა პოზიციების გაუქმება მოჰყვა, რეალურად და მართლზომიერად განხორციელდა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება იმის თაობაზე, რომ რეორგანიზაციის პროცესს შტატების შემცირება არ მოჰყოლია და პირიქით, შტატების რიცხოვნება ერთი ერთეულით გაიზარდა, ვინაიდან უდავოდ დადგინდა, რომ მმართველის პოზიცია (რომელსაც განთავისუფლებამდე მოსარჩელე იკავებდა) რეორგანიზაციის შედეგად რეალურად გაუქმდა, რაც გახდა კიდეც სადავო ბრძანების გამოცემის საფუძველი. გარდა ამისა, დადგინდა და აღნიშნულს რეორგანიზაციის შედეგად ახლადშექმნილი ა(ა)იპ-ის საშტატო ნუსხაც ადასტურებს, რომ თანამშრომელთა რიცხოვნობა მხოლოდ ერთი ისეთი ხასიათის საშტატო ერთეულის დამატებით გაიზარდა, რაც განსახილველი დავის გადაწყვეტაზე გავლენას ვერ მოახდენდა.

23.1.5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მართლზომიერების შეფასებისას საყურადღებო ისიც იყო, რომ შერწყმის შედეგად შექმნილი ა(ა)იპ-ის დირექტორის კანდიდატურის შესარჩევად მუნიციპალიტეტმა ადმინისტრაციული წარმოება ჩაატარა, რის შედეგადაც წარდგენილი პირადი საქმეებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩა და დირექტორის პოზიციაზე კონკრეტული პირი დაინიშნა.

გასაჩივრებული ბრძანების კანონიერებაზე გავლენას ვერ მოახდენდა ადმინისტრაციული წარმოების შედეგად ახლად შექმნილი იურიდიული პირის დირექტორის პოზიციაზე სხვა პირის შერჩევისა და დანიშვნის ფაქტი, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული წარმოების შედეგად სხვა კანდიდატისათვის უპირატესობის მინიჭებისა და მისი დირექტორის პოზიციაზე დანიშვნის კანონიერება მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია.

თავისი მოთხოვნების საფუძვლად მოსარჩელემ იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ მოპასუხეს განთავისუფლების პროცესში მისთვის სხვა ტოლფასი თანამდებობა არ შეუთავაზებია, თუმცა გასაჩივრებული ბრძანების კანონიერების საკითხი იმ ფაქტების შემოწმება-შეფასებაზე დამოკიდებული არ არის, დამფუძნებელმა მოსარჩელეს ტოლფასი თანამდებობის შესთავაზა თუ არა.

ერთი მხრივ, ტოლფას თანამდებობად მოსარჩელემ იურიდიული პირის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე მიუთითა, რომელზეც პირის გამწესების უფლებამოსილება ა(ა)იპ-ის წესდებით არა მუნიციპალიტეტის მერის, არამედ, ახლადშექმნილი ა(ა)იპ-ის დირექტორის უფლებამოსილებაში შედიოდა და, აქედან გამომდინარე, მერის მიერ გამოცემული ბრძანების კანონიერების შეფასებაზე ზეგავლენას ვერ მოახდენდა.

მეორე მხრივ, დირექტორის მოადგილის თანამდებობა ვერ განიხილება დირექტორის/მმართველის თანამდებობის ტოლფას თანამდებობად, ამ პოზიციებზე დანიშნულ პირთა განსხვავებული უფლებამოსილებისა და ვალდებულებების გათვალისწინებით. აქვე ისიც საგულისხმო იყო, რომ ამ ორ თანამდებობაზე დანიშვნისა თუ განთავისუფლების წესი განსხვავებულია და სამართლის სხვადასხვა ნორმით წესრიგდება.

24. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შემოიტანა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა, შემდეგი დასაბუთებით:

- სააპელაციო სასამართლოს უნდა დაესაბუთებინა, რომ კასატორის სამსახურიდან განთავისუფლება რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების შესაბამისად განხორციელებული სამართლიანი და გონივრული გადაწყვეტილებაა, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო ძალა შემცირების ნაცვლად 1 საშტატო ერთეულით გაიზარდა, კასატორი სამუშაოდან მაინც დაითხოვეს, რაც კანონსაწინააღმდეგოა.

25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

26. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

27. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.

28. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

29. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიერ განსახილველი საკითხი შემდეგია: რამდენად კანონიერია საწარმოს დირექტორის თანამდებობიდან მისი განთავისუფლების შესახებ სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნები.

საწარმოს დირექტორთან სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტასთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკა, საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებასა თუ განჩინებაში განმარტა, რომ:

დირექტორსა და საზოგადოებას შორის დირექტორის თანამდებობის დაკავებასთან და ამ თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ურთიერთობა არ არის ტიპიური შრომითსამართლებრივი ურთიერთობა დამქირავებელსა და დაქირავებულ მუშაკს შორის. ეს არის თავისებური კორპორაციული ურთიერთობა, რომლის მიმართაც შრომის კოდექსის გავრცელება არ შეესაბამება მეწარმეთა კანონის მოთხოვნებს. შრომის კოდექსით მოწესრიგებულია საწარმოს დირექტორსა და მის მიერ დაქირავებულ მუშაკს შორის შრომითი ურთიერთობა, რომელიც, ჩვეულებრივ, შრომითსამართლებრივი ხასიათის ურთიერთობაა, ხოლო დირექტორის თანამდებობის დაკავებასთან და ამ თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს მეწარმეთა კანონით (იხ. სუსგ: №ას-1463-2018, 27.12.2018; ას-23-23-2016, 9.03.2016).

შპს-ის დირექტორთან დადებული ხელშეკრულება არ უნდა დაკვალიფიცირდეს შრომითსამართლებრივ ხელშეკრულებად, არამედ, იგი პირობითად შეიძლება სასამსახურო ხელშეკრულებად მოვიხსენიოთ, რომელიც მომსახურების ხელშეკრულების ნაირსახეობაა და სავსებით განსხვავდება შრომის სამართლისათვის დამახასიათებელი პრინციპებისაგან. საკორპორაციო სამართლის მიზნებისათვის საწარმოს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებაა, რომლის ერთი მხარე - მომსახურების გამწევი ვალდებულია, გაწიოს შეპირებული მომსახურება, ხოლო მეორე მხარე - გადაიხადოს საზღაური. ამ ტიპის შეთანხმება დამყარებულია განსაკუთრებულ ნდობაზე და უფლებით აღჭურვილ პირს, ფიდუციური ვალდებულების ფარგლებში, აძლევს სრულ დამოუკიდებლობას, იურიდიული პირის სახელითა და ხარჯზე განახორციელოს ყველა ის მოქმედება, რაც წესდებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება შრომით ურთიერთობას, მის ლეგალურ დეფინიციას იძლევა შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი. ამ ურთიერთობის ფარგლებში ვალდებული პირი ეწევა დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ, არადამოუკიდებელ და სოციალურად დამოკიდებულ საქმიანობას, რაც განასხვავებს შრომით ხელშეკრულებას შპს-ის დირექტორთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულებისაგან (იხ. სუსგ: №ას-1097-2018, 16.01.2019; №ას-725-693-2016, 6.04.2017).

საწარმოს დირექტორთან დადებული ხელშეკრულება, თავისი სამართლებრივი ბუნებით, ყველაზე ახლოს დგას დავალების ხელშეკრულებასთან. საზოგადოების დამფუძნებელს (წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამის უფლებამოსილ პირსა თუ ორგანოს) შეუძლია ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება ხელმძღვანელთან და გამოვლენილი ნება მესამე პირების მიმართ ნამდვილი ხდება მისი მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან (იხ. სუსგ: №ას-1097-2018, 16.01.2019; №ას-302-287-2016, 15.07.2016).

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემული დავის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული ნორმებით მოწესრიგება მართებულია და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასთან შესაბამისია.

30. განსახილველი საკითხის სწორად გადასაწყვეტად, საყურადღებოა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად ცნობილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1). რეორგანიზაციის პროცესი დაიწყო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტების საფუძველზე, რომელთა კანონშესაბამისობა და მიზანშეწონილობა მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია.

2). განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად ორი ა(ა)იპ-ის - მოპასუხე ცენტრისა და „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის“ გაერთიანების/შერწყმის საფუძველზე შეიქმნა და სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა ახალი ა(ა)იპ;

რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა დასახელებული ა(ა)იპ-ის მმართველების (წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების) პოზიციები გაუქმდა, რის გამოც სახელშეკრულებო ურთიერთობა იმ პირებთან შეწყდა, რომლებიც უკვე გაუქმებულ ა(ა)იპ-ებში მმართველთა პოზიციებს იკავებდნენ;

იურიდიულ პირთა შერწყმის შედეგად ახლადშექმნილი ა(ა)იპ-ის საშტატო ნუსხაში განისაზღვრა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პოზიციის - დირექტორის მხოლოდ ერთი შტატი.

3). წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 7 თებერვლის ბრძანებით ახალი ა(ა)იპ-ის დირექტორის კანდიდატურის შერჩევის მიზნით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო და ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების უზრუნველსაყოფად სამუშაო ჯგუფი შეიქმნა 5 წევრის შემადგენლობით.

ამავე ბრძანებით, ახალი ა(ა)იპ-ის დირექტორის პოზიციის დაკავების მსურველი კანდიდატებისათვის სავალდებულო კრიტერიუმები შემდეგი მოთხოვნებით განისაზღვრა: ა). უმაღლესი განათლება; ბ). სამუშაო გამოცდილება - ადგილობრივ თვითმმართველობაში მუშაობის 5 წელი, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე - 3 წელი; გ). ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი; დ). ცვლილებების/სიახლეების ინიცირებისა და მართვის უნარი; ე). პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდეგში - მეორე მოპასუხე) ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბა დაინტერესებული პირები, მათ შორის, მოსარჩელე და ააიპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის“ მმართველი დ.იობიძე, რომლებიც 2020 წლის 10 თებერვლის სხდომაზე მიიწვია.

2020 წლის 10 თებერვლის სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადდა, მან დროებითი შრომისუუნარობის გამო საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის შესახებ (მწვავე ბრონქიტის დიაგნოზით) განცხადება წარადგინა, ისე, რომ მასში მონაწილეობის მიღების მიზნით სხდომის გადადების თაობაზე შუამდგომლობა არ აღუძრავს და არც ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის მიღების სურვილი არ გამოუთქვამს.

მოსარჩელე სათანადოდ ინფორმირებული იყო რეორგანიზაციის პროცესისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 7 თებერვლის ბრძანებით დადგენილი კრიტერიუმების შესახებ და ამ პროცესის არამართლზომიერად წარმართვასთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია (სარჩელის აღძვრამდე) არ განუცხადებია.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში კანდიდატების პირადი საქმეების შესწავლის საფუძველზე ახალი ა(ა)იპ-ის დირექტორის თანამდებობაზე დასანიშნად კომისიამ დ.ი–ძის (ააიპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის“ მმართველის) კანდიდატურა შეარჩია.

კომისიამ მიუთითა, რომ დ.ი–ძე ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში 2012 წლიდან მუშაობდა და დაკისრებული მოვალეობების შესრულების მაღალი პასუხისმგებლობით, ეფექტური კომუნიკაციის, ცვლილებების, სიახლეების ინიცირებისა და მართვის უნარით გამოირჩეოდა, რის გამოც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 7 თებერვლის ბრძანებით დადგენილ კრიტერიუმებს სრულად აკმაყოფილებდა, ხოლო ამავე ბრძანებით დადგენილ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებდა მოსარჩელე, რადგან მას ადგილობრივი თვითმართველობის დაწესებულებაში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება არ ჰქონდა.

2020 წლის 12 თებერვლის შეტყობინებით მეორე მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა, რომ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად ახალი ხელმძღვანელის პოზიციაზე მისი კანდიდატურა არ შეირჩა.

ამავე შეტყობინებით მოსარჩელეს ეცნობა, რომ სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობიდან გამომდინარე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდებოდა და განთავისუფლების შესახებ არანაკლებ სამი კალენდარული დღით ადრე გაფრთხილების გამო 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით კომპენსაცია მიეცემოდა.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 17 თებერვლის ბრძანებით რეორგანიზაციის პროცესი დასრულდა და მოპასუხე ცენტრისა და ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავების“ რეორგანიზიაციის/შერწყმის შედეგად ახალი ა(ა)იპ შეიქმნა.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 18 თებერვლის ბრძანებით რეორგანიზაციის შედეგად დაფუძნებული ახალი ა(ა)იპ-ის წესდება დამტკიცდა, რომლის მე-3 პუნქტით გაერთიანებას დირექტორი ხელმძღვანელობს.

დირექტორის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება. დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი.

ამავე ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა მოპასუხე ცენტრისა და ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავების“ წესდებების დამტკიცების შესახებ ბრძანებები.

ამდენად, შერწყმის შედეგად შექმნილი ა(ა)იპ-ის დირექტორის კანდიდატურის შესარჩევად მუნიციპალიტეტმა ადმინისტრაციული წარმოება ჩაატარა, რის შედეგადაც წარდგენილი პირადი საქმეებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩა და დირექტორის პოზიციაზე კონკრეტული პირი დაინიშნა. ადმინისტრაციული წარმოების შედეგად სხვა კანდიდატისათვის უპირატესობის მინიჭებისა და მისი დირექტორის პოზიციაზე დანიშვნის კანონიერება მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია.

ზემომითითებული გარემოებები კასატორს დასაბუთებული შედავების (პრეტენზია) გზით არ გაუქარწყლებია, ამიტომ საკასაციო სასამართლოსათვის ისინი სავალდებულოა (სსსკ-ის 407.2 მუხლი - სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

31. პალატის განსჯით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ შექმნილი ფაქტობრივი მოცემულობიდან შემდეგი ძირითადი დასკვნები ყალიბდება:

დირექტორსა და საზოგადოებას შორის დირექტორის თანამდებობის დაკავებასთან და ამ თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ურთიერთობა არ არის ტიპიური შრომითსამართლებრივი ურთიერთობა დამქირავებელსა და დაქირავებულ მუშაკს შორის. აღნიშნული გარიგება არ უნდა დაკვალიფიცირდეს შრომითსამართლებრივ ხელშეკრულებად, არამედ, იგი პირობითად შეიძლება სასამსახურო ხელშეკრულებად მოვიხსენიოთ, რომელიც მომსახურების ხელშეკრულების ნაირსახეობაა და სავსებით განსხვავდება შრომის სამართლისათვის დამახასიათებელი პრინციპებისაგან. ასეთ ვითარებაში საზოგადოების დამფუძნებელს (წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამის უფლებამოსილ პირსა თუ ორგანოს) შეუძლია ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება ხელმძღვანელთან და ამავე არგუმენტის გათვალისწინებით გასაჩივრებული ბრძანება კანონიერია.

მოსარჩელის მიერ განთავისუფლებამდე დაკავებული მმართველის პოზიცია რეორგანიზაციის შედეგად რეალურად გაუქმდა, კერძოდ, განხორციელებული რეორგანიზაციის (ორი იურიდიული პირის შერწმის) შედეგად იურიდიული პირების მმართველთა შტატები გაუქმდა და ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილება რეორგანიზაციის შედეგად ახლადშექმნილი ა(ა)იპ-ის დირექტორს მიენიჭა.

ამდენად, საქმეზე არ დადასტურდა ის გარემოება, რომ რეორგანიზაცია მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა და სამსახურიდან მოსარჩელის განთავისუფლების მიზნით ჩატარდა, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის ხელმძღვანელთან დამფუძნებელს სასამსახურო სახელშეკრულებო ურთიერთობის ნებისმიერ დროს (მათ შორის, დასაბუთების/კონკრეტული მოტივის მითითების გარეშე) შეწყვიტის უფლებამოსილება ჰქონდა და საამისოდ რეოგრანიზაციის პროცესის წარმართვა არ სჭირდებოდა (სსკ-ის 720.1 მუხლი - დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს.შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია).

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებების (რომლებზეც წინამდებარე განჩინების 30-ე პუნქტში მიეთითა) გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ გასაჩივრებული ბრძანების ბათილობის მოთხოვნა უსაფუძვლოა და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა იგი სწორად არ დააკმაყოფილეს.

32. რაკი სადავო ბრძანების ბათილობის ნაწილში სარჩელი დაუსაბუთებელია, წარმატებული ვერ იქნება მოსარჩელის მოთხოვნები - სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, რამდენადაც ისინი მისი თანმდევი მოთხოვნებია. ამდენად, სასამართლოს მიერ სარჩელის პირველი მოთხოვნის უარყოფა, თავისთავად განაპირობებს ზემომითითებული ორი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

33. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. როგორც ზემოთ აღინიშნა, ანალოგიურ საკითხზე საკასაციო პალატის არაერთი განჩინება თუ გადაწყვეტილება არსებობს, რომლებთანაც წინამდებარე განჩინება თანხვედრაშია.

34. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.ჯ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. თ.ჯ–ას (პ/ნ .......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება # 0, გადახდის თარიღი - 14.09.2022) 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე