Facebook Twitter

საქმე №ას-507-2023 4 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.ჭ–ია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ.ჭ–ას ს.ს.ც–ი“, „ქ. თბილისის №. ს.მ.ც–ი“, ვ.მ–ძე, ნ.მ–ძე (მოპასუხეები)

თავდაპირველი მოპასუხე – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე – თ.მ–ძე, გ.გ–ი

გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 თებერვლისა და ამავე სასამართლოს 2022 წლის 20 ივლისის განჩინებები

კასატორის მოთხოვნა – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 თებერვლის განჩინების ნაწილობრივ, ხოლო 2022 წლის 20 ივლისის განჩინების სრულად გაუქმება

დავის საგანი – პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობა, გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, დირექტორის პოზიციაზე აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ნ.ჭ–იამ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჯ.ჭ–ას ს.ს.ც–ის“, „ქ. თბილისის №. ს.მ.ც–ის“, ვ.მ–ძისა და ნ.მ–ძის (შემდგომში - „მოპასუხეები“) მიმართ და მოითხოვა: 1) შპს „ჯ.ჭ–ას ს.ს.ც–ის“ 2021 წლის 6 აგვისტოს პარტნიორთა კრების ოქმის (დამოწმებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2021 წლის 6 აგვისტოს) და შპს „ჯ.ჭ–ას ს.ს.ც–ის“ 2021 წლის 6 აგვისტოს პარტნიორთა კრების ოქმის (დამოწმებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2021 წლის 9 აგვისტოს) ბათილად ცნობა, ასევე, შპს „ჯ.ჭ–ას ს.ს.ც–ის“ დირექტორის პოზიციაზე მოსარჩელის აღდგენა; 2) შპს „ქ. თბილისის №. ს.მ.ც–ის 2021 წლის 10 აგვისტოს პარტნიორის გადაწყვეტილების (დამოწმებული სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2021 წლის 9 აგვისტოს) ბათილად ცნობა და შპს „ქ. თბილისის №. ს.მ.ც–ის“ დირექტორად გ.გ–ის აღდგენა; 3) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 9 აგვისტოს 21080455/8 და 2021 წლის 10 აგვისტოს B21081549/4 გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.

2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

4. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოპასუხეებმა წარადგინეს სააპელაციო საჩივარი.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივლისის საოქმო განჩინებით საქმეში აპელანტების მხარეს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩაერთვნენ თ.მ–ძე და გ.გ–ი.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2022 წლის 27 იანვრის საოქმო განჩინება დოკუმენტების საქმიდან ამორიცხვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

7. ზემოაღნიშნულ განჩინება, ასევე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 ივლისის საოქმო განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

8. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ.ჭ–ას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. ამდენად, საკასაციო საჩივრის სსსკ-ის 396-ე მუხლთან შესაბამისობა წყდება ერთპიროვნულად მომხსენებელი მოსამართლის მიერ.

10. სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს, ხოლო სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.

11. სსსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილით, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

12. სსსკ-ის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

13. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 თებერვლის სხდომას, რომელზეც გამოცხადდა მიღებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ესწრებოდა მოსარჩელის წარმომადგენელი. 2023 წლის 15 მარტს მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს 2023 წლის 16 თებერვლის განჩინების ჩაბარების მოთხოვნით და ამავე დღეს პირადად ჩაიბარა ხელზე (იხ. ხელწერილი, ტ. 5, ს.ფ. 82). შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა 2023 წლის 16 მარტს დაიწყო და ამავე წლის 5 აპრილს ამოიწურა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სასამართლოს კანცელარიაში მოსარჩელის მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივარი დარეგისტრირდა 2023 წლის 7 აპრილს. სსსკ-ის 397-ე მუხლით დადგენილი საკასაციო საჩივრის წარდგენის 21-დღიანი ვადის დარღვევით. იმავე დღითაა დათარიღებული თავად საკასაციო საჩივარიც (იხ. ტ. 5, ს.ფ. 358-366).

14. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-119-2022, 03.02.2022წ.; №ას-1133-2021, 29.11.2021).

15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით უზრუნველყოფილი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება გარკვეულ ლეგიტიმურ შეზღუდვებს ექვემდებარებოდეს. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. მითითებული ნორმა თანაბრად ვრცელდება როგორც პირველი ინსტანციის, ისე ამ ინსტანციის გადაწყვეტილების ზემდგომი წესით გასაჩივრების უფლებაზე. სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის ერთ-ერთ მაგალითს საპროცესო ვადა წარმოადგენს, კერძოდ, სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მხარე ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის. სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას უშვებს საერთაშორისო პრაქტიკაც. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, გვ, 20, §57, 28 მაისი, 1985 წელი).

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რადგან მოსარჩელემ დაარღვია საკასაციო საჩივრის წარდგენის კანონით გათვალისწინებული 21-დღიანი ვადა, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 396-ე, 3519-ე, 264-ე, 265-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ.ჭ–იას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ამირან ძაბუნიძე