7 ოქტომბერი, 2021 წელი,
საქმე №ას-689-2021 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს „ლ-ა“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2017 წლის 29 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა (შემდეგში: მოსარჩელე, შემკვეთი, სამინისტრო, კასატორი) და შპს „ლ-ას“ (შემდეგში: მოპასუხე, მენარდე, მოწინააღმდეგე მხარე) შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება (შემდეგში: ნარდობის ხელშეკრულება), რომლითაც მენარდემ ვალდებულება იკისრა, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში, შემკვეთისათვის ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონელი (სამინისტროს თანამშრომლებისთვის სხვადასხვა სახის ტანსაცმელი, მათ შორის, მამაკაცის პიჯაკი, შარვალი და სხვა) მიეწოდებინა.
2. ნარდობის ხელშეკრულების 16.1 და 16.1.1 პუნქტის მიხედვით, მენარდის მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ამ უკანასკნელს წინასწარი შეტყობინების გარეშე დაეკისრებოდა შემკვეთისათვის პირგასამტეხლოს გადახდა, მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
3. მენარდის 2017 წლის 1 ნოემბრის წერილის თანახმად, შემკვეთს მისთვის უნდა წარედგინა 400 თანამშრომლის სია და მათი ზომების ასაღებად გამოცხადება უნდა უზრუნველეყო. პირველი სია გაიგზავნა 2017 წლის 10 ოქტომბერს - 171 კაცზე, ხოლო მეორე სია - 2017 წლის 30 ოქტომბერს - 124 კაცზე. მოსარჩელემ მოპასუხეს ჯამურად 295 პირის სია მიაწოდა, საიდანაც ზომების ასაღებად მხოლოდ 137 თანამშრომელი გამოცხადდა. ამის გათვალისწინებით, მენარდემ საქონლის მიწოდების ვადის 15 დღით გაზრდა მოითხოვა. 2017 წლის 29 ნოემბერს მხარეები შეთანხმდნენ, ნარდობის ხელშეკრულების 8.1 პუნქტში ცვლილება შევიდა და საქონლის მიწოდების ვადა (90+15) 105 კალენდარული დღით გაიზარდა.
4. მოპასუხის 2017 წლის 17 იანვრის წერილის საფუძველზე, 2018 წლის 23 იანვარს მხარეთა შორის ხელშეკრულების 22.1 პუნქტში ცვლილების შესახებ შეთანხმება შედგა და ნარდობის ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით განისაზღვრა.
5. მენარდის 2018 წლის 22 თებერვლის წერილის საფუძველზე, მხარეებს შორის 2018 წლის 28 თებერვალს შეთანხმება შედგა და ნარდობის ხელშეკრულების 22.1 პუნქტში ცვლილება შევიდა, რომლითაც ხსენებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2018 წლის 31 მარტის ჩათვლით გაიზარდა.
6. 2018 წლის 28 მარტის წერილის საფუძველზე, მხარეთა შორის 2018 წლის 30 მარტს შეთანხმება შედგა და ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით განისაზღვრა.
7. 2018 წლის 25 აპრილს, მენარდემ კვლავ მიმართა შემკვეთს და საქონლის მიწოდების ვადის გაზრდა მოითხოვა. 2018 წლის 27 აპრილს მხარეებს შორის შეთანხმება გაფორმდა და ნარდობის ხელშეკრულების მოქმედების ვადა საბოლოოდ 2018 წლის 15 მაისის ჩათვლით განისაზღვრა.
8. 2017-2018 წლებში, მოპასუხემ მოსარჩელეს 129 218.47 ლარის ღირებულების საქონელი მიაწოდა.
9. 2018 წლის 11 სექტემბერს, შემკვეთმა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ აქტი შეადგინა, რომლითაც მენარდის მიერ ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების (საქონლის მიწოდების ვადების დარღვევა) დარღვევის გამო, ამ უკანასკნელს, ვადაგადაცილებული დღეების პირგასამტეხლო, ჯამურად 21 079.80 ლარი დააკისრა.
10. 2019 წლის 8 იანვარს, მოსარჩელემ, მოპასუხეს, ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო შედგენილი პირგასამტეხლოს დაკისრების აქტი გაუგზავნა, რომლითაც პირგასამტეხლოს გადახდისათვის 10 დღე დაუდგინა.
11. შემკვეთმა სარჩელი შეიტანა სასამართლოში მენარდის წინააღმდეგ, პირგასამტეხლოს, 21 079.80 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს, 140.73 ლარის ანაზღაურება.
13. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 15 აპრილის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
14.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-10 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ მისი განხილვის საგანი იყო, ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების პერიოდი.
14.2. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, მენარდე მის მიერ ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას შემკვეთის მიერ ნაკისრი მოვალეობის შეუსრულებლობის გამო ვერ ახერხებდა, რამდენადაც უზრუნველყოფილი არ იყო თანამშრომლების სრული სიის მიწოდება და თანამშრომელთა ზომის ასაღებად გამოცხადება, რაც მენარდეს შესაძლებლობას ართმევდა, სამინისტროს თანამშრომლებისთვის ტანსაცმელი თითოეული მათგანის ინდივიდუალური ზომის აღების გარეშე შეეკარა. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მოსაზრებით, გონივრული განსჯის შედეგად ივარაუდებოდა, რომ მხარეთა მიერ ყველა ის შეთანხმება, რომლითაც ხელშეკრულების ვადა იზრდებოდა, ვალდებულების შესრულების ვადის გაგრძელებასაც იწვევდა. სხვაგვარად, გაურკვეველია, თუ რა ინტერესი ექნებოდა მენარდეს, რომ ნარდობის ხელშეკრულებით შეთანხმებული ვალდებულების შესრულება კვლავ უზრუნველეყო, იმ პირობებში, როდესაც ეცოდინებოდა, რომ მის მიერ ვალდებულების შესრულების შედეგად მიღებული გასამრჯელოს დიდი ნაწილი პირგასამტეხლოს ანგარიშში ჩაითვლებოდა. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მენარდის მიერ გაგზავნილი წერილების შედგენის ერთადერთი მიზანი, საქონლის მიწოდების ვადების გაზრდა იყო.
14.3. იმაზე მითითებით, რომ მენარდემ ბოლო შესრულება 2018 წლის 18 მაისს განახორციელა, ხოლო მხარეთა შორის 2018 წლის 27 აპრილს გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2018 წლის 15 მაისის ჩათვლით განისაზღვრა, რაც ხელშეკრულების ვალდებულების შესრულების დროის გაზრდასაც გულისხმობდა, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა შემდეგი: ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი ვალდებულება მენარდემ მხოლოდ 3 დღის ვადაგადაცილებით შეასრულა.
14.4. სააპელაციო სასამართლომ, საქმის განხილვისას გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ) 418-ე და 52-ე მუხლები და სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
15. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ საკასაციო საჩივარი შემოიტანა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
საკასაციო საჩივარი შემდეგნაირადაა დასაბუთებული:
15.1. არასწორია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ მოპასუხის მიერ შესაბამისი განცხადებებით მოთხოვნილი ვადის გაგრძელების ერთადერთი მიზანი იყო, ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების ვადის გაზრდა. საქმეში არსებული მიწოდების ოქმით დგინდება, რომ საქონლის მიწოდების ვადა ერთ შემთხვევაში, კერძოდ, 2017 წლის 29 ნოემბერს გაიზარდა. რაც შეეხება ხელშეკრულების მოქმედების ვადას, იგი რამდენჯერმე შეიცვალა და საბოლოოდ 2018 წლის 15 მაისით დათარიღდა. ამდენად, გასაზიარებელი არაა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის (2018 წლის 15 მაისი) შემდეგ უნდა დაეკისროს.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ივლისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
17. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
19. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
20. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა კონკრეტული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
21. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი ისაა, თუ როგორ უნდა განისაზღვროს ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების პერიოდი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მენარდეს პირგასამტეხლოს გადახდა უნდა დაევალოს 2018 წლის 15 მაისიდან (ნარდობის ხელშეკრულების მოქმედების ბოლო ვადა) 2018 წლის 18 მაისის (მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტი) ჩათვლით პერიოდისათვის, რადგან ნარდობის ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ მხარეთა შეთანხმება თავისთავად გულისხმობდა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების დროის გაგრძელებასაც, შესაბამისად, მენარდემ ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი ვალდებულება მხოლოდ 3 დღის ვადაგადაცილებით შეასრულა.
22. საკასაციო სასამართლოს განსჯით, სააპელაციო სასამართლოს ზემომითითებული დასკვნა მართებულია. სადავო საკითხის შეფასებისას, საყურადღებოა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად ცნობილი რამდენიმე ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ:
1). 2017 წლის 29 აგვისტოს ნარდობის ხელშეკრულებით მენარდემ ვალდებულება იკისრა, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში, შემკვეთისათვის ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონელი (სამინისტროს თანამშრომლებისთვის სხვადასხვა სახის ტანსაცმელი, მათ შორის, მამაკაცის პიჯაკი, შარვალი და სხვა) მიეწოდებინა;
2). ნარდობის ხელშეკრულების 16.1 და 16.1.1 პუნქტის მიხედვით, მენარდის მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ამ უკანასკნელს წინასწარი შეტყობინების გარეშე დაეკისრებოდა შემკვეთისათვის პირგასამტეხლოს გადახდა, მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 0.2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
3). მენარდის 2017 წლის 1 ნოემბრის წერილის თანახმად, შემკვეთს მისთვის უნდა წარედგინა 400 თანამშრომლის სია და მათი ზომების ასაღებად გამოცხადება უნდა უზრუნველეყო. პირველი სია გაიგზავნა 2017 წლის 10 ოქტომბერს - 171 კაცზე, ხოლო მეორე სია - 2017 წლის 30 ოქტომბერს - 124 კაცზე. მოსარჩელემ მოპასუხეს ჯამურად 295 პირის სია მიაწოდა, საიდანაც ზომების ასაღებად მხოლოდ 137 თანამშრომელი გამოცხადდა. ამის გათვალისწინებით, მენარდემ საქონლის მიწოდების ვადის 15 დღით გაზრდა მოითხოვა. 2017 წლის 29 ნოემბერს მხარეები შეთანხმდნენ, ნარდობის ხელშეკრულების 8.1 პუნქტში ცვლილება შევიდა და საქონლის მიწოდების ვადა (90+15) 105 კალენდარული დღით გაიზარდა;
4). მოპასუხის 2017 წლის 17 იანვრის, 2018 წლის 22 თებერვლის, 2018 წლის 28 მარტისა და 2018 წლის 25 აპრილის წერილების საფუძველზე, ნარდობის ხელშეკრულების მოქმედების ვადა რამდენჯერმე გაგრძელდა და საბოლოოდ 2018 წლის 15 მაისის ჩათვლით განისაზღვრა.
5). 2017-2018 წლებში, მოპასუხემ მოსარჩელეს 129 218.47 ლარის ღირებულების საქონელი მიაწოდა. ბოლო შესრულება მოპასუხემ 2018 წლის 18 მაისს განახორციელა.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ზემომითითებული გარემოებების მიმართ კასატორს (მოპასუხე) დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი პალატისათვის სავალდებულოა. რაკი ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მენარდემ ბოლოს 2018 წლის 18 მაისს შეასრულა და 2018 წლის 27 აპრილის შეთანხმებით მხარეებმა ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2018 წლის 15 მაისის ჩათვლით განსაზღვრეს, შესაბამისად, სრულიად მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი ვალდებულება მოპასუხემ მხოლოდ 3 დღის ვადაგადაცილებით შეასრულა.
23. ზემოაღნიშნული მსჯელობის საპირწონე ვერ გახდება კასატორის მიერ იმ გარემოებაზე მითითება, რომ ნარდობის ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებაზე მხარეთა შეთანხმებები ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გაგრძელებას არ იწვევდა და მენარდის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა მხოლოდ 2017 წლის 29 ნოემბრის შეთანხმებით გაგრძელდა. საქმეზე დადგენილი გარემოებების ერთობლიობაში შეფასება საფუძველს ქმნის დასკვნისათვის, რომ ყველა შეთანხმება, რომლითაც მხარეებმა ნარდობის ხელშეკრულების მოქმედების ვადა გააგრძელეს, თავისთავად გულისხმობდა, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გაგრძელებას. თითოეულ დასახელებულ შემთხვევაში, ნარდობის ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების მიზანი ის იყო, რომ მენარდეს ვალდებულება შეესრულებინა. ამდენად, ნარდობის ხელშეკრულების მოქმედების ვადის მრავალჯერ გაგრძელებას, სწორედ მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება უნდა უზრუნველეყო. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ თითოეული ასეთი შეთანხმება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გაგრძელებას იწვევდა.
24. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
25. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
27. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე