საქმე №ას-1245-2022 9 მარტი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ი–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთაწმინდის რაიონის გამგეობასა (შემდეგში: გამგეობა, მოპასუხე, შემსყიდველი, აპელანტი ან კასატორი) და შპს „ი–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე, კომპანია ან მენარდე) შორის 2019 წლის 12 თებერვალს დაიდო N2.9.19/30/027 ხელშეკრულება სახელმწიფო 10 შესყიდვის შესახებ.
2. ხელშეკრულების თანახმად, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ქ. თბილისში, ........, ..... ქუჩა N14-ის, ......ქუჩა N.-ის, ..... ქ.N.-ის, ....., .... ქუჩის, ....., ...., .... ქ. N..-ის, ......, ..... ქუჩის მიმდებარედ და ...... სკვერების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები.
3. ხელშეკრულების ღირებულება 984 858 ლარს შეადგენდა, ხოლო, სამუშაოების დასრულების თარიღი 2019 წლის 20 მაისი იყო.
4. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, მიწოდების ვადაში შედიოდა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში აკრედიტირებული პირის მიერ ხელმოწერილი შესრულებული სამუშაოების მოცულობისა და ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ფორმა N2 და ფარული სამუშაოების აქტები) წარდგენის ვადაც.
5. ხელშეკრულების 5.1 პუნქტის მიხედვით სამუშაოების წარმოების კალენდარულ გეგმა-გრაფიკში მითითებული ვადების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს ნებისმიერ ეტაპზე განახორციელებდა შემსყიდველი.
6. ხელშეკრულების 6.1. მუხლის მიხედვით, შესყიდვის ობიექტი ჩაითვლებოდა მიღებულად, მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება მოხდებოდა შემსყიდველთან სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში აკრედიტირებული პირის მიერ ხელმოწერილი შესრულებული სამუშაოების მოცულობისა და ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაციის (ფორმა N2 და ფარული სამუშაოების აქტები) წარმოდგენის შემდეგ.
7. ხელშეკრულების 7.2. მუხლის შესაბამისად, ანგარიშსწორება მოხდებოდა ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის. ამ შემთვევაში, ანგარიშსწორება განხორციელდებოდა მიმწოდებლის მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს შესაბამის ანგარიშზე გადახდის შემდეგ.
8. ხელშეკრულების 8.2. მუხლით, მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება, შესყიდვის ობიექტის (კონკრეტული მისამართის) სამუშაოების წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვადების დარღვევის შემთხვევაში, შემსყიდველისათვის გადაეხადა პირგასამტეხლო, შესყიდვის ობიექტის (კონკრეტული მისამართის) სახარჯთაღრიცხვო ღირებულების 0.5%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ტ. 1, ს.ფ. 16-21; 2019 წლის 12 თებერვლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N2.9.19/30/027 ხელშეკრულება);
9. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N2.9.19/30/027 ხელშეკრულების დანართი N3-ის შესაბამისად, კოჯორში ცენტრალური სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება განისაზღვრა 443 117.61 ლარით, ხოლო დანართი N2-ის შესაბამისად, ....., .... ქუჩის მიმდებარედ სკვერის მოწყობის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება - 161 808.56 ლარით;
10. მხარეებს შორის 2019 წლის 25 აპრილის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N2.9.19/30/027 ხელშეკრულების დამატების მიხედვით, ....., ცენტრალური სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოების ღირებულება კორექტირებული ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე განისაზღვრა 440 098.60 ლარით (ს.ფ. 22-28; N2.9.19/30/027 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დანართი N3; ს.ფ. 29-36; N2.9.19/30/027 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დანართი დანართი N2; ს.ფ. 37-45; 2019 წლის 25 აპრილის ხელშეკრულების დამატება);
11. მხარეთა შორის 2019 წლის 20 მაისს დადებული, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N2.9.19/30/027 ხელშეკრულების დამატების მიხედვით, ნაცვლად 2019 წლის 20 მაისისა, შესყიდვის ობიექტის მიწოდების საბოლოო ვადა განისაზღვრა 2019 წლის 5 ივნისით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2019 წლის 5 ივლისის ჩათვლით (ტ. 1, ს.ფ. 46;);
12. 2019 წლის 19 აპრილის N2.9.19/30/027-4 მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მენარდემ 2019 წლის 12 თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე შეასრულა სკვერის მოწყობის სამუშაოები შემდეგ მისამართებზე: ..... ქ.N7-ის მიმდებარედ - 36 723.97 ლარის ღირებულების და ....., .... ქუჩის მიმდებარედ - 6 372.76. ლარის ღირებულების. შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 43 096.73 ლარი (ტ. 1, ს.ფ. 47).
13. 2019 წლის 3 მაისის N2.9.19/30/027-5 მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მენარდემ 2019 წლის 12 თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე შეასრულა სკვერის მოწყობის სამუშაოები შემდეგ მისამართებზე: ...., .... ქუჩის მიმდებარედ სკვერის მოწყობა - 35 824.47 ლარი. ...., ცენტრალური სკვერის რეაბილიტაცია - 209 931.10 ლარი (ტ. 1, ს.ფ. 48;).
14. 2019 წლის 17 მაისის N2.9.19/30/027-6 მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, 2019 წლის 12 თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე შეასრულა სკვერის მოწყობის სამუშაოები შემდეგ მისამართზე: ...., .... ქუჩის მიმდებარედ - 38 304.82. შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 38 304.82 ლარი (ტ. 1, ს.ფ. 49;).
15. 2019 წლის 3 ივნისს შედგენილი, ..... ცენტრალური სკვერის რეაბილიტაციაზე შესრულებული სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის (მათ შორის ფორმა -2 მიხედვით) NAT190000344 ინსპექტირების ანგარიშის N02/03 ვ-II (საექსპერტო დასკვნის) მიხედვით, კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და მასალების შესწავლის, ჩატარებული აზომვითი სამუშაოების შედეგად მიღებული მონაცემების შედარებით კორექტირებულ ხარჯთაღრიცხვებთან და ფორმა N2-თან და მოქმედი ტექნიკური რეგულირების დოკუმენტების მოთხოვნის შესაბამისად, დადგინდა რომ: ქ.თბილისში, .... რაიონის ტერიტორიაზე, ...., ცენტრალური სკვერის რეაბილიტაციისას შესრულებული მეორე ეტაპის სამუშაოების მოცულობები შეესაბამება კორექტირებულ ხარჯთაღრიცხვის და ფორმა N2-ის მოცულობებს და მათი ღირებულებამ შეადგინა 230 167.50 ლარი, დღგ-ს ჩათვლით. ვიზუალური დათვალიერებით ხარისხი დამაკმაყოფილებელია და ეძლევა დადებითი რეკომენდაცია (ტ. 1, ს.ფ. 50-58;).
16. 2019 წლის 17 ივნისს .... შედგენილი, ....ქუჩის მიმდებარედ სკვერის მოწყობაზე შესრულებული სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის (მათ შორის ფორმა - 2 მიხედვით) NAT190000344 ინსპექტირების ანგარიშის N02/03 ვ-III (საექსპერტო დასკვნის) მიხედვით, კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და მასალების შესწავლის, ჩატარებული აზომვითი სამუშაოების შედეგად მიღებული მონაცემების შედარებით კორექტირებულ ხარჯთაღრიცხვებთან და ფორმა N2-თან და მოქმედი ტექნიკური რეგულირების დოკუმენტების მოთხოვნის შესაბამისად, დადგინდა რომ: ქ.თბილისში, ..... რაიონის ტერიტორიაზე ...., ..... ქუჩის მიმდებარედ სკვერის მოწყობის მესამე ეტაპის სამუშაოების ოდენობა შეესაბამებოდა ხარჯთაღრიცხვის და ფორმა N2-ის მოცულობებს და შეადგენდა 112 371.98 ლარს დღგ-ს ჩათვლით. ფორმა N2-ში მითითებული ერთეულის ღირებულებები შეესაბამებოდა ხარჯთაღრიცხვაში მითითებულ ერთეულის ღირებულებებს, ვიზუალური დათვალიერებით ხარისხი დამაკმაყოფილებელი იყო და ეძლეოდა დადებითი რეკომენდაცია (ტ. 1, ს.ფ. 59-67;).
17. 2019 წლის 24 ივნისის N2.9.19/30/027-9 მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, კომპანიამ 2019 წლის 12 თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე შეასრულა სკვერის მოწყობის სამუშაოები შემდეგ მისამართზე: ...., ..... ქუჩის მიმდებარედ - 112 371.98 ლარის, ...., ცენტრალური სკვერის რეაბილიტაცია - 230 167.50 ლარის ღირებულების; სამუშაოები მიწოდებულ იქნა 19 დღის ვადაგადაცილებით. შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 342 539.48 ლარი (ტ. 1, ს.ფ. 68;).
18. 2019 წლის 25 ივნისს გამგეობამ წერილობით მიმართა კომპანიას და აცნობა, რომ ...., .... ქუჩის მიმდებარედ სკვერის მოწყობის და ...., ცენტრალური სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოების 19 დღის ვადაგადაცილებით შესრულებისათვის, ეკისრებოდა პირგასამტეხლო - 57 181.18 ლარის ოდენობით. ....., .... ქუჩის მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულების (161 808.56 ლარი) და ....., ცენტრალური სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულების (440 098.60 ლარი) 0.5%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. იმავე დღეს გამგეობას წერილობით მიმართა კომპანიამ, საკითხის გარკვევამდე, დაკისრებული ჯარიმის ჩასარიცხი თანხიდან დაკავებისა და შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნით.
19. 2019 წლის 27 ივნისის ტრანზაქციით, გამგეობამ, კომპანიისთვის დაკავებული პირგასამტეხლოს თანხა - 57 181.18 ლარი, ჩარიცხა სახელმწიფო ხაზინაში (ტ. 1, ს.ფ. 69-72;).
20. კომპანიის სასარჩელო მოთხოვნა
20.1. კომპანიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა სარჩელი და გამგეობისგან 56 911.48 ლარი მოითხოვა.
21. გამგეობის პოზიცია კომპანიის სასარჩელო მოთხოვნაზე
21.1. გამგეობამ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა რომ კომპანიას პირგასამტეხლო ვალდებულების ვადის გადაცილების გამო დაერიცხა.
22. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
22.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით კომპანიის სარჩელი დაკმაყოფილდა, გამგეობას კომპანიის სასარგებლოდ დაკავებული 57 181.18 ლარიდან 55 879.57 ლარის დაკისრება დაევალა.
23. გამგეობის სააპელაციო საჩივარი
23.1. გამგეობამ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივრით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
24. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
24.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
24.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება (სსსკ-ის 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).
24.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით მოსარჩელე კომპანია, გამგეობისგან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადის დარღვევისათვის, უკანონოდ დარიცხული და დაკავებული პირგასამტეხლოს თანხის დაბრუნებას ითხოვდა. მოსარჩელის განმარტებით, კ–ის ობიექტზე პირგასამტეხლო საერთოდ არ უნდა დარიცხულიყო, ვინაიდან, მოსარჩელემ ობიექტზე სამუშაოები დაასრულა 3 ივნისს; ხოლო, რაც შეეხება .....ის ობიექტს, ამ შემთხვევაში პირგასამტეხლო ვადაგადაცილებულ 12 და არა 19 დღეზე უნდა დარიცხულიყო; გარდა ამისა, მოსარჩელე არ ეთანხმებოდა დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას და მიიჩნევდა, რომ იგი შეუსაბამოდ მაღალია და სასამართლოს უნდა შეემცირებინა გონივრულ 0.02%-ის ოდენობამდე, ისე რომ პირგასამტეხლოს დათვლა განხორციელებულიყო არა მთლიანი ვალდებულების ღირებულებიდან, არამედ დროულად შეუსრულებელი ვალდებულებიდან.
24.4. სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელე კომპანიის მტკიცება, რომ .....ში ვალდებულების შესრულების ვადა არ დაურღვევია, ხოლო, .....ის ობიექტზე ნაცვლად 19 დღისა მხოლოდ 12 დღით დაარღვია ვალდებულება, არ გაიზიარა და განმარტა, რომ აღნიშნულ საკითხზე სააპელაციო პრეტენზია არ იყო წარდგენილი, შესაბამისად სადავო არ იყო, რომ ორივე ობიექტი შესრულდა 19 დღის დაგვიანებით. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით შეფასების საგანი იყო დადგენილი გარმოებების ფარგლებში, არსებობდა თუ არა მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევისათვის მოსარჩელეზე დარიცხული და ასანაზღაურებელი თანხიდან დაკავებული პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი.
24.5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დაკისრებული პირგასამტეხლო - 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ეწინააღმდეგებოდა სსკ-ით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს.
24.6. დადგენილი იყო, რომ მოსარჩელემ .....ის ობიექტზე ვადაგადაცილებით შეასრულა 230 167.50 ლარის ღირებულების სამუშაოები, ხოლო, კ–ის ობიექტზე - 112 371.98 ლარის ღირებულების სამუშაოები, თუმცა შემსყიდველმა პირგასამტეხლო დაარიცხა 19 დღით ვადაგადაცილების გამო კიკეთში, დ–ის ქუჩის მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულების (161 808.56 ლარი) და კ–ში, ცენტრალური სკვერიის რეაბილიტაციის სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულების (440 098.60 ლარის) 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რამაც 57 181.18 ლარი შეადგინა ჯამში.
24.7. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დარღვეული ვალდებულების მასშტაბიდან გამომდინარე გონივრულად მიიჩნია კიკეთის ობიექტის შემთხვევაში 427 ლარის, ხოლო, კ–ის ობიექტის შემთხვევაში 874.63 ლარის დაკისრება, ჯამში 1 301.61 ლარი.
25. გამგეობის საკასაციო მოთხოვნა
25.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ივლისის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა გამგეობამ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
25.2. კასატორის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ, ხოლო, შემდეგ, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებით, სააპელაციო სასამართლომ ვალდებულების დარღვევის მოცულობასთან მიმართებით გაცილებით მეტად შეამცირა პირგასამტეხლო. აღნიშნული, პირგასამტეხლოს როგორც სანქციის ხასიათს უკარგავს, აგრეთვე შესაძლოა წაახალისოს სხვა კომპანიების მიერ ვალდებულების დარღვევა, და მცირე პირგასამტეხლოს პირობებში, არაჯეროვანი შესრულების მიუხედავად მაინც მიიღონ სოლიდური საბიუჯეტო სახსრები.
26. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
26.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, ხოლო, იმავე წლის 15 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებადაა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითაც განხილვის გზით შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
27. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
28. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 1-19 პუნქტები), რომელთაც წინამდებარე შემთხვევაში, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით სავალდებულო ძალა აქვს საკასაციო სასამართლოსთვის, ამდენად, საკასაციო სასამართლო მხოლოდ სამართლებრივად შეაფასებს მხარეთა შორის შეთანხმებული და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო, ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან და განსახილველი საქმის გარემოებებიდან გამომდინარე წარმოადგენს თუ არა გონივრულ ოდენობას.
29. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავებების საფუძვლიანობა, კერძოდ, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის გარემოებების გათვალისწინებით დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულობა (იხ. სუსგ. ას-1205-2022, 23.12.2022).
30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც ითვალისწინებს იმ შედეგს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველ სამართლებრივ შედეგს (სუსგ №ას-189-2020, 20 აპრილი, 2022, პ.13).
31. სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებითსამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურება და რომელთა შერჩევაც მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პირგასამტეხლო.
32. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს შესრულებული სამუშაოს ასანაზღაურებელი თანხიდან კასატორის მიერ დაკავებული პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობა. კერძოდ, დადგენილია რომ კ–ისა და კ–ის ობიექტები მენარდემ 19 დღიანი დაგვიანებით შეასრულა, კ–ის ობიექტზე ვადაგადაცილებით შესრულდა 230 167.50 ლარის, ხოლო, კ–ის ობიექტზე 112 371.98 ლარის სამუშაოები. აღნიშნული ღირებულებისა და ვადის დარღვევის გათვალისწინებით ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლოებმა გონივრულ ოდენობად პირგასამტეხლოს სახით კომპანიისთვის 1 301.61 ლარის დაკისრება მიიჩნიეს, ხოლო, კასატორის პრეტენზიით აღნიშნული ოდენობა შეუსაბამოდ დაბალია და დაკავებული პირგასამტეხლო სრულად უნდა დარჩეს ბიუჯეტში.
33. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.
34. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 417-ე მუხლი „პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის“.
35. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა)პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ)პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა თუ არაჯეროვნად შესრულება. (შდრ. სუსგ №ას-1274-2022, 22 ნოემბერი, 2022 წელი; №ას-1299-2022, 22 ნოემბერი, 2022 წელი;№ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018);
36. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018; №ას-1158-1104-2014, 06.05.2015; №ას-1265-1187-2015, 10.02.2016).
37. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან. პირგასამტეხლოს მოთხოვნა კრედიტორს ყოველთვის გააჩნია მიუხედავად იმისა განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის მას ასევე არ ეკისრება მიყნებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იგივე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართულნი, დამოუკიდბელ მოთხოვნებად რჩებიან. (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590).
38. პირგასამტეხლოს მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარღვევის საკითხი წინაწარაა განსაზღვრული, კეძოდ ვალდებულების დარვევის როგორც იდენტიფიცირება, ისე მისი დადგენა უნდა იყოს შესაძლებელი, ხოლო ასეთი მოთხოვნის დაყენება კი არ უნდა მოდიოდეს შეუსაბამობაში საკანონმდებლო დანაწესებთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის თვალსაზრისით ყურადსაღებია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხი. ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობაში. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი (იხ. სერგი ჯორბენაძე, საქართველოს სამოქალაქო კოდესის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 417, ველი 23-26).
39. პირგასამტეხლო წარმოადგენს ერთგვარ სანქციას, სასჯელს მხარისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. შესაბამისად, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ხოლო ვალდებულების დარღვევად მიიჩნევა, როგორც ვალდებულების არაჯეროვნად, არასრულად შესრულება, ასევე მისი შეუსრულებლობაც (შდრ: სუსგ №ას-1432-1351-2012, 20 მაისი, 2013 წელი.) პირგასამტეხლოს დაკისრება ხდება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრება მოაზრებულია მხოლოდ ძირითადი ან/და დამატებითი ვალდებულების დარღვევისას (იხ. გიორგი ვაშაკიძე, სამოქალაქო კოდექსის გართულებულ ვალდებულებატა სისტემა, თბილისი, 2010, გვერდი. 232). მტკიცების ტვირთის განაწილების მხრივ კრედიტორმა უნდა ამტკიცოს ვალდებულების დარღვევა და პირგასამტეხლოს თაობაზე წერილობითი შეთანხმების არსებობა, ხოლო მოვალის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ან მისი ბრალეულობის გამორიცხვა. (იხ. ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვერდი 93).
40. სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800). კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. მნიშვნელობა ენიჭება ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში მოვალის ბრალის ხარისხსაც, აგრეთვე გასათვალისწინებელია მოვალის ეკონომიკური მდგომარეობა. თუ მოსამართლე მივა იმ დასკვნამდე, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, იგი შეამცირებს მას იმ ოდენობამდე, რომელსაც ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად და სამართლიანად მიიჩნევს. (შდრ. ირ. რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი, თანაავტორობით, თბილისი, 2014, გვ. 604, 605.).
41. სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოიხმოს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლიანობის თაობაზე დამკვიდრებული სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკაც. საკასაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს თაობაზე არაერთ საქმეზე განმარტა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, თუმცა იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება (იხ. სუსგ.-ებები: №ას-1292-2019, 24.12.2020წ.; Nას-386-2019, 02.04.2021წ.; №ას-1199-1127-2015, 13.04.2016წ.). პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ Nას-1511-2018, 26.03.2019წ.). პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (სუსგ. №ას-186-2021, 25.03.2021წ.). პირგასამტეხლო, როგორც უპირველესად კრედიტორის სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი მექანიზმი, ძალმოსილი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას. სახელშეკრულებო თანასწორობის დაცვის პროცესში ბალანსი, თანაზომიერება დასაცავია, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს ოდენობას, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების (შინაარსის განსაზღვრის თავისუფლების) გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის (იხ. ნათია ჩიტაშვილი, პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.7.).
42. იმისათვის, რომ სასამართლომ შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, კრედიტორის მოთხოვნა პირგასამტეხლოს გადახდაზე წარმოშობილი უნდა იყოს, ე.ი. ძირითადი ვალდებულება უნდა იქნეს დარღვეული. პირგასამტეხლოს შემცირება მის წარმოშობამდე ანუ ძირითადი ვალდებულების დარღვევამდე, დაუშვებელია (შდრ. Friesecke, in Palandt, BGB Komm., 78 Aufl., 2018., §343, Rn.5). სწორედ დარღვევის მომენტიდან ეკისრება მოვალეს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება და სწორედ ამ მომენტიდან ხდება იგი შესასრულებლად მძიმე ან შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. გარდა ამისა, სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენებისათვის აუცილებელ წინაპირობად გვევლინება ის გარემოება, რომ პირგასამტეხლო არ უნდა იყოს უკვე გადახდილი მოვალის მიერ. უკვე გადახდილი პირგასამტეხლოს შემცირება სასამართლოს მიერ, გამორიცხულია. აღნიშნული დასკვნის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოვალის მხრიდან პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნას ეფუძნება სწორედ იმას, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო შესასრულებლად მძიმეა მოვალისათვის. იმ შემთხვევაში კი, როდესაც მოვალე ნებაყოფლობით იხდის პირგასამტეხლოს, ამ გადახდით იგი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ პირგასამტეხლო მას შეუსაბამოდ მაღლად არ მიაჩნია (შდრ. სუსგ №ას-1527-2018, 31 იანვარი, 2019 წელი).
43. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესი იმპერატიულია, შესაბამისად, მხარეებს არ გააჩნიათ უფლებამოსილება, თავიანთი შეთანხმებით გამორიცხონ იგი. სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგება, არ გამოიყენება კანონით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან მიმართებით.
44. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე, მოპასუხის მიერ დაყენებული მოთხოვნის საფუძველზე მსჯელობს. ასეთი მოთხოვნა შეიძლება მითითებული იქნეს, როგორც შესაგებელში, ასევე პირველ ინსტანციაში საქმის მომზადების დამთავრებამდე მოპასუხის მიერ აღძრულ შუამდგომლობაში. ცალკეულ შემთხვევებში ასეთი მოთხოვნის დაყენება სარჩელითაცაა შესაძლებელი, მაგალითად, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა (პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება). პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოთხოვნის დაყენებასთან ერთად, მხარემ უნდა დაასაბუთოს, რას ეფუძნება ასეთი მოთხოვნა, ანუ მტკიცების ტვირთი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენომადე შემცირების თაობაზე, ეკისრება ვალდებულ პირს (მოვალეს) (იხ. სუსგ №ას-888-2020, 10 დეკემბერი, 2020). განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სწორედ კომპანიის მიერ წარდგენილი სარჩელითაა დაკავებული პირგასამტეხლოს შემცირება მოთხოვნილი.
45. ზემოაღნიშნული ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთების გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დადგენილი იყო კ–ის ობიექტზე 19 დღის დაგვიანებით შესრულდა 230 371.98 ლარის სამუშაოები, ხოლო, კიკეთის ობიექტზე ასევე 19 დღის დაგვიანებით შესრულდა 112 371.98 ლარის სამუშაოები. შესრულებული სამუშაოების ასანაზღაურებელი თანხიდან მხარეთა შეთანხმებით შემსყიდველმა დააკავა 57 181.18 ლარი.
45.1. ამდენად, საკასაციო სასამართლო გონივრულად მიიჩნევს, მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შეთანხმების გათვალისწინებით, კ–ის ობიექტის შემთხვევაში ვადაგადაცილებული დღეებისა და სამუშაოების ღირებულების, კერძოდ 230 371.98 ლარის 0.5% (X19 ვადაგადაცილებულ დღეზე) 21 865.91 ლარი განახევრდეს და კ–ის ობიექტის შემთხვევაში კომპანიას დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 10 932.95 ლარი.
45.2. კიკეთის ობიექტის შემთხვევაში კი, ვადაგადაცილებული დღეებისა და სამუშაოების ღირებულების, კერძოდ 112 371.91 ლარის 0.5% (X19 ვადაგადაცილებულ დღეზე) 10 675.33 ლარი ასევე განახევრდეს და კიკეთის ობიექტის შემთხვევაში კომპანიას დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით 5 337.66 ლარი.
46. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ჯამში პირგასამტეხლოს სახით დაკავებული თანხიდან კომპანიას უნდა დაეკისროს 16 270.27 ლარი, ხოლო, გამგეობას დაევალოს 40 910.91 ლარის დაბრუნება.
47. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
48. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ კომპანიის სასარჩელო მოთხოვნას პირველ ინსტანციაში წარმოადგენდა მთაწმინდის გამგეობის მიერ დაკავებული პირგასამტეხლოს 57 181.18 ლარის დაბრუნება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე გამგეობას მოსარჩელე კომპანიისთვის 57 181.18 ლარიდან 55 879.57 ლარის დაბრუნება დაევალა. დასახელებული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 ივლისის განჩინებით დარჩა უცვლელად.
49. სსსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
50. ზემოაღნიშნული ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით ვინაიდან საკასაციო სასამართლო იღებს ახალ გადაწყვეტილებას, სასამართლო ხარჯებსაც გაანაწილებს ხელახლა შემდეგნაირად, წარმოდგენილი საკასაციო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით კომპანიას 57 181.18 პირგასამტეხლოს სახით დაკავებული ლარიდან დაუბრუნდა 40 910.91 ლარი, ამდენად, პირველ ინსტანციაში მოსარჩელე კომპანიის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1 716 ლარის ის ნაწილი, რომელიც დაკმაყოფილებული სარჩელის პროპორციულია - 1 227.32 ლარი უნდა დაეკისროს გამგეობას კომპანიის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, რომ ის გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან, ხოლო, დარჩენილი ნაწილი უნდა დარჩეს ბიუჯეტში. სააპელაციო სასამართლოში, მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენისთვის გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლებული იყო გამგეობა, მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებულ - 16 270.27 ლარის ნაწილში, სახელმწიფო ბაჟი - 650.81 ლარი უნდა დაეკისროს კომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სააპელაციო სასამართლოს მსგავსად, საკასაციო სასამართლოში, კომპანიას უნდა დაეკისროს წაგებული თანხის 5% - 813.51 ლარი ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 53-ე, 408-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ივლისის განჩინება;
1.2. ახალი გადაწყვეტილების მიღებით შპს "ი–ის" სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობას დაევალოს შპს „ი–ისთვის“ პირგასამტეხლოს სახით დაკავებული 57 181.18 ლარიდან 40 910.91 ლარის დაბრუნება;
1.4. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთაწმინდის რაიონის გამგეობას შპს "ი–ის" სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ პირველ ინსტანციაში გადახდილი ბაჟის ნაწილი - 1 227.32 ლარი, ხოლო, დანარჩენი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
1.5. შპს "ი–ის" სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს 1 464.32 ლარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე