Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-149-37-გ-03 1 ოქტომბერი, 2003წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

სსკ-ს 408-ე მუხლის მესამე ნაწილის, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის და 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზეპირი მოსამენის გარეშე განიხილა განსჯადობის შესახებ დავა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატასა და იმავე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას შორის.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 25 თებერვალს თ. ი-მა თიანეთის რაიონულ სასამართლოში სარჩელი აღძრა მოპასუხეების: ზ-ების თემის საკრებულოს, თიანეთის ტექაღრიცხვის ტერიტორიული სამსახურის და დ. ს-ის მიმართ და მოითხოვა ზარიძეების საკრებულოს მიერ საკომლო წიგნში მოპასუხე დ. ს-ის კომლის წევრად რეგისტრაციის ბათილად ცნობა და თიანეთის ტექბიუროს დავალდებულება მისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლის დ. ს-ის სახელზე რეგისატრაციის გაუქმების თაობაზე.

თიანეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 30 მაისის გადაწყვეტილებით თ. ი-ის სარჩელი დაკმაოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ზ-ების თემის საკრებულოს მიერ საკომლე წიგნში დ. ს-ის კომლის წევრად რეგისტრაცია მისგან გამომდინარე. სამართლებრივი შედეგებით. თიანეთის ტექაღრიცხვის ბიუროს დ. ს-ის სახელზე თ. ი-ის საცხოვრებელი ბინის რეგისტრაციის გაუქმება დაევალა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დ. ს-ის მიერ თბილისის საოლქო სასამართლოში სააპელაციო წესით იქნა გასაჩივრებული.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2003წ. 17 აპრილის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას გადაეგზავნა იმ საფუძვლით, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა წარმოადგენდა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა ამავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების სამეთა პალატის მოსაზრებას საქმის განსჯადობით გადმოცემის შესახებ და საქმე საკითხის გადასაწყვეტად ზემდგომ _ საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოუგზავნა შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს საკომლო წიგნში მოპასუხე დ. ს-ის რეგისტრაციის ბათილად ცნობა წარმოადგენს, რაც კერძო (სამოქალაქო-საოჯახო) სამართლებრივი ხასიათის დავაა და სსკ-ს მე-11 მუხლის თანახმად, საოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად განიხილება. ამასთან, საკომლო წიგნში ჩაწერის შესახებ დავა, თავისი იურდიული ბუნებით ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ სფეროს სცილდება და ადმინისტრაციულ აქტს არ წარმოადგენს. საკომლე წიგნში ჩანაწერი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტად ვერ იქნება მიჩნეული, რომელიც აწესებს, ცვლის წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებასა და მოვალეობებს, რაც შეეხება ტექბიუროს დავალდებულებას საცხოვრებელი ბინის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე, აღნიშნული საკომლე წიგნში ჩანაწერის გაუქმების თანმდევ შედეგს წარმოადგენს და დამოუკიდებელ დავად არ შეიძლება იქნეს მიჩნეული. იგი ადმინისტრაციული კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით განსახილველად შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დადგინდა, რომ მან თვითნებურად, კანონიერი საფუძვლის არსებობის გარეშე მოახდინა არსებული რეგისტრაციის შეცვლა, რასაც მოცემულ შემთხვევაში არა აქვს ადგილი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართომ განიხილა სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავა და მიიჩნევს, რომ დ. ს-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის განსჯადია შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე თ. ი-ი სადავოდ ხდის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ განხორციელებულ მოქმედებას, კერძოდ სასარჩელო განცხადებაში მოსარჩელე მიუთითებდა, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მისი, როგორც კომლის ბოლო წევრის თანხმობის გარეშე კომლში უკანონოდ იქნა ჩაწერილი დ. ს-ე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართალია საკომლე წიგნში რეგისტრაციის ბათილად ცნობა კერძო-სამართლებრივი ხასიათის დავას წარმოადგენს და სსკ-ს მე-11 მუხლის თანახმად, სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად განიხილება, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საჯარო ფუნქციების განხორციელებას. კერძოდ, მოსარჩელე სადავოდ ხდის საკრებულოს თავმჯდომარის ქმედებას და მიიჩნევს, რომ იგი უფლებამოსილების გადამეტებით, უკანონოდ მოქმედებდა. Aამასთან, საგულისხმოა ისიც, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დ. ს-ის საკომლე წიგნში რეგისტრაცია მართალია ადმინისტრაციულ აქტს არ წარმოადგენს, ვინაიდან ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით იგი არ შეიცავს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ” პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული აქტის ლეგალური დეფინიციის ელემენტებს, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მოსარჩელის მხრიდან უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ განხორციელებული მოქმედების სადავოდ ცნობა.

საკასაციო პალატა სასამართლოთა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით დადგენილი წესით საერთო სასამართლოში განიხილება დავა იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილი კი სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგნის კონკრეტულ ჩამონათვალს მოიცავს, რომელიც არ არის ამომწურავი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის მისაზრებას და მიიჩნევს, რომ კონკრეტული დავა, მართალია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ სფეროში არ ჯდება, მაგრამ იგი ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარებს, რაც გამორიცხავს მის სამოქალაქო-სამართლებრივ დავად მიჩნევას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმე განსჯადობით განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას უნდა დაექვემდებაროს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მეორე მუხლებით და 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. ს-ის სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას გადაეცეს.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.