Facebook Twitter
საქმე №ას-34-2023 28 აპრილი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) - შპს „ჯ.ბ.გ.“

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს „ A.S.I.G.“

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

აღწერილობითი ნაწილი:

შპს „ჯ.ბ.გ–მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შპს „ A.S.I.G.-ის“ მიმართ, 1800 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ჯ.ბ.გ–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ამასთან, შპს „ჯ.ბ.გ–ს“ შპს „ A.S.I.G.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის მიერ გაწეული მომსახურების ხარჯის -650 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება შპს „ჯ.ბ.გ–მა“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 დეკემბრის განჩინებით შპს „ჯ.ბ.გ–ის“ სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე, 365-ე, 373-ე და 374-ე მუხლებზე მითითებით, აღნიშნა, რომ ვინაიდან დავის საგნის ღირებულების გამოთვლისას საპროცესო ხარჯი არ გაითვალისწინება, სადავო შემთხვევაში დავის საგნის ფასი არ აღემატებოდა 2000 ლარს, რის გამოც სააპელაციო სასამართლო შპს „ჯ.ბ.გ–ის“ სააპელაციო საჩივარს წარმოებაში ვერ მიიღებდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ჯ.ბ.გ–მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას არღვევს.

კერძო საჩივრის ავტორი დამატებით აღნიშნავს, რომ დავის საგნის ფასის გამოთვლისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს საპროცესო ხარჯის ოდენობაც.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 თებერვლის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების გაცნობის, კერძო საჩივრის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მოცემულ შემთხვევაში საკვლევ საკითხს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 365-ე მუხლიდან გამომდინარე კი, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთი პირობა დავის საგნის ღირებულებას უკავშირდება, კერძოდ, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ამასთან, „დავის საგნის ღირებულებაში, რაზეც 365-ე მუხლი მიუთითებს, იგულისხმება სააპელაციო საჩივრით სადავოდ გამხდარი მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი ნაწილი და მასში არ მოიაზრება პროცესის ხარჯები (მათ შორის: სახელმწიფო ბაჟი, ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები). ასეთი დასკვნა გამომდინარეობს თავად ამ მუხლის შინაარსიდან, კერძოდ, როდესაც კანონმდებელი საუბრობს დავის საგნის ღირებულების ზღვრული ოდენობის დადგენაზე, იქვე განმარტავს, რომ შეზღუდვა შეეხება ქონებრივ-სამართლებრივი სახის სააპელაციო საჩივრებს. ამდენად, კანონმდებელი ყურადღებას ამახვილებს მოთხოვნის სწორედ მატერიალურ ნაწილზე. გარდა ამისა, სსსკ-ის 37.3 მუხლის მიხედვით, ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები წარმოადგენს სასამართლოსგარეშე ხარჯებს და, ბუნებრივია, დავის საგნის ღირებულებაში ვერ შევა. იგი, ხსენებული ნორმით გათვალისწინებული, პროცესის ხარჯების ერთ-ერთი სახეა. პროცესის ხარჯები გამოანგარიშდება დავის საგნის ღირებულების შესაბამისად, ხოლო ეს უკანასკნელი მოსარჩელის მოთხოვნის მიხედვით გამოითვლება, სსსკ-ის 41-ე მუხლით დადგენილი წესით“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 თებერვლის №ას-19-2022 განჩინება). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, დავის საგნის ფასი ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის შემთხვევაში განისაზღვრება გადასახდელი თანხით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო შემთხვევაში დავის საგნის ღირებულება შეადგენს 1800 ლარს და უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი, რომ დავის საგნის ფასის გამოთვლისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯიც. შესაბამისად, სადავო ქონებრივ-სამართლებრივ საქმეზე სააპელაციო საჩივარი დაუშვებელი იყო, რაც გამორიცხავდა სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღებას.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების ძალაში დატოვებით ილახება სამართლიანი სასამართლოს უფლება, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება მართლაც მოიცავს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას, თუმცა „სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა არ არის ხსენებული უფლების აბსოლუტურად დაცული კომპონენტი და დასაშვებია, შეიზღუდოს ლეგიტიმური საჯარო მიზნების მისაღწევად თანაზომიერი საშუალებების გამოყენებით... ყველა საქმეზე სააპელაციო სასამარლოსთვის მიმართვის უფლების დადგენა მნიშვნელოვნად გააუარესებს ზემდგომი სასამართლოების საქმიანობის ეფექტურობას... პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების, ისევე როგორც ზოგადად სამართლიანი სასამართლოს უფლების, მიზანია, უზრუნველყოს პირის ამა თუ იმ უფლების დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირის ინტერესი, გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება, პირდაპირ არის დამოკიდებული სასამართლოს გადაწყვეტილებით შეზღუდული უფლების ინტენსივობაზე. რაც უფრო ინტენსიურია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან მომდინარე უფლების შეზღუდვა, მით უფრო მაღალია ხსენებული გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების ინტერესი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №2/7/779 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით მალანია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10, 24, 25). სწორედ დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, მხარის უფლებების შეზღუდვის ინტენსივობის მხედველობაში მიღებით, კანონმდებლობით სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას არ ექვემდებარება 2000 ლარზე ნაკლები ღირებულების მქონე ქონებრივ-სამართლებრივ დავაზე გამოტანილი გადაწყვეტილება, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს ძირითადი უფლებების დარღვევად და ვერ გახდება კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით და მათი სამართლებრივი ანალიზის შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და მისი გაუქმების საფუძვლები არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ჯ.ბ.გ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 20 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე