საქმე № ას-336-2023 25 აპრილი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – კ.გ–ძე (მოპასუხე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.კ–ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 იანვრის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ნ.კ–ამ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში კ.გ–ძის (შემდგომში „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ უძრავი ნივთის ½ ნაწილის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; მოსარჩელე ცნობილ იქნა უძრავი ქონების (მდებარე ქ. ქუთაისი, ........., ს/კ .......) ½ წილის მესაკუთრედ.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 15 ივლისის განჩინებით, აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა, განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში სასამართლოსთვის წარედგინა სახელმწიფო ბაჟის, 2 067 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედნის სახით) და სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსია, შესრულებული word-ის ფაილში CD დისკის სახით.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 აგვისტოს განჩინებით, აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა; აპელანტს ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადა გაუგრძელდა 10 დღით, განჩინების ასლის მისთვის ჩაბარებიდან.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 იანვრის განჩინებით, მოპასუხის წარმომადგენლის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.
8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 19 აგვისტოს განჩინება აპელანტს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა 2022 წლის 10 ოქტომბერს, თუმცა მას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არც ხარვეზი შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.
9. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 64-ე, 65-ე, 70-78-ე, 368-ე მუხლებით და დაასკვნა, რომ არსებობდა ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა და მოითხოვა მისი გაუქმება.
11. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, სასამართლოს მიერ ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადის გაგრძელების მიუხედავად, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო აპელანტს არ ჰქონდა მისი გამოსწორების შესაძლებლობა (ვინაიდან მან გადაიტანა მძიმე ოპერაცია, იყო დროებით უმუშევარი და დაყადაღებული აქვს სადავო უძრავი ქონება). აღნიშნულის თაობაზე აპელანტმა ასევე იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის წარდგენისას. სასამართლომ კი არ გაითვალისწინა აღნიშნული გარემოებები და მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა, რითაც უგულებელყო და მხარეს წაართვა სასამართლოსთვის ხელმისაწვდომობის კონსტიტუციური უფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
14. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 აგვისტოს განჩინებით ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა და აპელანტს ხარვეზის შესავსებად 2022 წლის 15 ივლისით განსაზღვრული ვადა გაუგრძელდა 10 (ათი) დღით. ამავე განჩინებით, მას განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის საპროცესო შედეგები (იხ. ს.ფ 199-201).
15. დადგენილია ასევე და კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება აპელანტის წარმომადგენელს ინგა გიორგაძეს, კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა და ჩაბარდა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე 2022 წლის 10 ოქტომბერს (იხ. ს.ფ. 202). სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა ამოიწურა 2022 წლის 20 ოქტომბერს, ხოლო აპელანტს დაკისრებული საპროცესო მოვალეობა არ შეუსრულებია და არც რაიმე სახის შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.
16. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა მისი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა სააპელაციო საჩივარი.
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკითხს იმის შესახებ, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი სასამართლოს მიერ მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლი. ამ ნორმის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
18. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, თუ რომელი კონკრეტული მტკიცებულების წარდგენა შეიძლება გახდეს მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი. სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელმა პირმა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად უნდა უზრუნველყოს სასამართლოსათვის იმ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც მის გადახდისუუნარობას დაასაბუთებს. მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
19. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი აპელირებს მის გადახდისუუნარობაზე, თუმცა აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მას არც ხარვეზის გამოსწორების ეტაპზე და არც მანამდე სასამართლოსთვის არ წარუდგენია. მეტიც, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა და არც კერძო საჩივრის ავტორი უარყოფს, სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად გაგრძელებული ვადა ამოიწურა 2022 წლის 20 ოქტომბერს, ხოლო აპელანტს დაკისრებული საპროცესო მოვალეობა არ შეუსრულებია და არც რაიმე სახის შუამდგომლობით (დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის გადავადების ან მისგან გათავისუფლების მოთხოვნით) მიუმართავს სასამართლოსთვის.
20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამდენად, დასახელებული მუხლებიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.
21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
22. მოცემული ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ იმ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დაწესებულ საპროცესო ვადაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც სასამართლოსთვის მიუმართავს შუამდგომლობით, პალატა მოკლებული იყო შესაძლებლობას საკუთარი ინიციატივით კვლავ გაეგრძელებინა ვადა აპელანტისთვის, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობებს ქმნიდა.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე, 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე, 412-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კ.გ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 იანვრის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე