Facebook Twitter

საქმე №ას-502-2023 01 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – ნ.ბ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.ჯ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 08 ნოემბრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ნ.ბ–მა (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ.ჯ–ისა (შემდგომში - „მოპასუხე“) და ს.ა–ის მიმართ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და შპს „ს–ეს“ 100%-იანი წილის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.

2. იმავდროულად, მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული შპს „ს–ეს“ 100%-იან წილზე და აღნიშნული შპს-ს კუთვნილ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება.

3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ყადაღა დაედო მოპასუხის კუთვნილ შპს „ს–ეს“ 100%-იან წილს, ასევე, შპს „ს–ეს“ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას.

4. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2017 წლის 16 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და მოსარჩელე ცნობილ იქნა შპს „ს–ეს“ 100%-იანი წილის მესაკუთრედ.

5. მოპასუხემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 06 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

9. მოპასუხის წარმომადგენელმა 2022 წლის 22 სექტემბერს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 აგვისტოს განჩინების გაუქმება მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სახეზე აღარ იყო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების არსებობის აუცილებლობა.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 08 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა მოპასუხის კუთვნილ შპს „ს–ეს“ 100%-იან წილს, ასევე, შპს „ს–ეს“ კუთვნილ უძრავ ქონებას.

11. მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე წარადგინა საჩივარი და მისი გაუქმება მოითხოვა. ამასთან, სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლების თაობაზე.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 09 იანვრის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით, დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარდგენა; საჩივრის ავტორს ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 05 დღე.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 07 მარტის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

14. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 197-ე მუხლის პირველი ნაწილით და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 09 იანვრის განჩინება მოსარჩელის წარმომადგენელს - ც.მ–ძეს გაეგზავნა საჩივარში მითითებულ მისამართზე და 2023 წლის 17 თებერვალს ჩაბარდა მის შვილს - თ.მ–ს, შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 05 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2023 წლის 18 თებერვალს და ამოიწურა 2023 წლის 22 თებერვალს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ საჩივრის ავტორს განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახეზე იყო საჩივრის დაუშვებლად ცნობის საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

16. საკასაციო სასამართლო წარდგენილი საჩივრისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. იმავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფაზე უარის თქმის, სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების, სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის, სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის ან ყადაღადადებული ქონების გამიჯვნაზე თანხმობის შესახებ განჩინებაზე შეიძლება საჩივრის შეტანა. განჩინების გასაჩივრების ვადა 5 დღეა. ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება და მისი დენა იწყება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების მხარისთვის გადაცემის მომენტიდან.

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, სასამართლო საჩივარს წარმოებაში იღებს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული წესების თანახმად. თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, იგი აკმაყოფილებს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივარი საქმის მასალებთან ერთად სასამართლო განჩინების საფუძველზე გაეგზავნება ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში. ამდენად, განსახილველი საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი უნდა შემოწმდეს სააპელაციო სასამართლოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული წესების შესაბამისად.

20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს დასახელებულ ნორმაში მითითებულ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად [სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა], დარჩება განუხილველი დაუშვებლობის გამო.

21. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, თუ საჩივარი ხარვეზიანია, სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კი საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

22. განსახილველ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 09 იანვრის განჩინებით მოსარჩელეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე იმავე სასამართლოს 2022 წლის 08 ნოემბრის განჩინებაზე წარდგენილ საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით, დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 05 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა. აღნიშნული განჩინება გაეგზავნა მოსარჩელის/საჩივრის ავტორის წარმომადგენელს - ც.მ–ძეს საჩივარში მითითებულ მისამართზე: ქ. თბილისი, ........... N74 და ჩაბარდა ადრესატის შვილს - თ.მ–ს 2023 წლის 17 თებერვალს. შესაბამისად, საჩივრის ავტორისათვის განჩინებით ხარვეზის აღმოფხვრისთვის დადგენილი 05-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო მომდევნო დღიდან, 2023 წლის 18 თებერვლიდან (სსსკ-ის 60.2 მუხლი) და ამოიწურა 22 თებერვალს. თუმცა, საჩივრის ავტორს სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

23. შესაბამისად, ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საჩივრის ავტორმა დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება, რის გამოც სახეზე იყო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს საჩივრის განხილვის საპროცესო უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ სააპელაციო პალატის მიერ თავისი მოტივირებული განჩინებით საჩივრის საფუძვლების გაუზიარებლობის შემთხვევაში, ხოლო თუ სააპელაციო სასამართლოს არსებითად არ შეუფასებია წარდგენილი საჩივარი, საკასაციო სასამართლო მოკლებულია მასზე მსჯელობის შესაძლებლობას (იხ. სუსგ საქმე №ას-228-217-2017, 14 მარტი, 2017 წელი). შესაბამისად, წინამდებარე შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საჩივარი დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ.ბ–ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 08 ნოემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი