საქმე №ა-1356-2020
6 აპრილი, 2020 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – შპს „S. l.L.’
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ჭ.ჯ–ა“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს - საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2020 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება (ICC საქმე N 24116/MHM/HBH)
დავის საგანი – თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2020 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით (ICC საქმე N 24116/MHM/HBH) შპს ,,ჭ.ჯ–ას“ (ს/ნ ....) შპს „S.l.L-ის’’ (ს/ნ .........) სასარგებლოდ დაეკისრა 683 960 აშშ დოლარის გადახდა 5%-იანი საპროცენტო სარგებლის დამატებით, 2017 წლის 1 ნოემბრიდან გადახდის თარიღამდე დაანგარიშებით.
2020 წლის 25 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა შპს „S. l.L.’-მა და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა, შუამდგომლობის ავტორმა ასევე მოითხოვა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება და შპს ,,ჭ.ჯ–ას“ ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 26 მარტის განჩინებით შპს „S.l.L.’-ის შუამდგომლობა საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2020 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილების (ICC საქმე N 24116/MHM/HBH) საქართველოს ტერიატორიაზე ცნობისა და აღსასრულებლად მიქცევის, ასევე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ იქნა მიღებული განსახილველად.
შპს „S.l.L.’-ის წარმომადგენელმა 2020 წლის 2 აპრილს განცახდებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომელშიც გამოხატული მოსაზრების მიხედვით, არ არსებობდა წარმოადგენილი შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება და მიაჩნია, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „S. l.L.’-ის შუამდგომლობა საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2020 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილების (ICC საქმე N 24116/MHM/HBH) საქართველოს ტერიატორიაზე ცნობისა და აღსასრულებლად მიქცევის, ასევე საარბიტრაჟო გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ იქნა მიღებული განსახილველად. შუამდგომლობის ავტორს იქვე განემარტა, რომ განჩინებაში მითითებული ხარვეზების აღმოფხვრის შემთხვევაში ის არ კარგავს უფლებას, ამავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს სასამართლოს.
განსახილველ შემთხვევაში განჩინებაში დასახელებულია უარის თქმის ორი საფუძველი:
1. არ არის წარმოდგენილი ცნობა საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2020 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილების (ICC საქმე N 24116/MHM/HBH) კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ;
2. მინდობილობის გამცემი პირის (შპს „S.l.L-ის“ გენერალური მენეჯერის ა.ი. ძე ვ–ის), როგორც საწარმოს ხელმძღვანელის, უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი (სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლით კი დადგენილია, რომ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმების თანახმად, საკასაციო პალატა უფლებამოსილია, იხელმძღვანელოს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომელთა საწინააღმდეგო ქცევის წესსაც კანონდებელი ზემდგომი სასამართლოებისათვის არ ადგენს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ამდენად საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე უარის თქმის განჩინებით შპს „S.l.L-ის“ განცხადებაზე სამართალწარმოება დასრულდა 2020 წლის 26 მარტს. შპს „S.l.L“-მ განცხადებითა და მასზე დართული მტკიცებულებებით სასამართლოს მომართა 2020 წლის 2 აპრილს, რაც ამ განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველია.
სასამართლო დამატებით განუმარტავს მხარეს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე (2) მუხლის შესაბამისად, მოსამართლის მიერ სარჩელის მიღებაზე უარის თქმა ხელს არ უშლის პირს, განმეორებით მიმართოს სასამართლოს იმავე სარჩელით, თუ აცილებული იქნება დაშვებული დარღვევა. აქედან გამომდინარე შუამდგომლობის ავტორს, უფლება აქვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 26 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში, ახალი (სრულყოფილი) შუამდგომლობით განმეორებით მომართოს სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცეოს კოდექსის 63-ე, 186-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დაადგინა:
1.შპს „S. l.L.’-ის 2020 წლის 02 აპრილის განცხადება დარჩეს განუხილველად;
2.საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე