Facebook Twitter
საქმე №ას-1582-2022 28 აპრილი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - ზ.გ–ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურისა და გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

აღწერილობითი ნაწილი:

ზ.გ–მა სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიმართ, სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის, იძულებითი განაცდურის და გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურების მოთხოვნით.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით ზ.გ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ.გ–ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა გამოუყენებელი შვებულების თანხის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზ.გ–ის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2021 წლის კუთვნილი, გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულების 467 ლარის ანაზღაურება; სხვა ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მხოლოდ მოსარჩელემ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში შევიდა კანონიერ ძალაში.

კასატორი განმარტავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა, შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევით, თვითნებურად განსაზღვრა დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი. ამასთანავე, დასაქმებულ დააკისრა მის მიერ შრომითი ხელშეკრულების დარღვევის ფაქტის არარსებობის დადასტურების მტკიცების ტვირთი. რაც შეეხება სადავო გარემოებას დასაქმებულის მიერ გარკვეული პერიოდით შრომითი მოვალეობის შეუსრულებლობასთან მიმართებით, კასატორმა აღნიშნა, რომ სადავო პერიოდში შესასრულებელი სამუშაო რეალურად არ არსებობდა. ასევე, აღნიშნული დროის მონაკვეთი დაემთხვა ზაფხულის და პანდემიის პერიოდს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 თებერვლის განჩინებით ზ.გ–ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ზ.გ–ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერება, მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის და გამოუყენებელი შვებულების ნაწილის ანაზღაურების საფუძვლიანობა.

საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ანდა შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შრომისსამართლებრივი ვალდებულების დარღვევის „უხეშად“ მიჩნევისთვის შეფასებულ უნდა იქნას ჩადენილი დარღვევის ხასიათი, სიმძიმე, შედეგი, დასაქმებულის პიროვნება და შემთხვევის ინდივიდუალური თავისებურებები.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებული დავის განხილვისას, აუცილებელია „Ultima Ratio“-ს („უკიდურესი საშუალება“) პრინციპის გათვალისწინება. „Ultima Ratio“-ს პრინციპის მიხედვით, დამსაქმებლის მხრიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტამდე გამოყენებულ უნდა იქნეს უფრო მსუბუქი ზომა, თუკი, ამის საშუალებას, ჩადენილი დარღვევიდან გამომდინარე, იძლევა მისი კანონიერი ინტერესი. ცხადია, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა წარმოადგენს უკიდურეს დისციპლინურ ღონისძიებას, რომელიც შესაძლოა დამსაქმებელმა გამოიყენოს დასაქმებულის მიერ ვალდებულების „უხეში“ დარღვევის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ დამსაქმებელმა გაითვალისწინოს, არამართლზომიერი ქცევის ანდა ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, სხვა, უფრო ნაკლებად მკაცრი დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის №ას-949-2021 განჩინება).

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შრომითი ურთიერთობის შენარჩუნებას აქვს პრიორიტეტი მის რღვევასთან შედარებით. ამდენად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. „თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესით უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 იანვრის №ას-891-2015 განჩინება).

საკასაციო პალატა, სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობის შემოწმებისას, ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის:

- სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის 2018 წლის 25 ივნისის №1467/კ ბრძანებით, ზ.გ–ი დაინიშნა სააგენტოში სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის მესტიის სატყეო უბნის უფროსის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით;

- სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის 2020 წლის 16 დეკემბრის №202/კ ბრძანებით, ზ.გ–ის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა „დაქვეითება” და გადაყვანილ იქნა სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის ხ–ის სატყეო უბნის სპეციალისტის თანამდებობაზე 2020 წლის 16 დეკემბრიდან, ანაზღაურება განისაზღვრა 700 ლარით. შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ ზ.გ–მა დააზიანა მისთვის მინდობილი სატრანსპორტო საშუალება, არ დაიცვა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები, არ შეასრულა და არ დაიცვა სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული წესები და ნორმები, რითაც მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა სააგენტოსა და მესამე პირს;

- სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის 2021 წლის 15 ივლისის №24/დ ბრძანებით, სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის ხ–ის სატყეო უბნის სპეციალისტის, ზ.გ–ის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა „შენიშვნა";

- მითითებულ ბრძანებას საფუძვლად დაედო სააგენტოს შიდა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 14 ივლისის №24 დასკვნა, სადაც დაფიქსირებულია: სააგენტოს შიდა აუდიტის დეპარტამენტში შემოვიდა ამავე სააგენტოს სამეგრელო - ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის უფროსის ნ.ქ–ას 2021 წლის 4 ივნისის №6932 და 21 ივნისის №8123 მოხსენებითი ბარათები, ხ–ის სატყეო უბნის სპეციალისტის ზ.გ–ის თათბირზე არ გამოცხადების შესახებ. მითითებულ თათბირს ესწრებოდა სამსახურის უფროსი მეტყევის დროებით მოვალეობის შემსრულებელი ლ.ლ–ა. იგი 2021 წლის 1 ივნისის, მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ზ.გ–ს და განუმარტა, რომ 2021 წლის 2 ივნისს უნდა გამოცხადებულიყო ქ. ზუგდიდში სამსახურის უფროსთან თათბირზე, რაზედაც მან განუცხადა უარი;

- სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 18 აგვისტოს №32 დასკვნის შესაბამისად სააგენტოს შიდა აუდიტის დეპარტამენტში შემოვიდა, ამავე სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის უფროსის ნ.ქ–ას 2021 წლის 5 აგვისტოს №12201 მოხსენებითი ბარათი, ხ–ის სატყეო უბნის სპეციალისტის ზ.გ–ის მიერ, მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების შესახებ;

- ხ–ის სატყეო უბნის უფროსის გ.გ–ის 2021 წლის 29 ივლისის მოხსენებითი ბარათის თანახმად, ამავე სატყეო უბნის სპეციალისტი ზ.გ–ი 2021 წლის 1 ივნისიდან 29 ივლისის ჩათვლით არ გამოცხადებულა სამსახურში და არ პასუხობს მის სატელეფონო ზარებს.

- 2021 წლის 12 აგვისტოს ახსნა-განმარტება ჩამოერთვა ხ–ის სატყეო უბნის უფროსს გ.გ–ს, რომელმაც განმარტა, რომ ზ.გ–ი ხ–ის სატყეო უბნის სპეციალისტად მუშაობს 2020 წლის 16 დეკემბრიდან დღემდე. სამუშაო დღეებში ხშირად ის და სატყეო უბნის სპეციალისტები იკრიბებიან ხ–ის სატყეო უბნის ადმინისტრაციის შენობაში, რომელიც მდებარეობს სოფელ ხ–ში. 2021 წლის ივნისის თვემდე იგი დადიოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. 2021 წლის ივნისიდან დღემდე, ზ.გ–ი სამსახურში აღარ გამოცხადებულა. მან რამდენჯერმე სცადა მობილური ტელეფონით ზ.გ–თან დაკავშირება, მაგრამ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. მასთან შეთანხმების გარეშე ტოვებს სატყეო უბანს, რაზეც რამდენჯერმე მის მიერ იყო გაფრთხილებული. ასევე, მიმდინარე წლის 22 ივლისს ზუგდიდში, ხ–ის სატყეო უბნის სპეციალისტებისათვის ჩატარდა ტრენინგი ახლად მიღებული ტყის კოდექსის შესახებ, რასაც დაესწრო სატყეო უბნის ყველა თანამშრომელი, გარდა ზ.გ–ისა. მან 21 ივლისს სცადა ტელეფონით დაკავშირება, რათა გაეფრთხილებინა ზ.გ–ი ტრენინგზე დასწრების შესახებ, მაგრამ ზარს არ უპასუხა. ზ.გ–ის ტრენინგზე არ დასწრების მიზეზი მისთვის უცნობია. ვინაიდან, ზ.გ–ი 2021 წლის 1 ივნისიდან არ ცხადდებოდა სამსახურში, აღნიშნული ფაქტის შესახებ მან, 2021 წლის 29 ივლისს მოხსენებითი ბარათით მიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის უფროსს ნ.ქ–ას.

- 2021 წლის 12 აგვისტოს ახსნა-განმარტება ჩამოერთვა სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის უფროსს ნ.ქ–ას, რომელმაც განმარტა, რომ ხ–ის სატყეო უბნის სპეციალისტი ზ.გ–ი, რომელიც სამსახურში არ ცხადდება 2021 წლის 1 ივნისიდან დღემდე და არ ასრულებს სატყეო უბნის უფროსის გ.გ–ის სატელეფონო ზარებს, მისთვის ცნობილი გახდა მ/წლის 29 ივლისს, ხ–ის სატყეო უბნის უფროსის გ.გ–ის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე. აღნიშნული მოხსენებითი ბარათი, შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს.

- 2021 წლის 12 და 14 აგვისტოს ახსნა-განმარტებები ჩამოერთვა ხ–ის სატყეო უბნის სპეციალისტებს ა.ჭ–ას, გ.ჭ–ას, ზ.ფ–ს და ო.ჩ–ს, რომლებმაც დაადასტურეს ყოველივე ზემოთ აღნიშნული და განმარტეს, რომ ხ–ის სატყეო უბნის სპეციალისტები სატყეო უბნის უფროსთან, გ.გ–თან ერთად სამუშაო დღეებში ხშირად იკრიბებიან სატყეო უბნის შენობაში, რომელიც მდებარეობს სოფელ ხ–ში და 2021 წლის 1 ივნისიდან დღემდე, ზ.გ–ი სამსახურში მისული აღარ უნახავთ. მიზეზი, თუ რატომ არ დადის ზ.გ–ი სამსახურში უცნობია.

- სააგენტოს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაიცა რეკომენდაცია: ზ.გ–ი, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის 2020 წლის 29 მაისის №725/ს ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს შინაგანაწესის" 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ" ქვეპუნქტის თანახმად გათავისუფლდეს სამსახურიდან;

- სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის 2021 წლის 19 აგვისტოს 4 №164/კ ბრძანებით, 2021 წლის 19 აგვისტოდან ზ.გ–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს საქმეში წარმოდგენილ დოკუმენტაციას - ადმინისტრაციული ორგანოს შიდა აუდიტის სამსახურის მიერ დასაქმებულის მიმართ მოკვლეულ ინფორმაციას და გაცემულ დასკვნებს, ასევე მოსარჩელის უშუალო ხელმძღვანელის და თანამშრომლების მიერ წარმოდგენილ ახსნა-განმარტებებს და დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზ.გ–მა უხეშად დაარღვია მასზე დაკისრებული შრომისსამართლებრივი ვალდებულებები. კერძოდ, დადასტურებულია, რომ დასაქმებული 2021 წლის 1 ივნისიდან 19 აგვისტოდან პერიოდში აღარ ცხადდებოდა სამსახურში და არ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. ნიშანდობლივია, ასევე ის გარემოებაც, რომ დასაქმებულს უშუალო ხელმძღვანელისთვის არ უცნობებია სამსახურში გამოუცხადებლობის მიზეზები. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასაქმებული არღვევდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 31 მაისის №2-796 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს დებულების დანართი №1-ით და სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის 2020 წლის 29 მაისის №725/ს ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს შინაგანაწესით დადგენილ ნორმებს.

საკასაციო პალატა დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შენარჩუნების მიზანშეუწონლობის შეფასების თვალსაზრისით, ასევე ყურადღებას მიაქცევს მოსარჩელის მიმართ, სამსახურიდან გათავისუფლებამდე პერიოდში გამოყენებულ დისციპლინურ სახდელებს, კერძოდ, სააგენტოს 2020 წლის 16 დეკემბრის №202/კ ბრძანებით, ზ.გ–ის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა „დაქვეითება“ და გადაყვანილ იქნა სხვა თანამდებობაზე, ხოლო - სააგენტოს 2021 წლის 15 ივლისის №24/დ ბრძანებით, ზ.გ–ს გამოეცხადა „შენიშვნა". საგულისხმოა, რომ აღნიშნული აქტები მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დასაქმებულის მიერ შრომითი საქმიანობის ფარგლებში დაშვებული გადაცდომა - ორ თვემდე ვადით სამსახურში გამოუცხადებლობა და დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობა, ამასთანავე აღნიშნულ საკითხზე ხელმძღვანელი პირის გაუფრთხილებლობა უნდა შეფასდეს იმგვარ სამსახურებრივ გადაცდომად, რომელიც აუცილებელს ხდიდა მოსარჩელის მიმართ უკიდურესი ზომის - დაუყოვნებლივ გათავისუფლების გამოყენებას. ამდენად, ზემოთ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის 2021 წლის 19 აგვისტოს 4 №164/კ ბრძანება კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. შესაბამისად, ზ.გ–ის სარჩელი სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის დაკისრების ნაწილშიც დაუსაბუთებელია.

რაც შეეხება ზ.გ–ის სასარჩელო მოთხოვნას, მისთვის 2019 წელს და 2020 წელს გამოუყენებელი საშვებულებო კომპენსაციის დაკისრებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს შრომის კოდექსის 35-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ დასაქმებულისთვის მიმდინარე წელს ანაზღაურებადი შვებულების მიცემამ შეიძლება სამუშაო პროცესის ნორმალურად წარმართვაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს, დასაქმებულის თანხმობით დასაშვებია შვებულების მომდევნო წლისთვის გადატანა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულება არის დროის ის პერიოდი, როდესაც დასაქმებული მისით სარგებლობის შემთხვევაში არ მუშაობს, მაგრამ იღებს ხელფასს. ამდენად, შვებულება წარმოადგენს დასაქმებულის მიერ, უკვე ნამუშევარი დროის შესრულებული სამუშაოს საფუძველზე მოპოვებული დასვენების უფლებას, რა შემთხვევაშიც დასაქმებულს მიეცემა შრომითი ანაზღაურება. ამავე პრინციპის დაცვით უნდა მოხდეს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 აპრილის №ას-495-495-2018 განჩინება). მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან არ დასტურდება ზ.გ–ის მიერ 2019-2020 წლების გამოუყენებელი შვებულების გადატანის ფაქტი, არ არსებობს ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

ამრიგად, განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი და წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, ვინაიდან: საქმე არ მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ასევე, არ ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი; სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. ამდენად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული, საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ.გ–ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

3. ზ.გ–ს (პ/ნ ….) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ი.ჯ–ის (პ/ნ ......) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის (საგადახდო დავალება №15807487991, გადახდის თარიღი 20.01.2023წ.) 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე