საქმე №ას-460-2023
16 მაისი, 2023 წელი ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - სს „დ.კ.ქ–უ“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თანხის ანაზღაურების მოთხოვნით სს „დ.კ.ქ–უს“ (შემდეგში - მოპასუხე ან კასატორი) წინააღმდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სასამართლოში სარჩელი აღძრა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით:
- სარჩელი დაკმაყოფილდა;
- მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს 10 759.59 ლარისა და პირგასამტეხლოს, 270 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 14 თებერვლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
5. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ საკასაციო საჩივარი შემოიტანა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 აპრილის განჩინებით კასატორს განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის დედნისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივრის დედნის სახით წარმოდგენა დაევალა.
7. 2023 წლის 11 მაისს (ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის დარღვევით) კასატორის რწმუნებულმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში განცხადება წარმოადგინა, რომელსაც კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება თან დაურთო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სსსკ-ის 396-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება.
მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას საჩივრის ავტორს სასამართლო ვადას განუსაზღვრავს და იმ საპროცესო მოქმედებებს დაუდგენს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
9. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 აპრილის განჩინებით კასატორს განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის დედნისა და სსსკ-ის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივრის დედნის სახით წარმოდგენა დაევალა.
10. ზემოხსენებული განჩინება მოსარჩელეს სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა და 2023 წლის 26 აპრილს ჩაჰბარდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის მე-60-ე და 61-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო საჩივრის ავტორისათის ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადის დენა ამ უკანასკნელისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარების მომდევნო დღიდან, 2023 წლის 27 აპრილიდან დაიწყო და 2023 წლის 8 მაისს (6 და 7 მაისი იყო არასამუშაო დღე, შაბათი და კვირა) ამოიწურა.
ამდენად, კასატორი ვალდებული იყო საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი შეევსო 2023 წლის 8 მაისის 24 საათამდე.
11. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია. ხარვეზის აღმოსაფხვრელად გამოგზავნილი კორესპონდენცია, კერძოდ, დაზუსტებული საკასაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი, საქართველოს უზენაეს სასამართლოში ზემომითითებული საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, 2023 წლის 11 მაისს იქნა წარმოდგენილი. ამასთან, აღნიშნული საკასაციო საჩივრის ხელმოწერის თარიღად 2023 წლის 10 მაისია მითითებული, რა დროსაც კასატორს ხარვეზის გამოსწორების პროცესუალური შესაძლებლობა აღარ გააჩნდა.
12. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
დასახელებული საპროცესო ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
13. ამავდროულად, საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 399-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეცხრე კარით განსაზღვრულ საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს. სსსკ-ის 374.3 მუხლის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 6.3 მუხლის შესაბამისად კი, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებას საქმის წარმოების შეწყვეტისას ან სარჩელის განუხილველად დატოვებისას, თუ საქმე სასამართლოში განხილვას არ ექვემდებარება, აგრეთვე, როდესაც მოსარჩელე არ იცავს მოცემული კატეგორიის საქმეებისათვის წინასწარი დავის გადაწყვეტის დადგენილ წესს.
14. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რაკი კასატორს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია, საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ხოლო კასატორს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დაუბრუნდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 396 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „დ.კ.ქ–უს“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. სს „დ.კ.ქ–უს“ (ს/ნ - ......) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 568 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) (საგადახდო დავალება № 1682736; ბანკში შემოსვლის თარიღი - 02/05/2023; გატარებულია - 03/05/2023).
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე : ვლადიმერ კაკაბაძე