Facebook Twitter

საქმე №ას-1539-2018 29 ივნისი, 2020 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – თ.ო–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – წმინდა მ.მ. სახელობის ეკლესიის მოძღვარი მ.ა–ნი (მ.ა–ნი), საქართველოს საპატრიარქო (მოპასუხეები)

თავდაპირველი მოსარჩელეები – ლ.გ–ი, თ.ე–ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ.გ–ის, თ.ო–ძის (შემდგომში - „კასატორი“) და თ.ე–ის (შემდგომში - „მოსარჩელეები“) სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგინდა, რომ აღკვეთილ იქნას მოძღვარი მ–ის (მ.ა–ნის) და საქართველოს საპატრიარქოს (შემდგომში - „მოპასუხეები“) თვითნებური ქმედებები და ქ. თბილისი, ........ ნაკვეთი N..-ში (საკადასტრო კოდი .....) მოსარჩელეებმა გაიყვანონ საკანალიზაციო მილი.

2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. სააპელაციო პალატის განმარტებით, სარჩელის ცნება განუყოფლად უკავშირდება დარღვეულ ან სადავოდ ქცეულ სუბიექტურ უფლებას და იგი ამ უფლების მატერიალურ-სამართლებრივი დაცვის საშუალებაა, რომლისადმი ღირსი ინტერესიც მოსარჩელეს უნდა გააჩნდეს. ამიტომ, თუ არსებობს სამართლებრივად აღიარებული და დადგენილი უფლება, სარჩელი, როგორც ამ უფლების გაქარწყლების საფრთხისგან დაცვის საშუალება, მისი აღმძვრელისათვის ქმედითი და რეალიზებადია საგნის (მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნა მოპასუხის მიმართ) და საფუძვლის (სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები, რომელთა შეფარდება განაპირობებს სადავო სამართალურთიერთობის სუბიექტების უფლება-მოვალეობების წარმოშობას, შეცვლას და შეწყვეტას) სწორი მიმართების პირობებში.

5. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სარჩელზე, რომლის თანახმად, მოსარჩელეთა სამართალწარმოებითი მოთხოვნა ჩამოყალიბებულია შემდეგნაირად: აღკვეთილ იქნას მოძღვარი მ–ის (მ.ა–ნის) (დაზუსტებული მოთხოვნით მასთან ერთად საქართველოს საპატრიარქოს) თვითნებური ქმედებები და მიეცეთ ქ. თბილისი, ..... მ/რ-ის ნაკვეთი N..-ში (საკადასტრო კოდი .....) მაცხოვრებლებს (მოსარჩელეებს: ლ.გ–ს, თ.ო–ძეს და თ.ე–ს) საშუალება გაიყვანონ საკანალიზაციო მილი. სარჩელის მოტივების თანახმად, მოსარჩელეთა ინტერესი საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საკანალიზაციო მილის გაყვანის შესახებ, განაპირობა მიწის ნაკვეთის ტექნიკური პირობების გამო, კომუნიკაციის აღნიშნული საშუალების სხვა ალტერნატიული გზით მოწყობის შეუძლებლობამ.

6. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები ემყარება საქმეში წარმოდგენილ დოკუმენტებს მოსარჩელეთა საყოფაცხოვრებო საჭიროებისთვის კანალიზაციის მილის ტექნიკურად სწორი განლაგების და იურიდიულად ლეგალური ნებართვის არსებობის თაობაზე, კერძოდ, შპს ,,ჯ.უ.ე.ფ–ის“ 2015 წლის 08 აპრილის წყალარინების ტექნიკური პირობის თანახმად, ლ.გ–ის (ტექნიკური პირობის მომთხოვნი პირი) მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, ობიექტის - ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის გარე საკანალიზაციო ქსელმა უნდა გაიაროს საპატრიარქოს კუთვნილ ტერიტორიაზე, რისთვისაც საჭიროა საპატრიარქოს ნებართვა (ს.ფ. 310). საქმეში წარმოდგენილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივნის დეკანოზ მ.ბ–ის 2014 წლის 18 სექტემბრის N887 წერილში (ს.ფ. 15) აღწერილია, რომ 2014 წლის 10 სექტემბერს მოსარჩელეებმა მიმართეს საპატრიარქოს და ითხოვეს საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: ......) გამავალი საავტომობილო გზით სარგებლობის უფლება და ამავე გზის გასწვრივ საკანალიზაციო სისტემის გაყვანა. საქართველოს საპატრიარქო დაეთანხმა მოსარჩელეებს ესარგებლათ აღნიშნული გზით და მის გასწვრივ გაეყვანათ საკანალიზაციო სისტემა. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 10 ივნისის დასკვნის თანახმად, შპს ,,დ.გ–ის“ მიერ მომზადებული ქ. თბილისში, ..... ლ.გ–ის ნაკვეთზე (.......) საკანალიზაციო ქსელის მოწყობის პროექტისა და ადგილზე სიტუაციის შესწავლის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ლ.გ–ის სახლიდან თვითდენითი კანალიზაციის მილსადენის პროექტით გათვალისწინებული ვარიანტის გარდა, სხვა ალტერნატივა არ არსებობს; ამასთანავე, ამ ვარიანტით კომპლექსურად გადაწყდება მისი მეზობლების სახლების კანალიზების საკითხიც. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კანალიზაციის მილის გაყვანის ეს ვარიანტი, რელიეფის კარგი ქანობის გამო, არ შექმნის რაიმე სახის საინჟინრო გართულებებს და არავითარ ზეგავლენას არ მოახდენს ლანდშაფტზე. სააპელაციო პალატის მითითებით, სარჩელის ფაქტობრივი გარემოებები ასევე ეფუძნება საქმეში წარმოდგენილ საკანალიზაციო ქსელის პროექტებს, განმარტებით ბარათებს, ხარჯთაღრიცხვას, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილებს და ნახაზს, უფლების გავრცელების ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირველადი უფლების შესახებ ინფორმაციას, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გამოცემულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.

7. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხის შედავება სარჩელის უსაფუძვლობის სამტკიცებლად, ძირითადად ეყრდნობა საქმეში წარმოდგენილ 2016 წლის 16 თებერვლის წერილს (რომლითაც უარყოფილია ეკლესიის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (....) გამავალი საავტომობილო გზით სარგებლობის უფლების და ამავე გზის გასწვრივ საკანალიზაციო სისტემის გაყვანის ნებართვის შესახებ წერილი) და აპელირებას, რომ სარჩელი, მასში ასახული სასარჩელო მოთხოვნისა და სამართლებრივი საფუძვლის არასწორად შერჩევის გამო, უპერსპექტივო და დაუსაბუთებელია.

8. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელეთა ინტერესს წარმოადგენს სამართალწარმოების გზით უზრუნველყონ კანალიზაციის სისტემის მოწყობა აუცილებელი საყოფაცხოვრებო საჭიროებისათვის, რაც განაპირობებს მოპასუხისათვის საკუთრებით თავისუფალი სარგებლობის უფლების შეზღუდვას, სამეზობლო თმენის ვალდებულებიდან გამომდინარე. მოსარჩელე მხარის მოთხოვნა დაეფუძნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 175-ე მუხლს (სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულება). სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორედ აღნიშნული მუხლით დაარეგულირა სადავო საკითხი, თუმცა ყურადღება არ მიაქცია სარჩელის საფუძვლებისათვის სარჩელის საგნის შესაბამისობას, ასევე გადაწყვეტილების შედეგით მისაღებ რეალურ ეფექტს (გადაწყვეტილების აღსრულებაუნარიანობას).

9. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 175-ე მუხლზე [1. მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეს არ შეუძლია აკრძალოს მეზობელი ნაკვეთიდან თავის ნაკვეთზე გაზის, ორთქლის, სუნის, ჭვარტლის, კვამლის, ხმაურის, სითბოს, რყევების ან სხვა მსგავს მოვლენათა ზემოქმედებანი, თუკი ისინი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას. 2. იგივე წესი მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, როცა ზემოქმედება არსებითია, მაგრამ იგი გამოწვეულია სხვა ნაკვეთით ან სხვა უძრავი ქონებით ჩვეულებრივი სარგებლობით და არ შეიძლება მისი აღკვეთა ისეთი ღონისძიებებით, რომლებიც ამ სახის მოსარგებლეთათვის ნორმალურ სამეურნეო საქმიანობად მიიჩნევა. 3. თუ მესაკუთრე მოვალეა ითმინოს ასეთი ზემოქმედება, მას შეუძლია ზემოქმედების გამომწვევი ნაკვეთის მესაკუთრეს მოსთხოვოს შესაბამისი ფულადი კომპენსაცია იმ შემთხვევაში, როცა ზემოქმედება აღემატება მოცემულ ადგილას ჩვეულებრივად მიჩნეულ სარგებლობას და ეკონომიკურად დასაშვებ ფარგლებს.] დაყრდნობით განმარტა, რომ აღნიშნული ნორმის მავალდებულებელი ხასიათიდან გამომდინარე, სამეზობლო ურთიერთობებში მესაკუთრის თმენის ვალდებულება იმპერატიულია და იგი უკავშირდება მეზობელი ნაკვეთიდან თავის ნაკვეთზე ისეთ ნეგატიურ ემისიებს (ემისიის ცნებაში იგულისხმება ყველა ის ზემოქმედება, რაც ერთი მიწის ნაკვეთიდან მეორეზე ვრცელდება და გარკვეულ ზიანს აყენებს მას: გაზის, ორთქლის, სუნის, ჭვარტლის, კვამლის, ხმაურის, სითბოს, რყევების ან სხვა მსგავს მოვლენათა ზემოქმედებანი), რომლებიც მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში არსებითად არ ზღუდავენ, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას. მეზობელ ნაკვეთზე ზემოქმედება კი ნიშნავს პოზიტიურად ზემოქმედებას, რომლის მგრძნობელობითი აღქმა და ფიზიკურად დადგენა შესაძლებელია. ნორმით განსაზღვრული ზემოქმედების სახეობების გარდა, აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს, რომ ისინი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას. ამდენად, ემისიების ზემოქმედების გამომწვევი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ვალდებულია დაამტკიცოს, რომ ზემოქმედება უმნიშვნელოდ ხელყოფს მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრის უფლებას ან ხელს არ უშლის მას მიწის ნაკვეთით სარგებლობაში. მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ უნდა დაამტკიცოს, რომ მეზობელი მიწის ნაკვეთის ემისიების ზემოქმედება არსებითია, ასევე უნდა ამტკიცოს ემისიებსა და მიწის ნაკვეთით სარგებლობის ხელშეშლას შორის არსებული მიზეზ-შედეგობრივი კავშირი, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომ ემისიებით გამოწვეული ზემოქმედებები თმენის ვალდებულებას აკისრებს მეზობელს, რადგან იგი უძრავი ქონებით ჩვეულებრივი სარგებლობის შედეგია და ამ სახის მოსარგებლეთათვის ნორმალურ სამეურნეო საქმიანობად მიიჩნევა.

10. სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელეთა ინტერესის გათვალისწინებით ზემოთ მითითებული ნორმის დისპოზიციის შესაბამისი შემთხვევა სახეზე არ იყო. იმისათვის, რომ მოსარჩელეთა მიზანი - დაიკმაყოფილონ ყოფითი პირობების აუცილებელი საჭიროებები, მიღწევადი გამხდარიყო, მოსარჩელე მხარეს უნდა მოეთხოვა ან აუცილებელი კავშირის დადგენა სსკ-ის 180-ე მუხლის საფუძველზე, ან მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან სერვიტუტზე შეთანხმებულიყო.

11. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 180.1 მუხლზე [თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს] დაყრდნობით განმარტა, რომ აღნიშნული ნორმის თანახმად, სამეზობლო სამართლის რეგულირების სფეროში შედის და ანგარიშგაწევის პრინციპს ეფუძნება ასევე მეზობელ ნაკვეთზე აუცილებელი კავშირის დადგენის შემთხვევა. იგი განისაზღვრება, როგორც აუცილებელი საჭიროებების ჯეროვანი სარგებლობის მოპოვებისათვის აუცილებელი კავშირის უფლების აღიარება მეზობელი მიწის ნაკვეთის გამოყენებით და იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს სხვა ალტერნატივა. ანუ, აუცილებელი კავშირის უალტერნატივო საჭიროება დასტურდება მიწის ნაკვეთთან სხვა გზით დაკავშირების შესაძლებლობის არარსებობის ფაქტით (აქ მნიშვნელოვანი მტკიცებულება სხვა მტკიცებულებათა შორის შეიძლება გახდეს ექსპერტიზის დასკვნა). ამიტომაც, აუცილებელი კავშირის დადგენის გარდაუვალობის შემთხვევაში, სამეზობლო თმენის ვალდებულების წარმოშობა დამოუკიდებელია გამოსაყენებელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის სამართლებრივი ნებისგან. რაც შეეხება მეორე შემთხვევას - სერვიტუტს, იგი აუცილებელი კავშირის სასამართლო წესით დადგენისგან განსხვავებით მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ნებაზეა დამოკიდებული, რადგან სახეზე არ არის აუცილებელი კავშირის უალტერნატივო საჭიროება.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა სამართალწარმოებითი მოთხოვნა ანუ სარჩელის საგანი - აღკვეთილ იქნას მოძღვარი მ–ის (მ.ა–ნის) და საქართველოს საპატრიარქოს თვითნებური ქმედებები და მიეცეთ ქ.თბილისი, ...... N35 ნაკვეთის (საკადასტრო კოდი .......) მაცხოვრებლებს (მოსარჩელეებს - ლ.გ–ს, თ.ო–ძეს და თ.ე–ს) შესაძლებლობა გაიყვანონ საკანალიზაციო მილი მოპასუხეთა საკუთრებად აღრიცხულ მიწის ნაკვეთზე, მოსარჩელეთა რეალური ინტერესის გამართლებისთვის არასწორად იყო ფორმულირებული, მისი გამართლების შესაბამის საფუძვლებთან.

13. სააპელაციო პალატის განმარტებით, სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპზე, შესაბამისად, სასამართლოს არ აქვს უფლება თვითნებურად მოახდინოს სარჩელის საგნის ტრანსფორმაცია მაშინ, როცა ასეთი შესაძლებლობა მოსარჩელესაც სამართალწარმოების გარკვეული ეტაპის შემდეგ თავადვე აქვს შეზღუდული. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საკითხი არ იდგა სარჩელის მხოლოდ სწორი სამართლებრივი საფუძვლის შერჩევაზე, რა დროსაც ასეთი ცდომილება სარჩელის პერსპექტივას ვერ მოსპობს, ასეთ დროს სასამართლოს აქვს უფლებამოსილება სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების კონკრეტულ მატერიალურ-სამართლებრივ ნორმასთან შესაბამისობა დაადგინოს. წინამდებარე შემთხვევაში კი, სასარჩელო მოთხოვნა, რომლის წარდგენის და ჩამოყალიბების უფლებამოსილება მხოლოდ მოსარჩელეს გააჩნდა, ვერ ამართლებდა სარჩელის შინაარსის თანახმად მოსარჩელეთა ინტერესებს. შესაბამისად, სარჩელი დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო იყო.

14. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კასატორმა შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

15. საკასაციო საჩივრის თანახმად, სასარჩელო მოთხოვნაში მკაფიოდ იქნა ჩამოყალიბებული მოთხოვნა მოძღვრის მიერ კანონიერი გზით გაშენებული მიწისქვეშა საკანალიზაციო ხაზის (ყოველგვარი სამშენებლო ნორმების დაცვითა და საექსპერტო დასკვნებით დამაგრებული პროექტით განხორციელებული საკანალიზაციო ხაზი) დაზიანების აღკვეთის შესახებ და არა - ხაზის გაყვანის შესახებ. კასატორი მიიჩნევს, რომ აღდგენილ უნდა იქნას საკანალიზაციო ხაზი, ვინაიდან იგი კანონის დაცვით არის გაყვანილი და უნდა აღიკვეთოს მოძღვრის ხელშეშლა მისი ფუნქციონირების მიზნით.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

17. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

18. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

19. კასატორი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ იგი ითხოვდა არა საკანალიზაციო ხაზის გაყვანას, არამედ იმას, რომ აღკვეთილიყო მოძღვრის ქმედება - მიწისქვეშა საკანალიზაციო ხაზის დაზიანება. კასატორი მიიჩნევს, რომ აღდგენილ უნდა იქნას საკანალიზაციო ხაზი.

20. საკასაციო პალატა უპირველესად განმარტავს, რომ მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ [სსსკ-ის 3.1 მუხლი]. მოცემული ნორმა ნების ავტონომიის საპროცესო გამოხატულებაა, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპზე დაყრდნობით ყოველი პირი, რომელსაც მიაჩნია, რომ დაირღვა მისი უფლება, თავად წყვეტს ამ უფლების სასამართლო წესით დაცვას საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, თავად განსაზღვრავს დავის საგანს და იმას, თუ რა ფაქტებსა და გარემოებებზე დაამყაროს მოთხოვნა. ამავე კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. ამდენად, როგორც სასამართლოში დავის დაწყება, ისე მოთხოვნის ჩამოყალიბება თუ დავის საგნის განსაზღვრა, მხოლოდ მხარის პრეროგატივაა.

21. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი – კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება კი სასამართლოს ვალდებულებაა.

22. სარჩელის თანახმად, „თითქმის ერთი წელია მოქალაქეებს არ ეძლევათ საშუალება კომუნიკაციების გაკეთებისა, რადგან ხელს უშლით ამავე ტერიტორიაზე მდებარე წმინდა მ.მ. სახელობის ეკლესიის მოძღვარი მ–ი (მ.ა–ნი), რომელმაც უკვე ჩადგმული მილები ამოყარა და ყოველ მისვლაზე წყელვა-კრულვით იკლებს მათ... ამავე დროს დეკანოზმა მ–მა წითელი ხაზების დაფიქსირების დროს მოსახლეობას გადაუკეტა ეზოებში შესასვლელი გზა, ასევე მან თვითნებურად გადაჭრა საკანალიზაციო მილი, სადაც ძვირადღირებული სამუშაოებია ჩატარებული. უნდა აღინიშნოს, რომ მოქალაქეებს არ გააჩნიათ ყოფითი პირობები, კერძოდ: სველი წერტილები და არ არსებობს სხვა ალტერნატიული გზა იმისათვის, რომ მოსახლეობამ გაიყვანოს მათთვის საჭირო კომუნიკაციები“ (იხ. სარჩელი, ს.ფ. 3).

23. სასარჩელო მოთხოვნის თანახმად, მოსარჩელეები ითხოვენ აღკვეთილ იქნას მოძღვარი მ–ის (მ.ა–ნის) (დაზუსტებული მოთხოვნით ასევე საქართველოს საპატრიარქოს) თვითნებური ქმედებები და საშუალება მიეცეთ ქ. თბილისი, ........ ნაკვეთი №..-ში (საკადასტრო კოდი ......) გაიყვანონ საკანალიზაციო მილი. მოსარჩელეები მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებად უთითებენ სსკ-ის 174-ე და 175.1 მუხლებზე.

24. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს სწორედ საკანალიზაციო მილის გაყვანა, რომლის მიღწევა სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულების ფარგლებში შეუძლებელია. მართალია, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება სასამართლოს ვალდებულებაა, თუმცა, განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ არის მხოლოდ ეს შემთხვევა. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სასარჩელო მოთხოვნა ვერ ამართლებს სარჩელის შინაარსის თანახმად მოსარჩელეთა ინტერესებს; მოსარჩელის მიზანი მიღწევადი გახდება, თუ მოსარჩელე მოითხოვს ან აუცილებელი კავშირის დადგენას სსკ-ის 180-ე მუხლის საფუძველზე, ან მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრესთან შეთანხმდება სერვიტუტზე.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს.

26. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. თ.ო–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს თ.ო–ძეს (პ/ნ ....) დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 9 ნოემბრის №18528085 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 (ას ორმოცდაათი) ლარის 70% – 105 (ას ხუთი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე