საქმე №ას-1641-2022 22 მარტი, 2023 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - გ.ი–ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ნოემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ანაზღაურების დაყოვნებისთვის კანონით განსაზღვრული პროცენტის გადახდის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გ.ი–ას (შემდეგში „მოსარჩელე“, „დასაქმებული“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ნოემბრის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა დასაქმებულის საჩივარი და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით უარყოფილ იქნა მოსარჩელის სარჩელი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში „სააგენტო, „მოპასუხე“ ან „დამსაქმებელი“) მიმართ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და ანაზღაურების დაყოვნებისათვის კანონით გათვალისწინებული პროცენტის გადახდის შესახებ.
2. კასატორის პრეტენზიით, სააპელაციო პალატამ არასწორად აითვალა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა და არასწორად დაასკვნა, რომ სარჩელი ხანდაზმული იყო. სასამართლომ ერთობლივად არ შეაფასა დამსაქმებლის მიერ გამოცემული ორი დოკუმენტის - 2020 წლის 2 სექტემბრისა და 2020 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილებების - შინაარსი და გასაჩივრების ვადის ათვლა მოსარჩელის საუარესოდ გადაწყვიტა. სააპელაციო პალატამ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ გახდა საჭირო 2020 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილების მიღება მაშინ, როდესაც უკვე არსებობდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ 2020 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილება.
3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
6. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
7.1. მოსარჩელე 2016 წლიდან დასაქმებული იყო სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს იურიდიული სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების მთავარ სპეციალისტად. მისი შრომის ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვრებოდა 1300 ლარით;
7.2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე 2020 წლის 29 მაისის საქართველოს კანონის საფუძველზე, განხორციელდა სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან შერწყმა, მასთან მიერთებით. მოპასუხეს გადაეცა სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ფუნქცია-მოვალეობები და ჩაითვალა მის უფლებამონაცვლედ;
7.3. მოპასუხის 2020 წლის 12 ივნისის ბრძანებით, სააგენტოში გამოცხადდა რეორგანიზაცია, რომელიც ამავე წლის 9 სექტემბრამდე უნდა დასრულებულიყო;
7.4. რეორგანიზაციის პროცესში სააგენტოში შეიქმნა სარეკომენდაციო კომისია, რომელსაც უნდა გაეცა რეკომენდაცია თანამშრომელთა კომპეტენციისა და უნარების შესახებ;
7.5. სარეკომენდაციო კომისიის მიერ მოსარჩელეს მაქსიმალური 50 ქულიდან მიენიჭა 22.8 სარეიტინგო ქულა. მან დააგროვა სხვა შესაფასებელ პირებთან შედარებით ნაკლები ქულა;
7.6. სააგენტოს 2020 წლის 18 აგვისტოს #კ/4–923 ბრძანებით განისაზღვრა სააგენტოს საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები. ბრძანების დანართის შესაბამისად, რომელიც ძალაში 2020 წლის 8 სექტემბრიდან შევიდა, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურში ჩამოყალიბდა 4 იურიდიული მრჩევლის (ანაზღაურება - სამ პოზიციაზე 1900 ლარი, ერთ პოზიციაზე - 2300), ორი მთავარი სპეციალისტის (ანაზღაურება ერთ პოზიციაზე - 1700 ლარი, ხოლო მეორეზე - 1300 ლარი) და ერთი სპეციალისტის პოზიცია (ანაზღაურება - 1000 ლარი). სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 3 თებერვლის ბრძანებით განისაზღვრა სააგენტოს ახალი საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები. კერძოდ, შეიცვალა სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის იურიდიული მრჩევლების თანამდებობრივი სარგო, შეიქმნა წამყვანი სპეციალისტის ორი პოზიცია, რომელთა ანაზღაურება განისაზღვრა - 1870 ლარით (კოეფიციენტი - 1,7).
7.7. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 2 სექტემბრის წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ სარეკომენდაციო კომისიის 2020 წლის 19 აგვისტოს #6 ოქმის გათვალისწინებით, მიიღეს გადაწყვეტილება 2020 წლის 8 სექტემბრიდან მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ამავე წერილით დასაქმებულს ეცნობა, რომ საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: „სშკ“) 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და 38-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, იგი მიიღებდა კომპენსაციას - ორი თვის შრომის ანაზღაურებას. აღნიშნული წერილი მოსარჩელეს ჩაბარდა 2020 წლის 3 სექტემბერს.
7.8. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 7 სექტემბრის წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება 2020 წლის 8 სექტემბრიდან მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. ამავე წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ სშკ-ის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ის მიიღებდა კომპენსაციას - ორი თვის შრომის ანაზღაურებას;
7.9. მოსარჩელეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ წერილობითი დასაბუთების მოთხოვნით მოპასუხისათვის (განცხადებით) არ მიუმართავს;
8. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის ფარგლებში შესაფასებელია ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ ხანდაზმულობის მოტივით სარჩელის უარყოფის კანონიერება. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს ერთობლივად უნდა შეეფასებინა დამსაქმებლის 2020 წლის 2 სექტემბრისა და 7 სექტემბრის გადაწყვეტილებები და ხანდაზმულობის 30-დღიანი ვადა უნდა აეთვალა არა 2020 წლის 3 სექტემბრიდან (2020 წლის 2 სექტემბრის შეტყობინების ჩაბარებიდან), არამედ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ 2020 წლის 7 სექტემბრის გადაწყვეტილების მოსარჩელისთვის ჩაბარების დღიდან.
9. საკასაციო სასამართლოო აღნიშნავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი, გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. „მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება №1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ოლღა სუმბათაშვილი და იგოგ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
10. სსკ-ის 128-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. აღნიშნული დანაწესით კანონმდებელმა განსაზღვრა სამოქალაქო უფლების დაცვის გარკვეული ვადებით შეზღუდვის აუცილებლობა, რომელიც მყარ სამოქალაქო ბრუნვაზეა ორიენტირებული და მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლით მხარე კარგავს იმ სამართლებრივ ბერკეტებს, რომელთა საშუალებითაც მოთხოვნის იძულებით აღსრულების შესაძლებლობა ჰქონდა. ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა მოწესრიგებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო უფლების დარღვევის თაობაზე. სსკ-ის 130-ე მუხლი (ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ). ხანდაზმულობის ვადის ათვლის დასაწყისის სუბიექტური ფაქტორის განსაზღვრისას პოზიტიურ ცოდნასთან ერთად ბრალეულ არცოდნასაც ითვალისწინებს - დრო, როდესაც უფლებამოსილი პირისათვის უფლების დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა ან გარემოებათა გათვალისწინებით უფლების დარღვევის ფაქტი უნდა შეეტყო. ნორმის აღწერილობითი ნაწილის მითითება - როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო, არ შეიძლება გაგებულ იქნა იმგვარად, რომ გარემოების შეტყობა რაიმე განსაკუთრებულ ფაქტს ან მოვლენას უნდა უკავშირდებოდეს, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი, პრაქტიკულად, ერთმანეთთან თანხვდენილია და ორიენტირებულია კრედიტორის ობიექტურ აღქმაზე ვალდებულების დარღვევის მიმართ. შრომის კოდექსი უფლების რეალიზაციის ვადის ათვლას სწორედ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების ფაქტობრივად შეტყობის მომენტს უკავშირებს (შდრ. იხ. სუსგ საქმე Nას-1298-1218-2015, 15.03.2016წ; Nას-905-871-2016, 02.11.2016წ; 2021 წლის 20 მაისის Nას-790-2020, 20.05.2021წ; Nას-920-2021, 27.10.2021წ).
11. სშკ-ს 38.4-ე (სადავო ურთიერთობის წარმოშობისას არსებული რედაქცია) მუხლის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, დამსაქმებელი ვალდებულია, დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დასაქმებულს უფლება აქვს, წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. მე-7 ნაწილის თანახმად კი, თუ დამსაქმებელი დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით არ დაასაბუთებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს, დასაქმებულს უფლება აქვს, 30 კალენდალური დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ამ შემთხვევაში, დავის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს. ამდენად, კანონმდებელმა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის დაადგინა სპეციალური - 30-დღიანი ვადა, რაც ემსახურება კანონმდებლის მიზანს, მოკლევადიანი გასაჩივრების პროცედურის შემოღებით აღმოფხვრას გრძელვადიანი შრომითი დავების არსებობა (შდრ. იხ სუსგ საქმე Nას-11-11-2018, 04.03 2019 წ; Nას-1418-2018, 13.12.2019 წ).
12. საკასაციო სასამართლოს არაერთ განჩინებაშია განმარტებული, რომ შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა ცალმხრივი მიღებასავალდებულო ნების გამოვლენაა, შესაბამისად, იგი ნამდვილად ადრესატისათვის (დასაქმებულისათვის) მისვლის (ჩაბარების) მომენტიდან მიიჩნევა. დასაქმებულის უფლებაა, ინდივიდუალურად იქნეს გაფრთხილებული დამსაქმებლის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის შესახებ, რაც კონსტიტუციით გარანტირებულ შრომის უფლებას უკავშირდება. როდესაც შრომითი ხელშეკრულება წინასწარი გაფრთხილების გარეშე წყდება (შრომის კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში), მიზანშეწონილია, ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დასაქმებულის შეტყობინება წერილობით განხორციელდეს. წერილობითი დოკუმენტის შექმნა, ერთი მხრივ, დასაქმებულის უფლებების დაცვას ემსახურება, ვინაიდან იგი უფლებამოსილია, სრულ ინფორმაციას ფლობდეს მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღის, საფუძვლისა და გასაჩივრების წესის თაობაზე, მეორე მხრივ კი, დამსაქმებლისათვის მტკიცების პროცესს აიოლებს, რადგან, თუ დამსაქმებელმა ვერ დაადასტურა დასაქმებულისათვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ინფორმაციის ჩაბარება, ხელშეკრულება შეწყვეტილად არ მიიჩნევა. დასაქმებული შეზღუდულია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების 30-დღიანი ვადით (იხ. სუსგ საქმე Nას-1227-2021, 09.02.2022წ.).
13. საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების გასაჩივრების 30-დღიანი ვადა უნდა აითვალოს იმ დღიდან, როდესაც დასაქმებულს წერილობით განემარტა ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი, და ყველაზე გვიან აღნიშნული 30-დღიანი ვადა აითვლება დასაქმებულის მოთხოვნის საპასუხოდ დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მიზეზის დასაბუთების დასაქმებულისათვის ჩაბარების დღიდან. სხვა სამოქალაქო საქმეზე უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ „კანონმდებელმა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის დაადგინა 30-დღიანი ვადა, რომლის ათვლა დაუკავშირა დასაქმებულის მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მიღების ან დამსაქმებლის მიერ 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობითი დასაბუთების ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტს“ (იხ. სუსგ საქმე №ას-11-11-2018, 4.03.2019 წ. პ-34).
14. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ უფლების ფაქტობრივად დარღვევის შესახებ დასაქმებულმა, თავდაპირველად, დამსაქმებლის 2020 წლის 2 სექტემბრის N18/48304 წერილით შეიტყო, სადაც მოპასუხე აწვდიდა მას ინფორმაციას 2020 წლის 8 სექტემბრიდან დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. აღნიშნული წერილი მოსარჩელეს ჩაბარდა 2020 წლის 3 სექტემბერს. ამდენად, 2020 წლის 3 სექტემბრიდან მოსარჩელისთვის სუბიექტურად ცნობილი იყო შრომითი ურთიერთობის ფაქტობრივად შეწყვეტის თაობაზე.
15. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ ვინაიდან დამსაქმებელმა გადაწყვეტილება მისი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ მიიღო 2020 წლის 7 სექტემბერს, სწორედ ამ დროიდან უნდა ათვლილიყო სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის ხანდაზმულობის ვადა.
16. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერების შესახებ გასაჩივრების ვადა და მისი გამოთვლის წესი ორგანული კანონითაა დადგენილი, რაც არც მხარის და არც სასამართლოს შეხედულებაზე არაა დამოკიდებული.
17. ზემოაღნიშნული განმარტებების და იმ ფაქტობრივი გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მოსარჩელემ სამუშაოდან დათხოვნის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების თაობაზე შეიტყო 2020 წლის 3 სექტემბერს, ამასთან, მას შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ წერილობითი დასაბუთების მოთხოვნით მოპასუხისთვის არ მიუმართავს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მოთხოვნის ხანდაზმულობის 30-დღიანი ვადა მართებულად აითვალეს 3 სექტემბრიდან, ხოლო ვინაიდან სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 2020 წლის 10 ოქტომბერს (30-დღიანი ვადის დარღვევით), მოთხოვნა ხანდაზმულია, რაც მისი უარყოფის საკმარის საფუძველს ქმნიდა.
18. ამრიგად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა მათ, სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებთა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ საქმე N ას-1210-2018, 15.02.2019წ), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ი–ას საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;
2. გ.ი–ას (......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №9294, გადახდის თარიღი 23.12.2022), 300 ლარის 70% - 210 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
ვ. კაკაბაძე