Facebook Twitter

№აას-1009-2022

09 მარტი, 2023 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – ა.ო–ვი, რ.შ–ვა (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.ო–ვი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 მარტის განჩინება

კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ა.ო–ვმა (შემდეგში - მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა ბოლნისის რაიონულ სასამართლოში ა.ო–ვისა და რ.შ–ვას (შემდეგში - მოპასუხეების) მიმართ, უკანონო მფლობელობიდან მისი კუთვნილი უძრავი ნივთის გამოთხოვისა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის მოთხოვნით.

1.1. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ ამჟამად მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება არის კომლის საერთო საკუთრებაში არსებული ქონება და მათთვის უცნობია, თუ როგორ მოხდა მოსარჩელის სახელზე მათი საცხოვრებელი სახლის საკუთრების უფლებით დარეგისტრირება, რის გამოც მომავალში აპირებენ დავას.

2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ა.ო–ვის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეების ა.ო–ვის და რ.შ–ვას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ .......... მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი: 82.09.42.310) და დადგინდა მესაკუთრისათვის უძრავი ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.

3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 24 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. საქმის მასალებში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდებოდა, რომ უძრავი ქონება, მდებარე - დმანისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ....., უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: ....... (დაზუსტებული ფართობი 2798.00კვ.მ., შენობა ნაგებობის ჩამონათვალი N1, N2), საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელის, ა.ო–ვის სახელზე.

5.2. ამონაწერის თანახმად, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებს წარმოადგენს - მიწის მიღება-ჩაბარების აქტი N145, წერილი N15/83724, დამოწმების თარიღი 19.07.2019, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი. 2019 წლის 19 ივლისის N15/83724 საარქივო ცნობის მიხედვით, 1986-1996 წლების მონაცემებით მოსარჩელის კომლის (სოფელი .......) ერთადერთ წევრად ჩაწერილია ა.ო–ვი; კომლს ერიცხება 1986-1989წ.წ.-1979 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლი საერთო ფართით 95.8 კვ.მ.; 1997-2009 წლების საკომლო წიგნში არსებობს შემდეგი ჩანაწერი: უფროსი - ა.ო–ვი (უფროსი); რ.ო–ვა (მეუღლე); ო. ო–ვი (შვილი); ე. ო–ვი (შვილი) ა. ო–ვა (შვილი); კომლს ერიცხება 1997 წ. საცხოვრებელი სახლი საერთო ფართით 89 კვ.მ.; შესაბამისად, ირკვევა რომ მოპასუხეები არც პირველ ეტაპზე და არც მეორე ეტაპზე მოსარჩელის ოჯახის წევრებს შორის არ ირიცხება.

5.3. საქმის მასალებში წარმოდგენილია ასევე, 2017 წლის 06 სექტემბერის N15/133561 საარქივო ცნობა, რომელის მიხედვითაც, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ......... 1986-1996წ.წ. საკომლო ჩანაწერებით კომლის უფროსად ჩაწერილია ა.ბ. ოგ ო–ვ (მოსარჩელის და მოპასუხე ა.ო–ვის მამა); მოპასუხე ა.ო–ვი არის კომლის წევრი, კომლს საკუთრებაში ერიცხება 1986-1988წ.წ. 1978 წელს აშენებული სახლი, საერთო ფართით 61.1 კვ.მ. 2017 წლის 14 ნოემბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ უძრავი ქონება მდებარე დმანისის რაიონი, სოფელი .... (ს/კ N......) საკუთრების უფლებით დარეგისტრირებულია გ. ო–ვასა და ა.ო–ვის სახელზე, ხოლო უფლების წარმომშობ დოკუმენტად მითითებულია დათვალიერების ოქმი და საარქივო ცნობა. ამასთან, 2017 წლის 25 ნოემბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ უძრავი ქონება მდებარე დმანისის რაიონი, სოფელი .... (ს/კ N .....) საკუთრების უფლებით დარეგისტრირებულია ა.ო–ვის სახელზე, ხოლო უფლების

წარმომშობ დოკუმენტად კი მითითებულია უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება.

5.4. ზემოაღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სახეზე იყო ორი კომლი, რომელთაგან ერთი არის მოსარჩელის კომლი, ხოლო მეორე მოპასუხის. მოსარჩელის კომლს უძრავი ქონება ეკუთვნის სოფელ .......... (სადაც მდებარეობს დავის საგანი), ხოლო მოპასუხის კომლს - სოფელ ......

5.5. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეები სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ მოსარჩელის კუთვნილ სადავო უძრავ ქონებას.

5.6. პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლზე, რომლის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

5.5. პალატის მითითებით, მოსარჩელის მესაკუთრედ ყოფნისა და მოპასუხეების მიერ მოსარჩელის კუთვნილი ქონების ფლობის ფაქტი არ წარმოადგენდა სადავო გარემოებას, ხოლო მოპასუხის მიერ აღნიშნული ქონებით მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ ყოფილა წარმოდგენილი.

6. სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 24 მარტის განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორების მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

6.1. კასატორების მითითებით, სააპელაციომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მოსარჩელე არის სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე. ვინაიდან, აღნიშნული სახლი ეკუთვნის მოპასუხის ოჯახს, შესაბამისად, მოპასუხეები ფლობენ მას და იხდიან კომუნალურ გადასახადებს.

6.2. სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ ადგილი აქვს ორი კომლის არსებობს, თუმცა არასწორად განმარტა, რომ სადავო უძრავი ქონება ეკუთვნის მოსარჩელეს. საარქივო ცნობაში არ წერია რა ადგილას აქვს მიწის ნაკვეთი მოსარჩელეს, ხოლო სააღრიცხვო ბარათით აშკარაა, რომ მას სხვა ადგილას აქვს მიწის ნაკვეთი.

6.3. კასატორები მიუთითებენ, რომ მათთვის უცნობია როგორ დაირეგისტრირა მოსარჩელემ სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება, მისი ბათილობის მოთხოვნით აღძრული აქვთ ადმინისტრაციული სარჩელი და ითხოვენ საკასაციო საჩივარზე წარმოების შეჩერებას ადმინისტრაციული დავის გადაწყვეტამდე.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 05 ოქტომბრის განჩინებით, ა.ო–ვისა და რ.შ–ვას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

12. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების გამოთხოვის საფუძვლის არსებობა.

13. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში RYSOVSKYY v. UKRAINE განმარტა, რომ როდესაც სასწორზე დევს საზოგადოებრივი ინტერესი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს, როგორიცაა მაგალითად საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების ფარგლებში, სათანადოდ და, რაც მთავრია, შესაბამისად (RYSOVSKYY v. UKRAINE, 2012).

14. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“(მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

16. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

17. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

18. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს (სუსგ 03.02.2021წ. საქმე №ას-136-2019, 29.01.2021წ. საქმე №ას-1437-2020, 12.12.2016წ. №ას-1043-1004-2016).

19. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადაო უძრავი ნივთის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში ირიცხება მოსარჩელე - ა.ო–ვი, თუმცა ფაქტობრივად ქონება მოპასუხეების მფლობელობაშია.

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სადავო გარემოებების მტკიცების გარკვეულ სტანდარტს.

21. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

22. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

23. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ წარმოადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლითაც დაადასტურა მისი საკუთრების უფლების არსებობა სადავო ქონებაზე. მოპასუხეებს ეკისრებოდათ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მათი მფლობელობა მართლზომიერია. კასატორები მიუთითებენ, რომ წარმოადგენენ მართლზომიერ მფლობელებს, ვინაიდან, ფლობენ მათი ოჯახის ქონებას და იხდიან კომუნალურ გადასახადებს. მიიჩნევენ, რომ საქმეში წარმოდგენილი სააღრიცხვო ბარათით დგინდებოდა მოსარჩელის კუთვნილი ქონების სხვა ადგილას ყოფნის ფაქტი. კასატორები ასევე მიუთითებენ, რომ მოსარჩელეს მართლაც აქვს საკუთარი სახლი და მიწის ნაკვეთი დმანისის მუნიციპალიტეტის, სოფ. .........., თუმცა სხვა ადგილას და სხვა მონაცემებით.

24. საკასაციო პალატა კასატორების პრეტენზიას ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ თუნდაც გადაწყვეტილების გასაჩივრების ინტერესი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ კასატორები ფლობენს სადავო ქონებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბუნებრივია, ისინი სამართალწარმოების შედეგით ვერ იქნებოდნენ დაინტერესებული, რადგანაც მათ მიმართ ვერ მოხდებოდა გადაწყვეტილების აღსრულება. კასატორების აღნიშნულ პრეტენზიას ასევე არასარწმუნოს ხდის შესაგებელსა და საკასაციო საჩივარში იმაზე აპელირება, რომ კასატორებისთვის უცნობია როგორ დაირეგისტრირა მოსარჩელემ სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება და მისი ბათილობის მოთხოვნით აღძრული აქვთ ადმინისტრაციული სარჩელი. აღნიშნული განმარტებით მოპასუხეები ფაქტიურად ადასტურებენ სწორედ სადავო უძრავი ქონების ფლობის ფაქტს. პალატა ასევე იზიარებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ სახეზეა ორი კომლი რომელთაგან ერთი არის მოსარჩელის კომლი, ხოლო მეორე მოპასუხის. მოსარჩელის კომლს უძრავი ქონება ეკუთვნის სოფელ .......... (სადაც მდებარეობს დავის საგანი), ხოლო მოპასუხის კომლს - სოფელ .......

25. მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილებას ვერ შეაფერხებს ასევე კასატორების მითითება კომუნალური გადასახადების გადახდაზე. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს მოპასუხის ისეთი საპროცესო თავდაცვის საშუალებას, რომელიც მის მართლზომიერ მფლობელობას დაადასტურებს და სარჩელის უარყოფის საფუძველი გახდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია დადგენილად მოპასუხის მიერ სადავო უძრავი ქონების არამართლზომიერი მფლობელობის ფაქტი.

26. კასატორები ითხოვენ საკასაციო საჩივარზე წარმოების შეჩერებას ადმინისტრაციული დავის გადაწყვეტამდე.

27. საკასაციო სასამართლო აღნიშნულ შუამდგომლობის საფუძვლიანობას არ ეთანხმება, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმის წარმოების შეჩერების სსსკ-ის 279-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლოს ვალდებულების წარმომშობი საფუძვლები. მითითებული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.

28. აღნიშნული ნორმა საქმის წარმოების შეჩერების აუცილებლობას ითვალისწინებს ისეთ შემთხვევაში, როდესაც განსახილველი დავის გადაწყვეტას სამართლებრივად აფერხებს სხვა სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით განსახილველი საქმის გადაწყვეტა. მოცემულ საქმეზე მოპასუხეების მითითება, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების გზით სადავოდ გახადა მოსარჩელის მიერ უძრავი ქონების მესაკუთრედ რეგისტრაციის კანონიერება, არ წარმოადგენს განსახილველ ვინდიკაციურ სარჩელზე საქმის წარმოების შეჩერების საფუძველს, რადგან მოცემული საქმის განხილვა არ არის დამოკიდებული კასატორის მიერ მითითებული ადმინისტრაციული საქმის განხილვაზე. შესაბამისად, საქმის განხილვის შეჩერების მავალდებულებელი გარემოება - მოცემული საქმის განხილვის შეუძლებლობა, არ არის სახეზე.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია დადგენილად მოპასუხეების მიერ სადავო უძრავი ქონების არამართლზომიერი მფლობელობის ფაქტი, დადგენილი და გამოკვლეულია საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობის არსებობა.

30. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

31. კასატორებმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

32. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

33. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

35. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ა.ო–ვის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება N1, გადახდის თარიღი 23.09.2022) 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა.ო–ვისა და რ.შ–ვას შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. ა.ო–ვისა და რ.შ–ვას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

3. ა.ო–ვსა (..........) და რ.შ–ვას (აზერბაიჯანის პასპორტი N........) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ა.ო–ვის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება N1, გადახდის თარიღი 23.09.2022) 70% – 105 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე