Facebook Twitter

საქმე №ას-1535-2022 5 აპრილი, 2023 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - კ.ბ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ლ.ბ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 18 ოქტომბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. კ.ბ–ძე (შემდგომში „მოსარჩელე“, „დასაქმებული“, „ყოფილი დასაქმებული“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) 2018 წლის 18 დეკემბრიდან დასაქმებული იყო სს „ლ.ბ–ის“ (შემდგომში მოპასუხე, „ბანკი“ ან „დამსაქმებელი“) იმერეთის რეგიონალური ფილიალის ტექნიკური მენეჯერის თანამდებობაზე.

2. ბანკის იმერეთის რეგიონალურ ფილიალში არსებობდა ტექნიკური მენეჯერის ორი საშტატო ერთეული. ერთზე დანიშნული იყო მოსარჩელე, ხოლო მეორეზე 2020 წლის 3 თებერვლიდან დანიშნული იყო სხვა პირი, რომელსაც 2020 წლის 2 მარტიდან დამატებით ევალებოდა ბანკის მიერ მითითებული ობიექტების, უძრავ-მოძრავი ქონების ფოტოგადაღება და ფოტოსურათების ბანკისათვის მიწოდება.

3. დამსაქმებლის 2021 წლის 21 იანვრის #122100038 ბრძანებაში მითითებულია, რომ ვინაიდან იმერეთის რეგიონალურ ფილიალში აღარ არის ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე არსებული ოდენობით საკადრო რესურსის დასაქმების საჭიროება, უნდა შემცირდეს ტექნიკური მენეჯერისათვის განსაზღვრული საშტატო ერთეულების რაოდენობა და აღნიშნული პოზიციისათვის განისაზღვროს 1 (ერთი) საშტატო ერთეული. ამავე ბრძანებით, შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, 2021 წლის 22 იანვრიდან სამუშაოდან გათავისუფლდა მოსარჩელე და მიეცა კომპენსაცია ორი თვის შრომის ანაზღაურების სახით.

4. 2021 წლის 4 იანვარს მოსარჩელეს სთხოვა თანამშრომელმა, ლევან ჯანგავაძემ, რომლის სამუშაო ოთახიც დალუქული იყო ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, გადაეღო სურათი ამ ოთახის კარისათვის და გადაეგზავნა ფოტოსურათი მისთვის. მოსარჩელემ შეასრულა ეს თხოვნა, რის თაობაზეც შეიტყო ბანკის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსმა ბ.გ–მა, რომელმაც დაურეკა მოსარჩელეს. მისი განმარტებით, ბანკის ფილიალში ფოტოსურათების გადაღება უსაფრთხოების მიზნით მიჩნეული იქნა საეჭვოდ, რადგან ის შეიძლებოდა მესამე პირებს გამოეყენებინათ ბოროტად. დანაშაულის პრევენციის მიზნით, ყველა პირის გადამოწმება, მათ შორის ბანკის თანამშრომლისაც, წარმოადგენს კორპორატიული სახელმძღვანელოს 9.7 პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებას.

5. სასარჩელო მოთხოვნა:

6.1. ყოფილმა დასაქმებულმა სარჩელი აღძრა სასამართლოში დამსაქმებლის მიმართ და მოითხოვა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ მოპასუხის 2021 წლის 21 იანვრის #122100038 ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

7. მოპასუხის (დამსაქმებლის) შესაგებელი:

7.1. დამსაქმებელმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე სამუშაოდან გათავისუფლდა კანონიერად, ორგანიზაციაში ჩატარებული რეორგანიზაციის გამო.

8. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

8.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

9. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნები:

9.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

10.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

10.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, ასევე შეაფასა საქმეში წარდგენილი მოპასუხის 2020 წლის 23 აპრილის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმის შინაარსი და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოპასუხე ორგანიზაციაში 2020 წლიდან მიმდინარეობდა რეორგანიზაცია და მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა რეორგანიზაციის მიზნებიდან გამომდინარე, აუცილებლობის გამო, რაც უკავშირდებოდა პანდემიისგან გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისს და აუცილებელს ხდიდა როგორც შტატების შემცირებას, ასევე დასაქმებულთა ანაზღაურების სისტემაში ცვლილებების შეტანას. სასამართლომ აღნიშნულის დასტურად მოიშველია დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ბანკში ჩატარებული რეორგანიზაციის პროცესის ფარგლებში 2020 წლის 23 აპრილიდან 2021 წლის 24 მარტამდე რეორგანიზაციის საფუძვლით სამუშაოდან გათავისუფლდა 129 თანამშრომელი. ამასთან, ბანკის იმერეთის რეგიონალურ ფილიალში ტექნიკური მენეჯერის ორი საშტატო ერთეულიდან გაუქმდა ერთი და ამ საშტატო ერთეულზე დარჩა ერთი პირი, რომელსაც დამატებითი ფუნქციების შესრულება ჰქონდა დავალებული ჯერ კიდევ 2020 წლის 2 მარტიდან.

10.3. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ერთ საშტატო ერთეულზე ორი დასაქმებულიდან ერთ-ერთის შერჩევის დროს, დამსაქმებელს სრული უფლება ჰქონდა შერჩევისას შეეფასებინა თითოეული თანამშრომლის მიერ გამოვლენილი უნარები (მათ შორის, გაეთვალისწინებინა ინციდენტი, როდესაც მოსარჩელემ გადაამეტა უფლებამოსილებას ბანკის შიდა პერიმეტრზე ფოტოგადაღებით) რაც ბუნებრივია, არსებითია დასაქმებულის საშტატო ერთეულზე გამწესების დროს. პალატის მოსაზრებით, შენარჩუნებული და გათავისუფლებული დასაქმებულებისადმი ნდობის ხარისხის შედარებისა და განსაზღვრისას, მომხდარმა ინციდენტმა გარკვეული ზემოქმედება მოახდინა დარჩენილ ერთ საშტატო ერთეულზე თანამშრომლის არჩევისას გადაწყვეტილების მიღების დროს, თუმცა ეს გარემოება არ მიიჩნეოდა სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად, ვინაიდან დასაქმებული სამუშაოდან მხოლოდ მას შემდეგ დაითხოვეს, როდესაც რეორგანიზაციით გამოწვეული აუცილებლობის გამო, საჭირო გახდა საშტატო ერთეულის შემცირება.

10.4. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლზე და დადასტურებულად მიიჩნია, რომ ბანკში 2020 წლიდან რეალურად განხორციელდა პანდემიის შედეგებით გამოწვეული ორგანიზაციული ცვლილებები, რასაც მოჰყვა ფინანსური რესურსების დაზოგვა, მათ შორის სახელფასო ფონდის შემცირება, რამაც, თავის მხრივ, შემცირებულ შტატზე დასაქმებული თანამშრომლების, მათ შორის, მოსარჩელის, სამსახურიდან გათავისუფლების აუცილებლობა წარმოშვა.

11. კასატორის მოთხოვნა და საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

11.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

11.2. კასატორის განცხადებით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა ბანკში ჩატარებული რეორგანიზაციის საფუძვლით. სინამდვილეში კი, იგი სამუშაოდან დაითხოვეს ბანკის შენობაში ფოტოების გადაღების და არა რეორგანიზაციით გამოწვეული აუცილებლობის გამო. სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ ბანკის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის, გ–ის გარდა სხვა პირის მხრიდან მოსარჩელეზე ზეწოლის ფაქტი არ დასტურდებოდა. ამასთან, ვინაიდან გ–ი არ იყო მოსარჩელის უშუალო ხელმძღვანელი, მტკიცებულებად არ მიიღო მასს და მოსარჩელეს შორის სატელეფონო საუბრის ფარული ჩანაწერი, სადაც ჩანს მოსარჩელის მიმართ განხორციელებული მუქარა.

12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი:

12.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 9 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

14. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

15. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი შედეგის - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება - სამართლებრივი საფუძველია სშკ-ის 48.8-ე (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება), 58-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), ასევე, სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) და 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლები.

16. დასაქმებულის სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ სადავო ბრძანების კანონიერების დადგენა შესაძლებელია, მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად. მუშაკის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ყოველ კონკრეტულ ბრძანებას თავისი საფუძველი გააჩნია, რაც ამართლებს ან არ ამართლებს მის გამოცემას. ასეთ დროს, სასამართლოს როლი სწორედ ბრძანების საფუძვლის მართლზომიერების საკითხის გამორკვევაა, რაც დასაქმებულის სარჩელის იურიდიული ბედის განმსაზღვრელია (იხ. სუსგ საქმე №ას-1304-2020, 11.06.2021; საქმე №ას-151-147-2016,1 9.04.2016).

17. ამდენად, დადგენილი სასამართლო პრაქტიკით, მოცემული საკითხის გამორკვევა შესაძლებელია, მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული განთავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. სუსგ საქმე №ას-151-147-2016, 19.04.2016).

18. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ („შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას“ ) ქვეპუნქტი.

19. მითითებული ნორმის სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ორგანიზაციული ცვლილებები (რეორგანიზაცია) მხოლოდ მაშინ წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ არსებობს სამუშაო ძალის შემცირების აუცილებლობა (იხ. სუსგ საქმე №ას-1444-1364-2017, 9.03.2018). ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თავისთავად, რეორგანიზაციის ჩატარების მართლზომიერი საფუძვლების არსებობა, ავტომატურად, რეორგანიზაციის საფუძვლით, ნებისმიერ გათავისუფლებულ პირთან, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ბრძანების დასაბუთებულობას არ გულისხმობს. დამსაქმებელმა ორგანიზაციამ, მსგავს შემთხვევაში უნდა დაამტკიცოს, როგორც რეორგანიზაციის ჩატარების აუცილებლობა, აგრეთვე, ობიექტური საფუძვლებით ჩატარებული რეორგანიზაციისას, სწორედ მოსარჩელის კადრის შემცირება რომ იყო უკიდურესი ზომა, და, სწორედ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტით იყო, მიზნის მიღწევა შესაძლებელი, ეს გარემოებაც.

20. საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის რეორგანიზაციის, საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისას, დამსაქმებელმა არჩევანისას უნდა იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს.

21. შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს, დამსაქმებლის ვალდებულებაა, დაასაბუთოს რამდენიმე გარემოება, კერძოდ: ა) ის საწარმოო აუცილებლობა, რომელიც შესაძლოა, ლეგიტიმურ მიზანს წარმოადგენდეს რეორგანიზაციისა თუ შტატების შემცირებისათვის; ბ) რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების ფაქტობრივი განხორციელებისა და მისი კანონთან შესაბამისობის საკითხი – ის ლეგიტიმური მიზანი, რომლის გამოც დამსაქმებელმა ცვლილებები წამოიწყო, მიღწეულ უნდა იქნეს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და ამ პროცესში თვალთმაქცურად არ უნდა ჩატარდეს რეორგანიზაცია არასასურველი დაქირავებულების თავიდან მოშორების მიზნით (იხ. სუსგ საქმე №ას-280-2020, 5.03.2021).

22. სანამ სადავო ბრძანების კანონიერების შეფასებაზე გადავალთ, აღსანიშნავია, რომ შრომითსამართლებრივ დავებში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებური წესი, რომლის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ადასტუროს დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლების კანონიერი და საკმარისი საფუძვლის არსებობა. ეს იმითაა გამოწვეული, რომ მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებელსა და დასაქმებულს არათანაბარი შესაძლებლობები გააჩნიათ, დამსაქმებელს მტკიცებითი უპირატესობა აქვს, სასამართლოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები წარუდგინოს. ამდენად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, მტკიცების ტვირთს დამსაქმებლის მხარეს აბრუნებს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (იხ. სუსგ საქმე №ას-151-147-2016, 19.04.2016; საქმე №ას-483-457-2015, 7.10.2015; საქმე №ას-1276-1216-2014, 18.03.2015).

23. ამდენად, სწორედ დამსაქმებელია ვალდებული, სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გზით დაადასტუროს, რომ, კონკრეტულ შემთხვევაში, მის მიერ მითითებული მიზეზების გათვალისწინებით აღარ ესაჭიროებოდა იმ ფუნქციური დატვირთვის მქონე საშტატო ერთეული, რომელზეც მოსარჩელე იყო დასაქმებული. იმ პირობებში, როდესაც თავისუფალი მეწარმეობა და კონკურენცია სწრაფად ვითარდება, ორგანიზაციული ცვლილებების განხორციელება დამსაქმებლის ნებაზეა დამოკიდებული და მის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. სასამართლო მხოლოდ იმას იკვლევს, არის თუ არა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ორგანიზაციულ ცვლილებებსა და დასაქმებულის გათავისუფლებას შორის (იხ. სუსგ საქმე №ას-280-2020, 5.03.2021).

24. მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებელმა შეძლო დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება, კერძოდ, იმის დადასტურება, რომ მოსარჩელის სამუშაოდან დათხოვნა რეალურად განხორციელებული ორგანიზაციული ცვლილებების (შტატების შემცირება) შედეგია. ამ დასკვნის საფუძველს ქმნის მოპასუხის მიერ მითითებული და სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1) 2020 წლის 23 აპრილს მოწვეულ იქნა ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა, რომელმაც განიხილა ორი საკითხი: ბანკის დირექტორატის წევრების სახელფასო განაკვეთის ცვლილება და რეორგანიზაციისა და კადრების ოპტიმიზაციის დაწყების საკითხი. საბჭოს სხდომის ოქმში აღნიშნულია შემდეგი: „საქართველოს და სრულიად მსოფლიოს წინაშე არსებულმა გლობალურმა გამოწვევამ, ინფექციური დაავადება COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის სახით, მასთან ბრძოლის მიზნით გატარებულმა რეფორმებმა და ღონისძიებებმა უდიდესი გავლენა მოახდინა უკლებლივ ყველა სახის ბიზნეს საქმიანობაზე და, მათ შორის, ფინანსურ სექტორზე. იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს აღნიშნული შეზღუდვების დასრულების შესაძლო კონკრეტული ვადა და ამასთან, გარკვეული ეკონომიკური და ფინანსური პროგნოზებით მსოფლიო და, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკაზე პანდემიის გავლენა იქნება მნიშვნელოვნად საზიანო და მის აღდგენას დასჭირდება საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი, ზემოაღნიშნული სირთულეებისა და სამომავლო გაურკვევლობების გათვალისწინებით, ბანკი გეგმავს ა) გადახედოს დირექტორატის წევრების სახელფასო განაკვეთებს და მოახდინოს მათი გარკვეულწილად კორექტირება; ბ) დაიწყოს რეორგანიზაციის და ოპტიმიზაციის პროცესი“ (იხ. ტ. 2, ს.ფ 26-30);

2) ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს 2020 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით კომპანიაში დაიწყო რეორგანიზაციის პროცესი, რომლის ფარგლებშიც 2021 წლის 24 მარტამდე რეორგანიზაციის საფუძვლით გათავისუფლდა 129 თანამშრომელი (იხ. ტ. 2, ს.ფ 32-42);

3) ამავე გადაწყვეტილების ფარგლებში, ბანკის იმერეთის რეგიონალურ ფილიალში ტექნიკური მენეჯერის ორი საშტატო ერთეულიდან გაუქმდა ერთი (მოსარჩელის შტატი) და ამ საშტატო ერთეულზე დარჩა სხვა პირი (შ.ყ–ძე), რომელსაც დამატებითი ფუნქციების შესრულება ჰქონდა დავალებული ჯერ კიდევ 2020 წლის 2 მარტიდან (იხ. ტ. 1. ს.ფ 41)

25. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის ძირითადი საკასაციო პრეტენზია ეხება იმას, რომ იგი სამუშაოდან გაათავისუფლეს არა რეორგანიზაციის გამო, არამედ სხვა მიზეზით (ბანკის შენობაში ფოტოგადაღების გამო), თუმცა გათავისუფლების საფუძვლად არასწორად მიუთითეს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი (რეორგანიზაცია ან/და შტატების შემცირება).

26. საკასაციო პალატა უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს კასტორის ზემოთმითითებულ პრეტენზიას და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს სათანადო მტკიცებულებების წარდგენით არ დაუდასტურებია მითითებული გარემოება. კასატორის განცხადება, რომ მასსა და ბანკის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსს, ბ.გ–ს შორის არსებული ფარული სატელეფონო ჩანაწერით დგინდებოდა მის მიმართ განხორციელებული მუქარა, რამაც გავლენა მოახდინა სამუშაოდან მისი გათავისუფლების პროცესზე, ასევე მოსარჩელის უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან კასატორისთვის გაკეთებული შეთავაზება სამუშაოს ნებით დატოვების შესახებ, ვერ მიიჩნევა იმგვარ დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად, რაც სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

27. კასატორის მითითებული პრეტენზიების პასუხად, დამსაქმებელს სასამართლოსთვის წარდგენილი აქვს კონკრეტული მტკიცებულებები, დასაბუთება და ლოგიკური წინაპირობები, რაც წინ უძღვოდა ბანკში შტატების შემცირებას და ანიჭებდა მას მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის მოშლის უფლებამოსილებას. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატას დასაბუთებულად მიაჩნია მოპასუხე მხარის არგუმენტი, რომ სადავო რეორგანიზაცია მიზნად ისახავდა ორგანიზაციის საქმიანობის ეფექტურად წარმართვას, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებასა და ადამიანური რესურსების ოპტიმალურად გადანაწილებას.

28. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ დამსაქმებელს ჰქონდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისათვის სშკ-ის 47.1 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, რის გამოც სადავო ბრძანების ბათილობაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება გასაზიარებელია.

29. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა მათ, სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებთა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

30. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კ.ბ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე