Facebook Twitter

საქმე №ას-507-2023 4 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – გ.გ–ი (მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.ჭ–ია (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხეები – შპს „ჯ.ჭ–ას ს.ს.ც–ი“, „ქ. თბილისის №? ს.მ.ც–ი“, ვ.მ–ძე, ნ.მ–ძე

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე – თ.მ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობა, გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, დირექტორის პოზიციაზე აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. გ.ჭ–იამ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჯ.ჭ–ას ს.ს.ც–ის“, „ქ. თბილისის №? ს.მ.ც–ის“, ვ.მ–ძისა და ნ.მ–ძის (შემდგომში - „მოპასუხეები“) მიმართ და მოითხოვა: 1) შპს „ჯ.ჭ–ას ს.ს.ც–ის“ 2021 წლის 6 აგვისტოს პარტნიორთა კრების ოქმის (დამოწმებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2021 წლის 6 აგვისტოს) და შპს „ჯ.ჭ–ას ს.ს.ც–ის“ 2021 წლის 6 აგვისტოს პარტნიორთა კრების ოქმის (დამოწმებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2021 წლის 9 აგვისტოს) ბათილად ცნობა, ასევე, შპს „ჯ.ჭ–ას ს.ს.ც–ის“ დირექტორის პოზიციაზე მოსარჩელის აღდგენა; 2) შპს „ქ. თბილისის №? ს.მ.ც–ის 2021 წლის 10 აგვისტოს პარტნიორის გადაწყვეტილების (დამოწმებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2021 წლის 9 აგვისტოს) ბათილად ცნობა და შპს „ქ. თბილისის №? ს.მ.ც–ის“ დირექტორად გ.გ–ის აღდგენა; 3) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 9 აგვისტოს 21080455/8 და 2021 წლის 10 აგვისტოს B21081549/4 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

4. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს სააპელაციო საჩივარი.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივლისის საოქმო განჩინებით საქმეში აპელანტების მხარეს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩაერთვნენ თ.მ–ძე და გ.გ–ი.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2022 წლის 27 იანვრის საოქმო განჩინება დოკუმენტების საქმიდან ამორიცხვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

7. ზემოაღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარმოადგინა გ.გ–მა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

8. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ გ.გ–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.

10. მითითებული ნორმა განსაზღვრავს საკასაციო გასაჩივრების ობიექტს. კერძოდ, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები). ამავე ნორმით განსაზღვრულია ასევე საკასაციო გასაჩივრების სუბიექტები ანუ ის პირები, რომელთაც უფლება აქვთ გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები). ზემოაღნიშნული ნორმის მიხედვით, საკასაციო გასაჩივრების სუბიექტები არიან მხარეები და მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით (იხ. სუსგ საქმე №ას-623-593-2013 , 20 ივნისი, 2013 წელი).

11. მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივლისის საოქმო განჩინებით დასტურდება, რომ საქმეში აპელანტების მხარეს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩაერთვნენ თ.მ–ძე და გ.გ–ი (იხ. ტ. 4, ს.ფ 266-272), შესაბამისად, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით იგი მოკლებულია საკასაციო საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი გ.გ–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 396-ე, 3519-ე, 264-ე, 265-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გ.გ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე