Facebook Twitter

საქმე №ას-210-2023 5 აპრილი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ც.ჯ.პ–სი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ლ–ა“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, შპს “L“-ს სარჩელი მოპასუხე შპს „ც.ჯ.პ–სის“ მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე შპს „ც.ჯ.პ–სს“ მოსარჩელე შპს “L“-ს სასარგებლოდ დაეკისრა შპს “L“-ს მიერ შენობის პარკინგის ადგილას და სამ სართულზე შესრულებული სამუშაოების ღირებულების - 161 480.24 ლარის ანაზღაურება. მოპასუხე შპს „ც.ჯ.პ–სს“ მოსარჩელე შპს “L“-ს სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი შემოსავალი - 161 480.24 ლარის წლიური 10 %, 2019 წლის 10 ივლისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ც.ჯ.პ–სმა“, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი გასაჩვრების ვადის დარღევის გამო დარჩა განუხილველად.

4. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა შპს „ც.ჯ.პ–სმა“, რომლითაც მოითხოვა განჩინების გაუქმება. კერძო საჩივრის ავტორის თქმით, მას არ დაურღვევა გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა, რადგან 2022 წლის 10 ოქტომბერს, მართალია, მისი წარმომადგენელი ესწრებოდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას, თუმცა არ ჩაუბარებია დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომლის ჩაბარების მომენტიდანაც უნდა დაიწყოს გასაჩივრების ვადის ათვლა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 მარტის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

6. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ც.ჯ.პ–სის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

8. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი.

9. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

10. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას, შესაბამისად, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

11. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

12. სსსკ-ის 369-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 259​1 მუხლის შესაბამისად, ასევე 259​1 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

13. სსსკ-ის 259-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

14. განსახილველ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2022 წლის 10 ოქტომბერს, რასაც ესწრებოდა საჩივრის ავტორის წარმომადგენელი, შესაბამისად, ის მოექცა ზემოაღნიშნული ნორმის რეგულირების სფეროში, რაც გულისხმობს იმას, რომ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 20-30 დღის ვადაში მას უნდა მოემართა სასამართლოსთვის მოტივირებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით, თუ კი ის გაუშვებდა აღნიშნულ ვადას, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 დღიანი ვადა ავტომატურად დაიწყებდა ათვლას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

15.მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილება გამოცხადდა 2022 წლის 10 ოქტომბერს, შესაბამისად, დასაბებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნის წარდგენის ვადად (20-30 დღედ) განისაზღვრა 2022 წლის 31 ოქტომბრიდან 2022 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი, რა დროსაც საჩივრის ავტორს არ მიუმართავს სასამართლოსთვის, შესაბამისად, გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო ავტომატურად 2022 წლის 11 ნოემბერს და ამოიწურა 2022 წლის 24 ნოემბერს, ხოლო შპს „ც.ჯ.პ–სმა“ სააპელაციო საჩივარი წარადგინა ერთი დღის დაგვიანებით, 2022 წლის 25 ნოემბერს.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 16 დეკემბრის განჩინებით სწორი სამართლებრივი გვალიფიკაცია მიეცა ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს, რის საფუძველზეც, სწორად იქნა შპს „ც.ჯ.პ–სის“ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოცებული.

17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერი და დასაბუთებულია, ამდენად, მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე, 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე, 412-ე მუხლებით, და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,ც.ჯ.პ–სის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: გ. მიქაუტაძე

ლ. მიქაბერიძე