Facebook Twitter

საქმე №ას-1621-2022 5 აპრილი, 2023 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ლ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ოქტომბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის (შემდეგში „მოპასუხე“, „გამგეობა“, „შემსყიდველი“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 26 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა გამგეობის საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ლ–ის“ (შემდგომში „მოსარჩელე“, „მოსარჩელე კომპანია“ ან „მიმწოდებელი“) სარჩელი მოპასუხის მიმართ ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაკისრებული პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა19 049.32 ლარის გადახდა

2. კასატორის პრეტენზიით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება სამუშაოების ვადაგადაცილებასთან დაკავშირებით, ასევე არასწორად განსაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა და იგი ნაცვლად ხელშეკრულების საერთო ღირებულებისა, გამოიანგარიშა შესასრულებელი სამუშაოს ღირებულებიდან.

3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

6. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

7.1. 2020 წლის 18 თებერვალს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N2.9.11/30/033 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ქ. თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ....... ქუჩაზე არსებულ კოლექტორამდე სანიაღვრე ქსელის მოწყობა (I და II ეტაპი). ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 191 110.17 ლარით;

7.2. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში დაზუსტდა შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და შემცირდა ხელშეკრულების ღირებულება, რის თაობაზეც 2020 წლის 30 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა N:2.9.11/30/033-05 შეთანხმების აქტი. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 177 228.15 ლარით;

7.3. გამგეობის 2020 წლის 20 თებერვლის N35-0120051575 წერილით, N2.9.11/30/033 ხელშეკრულების ფარგლებში სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრა 2020 წლის 24 თებერვლიდან 23 მაისის ჩათვლით. აღნიშნული ვადა რამდენჯერმე გაგრძელდა - 2020 წლის 25 მაისის N35-01-201462484 წერილით სამუშაობის დასრულების ვადად განისაზღვრა 2020 წლის 24 ივნისი, ხოლო 2020 წლის 26 ივნისის N25-01-201781516 წერილით - 2020 წლის 8 ივლისი.

7.4. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შესაბამის სანქციებზეც. ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, წერილობითი დავალებით განსაზღვრული სამუშაოების ვადის გადაცილების შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრებოდა საჯარიმო სანქცია ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,06%. ამავე ხელშეკრულების 8.3 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების 3.2 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში (რაც გულისხმობს წერილობითი დავალებით განსაზღვრულ ვადაში შემსყიდველთან შეთანხმებული ფორმით სამუშაოების წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის წარდგენას), მიმწოდებელს დაეკისრებოდა საჯარიმო სანქცია ხელშეკრულების ღირებულების 0.06 %. იმავე ოდენობის პირგასამტეხლოს დაკისრებას ითვალისწინებდა ხელშეკრულება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, ასევე სამუშაოთა წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში.

7.5. ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი ჩაითვლებოდა მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.

7.6. 2020 წლის 20 თებერვალს შემსყიდველმა დაავალა მიმწოდებელს სამუშაოების შესრულება. კომპანიამ დაიწყო სამშენებლო სამუშაოები. მხარეთა შორის გაფორმდა რამდენიმე მიღება ჩაბარების აქტი: 2020 წლის 16 აპრილს - №2.9.11/30/033-01 შუალედური მიღება ჩაბარების აქტი 48 366,93 ლარის სამუშაოთა შესრულების შესახებ; 2020 წლის 28 ივლისს - №2.9.11/30/033-02 შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი 82 951,98 ლარის სამუშაოების შესრულების შესახებ; 2020 წლის 12 ოქტომბერს - №2.9.11/30/003-03 შუალედური აქტი 37 256,34 ლარის სამუშაოების შესრულების შესახებ; 2020 წლის 29 დეკემბერს №2.9.11/30/003-04 აქტი 8652,9 ლარის სამუშაოების შესრულების შესახებ. საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი მხარეთა შორის გაფორმდა 2020 წლის 29 დეკემბერს, სადაც მითითებულია, რომ შესრულებული სამუშაოების ფაქტობრივი ღირებულებაა 177 228,15 ლარი.

7.7. მოპასუხის წარმომადგენლების - ზედამხედველობისა და მონიტორინგის განყოფილების თანამშრომლებისა და მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების კონტროლზე პასუხისმგებელი პირების მიერ 2020 წლის 30 ივნისს განხორციელდა სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაობის მონიტორინგი, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ კორექტირებული გეგმა-გრაფიკის 21-ე პუნქტით გათვალისწინებული სამუშაო უნდა დაწყებულიყო 2020 წლის 24 აპრილს, თუმცა 2020 წლის 30 ივნისს ადგილზე მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ შემოწმების დროისთვის ასფალტის საფარის დაგება აღნიშნულ მცირე ფართობის მონაკვეთზე არ იყო დაწყებული, რითაც კონტრაქტორმა კომპანიამ დაარღვია გეგმა-გრაფიკის 21-ე პუნქტი. 2020 წლის 9 ივლისის №35 01201911152 წერილით მოსარჩელეს დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების (191 110.17 ლარის) 0.06 % - 114, 67 ლარი;

7.8. 2020 წლის 13 ოქტომბრის №35-01202872401 წერილით მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა, რომ მიმწოდებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები - სამუშაოები დაასრულა 56 დღის დაგვიანებით - ნაცვლად 2020 წლის 8 ივლისისა 2020 წლის 2 სექტემბერს, რისთვისაც ერიცხებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების (191 110,17 ლარი) 0,06%, ჯამურად 6421,30 ლარი;

7.9. 2020 წლის 29 ივლისის №35-0120211980 წერილით არაჯეროვნად შესრულებული (დაწუნებული) სამუშაოს გამოსასწორებლად მიმწოდებელს განესაზღვრა 10 (ათი) კალენდარული დღე, ხოლო დაწუნებული სამუშაო გამოსწორდა 2020 წლის 30 ნოემბერს, რისთვისაც მიმწოდებელს ასევე დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა;

7.10. 2020 წლის 29 დეკემბრის N19 წერილით მიმწოდებელმა მიმართა გამგეობას და წარადგინა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასევე მოითხოვა დაკისრებული პირგასამტეხლოს გამოქვითვა შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან;

7.11. შემსყიდველმა მიმწოდებელს ჯამურად დაუკავა პირგასამტეხლო 19 722,57 ლარი (ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებისათვის, ასევე მისი არაჯეროვნად შესრულებისთვის).

8. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია პირგასამტეხლოს ოდენობისა და მისი გამოანგარიშების მეთოდის განსაზღვრა.

9. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი/ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ერთ-ერთ ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ: სუსგ Nას-1053-993-2015; 08.04.2016წ.; სუსგ Nას-1158-1104-2014, 06.05.2015წ.). აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შეფასების დროს მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების მოცულობა, შესასრულებელი სამუშაოს კომპლექსურობა, შემსრულებლის მიერ ვალდებულების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში შესრულება და რა თქმა უნდა შესრულების ნაკლის სიმძიმე.

11. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელეს პირგასამტეხლო დაეკისრა როგორც ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებისთვის, ასევე მისი არაჯეროვნად შესრულებისთვის.

12. კასატორის ძირითადი საკასაციო პრეტენზია ემყარება იმას, რომ ვინაიდან ხელშეკრულების თანახმად, ვალდებულების დამრღვევ მხარეს პირგასამტეხლო ეკისრებოდა ხელშეკრულების სართო ღირებულებიდან (ხელშეკრულების ღირებულების 0,06% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე), ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად გამოიანგარიშეს მისი ოდენობა მოსარჩელის მიერ შესასრულებელი ვალდებულებიდან.

13. აღნიშნული პრეტენზიის საწინააღმდეგოდ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს აღნიშნულ საკითხზე უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილ პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ ზრდის მის მოცულობას, ხოლო, მეორე მხრივ, მოვალეს აკისრებს პასუხისმგებლობას უკვე შესრულებული ან მომავალში შესასრულებელი ვალდებულების ნაწილშიც. აღნიშნული მიდგომა არ გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლისა და 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებიდან. ამასთან, ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (ის. სუსგ საქმე №ას-1819-2019; 19 თებერვალი, 2020; საქმე № ას-732-2022,24 ნოემბერი, 2022 წელი).

14. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

15. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 417-ე-420-ე მუხლები, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით. ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე