Facebook Twitter
საქმე №ას-32-2023 28 აპრილი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მიმართ მოპასუხე) - გ.გ–ძე (ნ.ფ–ას უფლებამონაცვლე)

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი) - თ.მ–ია

დავის საგანი - საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი:

ნ.ფ–ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - თ.მ–იას მიმართ, კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ მფლობელობის შეწყვეტისა და უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით.

თ.მ–იამ წარადგინა შეგებებული სარჩელი იმავე უძრავი ნივთის გამოსყიდვის მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელე ნ.ფ–ას უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა გ.გ–ძე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით, გ.გ–ძის სარჩელი თ.მ–იას მიმართ, კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ მფლობელობის შეწყვეტისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; თ.მ–იას სარჩელი დაკმაყოფილდა; თ.მ–ია ცნობილი იქნა თბილისში, ....... მდებარე საცხოვრებელი სადგომიდან 35.33 კვ.მ საცხოვრებელი ფართისა და 2,95 საპირფარეშოს მესაკუთრედ, მოსარჩელე გ.გ–ძისათვის 16000 აშშ დოლარის 25%-ის, 4000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარში გადახდის სანაცვლოდ. აღნიშნული გადაწყვეტილება გ.გ–ძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინებით გ.გ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება გ.გ–ძემ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

კასატორი აღნიშნავს, რომ თ.მ–ია არ არის „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ კანონით განსაზღვრული მოსარგებლე, ვინაიდან მას არ წარმოუდგენია უფლებამონაცვლეობის დოკუმენტი და სხვა მტკიცებულებები, რაც მისი სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა გახდებოდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ გ.გ–ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხებს წარმოადგენს საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვისა და სხვისი მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის წინაპირობების არსებობა.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს. ხსენებული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, მოსარგებლე, რომელიც არანაკლებ 30 წლის განმავლობაში უწყვეტად ფლობს საცხოვრებელ სადგომს და რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით, უფლებამოსილია მოითხოვოს საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვა საცხოვრებელი სადგომის ღირებულების 25 პროცენტის ოდენობის კომპენსაციის გადახდის პირობით (საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვის შესახებ სარჩელი). იმავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად კი, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა. ნიშანდობლივია, რომ გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ თავისი შინაარსით სახელშეკრულებო ურთიერთობას წარმოადგენს, რომელიც სპეციალური კანონით მოწესრიგებას ექვემდებარება.

საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). „დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ოქტომბრის №ას-735-2021 და 2018 წლის 28 დეკემბრის №ას-1687-2018 განჩინებები).

საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს თბილისი სამოქალაქო რეესტრის სამსახურის საინფორმაციო ბარათის შესაბამისად, თ.მ–ია მისამართზე - თბილისი, ....... - რეგისტრირებულია 1981 წლიდან;

- თ.მ–ია ხანგრძლივი დროის განმავლობაში ფლობს სადავო ქონებას და იხდის კომუნალურ გადასახდელებს;

- სადავო უძრავი ნივთი მდებარე თბილისში, ....... (.....) ქუჩა №60-ში (ს/კ ......) რეგისტრირებულია გ.გ–ძის საკუთრებად.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომელთა მიმართაც კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობების არსებობის შესახებ, რადგან კანონით დადგენილი წესით დასტურდება, რომ თ.მ–ია წარმოადგენს გ.გ–ძის სახელზე საკუთრებით რიცხული უძრავი ქონებიდან, მდებარე თბილისში, .......... (......) ქუჩა №60-ში (ს/კ .......) – 35,33 კვ.მ საცხოვრებელი ფართისა და 2,95 კვ.მ. საპირფარეშოს „საცხოვრებელი სადგომი სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მოსარგებლეს, რომელიც 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში უწყვეტად ფლობს დაკავებულ ფართებს. ამრიგად, საკასაციო პალატის მოსაზრებით სახეზეა საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვის შესახებ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.

რაც შეეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სასარჩელო მოთხოვნას, სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ამრიგად, ნივთის სხვისი მფლობელობიდან გამოთხოვის უფლება გააჩნია მესაკუთრეს და იმ შემთხვევაში, როდესაც ფლობა უკანონოა. ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ თ.მ–ია სადავო ფართს კანონიერი საფუძვლით ფლობს, პალატას მიაჩნია, რომ ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა არ არსებობს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.გ–ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე