Facebook Twitter

საქმე №ას-705-2022

03 ნოემბერი 2022 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები - ქ.ბ–ი, თ.უ–ვი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.კ–ვი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ.კ–ვმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და მოითხოვა მისი კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე - ქ. თბილისი, ........, შენობა-ნაგებობის N1 (საერთო ფართით, 67.64 კვ.მ), N2 (საერთო ფართით, 55.92 კვ.მ) (ს/კ N .....) მოპასუხეების - ქ.ბ–ისა და თ.უ–ვის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და მოსარჩელისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მ.კ–ვის სარჩელი დაკმაყოფილდა.

გამოთხოვილ იქნა მოპასუხეების - ქ.ბ–ისა და თ.უ–ვის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისში, ........., შენობა-ნაგებობის N1 (საერთო ფართით,67.64 კვ.მ), N2 (საერთო ფართით, 55.92 კვ.მ.) (ს/კ N ......) და ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე მ.კ–ვს.

3. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლითაც გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველი.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ქ.ბ–მა და თ.უ–ვმა წარადგინეს კერძო საჩივარი, რომლითაც მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის განჩინების გაუქმება.

6. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ მის მიერ 2022 წლის 22 მარტს ვერ იქნებოდა ჩაბარებული სასამართლოს განჩინება, ვინაიდან ადმინისტრაციულ საქმესთან დაკავშირებით იმყოფებოდა მარნეულის პოლიციის სამმართველოში. ამასთან, მხარემ აღნიშნა, რომ ხელმოწერა, რომელიც ჩაბარების დასტურზე არის გაკეთებული მას არ ეკუთვნის.

7. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ განჩინება ჩაიბარა 31 მარტს, საღამოს 8-9 საათზე, ვინაიდან იგი იმყოფებოდა ქალაქგარეთ. თ.უ–ვმა აღნიშნა, რომ კურიერი მას ყოველთვის ვადის დარღვევით აბარებდა კორესპონდენციას, ამასთან კურიერი არის მოპასუხის მ.კ–ვის ქალიშვილი, რომელიც ასეთი მუხანათური მეთოდებით ცდილობს მამის დახმარებას.

8. საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინებით, ქ.ბ–ისა და თ.უ–ვის კერძო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

9. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

11. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილ ვადაში, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით, თუ სააპელაციო/კერძო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს.

14. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი, სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.

15. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის

71-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლო გზავნილი ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გზავნილი იგზავნება ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით, ერთხელ მაინც, იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე. ასეთ შემთხვევაში, იმავე კოდექსის 71-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე გზავნილი ვერ ჩაბარდა, ის ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე გზავნილის გაგზავნის შემთხვევაში. ამდენად, მხარემ უნდა უზრუნველყოს სასამართლოსთვის საკუთარი მისამართის შესახებ ზუსტი და სწორი ინფორმაციის მიწოდება, რათა შესაძლებელი გახდეს მისთვის გზავნილების ჩაბარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარემ უნდა ითმინოს გზავნილის მისთვის გადაცემის შეუძლებლობით გამოწვეული უარყოფითი შედეგები.

16. დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.02.2022წ. განჩინებით საპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად განისაზღვრა ვადა და კანონით დადგენილი წესით განიმარტა ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

17. დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.02.2022წ. განჩინების ასლი გაეგზავნათ აპელანტებს სააპელაციო საჩივარში მათ მიერ მითითებულ მისამართზე. შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.02.2022წ. განჩინების ასლი ჩაბარდა ერთ-ერთ აპელანტს თ.უ–ვს პირადად 22.03.22წ.(კურიერი გ. ო–ნი ს.ფ. 137). ამდენად, ხარვეზის შევსების 07 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 23.03.2022წ.-დან და ამოიწურა 29.03.2022წ., აპელანტების მიერ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადება წარმოდგენილი იქნა ფოსტის საშუალებით. საფოსტო გზავნილით დასტურდება, რომ განცხადება ფოსტას ჩაბარდა 05.04.2022წ. ანუ დადგენილი ვადის დარღვევით, რაც გახდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

18. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორების პრეტენზიას იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ თ.უ–ვის მიერ სასამართლოს განჩინება ვერ იქნებოდა ჩაბარებული იმ მოტივით, რომ იგი იმყოფებოდა მარნეულის პოლიციის სამმართველოში და ასევე, ვერ გაიზიარებს მითითებას იმის თაობაზე, რომ ხელმოწერა, რომელიც გაკეთებულია გზავნილის ჩაბარების დასტურზე, არ არის თ.უ–ვის მიერ შესრულებული.

19. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

20. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (სუსგ № ას-383-2022, 6.10. 2022წ.)

21. სასამართლოში წარმატების მომტანია არა მხოლოდ მოთხოვნის დამასაბუთებელ არგუმენტზე (არგუმენტებზე) მითითება, არამედ მისი ნამდვილობის სათანადო მტკიცებულებით (მტკიცებულებებით) დადასტურება. საქმის გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ სწორი დასკვნა სასამართლოს მიერ სწორედ მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას შეიძლება დაეფუძნოს (სსსკ-ის 105.2 მუხლი (სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ).

22. საკასაციო პალატა მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლის, I ნაწილის დანაწესზე, რომლითაც მხარეს უფლება აქვს საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების სტადიაზე განაცხადოს, რომ წარდგენილი საბუთი ყალბია. ასეთი განცხადება მას შეუძლია გააკეთოს აგრეთვე საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროსაც, თუ ეს საბუთი წარდგენილ იქნა ამ სასამართლო სხდომაზე, ან ადრე წარდგენილი საბუთის სიყალბე მისთვის ცნობილი გახდა სასამართლო სხდომაზე.

23. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებს არ ერთვის მტკიცებულება, რომელიც გაამყარებდა მხარის არგუმენტს, რომ უწყების ჩაბარების დროს იგი იმყოფებოდა მარნეულის პოლიციის სამმართველოში და ასევე, საკასაციო პალატა, ყურადღებას ამახვილებს კერძო საჩივრის ავტორის წინააღმდეგობრივ განმარტებებზე: ერთის მხრივ, იგი მიუთითებს ხარვეზის დადგენის შესახებ სასამართლო განჩინების დაგვიანებით ჩაბარების ფაქტზე (31 მარტს და არა 22 მარტს), ხოლო მეორე მხრივ აპელირებს, რომ ხელმოწერა, რომელიც ჩაბარების დასტურზე არის გაკეთებული, მას არ ეკუთვნის. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებებს და მიუთითებს საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე, რომელიც საქმეშია წარმოდგენილი (იხ. ს.ფ. 137). აღნიშნული დოკუმენტით დასტურდება, რომ ხარვეზის განჩინება ჩაბარდა პირადად თ.უ–ვს, 2017 წლის 22 მარტს. საფოსტო ბარათი ხელმოწერილია აპელანტის მიერ, მითითებულია ასევე მისი პირადი ნომერი. ასეთი ფაქტობრივი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, სასამართლო ეყრდნობა პრეზუმფციას, რომ საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე არსებული ადრესატის ხელმოწერა ნამდვილია. აღნიშნული პრეზუმფციის გაქარწყლების მტკიცების ტვირთი აწევს მხარეს (საჩივრის ავტორს), შესაბამისად, სწორედ მან უნდა წარუდგინოს სასამართლოს მისი ხელმოწერის გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებები. მხარის ეს ვალდებულება გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლებიდან, რომელთა თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

24. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორმა ვერ დაამტკიცა მის მიერ მითითებული გარემოება, ვინაიდან მას სასამართლოსათვის არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია და მხოლოდ თავისი განმარტებით შემოიფარგლა, რაც არაა საკმარისი სადავო გარემოების დადასტურებულად მიჩნევისათვის, ვინაიდან საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის ნამდვილობის ვარაუდი (პრეზუმფცია) ვერ გაქარწყლდება საჩივრის ავტორის უბრალო განცხადებით, რომ იგი ყალბია (შედ. იხ. სუსგ №ას-988-946-2013 2013 წლის 2 დეკემბერი)

25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა შეიცავს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის კონკრეტულ წინაპირობებს, რომელთა არარსებობისას, სასამართლო სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესაძლებლობას მოკლებულია.

26. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.( სუსგ Nას-1220-2018. 2018 წლის 9 ოქტომბერი)

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით კანონი არ დაურღვევია. შესაბამისად საკასაციო პალატის მოსაზრებით, ქ.ბ–ისა და თ.უ–ვის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის განჩინებაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ.ბ–ისა და თ.უ–ვის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 აპრილის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე