საქმე №ას-703-2022 28 აპრილი, 2023 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) - ი.წ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - მ.წ–ძე
დავის საგანი - მინდობილობის ბათილად ცნობა, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, საკუთრების უფლების აღდგენა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
I აღწერილობითი ნაწილი:1. მ.წ–ძემ სარჩელით მიმართა ახალციხის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ი.წ–ძის მიმართ, მინდობილობის და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის და უძრავი ნივთის წილზე საკუთრების უფლების აღდგენის მოთხოვნით.
2. ახალციხის რაიონულ სასამართლოს 2020 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებით მ.წ–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი მხარეთა შორის 2011 წლის 9 ნოემბერს დადებული უძრავი ქონების (ს/კ .....) ნასყიდობის ხელშეკრულება მ.წ–ძის ნაწილში; გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ უნდა აღდგეს მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო უძრავი ნივთის ½ ნაწილზე.
3. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები დაადგინა:
3.1. 2011 წლის 8 ნოემბერს მ.წ–ძესა და ი.წ–ძეს შორის გაფორმდა ნოტარიული წესით დამოწმებული მინდობილობა, რომლის თანახმადაც, ი.წ–ძემ იკისრა ვალდებულება შეესრულებინა მ.წ–ძის დავალება, კერძოდ: ემართა და განეკარგა მიმნდობის (მ.წ–ძის) კუთვნილი უძრავი ქონება (მდებარე ბორჯომის რაიონის …). მასთან დაკავშირებით დაედო კანონით ნებადართული ყველა გარიგება, მათ შორის, ეყიდა, გაეყიდა (ასევე საკუთარ სახელზე), გაეჩუქებინა, მიეღო საჩუქრად, გაეცვალა, დაეტვირთა იპოთეკით, „დაეგირავებინა“, მიეღო „გირაოდ“ და საკუთარი შეხედულებისამებრ განესაზღვრა თანხები, ვადები და სხვა პირობები; ეწარმოებინა ანგარიშსწორებები დადებულ გარიგებებთან დაკავშირებით, ხელი მოეწერა ხელშეკრულებებზე, დაერეგისტრირებინა შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში. ხელზე მიეღო დარეგისტრირებული დოკუმენტები. ამასთან, წარედგინა და დაეცვა მიმნდობის ინტერესები ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციებთან, მესამე პირებთან ურთიერთობებში“.
3.2. ი.წ–ძემ 2011 წლის 8 ნოემბერს გაფორმებული მინდობილობის საფუძველზე, 2011 წლის 9 ნოემბერს თავისი თავის სასარგებლოდ დადო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად 7500 ლარად იყიდა მ. და თ. წ–ების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მდებარე: ბორჯომის რაიონის ……). ი.წ–ძემ ნასყიდობის სრული საფასური გადასცა თ. წ–ს, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთობლივ მეურნეობას და ზრუნავდა მასზე, როგორც ღრმად მოხუცებულ ქალბატონზე.
3.3. მ.წ–ძე მისი საქმიანობიდან გამომდინარე ხშირად მიემგზავრება საქართველოს ფარგლებს გარეთ. იგი საქართველოში იმყოფებოდა 2011 წლის 20 თებერვლიდან 14 მაისამდე; 2011 წლის 12 აგვისტოდან 2012 წლის 13 აპრილამდე; 2014 წლის 30 მაისიდან 2014 წლის 15 ივნისამდე და 2019 წლის 30 ივლისიდან 2019 წლის 15 სექტემბრამდე პერიოდებში.
4. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მასზედ, რომ ი.წ–ძეს მ.წ–ძისთვის ქონების გასხვისების შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებია. ამდენად, მოპასუხემ არაკეთილსინდისიერი მოქმედების შედეგად გაიფორმა სადავო ქონების საკუთარ სახელზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ სადავო ქონების ½ წილის განკარგვის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი დააკმაყოფილა. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეთა შორის სადავო ი.წ–ძემ რწმუნებულის ნების და საუკეთესო ინტერესის საწინააღმდეგოდ დადო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც ბათილად ცნო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე
5. ახალციხის რაიონულ სასამართლოს 2020 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელემ მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონულ სასამართლოს 2020 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ ი.წ–ძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შევიდა კანონიერ ძალაში.
7. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და დაეთანხმა ახალციხის რაიონულ სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას.
8. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ი.წ–ძე მოქმედებდა მარწმუნებლის საუკეთესო ინტერესის საწინააღმდეგოდ, რამაც გამოიწვია მოსარჩელისთვის ქონებრივი უფლების შელახვა. ამდენად, სარჩელის დაკმაყოფილების ყველა წინაპირობა არსებობდა.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მარტის განჩინება ი.წ–ძემ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
10. კასატორი აღნიშნავს, რომ მის სასარგებლოდ გაფორმებული მინდობილობა მართლზომიერად არის გაცემული, აღნიშნული დოკუმენტი კი, ითვალისწინებდა რწმუნებულის მიერ მარწმუნებლის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვას, მათ შორის უშუალოდ რმუნებულის სასარგებლოდ გასხვისებასის უფლებას. აქედან გამომდინარე, სასამართლოებმა სადავო მინდობილობა და ნასყიდობის ხელშეკრულება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიჩნიეს ბათილად, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით მოცემულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი უნდა გახდეს.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 ივლისის განჩინებით ი.წ–ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ხოლო 2022 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით - საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად.
II სამოტივაციო ნაწილი:12. საკასაციო სასამართლო, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და საქმის მასალების გაცნობის შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს - გასაჩივრებული განჩინების გაუქმებით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
13. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს მხარეთა შორის დადებული მინდობილობისა და მის საფუძველზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობა წარმოადგენს.
14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. ამავე კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად, თუ თანხმობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, წარმომადგენელს არ შეუძლია წარმოდგენილი პირის სახელით საკუთარ თავთან თავისი სახელით, ან, როგორც მესამე პირის წარმომადგენელმა, დადოს გარიგება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გარიგება უკვე არსებობს რაიმე ვალდებულების შესასრულებლად.
15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული სამართლებრივი ნორმები ადგენს დავალების ხელშეკრულების ფარგლებში მხარეთა უფლება-მოვალეობებს და ასევე განსაზღვრავს რმუნებულის მიერ მარწმუნებლის სახელით საკუთარ თავთან გარიგების დადების შესაძლებლობას, რისთვისაც აუცილებელი წინაპირობის სახით აწესებს ამგვარი გარიგების დადების თაობაზე მხარეთა შეთანხმების სავალდებულოობას.
16. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სადავოდ ხდის მხარეთა შორის დადებული მინდობილობისა და მის საფუძველზე დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების კანონიერებას, იმ საფუძვლით, რომ როდესაც რწმუნებულმა მარწმუნებლის კუთვნილი უძრავი ქონების წილი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო საკუთრებაში, იგი მარწმუნებლის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა. ზემოაღნიშნულ საკითხთან მიმართებით, პალატას არსებითად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს დავალების ხელშეკრულების ნამდვილობისთვის კანონით განსაზღვრული წინაპირობებზე. სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ნორმის ამგვარი დანაწესი განსაზღვრავს ხელშეკრულების დადების უმთავრეს წინაპირობას - მხარეთა ნების თანაარსებობას და შეთანხმებას მხარეთათვის მნიშვნელოვან პირობეზე.
17. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2011 წლის 8 ნოემბრის რწმუნებულებით მარწმუნებელმა მოსარჩელემ რწმუნებულს, სხვა უფლებამოსილებებთან ერთად, მიანიჭა მისი კუთვნილი უძრავი ქონების განკარგვის, მათ შორის საკუთარი თავის სასარგებლოდ გასხვისების უფლებამოსილება. პალატის მოსაზრებით, აღნიშნული პირობა ნათლად და ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს მარწმუნებლის ნების შინაარსს და შესაბამისად, რწმუნებულის უფლებამოსილების ფარგლებს. ამდენად, მარწმუნებლისთვის ცნობილი იყო მოპასუხის მიერ შესაძლოდ განხორციელებადი მოქმედებ(ებ)ის შინაარსი და სწორედ ასეთ პირობებში გასწია მან სახელშეკრულებო რისკი. შესაბამისად, დაუსაბუთებელია მოსარჩელის მითითება იმ გარემოებაზე, რომ მარწმუნებელს არ გამოუვლენია ნება კუთვნილი ქონების განკარგვასთან დაკავშირებით. პალატა, ასევე, ყურადღებას მიაქცევს ხელშეკრულების დადების ფორმის კანონიერებასაც. საგულისხმოა, რომ მ.წ–ძემ მინდობილობა გასცა კანონით დადგენილი წესით - სანოტარო აქტის საფუძველზე. მაშასადამე, საკასაციო პალატა, საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტაციით და მითითებული მსჯელობის შესაბამისად, მიიჩნევს, რომ სადავო მინდობილობა კანონშესაბამია, ამდენად, ი.წ–ძეს გააჩნდა მარწმუნებლის სახელით, თავის სასარგებლოდ უძრავი ნივთის წილის განკარგვის უფლებამოსილება.
18. მოსარჩელე, ასევე, სადავოდ ხდის ი.წ–ძის მიერ მინდობილობის საფუძველზე დადებული, 2011 წლის 9 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების კანონიერებას და მიუთითებს, რომ ხელშეკრულება ბათილია სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, როგორც კანონისა და ზნეობის ნორმების საწინააღმდეგოდ დადებული გარიგება. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული ნორმის მიზანია, ზოგადად მართლწესრიგსა და სამოქალაქო სამართალს შორის კავშირის უზრუნველყოფა და იმის დაფიქსირება, რომ გარიგების ნამდვილობა არ არის მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის ნორმებზე დამოკიდებული... დამკვიდრებული შეხედულების თანახმად, გარიგება ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს, როდესაც იგი არსებითად არღვევს ერთ-ერთი მხარის ინტერესებს და არათანაბარ პირობებში აყენებს მას... ზნეობის შესაბამისი გარიგება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშეკრულების მხარეს არ უნდა აყენებდეს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში. ამ საკითხის კვლევისას, შემოწმების საგანია არა გარიგების მონაწილეთა ქცევა ზნეობასთან მიმართებაში, არამედ გარიგების შინაარსის მიმართება ზნეობასთან (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 24 ივნისის № ას-10-2020 გადაწყვეტილება).
19. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
20. ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობის შეფასების მიზნით საკასაციო პალატა მიუთითებს მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხელშეკრულების ნამდვილობასთან მიმართებით, მტკიცების ტვირთი ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ თუ იმ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან, თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლებაც, მოსარჩელეს ევალება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 სექტემბრის №ას-428-2020 განჩინება). მოცემულ შემთხვევაში, მ.წ–ძე ხელშეკრულების ბათილად ცნობას უკავშირებს მოპასუხის მხრიდან ქონების საკუთარი თავის სასარგებლოდ განკარგვის ფაქტს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ი.წ–ძემ ნასყიდობის ხელშეკრულება დადო მოსარჩელის მიერ გაცემული და სანოტარო წესით დადასტურებული მინდობილობის საფუძველზე. აღნიშნულ მინდობილობაში მხარეებმა შეათანხმეს რწმუნებულის მიერ მარწმუნებლის უძრავი ქონების საკუთარ თავზე განკარგვის შესაძლებლობა, ხელშეკრულების დადებისას კი, ი.წ–ძე მოქმედებდა სწორედ შეთანხმებით მინიჭებული უფლებით. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არც მოპასუხის მოქმედება და არც უშუალოდ ნასყიდობის ხელშეკრულების შინაარსი არ უნდა შეფასდეს, როგორც კანონსაწინააღმდეგო, ან/და ზნეობის ნორმების საწინააღმდეგოდ დადებულ გარიგებად. ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, პალატას ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებლად მიაჩნია.
21. მოსარჩელე ასევე მიუთითებს, იმ გარემოებაზე, რომ ი.წ–ძეს, როგორც მარწმუნებელს არ მიუწოდებია ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული ინფორმაცია რწმუნებულისთვის. ამასთან, მისთვის არ წარუდგენია განხორციელებული მოქმედების ანგარიში. ზემოაღნიშნულთან მიმართებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოცემულ საქმეში მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენს მოპასუხესთან დადებული უძრავი ქონების წილის ნასყიდობის ხელშეკრულების, როგორც კანონსაწინააღმდეგო გარიგებების, ბათილად ცნობა (რომელი გარემოებითაც სასამართლო შეზღუდულია - ფაქტობრივი გარემოებების მითითების მნიშვნელობა მოთხოვნის საფუძვლების შემოწმებაში) და არა ყოფილი რწმუნებულის მოქმედებების შეფასება/სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა.
22. რაც შეეხება ნასყიდობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობის გამო, სადავო გარიგებების ბათილობის საკითხს, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დოქტრინისა და სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის საფუძველს, ნასყიდობის საფასურის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობა არ წარმოადგენს.
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად არ არის შეფასებული სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები და დავა არ არის მართებულად გადაწყვეტილი. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და 411-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს - სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
24. რაც შეეხება საპროცესო ხარჯის განაწილებას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. იმავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მითითებული საკანონმდებლო აქტის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამრიგად, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების პირობებში, მ.წ–ძეს ი.წ–ძის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1232.5 ლარის და სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 836 ლარის ანაზღაურება.
25. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლზე, რომლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. ვინაიდან სადავო შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.
III სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ი.წ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მარტის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. მ.წ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. მ.წ–ძეს (პ/ნ ......) ი.წ–ძის (პ/ნ .....) სასარგებლოდ დაეკისროს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1232.5 ლარის და სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 836 ლარის ანაზღაურება;
5. გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ი.წ–ძეს (პ/ნ ……) აეკრძალა საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ ……..) და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობების ½ წილის გასხვისება და რაიმე სახის ვალდებულებით დატვირთვა;
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე