Facebook Twitter
საქმე №ას-962-2022 28 აპრილი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ვ.ნ–ვი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – „პ.ს–ე“

დავის საგანი - სასაქონლო ნიშანზე უფლების ხელყოფის აღკვეთა, კონტრაფაქციული საქონლის განადგურება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

აღწერილობითი ნაწილი:

„პ.ს–ემ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - ვ.ნ–ვის მიმართ, სასაქონლო ნიშანზე უფლების ხელყოფის აღკვეთისა და კონტრაფაქციული საქონლის განადგურების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 მარტის გადაწყვეტილებით, „პ.ს–ეს“ სარჩელი დაკმაყოფილდა; ინდივიდუალურ მეწარმეს, ვ.ნ–ვს აეკრძალა „პ.ს–ეს“ სასარგებლოდ დარეგისტრირებული გამოსახულებითი სასაქონლო ნიშნის ან მის აღრევამდე მსგავსი ნიშნის გამოყენება საქართველოს ტერიტორიაზე, იმ საქონლის მიმართ, რომელიც არ არის დამზადებული „პ.ს–ეს“ მიერ ან მისი ნებართვით; სასამართლო გადაწყვეტილებით დადგინდა მოსარჩელის ხარჯით, ვ.ნ–ვის კუთვნილი 1632 წყვილი სპორტული ფეხსაცმლის განადგურება.

აღნიშნული გადაწყვეტილება ვ.ნ–ვმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ივნისის განჩინებით ვ.ნ–ვის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ.ნ–ვმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი აღნიშნავს, რომ მას არ გამოუყენებია მოსარჩელის სასარგებლოდ დარეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მსგავსი გამოსახულებითი ნიშანი, რომელსაც შესაძლებელია გამოეწვია გონიერი და საშუალო მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა და მისი მხრიდან ნიშნების აღრევა, ამდენად მოპასუხეს არ დაურღვევია მოსარჩელის უფლება. კასატორი აღნიშნავს, რომ მის საკუთრებაში არსებულ ფეხსაცმელებზე, ცხოველის გამოსახულების ქვევით დატანილია ინგლისურენოვანი წარწერა „CHEETAH”, რაც განსხვავებულია მოსარჩელის ბრენდზე დატანილი ტექსტობრივ წარწერისგან - „PUMA”.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 9 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად. საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2023 წლის 7 აპრილს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად და შესაძლო მორიგების მიზნით ჩატარდა სასამართლო სხდომა, რის შემდეგაც, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტა გადაიდო ზეპირი მოსმენის გარეშე განსახილველად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ვ.ნ–ვის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს სასაქონლო ნიშანზე უფლების ხელყოფის აღკვეთის კანონიერება და კონტრაფაქციული საქონლის განადგურების წინაპირობების არსებობა წარმოადგენს.

საკასაციო პალატა მიუთითებს „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლიდან გამომდინარე, განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია მესამე პირს აუკრძალოს, მისი თანხმობის გარეშე სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის: ა) იდენტურია და საქონელიც იდენტური; ბ) იდენტურია, ხოლო საქონელი იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა; გ) მსგავსია, ხოლო საქონელი იდენტური ან იმდენად მსგავსია, რომ ჩნდება ამ ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის შესაძლებლობა; დ) იდენტური ან მსგავსია და დაცულია სასაქონლო ნიშნის საქართველოში კარგი რეპუტაციის გამო, ამ ნიშნის გამოყენება მესამე პირს დაუმსახურებლად უქმნის ხელსაყრელ პირობებს ან ზიანს აყენებს სასაქონლო ნიშნის რეპუტაციას ან მის განმასხვავებელუნარიანობას. თავის მხრივ, რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან. ამავე კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევისას სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მფლობელს აძლევს შესაძლებლობას მოითხოვოს სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევით ნიშანდებული საქონლის განადგურება, თუ საქონლის სასაქონლო ნიშნისაგან განცალკევება შეუძლებელია ან თუ სასაქონლო ნიშანი საქონელზეა დატანილი.

მოხმობილი ნორმებიდან გამომდინარე, მოსარჩელის მტკიცების საგანს წარმოადგენს მის მიერ ამა თუ იმ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, მესამე პირის მხრიდან განსაკუთრებული უფლების მქონე პირის თანხმობის გარეშე მსგავსი სასაქონლო ნიშნისა და მსგავსი საქონლის სამოქალაქო ბრუნვაში გამოყენება და ამ მსგავსების შედეგად მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის ალბათობა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი დადასტურდა მითითებული უფლების დარღვევა და ამასთანავე კონტრაფაქციული საქონლისგან სადავო ნიშანის განცალკევება შეუძლებელია, კანონი მოსარჩელეს ანიჭებს საქონლის განადგურების მოთხოვნის უფლებას.

საკასაციო პალატა, სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმებისას, ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის:

- „პ.ს–ე“ („PUMA SE”; მის: პუმა ვეი, №91074, ჰერცოგენაურახი, გერმანია) საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრში, - საქპატენტში, 1998 წლის 30 აპრილიდან დღემდე რეგისტრირებულია შემდეგი სასაქონლო ნიშნის მფლობელად: გამოსახულებითი სასაქონლო ნიშანი (ნახტომში მყოფი პუმას გამოსახულება), რეგისტრაციის ნომერი №9112;

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 3 ოქტომბრის ბრძანებით, შემოსავლების სამსახურის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრში დარეგისტრირდა „პ.ს–ეს“ კუთვნილი სასაქონლო ნიშანი („PUMA“, რეგ. №9111) და გამოსახულებითი სასაქონლო ნიშანი (რეგ. №9112).

- სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2021 წლის 6 აგვისტოს ბრძანებით, შეჩერდა ვ.ნ–ვის მიერ 2021 წლის 5 აგვისტოს C97798/11111 საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში დეკლარირებული საქონლის ნაწილის - 1632 წყვილი სპორტული ფეხსაცმლის გაფორმების პროცედურა.

- ვ.ნ–ვის კუთვნილ სარეალიზაციო პროდუქციაზე გამოსახული ნიშნის - ავაზა (გეპარდი, რომელიც მირბის მარჯვნივ), ქვეშ დატანილია ცხოველის ინგლისურენოვანი დასახელება - „CHEETAH“. იდენტური ნიშანი საქონლის ჩამონათვალის 25-ე კლასისათვის (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თავსაბურავი) საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრში - საქპატენტში არ არის რეგისტრირებული.

საკასაციო პალატა, მოსარჩელის სასარგებლოდ რეგისტრირებული გამოსახულებითი სასაქონლო ნიშნის და მოპასუხის კუთვნილ საქონელზე დატანილი ნიშნის მსგავსების შეფასების მიზნისთვის, ყურადღებას მიაპყრობს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ასევე მტკიცებულების სახით წარმოდგენილ, ფოტოსურათებს, რის საფუძველზეც მიაჩნია, რომ ერთი შეხედვით, დაკვირვებისა და დეტალური ანალიზის გარეშე, მოპასუხის სარეალიზაციო სპორტულ ფეხსაცმელზე გამოსახული ნიშანი ცალსახად ჰგავს მოსარჩელის - განსაკუთრებული უფლების მქონე პირის მიერ რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანს იმდენად, რომ ქმნის აღრევის საფრთხეს და იწვევს ასოციაციას „პ.ს–ეს“ მიერ რეგისტრირებულ ნიშანთან, რაც წარმოადგენს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის წინაპირობას. ამდენად, პალატა თვლის, რომ წარმოდგენილი სასაქონლო ნიშნები არ არის ერთმანეთისგან საკმარისად განსხვავებული იმდენად, რომ დასაშვები იყოს ორივე მათგანის ბაზარზე თანაარსებობა და სამოქალაქო ბრუნვაში გამოყენება.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულების წარდგენით დაძლია სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების არსებობის ფაქტის მტკიცების ტვირთი, რადგანაც სასამართლოში წარადგინა მისი უფლების ნამდვილობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება ინტელექტუალური საკუთრების უფლების რეგისტრაცია შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში. საპირისპიროდ კი, მოპასუხეს რაიმე ვარგისი მტკიცებულება, მოსარჩელის უფლების ნამდვილობის გამოსარიცხად არ წარუდგენია, არც ისეთი მტკიცებულება წარმოუდგენია, რომელიც გამორიცხავდა სადავო საქონლისა და მოსარჩელის საქონლის აღრევამდე მსგავსებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების მქონე სუბიექტის უფლების გამოყენების მართლზომიერება - აუკრძალოს ნებისმიერ სხვა პირს მისი სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშნის უნებართვო გამოყენება, რეალიზაცია, ვინაიდან, საქართველოს ტერიტორიაზე მოპასუხის მიერ იმპორტირებულ საქონელზე გამოსახულია მოსარჩელის რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის აღრევამდე მსგავსი ნიშანი.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტირებული საქონელი - სპორტული ფეხსაცმელი, რომელზეც დატანილია მოსარჩელის მიერ რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის მსგავსი ნიშანი და რომელიც ასოცირების შედეგად იძლევა აღრევის შესაძლებლობას, წარმოადგენს კონტრაფაქციულ საქონელს. ამასთან, უდავოა, რომ სასაქონლო ნიშანი უშუალოდ საქონელზეა დატანილი, რაც გამორიცხავს მისი განცალკევების შესაძლებლობას და აუცილებელს ხდის საქონლის განადგურებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მეორე სასარჩელო მოთხოვნასაც დასაბუთებულად მიიჩნევს, რაც მართებულად გახდა სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ.ნ–ვის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 9 ივნისის განჩინება;

3. ვ.ნ–ვს (პ/ნ .......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ.ქ–ის (პ/ნ .......) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის (საგადასახადო დავალება №0, გადახდის თარიღი 15.08.2022წ.) 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე