საქმე №ას-1520-2022 22 მარტი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - დ.დ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ტ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრების წარმოებაში მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 23.04.2015წ-ს სს „ტ–სა" (ყოფილი სს „კ.ს.ბ–ი") და ს.ა–ს შორის დაიდო №4.0300503.001 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: მაქსიმალური თანხა - 70 000 აშშ დოლარი, საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა: 36%, პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა: ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ვალდებულების შესრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკით უნდა მომხდარიყო.
2. 7.2. №4.0300503.001 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 23.04.2015წ-ს ბანკსა და ა.ზ. ოღლს შორის დაიდო №4.0300503.001/01
3. იპოთეკის ხელშეკრულება. იპოთეკის საგნად განისაზღვრა შემდეგი ქონება: თელავი, ......, ფართი 511.00 კვ.მ. და მასზე მდებარე შენობა ნაგებობა; ს/კ .......; 23.04.2015წ-ს ბანკსა და დ.დ–ს შორის დაიდო №4.0300503.001/02 იპოთეკის ხელშეკრულება. იპოთეკის საგნად განისაზღვრა შემდეგი ქონება: თელავი, ....., ფართი 1502.00 კვ.მ. და მასზე მდებარე შენობა ნაგებობა; ს/კ .....; 23.04.2015წ-ს ბანკსა და ე.ზ. ოღლს შორის დაიდო №4.0300503.001/03 იპოთეკის ხელშეკრულება. იპოთეკის საგნად განისაზღვრა შემდეგი ქონება: თელავი, ....., ფართი 161.00 კვ.მ. და მასზე მდებარე შენობა ნაგებობა; ს/კ .....
4. 05.05.2015 წელს გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში, სს ,,ტ.ბ–სა" და ს.ა–ს შორის გაფორმდა №4.0300503.001-002 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა: 18 500 აშშ დოლარი. საბანკო კრედიტის დაფარვის ვადა: 61 თვე; ყოველთვიურ საფუძველზე; წლიური საპროცენტო განაკვეთი - 14%. პირგასამტეხლო: ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0.1%. აღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 05.05.2015წ-ს, ე.ზ. ოღლთან და ჯ.ა–თან დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მათ იკისრეს ვალდებულება მთლიანად იყვნენ პასუხისმგებლები ბანკის წინაშე მსესხებლის იმ ვალდებულებაზე, რომლებიც გათვალისწინებულია 05.05.2015 წელს ბანკსა და მსესხებელს შორის გაფორმებული №4.0300503.001-002 ხელშეკრულებით. მათი პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა შეადგენს 25 897.18 აშშ დოლარს.
5. 30.08.2016 წელს გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში, სს ,,ტ.ბ–სა" და ს.ა–ს შორის გაფორმდა №4.0300503.001-004 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა: 10 000 აშშ დოლარი. საბანკო კრედიტის დაფარვის საბოლოო ვადა - 2019 წლის 30 აგვისტო; ყოველთვიურ საფუძველზე; წლიური საპროცენტო განაკვეთი - 16%. პირგასამტეხლო: ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0.5%. აღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 30.08.2016წ-ს, თ.ნ–თან, გ.ა–თან და შ.ნ. ოღლთან დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მათ იკისრეს ვალდებულება მთლიანად იყვნენ პასუხისმგებლები ბანკის წინაშე მსესხებლის იმ ვალდებულებაზე, რომლებიც გათვალისწინებულია 30.08.2016 წელს ბანკსა და მსესხებელს შორის გაფორმებული №4.0300503.001-004 ხელშეკრულებით. მათი პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა შეადგენს 12 658.80 აშშ დოლარს.
6. 23.04.2015 წელს გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში, 2015 წლის 25 დეკემბრერს, სს ,,ტ.ბ–სა" და ს.ა–ს შორის გაფორმდა №4.0300503.001- 003 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა: 26 000 აშშ დოლარი. საბანკო კრედიტის დაფარვის საბოლოო ვადა: 2020 წლის წლის 25 დეკემბერი; ყოველთვიურ საფუძველზე; წლიური საპროცენტო განაკვეთი - 14%. პირგასამტეხლო: ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0.5%. აღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 25.12.2015 წ-ს, გ.ს–თან, გ.ა–თან, რ.ნ–ნა და ჯ.ა–თან დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც მათ იკისრეს ვალდებულება მთლიანად იყვნენ პასუხისმგებლობები ბანკის წინაშე მსესხებლის იმ ვალდებულებაზე, რომლებიც გათვალისწინებულია 25.12.2015 წელს ბანკსა და მსესხებელს შორის გაფორმებული №4.0300503.001-003 ხელშეკრულებით. მათი პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა შეადგენს 35 307.95 აშშ დოლარს.
7. სს ,,ტ.ბ–მა” ე.ზ. ოღლის, დ.დ–ს, ს.ა–ს, შ.ნ. ოღლის, თ.ნ–ს, გ.ა–ს, ჯ.ა–ს, გ.ს–ს, რ.ნ–ს, გაუგზავნა შეტყობინება ფოსტის მეშვეობით, რომლის მიხედვითაც მოპასუხეებს კიდევ ერთხელ აცნობა არსებული დავალიანების შესახებ და ამასთანავე, განუმარტა, რომ თუ შეტყობინების ჩაბარებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში არ მოხდებოდა დავალიანების სრული დაფარვა, კომპანია საკუთარი ინტერესების დასაცავად მიმართავდა სასამართლოს.
8. სასარჩელო მოთხოვნა
სს ,,ტ.ბ–მა“ სარჩელით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების ს.ა–ის, გ.ს–ის, ჯ.ა–ის, რ.ნ–ის, გ.ა–ის, ე.ზ. ოღლის, თ.ნ–ის, შ.ნ. ოღლის, დ.დ–ის და ა.ზ. ოღლის მიმართ, რითაც ითხოვა მოპასუხეებს ს.ა–ს, ე.ზ. ოღლსა და ჯ.ა–ს სოლიდარულად სს „ტ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროთ 14 548.73 აშშ დოლარის გადახდა (ძირი - 13 800 აშშ დოლარი, პროცენტი - 716.88 აშშ დოლარი და ჯარიმა 31.85 აშშ დოლარი), 2017 წლის 24 აპრილიდან, №4.0300503.001-002 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირითად თანხაზე (13 800 აშშ დოლარზე) წლიური 14% სარგებლის გადახდა, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა. ს.ა–ს, თ.ნ–ს, გ.ა–სა და შ.ნ. ოღლს სოლიდარულად სს „ტ.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროთ, 10 590.68 აშშ დოლარის გადახდა (ძირი - 9482.64 აშშ დოლარი, პროცენტი - 554.31 აშშ დოლარი და ჯარიმა 553.73 აშშ დოლარი), 2017 წლის 24 აპრილიდან, № 4.0300503.001-004 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირითად თანხაზე (9 482.64 აშშ დოლარზე) წლიური 16% სარგებლის გადახდა, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა. ს.ა–ს, გ.ს–ს, გ.ა–ს, რ.ნ–სა და ჯ.ა–ს სოლიდარულად სს „ტ.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროთ, 25 973.85 აშშ დოლარის გადახდა (ძირი - 21 800 აშშ დოლარი, პროცენტი - 2 441.44 აშშ დოლარი და ჯარიმა 1 732.41 აშშ დოლარი), 2017 წლის 24 აპრილიდან, №4.0300503.001-003 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირითად თანხაზე (21 800 აშშ დოლარზე) წლიური 14% სარგებლის გადახდა, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა, ხელშეკრულება №4.0300503.001-002-დან, №4.0300503.001-003-დან და №4.0300503.001- 004-დან გამომდინარე დავალიანებების და ვადაგადაცილებაზე დარიცხული ან/და დასარიცხი პირგასამტეხლოს/პროცენტის დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით იძულებით საჯარო აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს შემდეგი ქონებები: თელავი, ......, ფართი 511.00 კვ.მ. და მასზე მდებარე შენობა ნაგებობა; ს/კ ......; თელავი, ....., ფართი 1502.00 კვ.მ. და მასზე მდებარე შენობა ნაგებობა; ს/კ ........; თელავი, ......, ფართი 161.00 კვ.მ. და მასზე მდებარე შენობა ნაგებობა; ს/კ ......; იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული უძრავი ქონების (ს/კ .......; ს/კ .......; ს/კ .......) რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ხელშეკრულება №4.0300503.001-002-დან, №4.0300503.001-003-დან და №4.0300503.001-004-დან გამომიდნარე დავალიანებების სრულად დასაფარად, მისი სრულად დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით აღსრულება მიექცეს ს.ა–ის, გ.ს–ის, ჯ.ა–ის, რ.ნ–ის, გ.ა–ის, ე. ზ. ოღლის, თ.ნ–ის, შ.ნ. ოღლისა და ა.ზ. ოღლის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებასა და აქტივებზე.
9. მოპასუხის შესაგებელი
სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ სცნო მოპასუხე დ.დ–მა და განმარტა, რომ სესხის გაცემის პერიოდში იგი საერთოდ არ იცნობდა ს.ა–ს, იგი არანაირად არ მოაწერდა იპოთეკის ხელშეკრულებას ხელს ს.ა–ის სასარგებლოდ, შესაბამისად იპოთეკის ხელშეკრულებაზე საიდან აღმოჩნდა მისი ხელმოწერა არ იცის. მას შემდეგ რაც ს.ა–თან შეძლო კომუნიკაციის დამყარება ამ უკანასკნელმა მას განუმარტა, რომ იგი სესხის აღებისას ეძებდა ქონებას, რომელსაც დატვირთავდა იპოთეკით, რა დროსაც გადაწყვიტა მისი ქონების იპოთეკით დატვირთვა იმ იმედით, რომ ვიდრე დ.დ–ი გაიგებდა აღნიშნულის შესახებ ს.ა–ი გაანთავისუფლებდა ქონებას იპოთეკისგან.
10. თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება
,,ტ.ბ–ის” სარჩელი მოპასუხეების ს.ა–ის, გ.ს–ის, ჯ.ა–ის, რ.ნ–ის, გ.ა–ის, ე.ზ. ოღლის, თ.ნ–ის, შ.ნ. ოღლის, დ.დ–ის და ა.ზ. ოღლის მიმართ დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს ს.ა–ს, ე.ზ. ოღლის და ჯ.ა–ს მოსარჩელე სს ,,ტ.ბ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 14548.73აშშ დოლარის გადახდა (საიდანაც ძირი არის 13800 აშშ დოლარი, პროცენტი - 716./88 აშშ დოლარი და ჯარიმა 31.85აშშ დოლარი). 2017 წლის 24 აპრილიდან N4.0300503.001-002 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირითად თანხაზე (13800 აშშ დოლარზე) წლიური 14%-ს სარგებლის გადახდა, ვალდებულებს სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა. ს.ა–ს, თ.ნ–ს, გ.ა–სა და შ.ნ. ოღლის მოსარჩელე სს ,,ტ.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრათ 10590 68აშშ დოლარის გადახდა (საიდანაც ძირი არის - 9482.64აშშ დოლარი, პროცენტი - 554.31 აშშ დოლარი და ჯარიმა 553.73აშშ დოლარი). 2017 წლის 24 აპრილიდან N4.0300503.001-002 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირითად თანხაზე (9482.64 აშშ დოლარზე) წლიური 16%-ს სარგებლის გადახდა, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა. ს.ა–ს, გ.ს–ს, გ.ა–ს,რ.ნ–ს და ჯ.ა–ს მოსარჩელე სს ,,ტ.ბ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრათ 25973.85 აშშ დოლარის გადახდა (საიდანაც ძირი არის - 21800 აშშ დოლარი, პროცენტი - 2441.44 აშშ დოლარი და ჯარიმა 1732.41 აშშ დოლარი). 2017 წლის 24 აპრილიდან N4.0300503.001-003 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირითად თანხაზე (21 800 აშშ დოლარზე) წლიური 14%-ს სარგებლის გადახდა, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა.ხელშეკრულება N4.0300503.001-002-დან, N4.0300503.001-003-დან და N4.0300503.001-004-დან გამომდინარე დავალიანებების და ვადაგადაცილებაზე დარიცხული ან/და დასარიცხი პირგასამტეხლოს/პროცენტის დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით იძულებით საჯარო აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა შემდეგი ქონებები: თელავი, სოფელი ...., ფართი 511.00კვ.მ. და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა, ს/კ ......; თელავი, სოფელი ...., ფართი 1502.00კვ.მ. და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა, ს/კ ......; თელავი, სოფელი ........., ფართი 161.00კვ.მ. და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა, ს/კ ......; დადგინდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული უძრავი ქონების (ს/კ ......; ს/კ ......; ს/კ ......) რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ხელშეკრულება N4.0300503.001- 002-დან, N4.0300503.001-003-დან და N4.0300503.001-004-დან გამომდინარე დავალიანებების სრულად დასაფარად, მისი სრულად დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით აღსრულება მიექცეს ს.ა–ის, გ.ს–ის, ჯ.ა–ის, რ.ნ–ის, გ.ა–ის, ე.ზ. ოღლის, თ.ნ–ის, შ.ნ. ოღლის და ა.ზ. ოღლის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებასა და აქტივებზე.
11. მოპასუხის სააპელაციო მოთხოვნა
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ.დ–მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
12.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განჩინებით დ.დ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2021წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება.
12.2. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, დავის საგანს წარმოადგენს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრება და იპოთეკის საგნის რეალიზაცია, შესაბამისად, მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 868-ე მუხლის პირველი ნაწილი, მე-400, 873-ე, 417-ე-418-ე, 891-ე, 895-ე, 394-ე მუხლის პირველი ნაწილი, 411-ე მუხლი, 412-ე, 301-ე მუხლის პირველი ნაწილი.
12.3. სააპელაციო პალატის მითითებით, საქმეში არსებული მტკიცებულების თანახმად, 23.04.2015წ-ს ბანკსა და დ.დ–ს შორის დაიდო №4.0300503.001/02 იპოთეკის ხელშეკრულება. იპოთეკის საგნად განისაზღვრა დ.დ–ის საკუთრებაში არსებული ქონება მდებარე: თელავი, ....., ფართი 1502.00 კვ.მ. და მასზე მდებარე შენობა ნაგებობა; ს/კ ........; აღნიშნული ხელშეკრულება ხელმოწერილია დ.დ–ის მიერ. ამასთან, ხელშეკრულება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდა 2015 წლის 24 აპრილს.
12.4. მოპასუხე/აპელანტი მიუთითებს, რომ კონკრეტულად სადავო ხელშეკრულებაზე ხელი არ მოუწერია და ს.ა–ს არ იცნობს. აღნიშნული სააპელაციო პალატამ სარწმუნოდ ვერ მიიჩნია და განმარტაა, რომ როგორც საქმის მასალებით დგინდება აპელანტს მის მიერ განმარტებული შედავების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენია. ამასთან აღსანიშნავია, რომ მას სარჩელზე შესაგებელიც არ წარუდგენია და სადავოდ არ გაუხდია იპოთეკის ხელშეკრულება.
12.5. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აპელანტს მის მიერ განმარტებული შედავების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენია. ამასთან აღსანიშნავია, რომ მას სარჩელზე შესაგებელიც არ წარუდგენია და სადავოდ არ გაუხდია იპოთეკის ხელშეკრულება, აღნიშნულის საპირწონედ, მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლების შესაბამისად, წარმოადინა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, ხოლო მტკიცების ტვირთის შებრუნების პირობებში პალატამ მიუთითა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გაქარწყლების თაობაზე მოპასუხის ვალდებულებაზე და აღნიშნა, რომ მოპასუხემ ვერ გაართვა თავი აღნიშნული ვალდებულების შესრულებას: მოპასუხემ ვერ დაადასტურება რომ სადაო იპოთეკის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა მას არ ეკუთვნის.
12.6. სააპელაციო პალატამ დამატებით მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). ამავე კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილით, იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. რეგისტრაცია ხდება ერთ-ერთი მხარის მიერ გარიგების წარდგენის საფუძველზე, რომელიც დადებულია ამ კოდექსის 3111 მუხლით დადგენილი წესით. გარიგებაში უნდა აღინიშნოს უძრავი ნივთის მესაკუთრე, იპოთეკარი, სავარაუდო მოვალე მესამე პირი. მხარეთა შეთანხმებით გარიგებაში შესაძლებელია აღინიშნოს აგრეთვე უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა, სარგებელი, შესრულების ვადა და სხვა პირობები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილით თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
12.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულებები, რომლის თანახმად, იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხე დ.დ–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მოპასუხეების მხრიდან დარღვეულია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით.
13. კასატორის მოთხოვნა
13.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა დ.დ–იმა, რომლითაც მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
13.2. კასატორის მოსაზრებით, სესხის გაცემის პერიოდში იგი საერთოდ არ იცნობდა ს.ა–ს, იგი არანაირად არ მოაწერდა იპოთეკის ხელშეკრულებას ხელს ს.ა–ის სასარგებლოდ, შესაბამისად იპოთეკის ხელშეკრულებაზე საიდან აღმოჩნდა მისი ხელმოწერა არ იცის. მას შემდეგ რაც ს.ა–თან შეძლო კომუნიკაციის დამყარება ამ უკანასკნელმა მას განუმარტა, რომ იგი სესხის აღებისას ეძებდა ქონებას, რომელსაც დატვირთავდა იპოთეკით, რა დროსაც გადაწყვიტა მისი ქონების იპოთეკით დატვირთვა იმ იმედით, რომ ვიდრე დ.დ–ი გაიგებდა აღნიშნულის შესახებ ს.ა–ი გაანთავისუფლებდა ქონებას იპოთეკისგან.
14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
15.საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური სან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
18. საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს, არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ იყოს, მათ არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო: ა) განსახილველ შემთხვევებში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
20. საკასაციო სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაშია დადგენილი, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას, სასამართლო იკვლევს, რამდენად ვლინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების ის ერთობლიობა, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის, ან მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარმატებას განაპირობებს. სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს მოთხოვნის ფარგლები (ისე რომ არ გასცდეს მას), მოძებნოს დავის მომწესრიგებელი შესატყვისი სამართლის ნორმა (სპეციალური ან ზოგადი წესი) და დაადგინოს იმ გარემოებათა არსებობა/არარსებობა (ფაქტობრივი გარემოებები), რომლებიც ამ ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენენ. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა: „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ-ები: #ას- 15-29-1443-2012; #ას-973-1208-04; # ას- 664-635-2016).
21. პალატის მითითებით საკასაციო ინსტანციის ფარგლებში საკასაციო პრეტენციას წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ მიღებული განჩინების შეფასება, რომლის ფარგლებშიც, დავის საგანია სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრება და იპოთეკის საგნის რეალიზაცია. 22. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მართებულობის საკითხის შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მხარეთა მიერაა მითითებული შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების ფარგლებში, და რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
23. მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ სარჩელის მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი.
24. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხის მიმართ მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი შემადგენლობა (აღწერილობა) განაპირობებს მის სამართლებრივ მოწესრიგებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 868-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-400, 873-ე, 417-ე-418-ე, 891-ე, 895-ე, 394-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე მუხლი, 412-ე, 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მუხლების საფუძველზე, რომელთა საფუძველზეც ცხადია, რომ სადავო გარიგების სახეა საკრედიტო ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფილია იპოთეკით.
25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა (შდრ. სუსგ ას-344-2019, 12.02.2021 წ.).
26. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ კასატორმა ვერ წარმოადგინა მოსარჩელის მტკიცების საწინააღმდეგოდ მიმართული საკმარისი ის დასაბუთება, რომელიც დაასაბუთებდა მისი პოზიციის სისწორეს. მართლია კასატორი უთითებს, რომ დავის წარმოშობამდე არ იცნობდა მხარეს და გაფორმებულ სადავო ხელშეკრულებაზე არ არის მისი ხელმოწერა, თუმცა მის მიერ არ მომხდარა აღნიშნული ფაქტების სათანადო მტკიცებულებებით გამყარება, მაშინ, როდესაც მოსარჩელე მხარემ შესაბამისი მტკიცებულებებით დაადასტურა მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობაში სააპელაციო პალატამ მართებულად დაადგინა მხარეთა შორის არსებული ფაქტობრივი მოცემულობა და სამართლებრივად სწორად შეაფასა დადგენილი გარემოებანი, ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
28. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
29.საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
30. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
32. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი გათავისუფლებულია ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.დ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე