Facebook Twitter

საქმე №ას-189-2023 5 აპრილი, 2023 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ქ.ბ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ.გ–ნი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ქ. თბილისის 26 კომისრების რაისაბჭოს აღმასკომის 1961 წლის 24 მაისის N112 გადაწყვეტილების საფუძველზე, 1961 წლის 7 ივლისს გაიცა N1858 ბინის ორდერი და გ. პ. ძე გ–ს კანონიერ სარგებლობაში გადაეცა 47.2 კვ.მ სამოთახიანი ბინა (მდებარე ქ. თბილისი, ……., …., პირველი სართული, ბინა N1 (შემდგომში „უძრავი ქონება“, „სადავო უძრავი ქონება“ ან „სადავო ბინა“).

2. ბინის ორდერის მიხედვით, ოჯახის შემადგენლობაში იყვნენ: გ.პ. ძე გ–ნი, ს.მ. ასული გ–ნი და მათი ხუთი შვილი: ა.გ. ასული გ–ნი; თ.გ. ასული გ–ნი; ვ.გ. ძე გ–ნი (შემდგომში „მოსარჩელე“); თ.გ. ასული გ–ნი; ნ.გ. ასული გ–ნი.

3. გ.პ. ძე გ–ნი (მოსარჩელის მამა) გარდაიცვალა 1979 წლის 8 ნოემბერს, ხოლო ს.მ. ასული გ–ნი (მოსარჩელის დედა) - 1992 წლის 11 აპრილს.

4. ა. გ–ნი (ქორწინების შემდგომ ვ–ნი) გარდაიცვალა 2014 წლის 13 იანვარს, ხოლო 2018 წლის 30 ოქტომბრის N181335679 სამკვიდრო მოწმობის თანახმად, ლ. ვ–ნმა, ა. გ–ნის გარდაცვალების შემდგომ, როგორც მისმა პირველი რიგის მემკვიდრემ, შვილმა - მიიღო დედის დანაშთი ქონება, აქტივები და პასივები.

5. N1858 ბინის ორდერში მითითებულმა ოჯახის წევრებმა, თ. გ–ნმა, თ. გ–ნმა (ქორწინების შემდგომ მიკირტიჩიანი), ნ. გ–ნმა და ა. გ–ნის მემკვიდრემ - ლ. ვ–ნმა ნოტარიულად დამოწმებული განცხადებებით უარი თქვეს სადავო უძრავი ქონებიდან კუთვნილ წილზე და პრივატიზების მოთხოვნის უფლება დათმეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის დადგენილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის განცხადება და დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი მოსარჩელის მიერ მშობლების მემკვიდრეობის მიღების თაობაზე.

7. 2019 წლის 14 იანვრის N190032051 და N190032074 სამკვიდრო მოწმობების თანახმად, მოსარჩელემ, როგორც მშობლების პირველი რიგის მემკვიდრემ - შვილმა, მათი გარდაცვალების შემდეგ, მიიღო მშობლების სამკვიდრო ქონება, რომელიც მამკვიდრებლებს ჰქონდათ გარდაცვალების მომენტისთვის. სამკვიდრო ქონებაში შედიოდა არა მხოლოდ კონკრეტული საგნები, არამედ უფლება ამ საგნებზე, სამკვიდრო ქონებაში შემავალი აქტივები (მოძრავი და უძრავი ნივთები, მათ შორის უძრავი ნივთები, რომელთაც უფლების დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე ან მის გარეშე ფლობდა მამკვიდრებელი, თუმცა საკუთრების უფლების აღიარება ან/და საჯარო რეესტრში რეგისტრაცია არ მოუხდენია, წილები სამეწარმეო საზოგადოებაში, მოთხოვნის უფლება მიუღებელ პენსიაზე და ხელფასზე, ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში განთავსებულ საბანკო ანაბარზე, გადაგირავებულ ნივთებზე, აქციებზე და სხვა არაპირადი ხასიათის უფლებები, რომელიც ჰქონდა მამკვიდრებელს მესამე პირთა მიმართ) და პასივები (მამკვიდრებლის შეუსრულებელი ვალდებულებები მესამე პირთა მიმართ-მიღებული სამკვიდროს ღირებულების ფარგლებში).

8. 1993 წლის 28 აგვისტოს N6-4930 პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ დაირეგისტრირა ქ. თბილისში, ........ მდებარე ბინა N14, ფართით 96 კვ.მ., ხოლო 2012 წლის 19 ივნისის ბმა ,,ც’’-ს კრების N9 ოქმის საფუძველზე - იმავე მისამართზე მდებარე N11 ავტოფარეხი, ფართით 26,60 კვ.მ.

9. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის 2020 წლის 2 ოქტომბრის N37-01202763619 წერილით ირკვევა, რომ 2019 წლის 29 იანვარს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სამგორის რაიონის გამგეობას და მოითხოვა საცხოვრებელი ბინის მისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. მოსარჩელეს აღნიშნულ განცხადებაზე დაუდგინდა ხარვეზი და მისი აღმოფხვრის მიზნით, კანონმდებლობის შესაბამისად, დაევალა საპრივატიზაციო ფართის - ბინის შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზის წარდგენა.

10. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის 2020 წლის 17 ნოემბრის N37-01203222519 წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ ვინაიდან მან სრულად არ აღმოფხვრა ხარვეზი, გამგეობა მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა ფართის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე.

11. 2019 წლის 7 ივნისისა და 2020 წლის 9 ოქტომბრის საპატრულო პოლიციის რეაგირების ოქმებით ირკვევა, რომ მოპასუხემ შიდა აზომვითი ნახაზის შესასრულებლად მისული პირი სადავო ბინაში არ შეუშვა.

12. სასარჩელო მოთხოვნა

12.1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ.ბ–ის (შემდგომში „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) მიმართ და მოითხოვა სადავო ბინაში ამზომველი სპეციალისტების მიყვანის, დაშვების და ფართობის შიდა აზომვითი ნახაზის შესადგენად საჭირო სამუშაოების ჩატარებაში მოსარჩელისთვის უკანონო ხელშეშლის აღკვეთა.

13. მოპასუხის შესაგებელი

13.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო ბინაში მოსარჩელეს ბოლო 30 წელია არ უცხოვრია და იგი არ მიიჩნევა ქონების მართლზომიერ მფლობელად. საბინაო ორდერი რომელიც გაცემული იყო მოსარჩელის სახელზე გაუქმებულია, შესაბამისად, სადავო ქონებაზე მოსარჩელეს არავითარი უფლება არ გააჩნია.

14. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

14.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს აეკრძალა მოსარჩელის მიერ სადავო ფართში ამზომველი სპეციალისტების მიყვანის, დაშვების და ფართობის შიდა აზომვითი ნახაზის შესადგენად საჭირო სამუშაოების ჩატარებაში უკანონო ხელშეშლა.

15. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა

15.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

16. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

16.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 7 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული განჩინება.

16.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-11 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 155-ე, 157-ე, 159-ე, 1328-ე, 1421-ე მუხლებით, ასევე მიუთითა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის #189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესზე“ და დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავ ქონებაზე მშობლების კანონისმიერ პირველი რიგის მემკვიდრეს და იგი სადავო ფართის მართლზომიერი მფლობელია. სასამართლომ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად, დადასტურებულად მიიჩნია, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის აუცილებელი დოკუმენტის - უძრავი ქონების შიდა აზომვითი ნახაზის მოპოვებაში მოსარჩელეს ხელს უშლის მოპასუხე, ვინაიდან მოპასუხე ფლობს სადავო ბინას და არ აძლევს ამზომველს უფლებას შევიდეს მასში. ამდენად, საკუთრების გადაცემის მოთხოვნის უფლების მოპოვებისას მოსარჩელეს მოპასუხისგან ექმნება სამართლებრივი დაბრკოლება, რაც მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას ქმნიდა. მოპასუხე ვერ ადასტურებს, რომ მოსარჩელე არ წარმოადგენს სადავო ბინის მართლზომიერ მფლობელს. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის მიერ სხვა უძრავი ქონების საკუთრებაში მიღება არ გამორიცხავს მემკვიდრის მხრიდან სამკვიდრო ქონების მიმართ ინტერესის არსებობას.

17. კასატორის მოთხოვნა და საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

17.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ მოსარჩელე არის სადავო ბინის კანონიერი მოსარგებლე. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს ბოლო ოცდაათი წელია სადავო უძრავ ქონებაში აღარ უცხოვრია და ამ ხნის მანძილზე მასში ცხოვრობს მოპასუხის ოჯახი. მოსარჩელეს კი არ მიუმართავს შესაბამისი ორგანოებისთვის მოპასუხის სადავო ფართიდან გამოსახლების მოთხოვნით. სასამართლომ არც ის გარემოება გაითვალისწინა, რომ მოსარჩელე უკვე დაკმაყოფილებულია ბინით პრივატიზაციის საფუძველზე და მას მეორე ბინა არ ეკუთვნოდა.

18. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

18.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

19. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური სან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

21. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მხარეთა მიერაა მითითებული შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების ფარგლებში, და რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.

22. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა: „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას’’ (იხ. სუსგ Nას-989-2021, 18.02.2022წ).

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს მხრიდან სარჩელის წარმატებულობის საკითხის კვლევისას, უპირველესად პასუხი უნდა გაეცეს მთავარ კითხვებს: ვინ, ვისგან, რას და რის საფუძველზე მოითხოვს? პირველი ორი კითხვა იძლევა პასუხს სათანადო მხარეზე, რომლის შემოწმებაც (ისევე, როგორც შემდგომი საკითხები: მოთხოვნა და მისი სამართლებრივი საფუძველი) სასამართლოს პრეროგატივაა და განპირობებულია მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელების მიზნით. აღნიშნული საკითხები ჯერ კიდევ საქმის მომზადების ეტაპზე უნდა დაისვას/გადაწყდეს, რათა სამართალწარმოების შემდგომი ეტაპი (სასამართლოს მთავარი სხდომა) სათანადო მხარეთა შორის შედავებული იმ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების სწორად დადგენას მიეძღვნას, რომლებიც მტკიცების საგანში შედის და მიღწეულ იქნას მართლმსაჯულების მიზანი - კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილებით აღიკვეთოს მხარეთა სადავოდ ქცეული უფლების დარღვევა (იხ. სუსგ №ას-1085-1042-2016, 10.05.2017წ).

24. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და არც კასატორი უარყოფს იმ გარემოებას, რომ სადავო უძრავი ქონება, როგორც არაპრივატიზებული საცხოვრებელი ფართი, მოსარჩელის მშობლების კანონიერ სარგებლობაში იყო, ხოლო მათი გარდაცვალების შემდეგ, მოსარჩელემ იგი მიიღო მემკვიდრეობით, როგორც მშობლების პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ. სადავო არ არის არც ის გარემოება, რომ მოსარჩელემ, მემკვიდრეობით მიღებული ქონების საკუთრებაში დარეგისტრირების მიზნით, განცხადებით მიმართა სამგორის რაიონის გამგეობას და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის #189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ საფუძველზე, მოითხოვა საცხოვრებელი ბინის მისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა, რაზეც უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ მან გამგეობას ვერ წარუდგინა საპრივატიზაციო ფართის შიდა საკადასტრო აზომვითი ნახაზი. მისი შედგენა კი, მოსარჩელემ ვერ შეძლო იმის გამო, რომ სადავო ბინას ფლობს მოპასუხე და ამზომველს არ აძლევს უფლებას შევიდეს მასში. სწორედ აზომვითი ნახაზის მოპოვებაში მოპასუხის უკანონო ხელშეშლაზე აპელირებს მოსარჩელე სასამართლოში წარდგენილი სარჩელით და სათანადო სამუშაოების ჩატარებაში მისთვის ხელშეშლის აღკვეთას ითხოვს.

25. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ.

26. ნეგატორული სარჩელი დაკმაყოფილდება მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით (იხ. სუსგ საქმე №ას-674-2019, 30 სექტემბერი, 2019 წელი).

27. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში მიუთითებს, რომ სსკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნეგატორული სარჩელი წარმატებულია, თუკი მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ მას ხელი ეშლება საკუთრებით/თანასაკუთრებით თავისუფალ სარგებლობაში და ეს ხელშეშლა არ გამომდინარეობს ლეგიტიმური საფუძვლიდან. საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის უფლება წარმოიშობა მაშინ, როცა არსებობს შემდეგი საფუძვლები: ა) მოსარჩელე არის ნივთის მესაკუთრე; ბ) ნივთი მესაკუთრის მფლობელობაშია; გ) მოპასუხე ხელყოფს ან სხვაგვარად ხელს უშლის მოსარჩელეს თავისი საკუთრებით სარგებლობაში. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა წარმოადგენს. ფაქტის არსებობა კი, როგორც წესი, დადასტურებული უნდა იქნას სათანადო მტკიცებულებებით (სხვა მრავალთა შორის იხ. სუსგ-ები: Nას-1250-2018, 21.12.2018 წ; N -826-2021, 17.11.2021).

28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლების დაცვის ორი საშუალება არსებობს – ვინდიკაციური სარჩელი და ნეგატორული სარჩელი. ნეგატორულ სარჩელს მხარე აღძრავს მაშინ, როცა სხვისი უკანონო მოქმედების გამო, ხელი ეშლება საკუთრების გამოყენებაში. ამ შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მესაკუთრეს უფლებას აძლევს, მოსთხოვოს დამრღვევს ხელშეშლის აღკვეთა. თუ მის მოთხოვნას ეს უკანასკნელი არ დაეთანხმება და ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს. ზემოაღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მესაკუთრეს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა და ამასთან, ამის რაიმე საფუძველი ხელშემშლელს არ გააჩნია. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. ნეგატორული სარჩელი მიმართულია უფლების ისეთი დარღვევის წინააღმდეგ, რაც არ არის დაკავშირებული ნივთის მფლობელობის დაკარგვასთან, მაგრამ ხელშემშლელია ნივთის სარგებლობისა და განკარგვისათვის, ე.ი. პირი მოკლებულია ამ უფლებამოსილებათა განხორციელების შესაძლებლობას, რადგან სხვა პირი თავისი მოქმედებით ხელს უშლის მათ რეალიზებას. ამ სარჩელის საფუძველია გარემოებები, რომლებიც აფუძნებენ მოსარჩელის მიერ ნივთის სარგებლობისა და განკარგვის უფლებამოსილებას, ასევე ამტკიცებენ, რომ მესამე პირთა მოქმედება აბრკოლებს მათ განხორციელებას (იხ. სუსგ საქმე Nას-25-2021, 27.04.2021წ).

29. სასარჩელო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედი მტკიცების სტანდარტის საფუძველზე, იმ გარემოებების სარწმუნოდ და სათანადო მტკიცებულებებით დადასტურებაა საჭირო, რომლებზეც მხარეები თავის პოზიციას აფუძნებენ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები, ამდენად, დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია. ამ ფაქტების მითითება კი მისი მოვალეობაა, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი მიმთითებელ მხარეს ეკისრება.

30. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები - სადავო ქონების მემკვიდრეობით მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი, საკუთრების უფლების დარეგისტრირების მოთხოვნით წარდგენილი განცხადება, საპატრულო პოლიციის რეაგირების ოქმი, რომლითაც ირკვევა, რომ მოპასუხე ხელს უშლის მოსარჩელეს შეადგინოს ბინის საპრივატივაზაციო დოკუმენტი (აზომვითი ნახაზი) - ნეგატორული სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის ფაქტობრივ-სამართლებრივ წინაპირობას ქმნიდა. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ კი, მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც მის მიერ სადავო ბინის მართლზომიერად ფლობას ან/და მოსარჩელის არამართლზომიერ მფლობელობას დაადასტურებდა. კასატორის მითითება, რომ მოსარჩელე ბოლო 30 წელია აღარ ცხოვრობს სადავო უძრავ ქონებაში არ მიიჩნევა იმგვარ დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად, რაც ზემოაღნიშნული გარემოების - მოსარჩელის მართლზომიერი მფლობელობის - გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. ამასთან, ის ფაქტი, გაცემული ბინის ორდერის საფუძველზე, შეძლო თუ არა მოსარჩელემ სხვა უძრავი ქონების საკუთრების უფლებით დარეგისტრირება, გავლენას ვერ მოახდენს წინამდებარე დავის გადაწყვეტაზე და ვერ მიიჩნევა სადავო უძრავ ქონებაზე მოპასუხის მხრიდან განხორციელებული ხელშეშლის აღკვეთის დამაბრკოლებელ გარემოებად.

31. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლივად შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა მხარეთა შორის არსებული ფაქტობრივი მოცემულობა და სამართლებრივად სწორად შეაფასა იგი. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

32. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ.ბ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე