საქმე №ა-399-შ-11-2023 28 აპრილი, 2023 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - თ.ქ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე - ე.მ–უ
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს - თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის №4 ოჯახის საქმეთა სასამართლოს 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი - განქორწინება, მეურვედ დანიშვნა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თ.ქ–ძემ 2023 წლის 30 იანვარს შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის №4 ოჯახის საქმეთა სასამართლოს 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა განქორწინებისა და მეურვედ დანიშვნის ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინებით თ.ქ–ძის შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად; ამავე განჩინებით დადგინდა, რომ შუამდგომლობა და თანდართული მასალები გაგზავნოდა მოწინააღმდეგე მხარეს, რომელსაც განემარტა, რომ უფლება ჰქონდა შეტყობინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში წარმოედგინა წერილობითი პასუხი, ასევე, მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შუამდგომლობა განიხილება მხარეთა დასწრების გარეშე.
თ.ქ–ძის შუამდგომლობა და თანდართული მასალა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 თებერვლის განჩინების თურქულენოვან თარგმანთან ერთად, მოწინააღმდეგე მხარეს - ე.მ–უს ჩაბარდა 2023 წლის 15 მარტს.
მოწინააღმდეგე მხარეს შუამდგომლობასთან დაკავშირებით მოსაზრება არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ თ.ქ–ძის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის №4 ოჯახის საქმეთა სასამართლოს 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. იმავე ნორმის მე-5 პუნქტის მიხედვით კი, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
განსახილველ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, შესაბამისი წესით დამოწმებული, თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის №4 ოჯახის საქმეთა სასამართლოს 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით თ.ქ–ძე (გადაწყვეტილებაში მითითებულია როგორც თ.მ–უ) და ე.მ–უ განქორწინდნენ; მხარეთა საერთო შვილებზე ა.მ-ქ–ძესა (დაბადებული 20.05.2011 წელს) და თ.მ-ქ–ძეზე (დაბადებული 01.10.2012 წელს) მეურვეობა გადაეცა დედას - თ.ქ–ძეს. აღსანიშნავია, რომ მხარეები ინფორმირებულნი იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე. ასევე, დასტურდება, რომ გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეორე პუნქტში მითითებული, გადაწყვეტილების ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები.
შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის №4 ოჯახის საქმეთა სასამართლოს 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.ქ–ძის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის №4 ოჯახის საქმეთა სასამართლოს 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს თურქეთის რესპუბლიკის სტამბოლის №4 ოჯახის საქმეთა სასამართლოს 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც თ.ქ–ძე (გადაწყვეტილებაში მითითებულია როგორც თ.მ–უ) და ე.მ–უ განქორწინდნენ; მხარეთა საერთო შვილებზე ა.მ-ქ–ძესა (დაბადებული 20.05.2011 წელს; პ/ნ .....) და თ.მ-ქ–ძეზე (დაბადებული 01.10.2012 წელს; პ/ნ .......) მეურვეობა გადაეცა დედას - თ.ქ–ძეს (პ/ნ .......).
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე