ას-441-2022
31 მარტი 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე: (თავმჯდომარე),
თეა ძიმისტარაშვილი: (მომხსენებელი),
მოსამართლე: მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შპს „ფ–ს“ პარტნიორი გ.რ–ი
მოწინააღმდეგე მხარე - ბ.გ–ძე, რ.ბ–ი, შპს „ფ“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება, პარტნიორის გარიცხვა, დირექტორის გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გ.რ–მა, როგორც შპს „ფ–ს“ პარტნიორმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომლითაც წამოაყენა შემდეგი სახის მოთხოვნები: ბ.გ–ძეს დაეკისროს შპს „ფ–ს“ სასარგებლოდ შემოსავლების სამსახურის მიერ საწარმოსთვის დარიცხული თანხის - 2319339.55 ლარის გადახდა; ბ.გ–ძეს, რ.ბ–ს და რ.ბ–ის მიერ დაფუძნებულ შპს „ფ–ს“ დაეკისროს გ.რ–ისათვის, მიუღებელი დივიდენდის სახით, 276300 ლარის გადახდა; ბ.გ–ძეს, რ.ბ–სა და შპს „ფ–ს“ დაეკისროს გ.რ–ისათვის 783732 ლარის გადახდა; ბ.გ–ძე გაირიცხოს შპს „ფ–ს“ პარტნიორობიდან და დირექტორის თანამდებობიდან; ბ.გ–ძე ცნობილ იქნეს რ.ბ–ის სახელზე აღრიცხული ქონების 50%-ის მესაკუთრედ (შპს „ფ–ს“ (ს/კ ......) 50%-ის წილის მესაკუთრედ; ქ.თბილისში, ..... #....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქონების 50%-ის მესაკუთრედ; მცხეთის რაიონში, ...... #....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქონების 50%-ის მესაკუთრედ; ქ.თბილისში, .........., მდებარე 37-ე ბინის (საკადასტრო კოდი ........) მესაკუთრედ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შპს „ფ–ს“ პარტნიორის გ.რ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ზემოაღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 22 ივლისის განჩინებით, შპს „ფ–ს“ პარტნიორი გ.რ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, შეწყდა წარმოება შპს „ფ–ს“ პარტნიორი გ.რ–ის სააპელაციო საჩივარზე იმ ნაწილში, რომლითაც იგი ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას შპს „ფ–ს“ პარტნიორობიდან ბ.გ–ძის გარიცხვისა და დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებაზე უარის თქმას.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ნოემბრის განჩინებით, შპს „ფ–ს“ პარტნიორი გ.რ–ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი სასამართლოს სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო.
5. განჩინებაში მითითებულია, რომ აპელანტი სასამართლო სხდომის შესახებ ინფორმირებული იყო კანონით დადგენილი წესით. კერძოდ, საქმის მასალებით დგინდება, რომ აპელანტ მხარეს, შპს „ფ–ს“ პარტნიორს გ.რ–ს, 2022 წლის 5 ოქტომბერს, ტელეფონით - სასამართლო შეტყობინების შესახებ აქტით, პირადად ეცნობა, რომ მის სააპელაციო საჩივარზე, სადაც მოწინააღმდეგე მხარეებს წარმოადგენენ - ბ.გ–ძე, რ.ბ–ი, შპს „ფ.“, საქმის განხილვა დაინიშა ზეპირი მოსმენით - 2022 წლის 9 ნოემბერს, 10:30 საათზე (სხდომის დარბზაზი N18), ამასთან, მხარეს განემარტა არასაპატიო მიზეზით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგები.
6. ამავე განჩინების თანახმად, მიუხედავად სასამართლო უწყების ჩაბარებისა, აპელანტი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა და არც სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების თაობაზე უცნობებია სასამართლოსათვის, რის გამოც მოწინააღმდეგე მხარეების წარმომადგენელმა მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
7. 2022 წლის 14 დეკემბერს, შპს „ფ–ს“ პარტნიორმა გ.რ–მა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ნოემბრის განჩინებაზე, წარმოადგინა კერძო საჩივარი, რომლითაც მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას.
8. კერძო საჩივრის ავტორი აცხადებს, რომ მან სასამართლოს მიერ დანიშნულ ზეპირ სხდომაზე გამოცხადება ვერ მოახერხა საპატიო მიზეზით, კერძოდ, დედის გარდაცვალების გამო განცდილი სულიერი ტრავმისა და სტრესული მდგომარეობის გამო. გ.რ–ი განმარტავს, რომ მართალია მისი დედა გარდაიცვალა 2022 წლის 19 ოქტომბერს ხოლო, სასამართლო სხდომა ჩანიშნული იყო მოგვიანებით, 2022 წლის 09 ნოემბერს (ტ. 6, ს.ფ. 114), მაგრამ დედის ხანგრძლივი ავადმყოფობის გამო, რაც მისი გარდაცვალებით დასრულდა, მას ჰქონდა მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი, იყო მგლოვიარე მდგომარეობაში და ვერ შეძლო ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაბრუნებოდა.
9. კერძო საჩივრის ავტორი დასძენს, რომ სამედიცინო სფეროში აღიარებული დეფინიციით, სტრესის მთავარი მიზეზი არის რწმენა, რომ კონკრეტულ ინდივიდს არ გააჩნია საჭირო რესურსები გარკვეული სიტუაციის მოსაგვარებლად. ამასთანავე, მედიცინაში დადგენილია, რომ ფსიქიკურ დონეზე, ახლო ნათესავის გარდაცვალება იწვევს სტრესის მაღალი დონის არსებობას, რაც დაკავშირებულია და კორელაციაშია იმ დარღვევებთან, როგორებიცაა დეპრესია ან განზოგადებული შფოთვა. კერძო საჩივრის ავტორის აზრით, ცხოვრების წესთან დაკავშირებით, სტრესის მიერ გამოწვეულმა სირთულეებმა შეიძლება ხელი შეუშალოს ადამიანს შეასრულოს თავისი მიზნები ან ადეკვატურად განვითარდეს მათი ყოველდღიური ცხოვრება.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 თებერვლის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
11. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ფ–ს“ პარტნიორი გ.რ–ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
13. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ აპელანტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით, ინფორმირებული იყო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვით ჩატარების თაობაზე (იხ. ტ. 6, ს.ფ. 85), არ გამოცხადებულა სასამართლო სხდომაზე და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებია სასამართლოსთვის (იხ. ტ. 6, ს.ფ. 90-95).
14. კერძო საჩივრის ავტორი დავობს, რომ სახეზე არ იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, ვინაიდან იგი ობიექტური მიზეზით, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, რაც გამოწვეული იყო დედის გარდაცვალებისგან მიღებული სტრესით, ვერ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ხოლო, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276–278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. ანალოგიური შინაარსისაა იმავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიც.
17. ამდენად, საკასაციო პალატა ადგენს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ აპელანტის გამოუცხადებლობისას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისათვის უნდა შემოწმდეს არსებობს თუ არა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილი შემდეგი წინაპირობები: ა) საქმის ზეპირ განხილვაზე არ უნდა გამოცხადდეს აპელანტი და ბ) გამოცხადებული მოწინააღმდეგე მხარე არ უნდა ითხოვდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას. აღნიშნულ გარემოებათა კუმულაციურად არსებობა წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ფორმალურ წინაპირობას. ზემოაღნიშნული ფორმალური წინაპირობების დადგენის შემდეგ, უნდა შემოწმდეს, ხომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ, სახეზე ხომ არ არის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევები (იხ. სუსგ. №ას-1510-2022, 31 მარტი, 2023 წელი).
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამრიგად, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. ამასთან, იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (იხ. სუსგ საქმე №ას-803-803-2018, 27 სექტემბერი, 2018 წელი).
19. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ფორმალური წინაპირობები. კერძოდ, კერძო საჩივრის ავტორი, სადავოდ არ ხდის, რომ მას 2022 წლის 5 ოქტომბერს, ტელეფონით -სასამართლო შეტყობინების შესახებ აქტით, პირადად ეცნობა, რომ მის სააპელაციო საჩივარზე, სადაც მოწინააღმდეგე მხარეებს წარმოადგენენ - ბ.გ–ძე, რ.ბ–ი, შპს „ფ.“, საქმის განხილვა დაინიშა ზეპირი მოსმენით - 2022 წლის 9 ნოემბერს, 10:30 საათზე (სხდომის დარბაზი N18) (იხ. ტ. 6, ს.ფ. 85), ამასთან, მხარეს განემარტა არასაპატიო მიზეზით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგები. მიუხედავად აღნიშნულისა, იგი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა. მოწინააღმდეგე მხარემ იმავე სხდომაზე იშუამდგომლა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა (იხ. ტ. 6., ს.ფ. 90-94). შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შემოწმების საგანია ზემოაღნიშნული ფორმალური წინაპირობების ფარგლებში, არსებობდა თუ არა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დამაბრკოლებელი გარემოებები.
20. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. იმ გარემოებათა მტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე და ამ გარემოების წინასწარ სასამართლოსათვის შეტყობინების შეუძლებლობაზე, მასვე აკისრია. კანონით მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის დასაძლევად, კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა მ.ჯ–ის გარდაცვალების მოწმობა და მისი დაბადების მოწმობა, საიდანაც დგინდება, რომ გარდაცვლილი პირი იყო კერძო საჩივრის ავტორის დედა (იხ. ტ.6., ს.ფ. 111-114).
21. მიუხედავად იმისა, რომ გარდაცვლილ პირსა და კერძო საჩივრის ავტორს შორის ახლო ნათესაური კავშირი უდავოდაა დადგენილი, საკასაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს მ.ჯ–ის გარდაცვალების თარიღს, რომელიც გარდაცვალების მოწმობის თანახმად არის - 2022 წლის 19 ოქტომბერი, ხოლო სასამართლოში სხდომა, რომელზეც გ.რ–ი არ გამოცხადებულა ჩანიშნული იყო 2022 წლის 09 ნოემბერს, ანუ, გარდაცვალებიდან თითქმის სამი კვირის შემდგომ. განვლილი დროის მონაკვეთისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოს წინაშე არ წარმოუდგენია რაიმე სახის სამედიცინო დასკვნა, რომელიც მის მძიმე ჯანმრთელობის (მათ შორის მძიმე ფსიქოლოგიურ) მდგომარეობას დაადასტურებდა, კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნები დაუსაბუთებელია. ამასთან, საკასაციო პალატის აზრით, სამი კვირა არის ის ვადა, როდესაც კერძო საჩივრის ავტორს, სულ მცირე, შეეძლო და ვალდებულიც იყო, მიემართა სასამართლოსთვის, ეცნობებინა მისი სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ და ეთხოვა საქმეზე ზეპირი მოსმენის გადადება.
22. ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს არ შეექმნა იმის შინაგანი რწმენა, რომ აპელანტის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ ვინაიდან სახეზე იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ფორმალური წინაპირობები, სააპელაციო სასამართლომ ის ასევე მართებულად დატოვა განუხილველად.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ.რ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი
მირანდა ერემაძე