თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - შ.ჩ–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ი.ღ–ი
დავის საგანი - სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობის განსაზღვრა, პირგასამტეხლოს შემცირება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 3 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
I აღწერილობითი ნაწილი:1. შ.ჩ–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ი.ღ–ის მიმართ, სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმების, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობის განსაზღვრისა და დარიცხული პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნით.
2. მოსარჩელე სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანის განმაპირობებელ გარემოებად მიუთითებდა, რომ მას შესრულებული ჰქონდა ვალდებულება ძირი თანხის - 26 586,65 ლარის ნაწილში. შესაბამისად, შ.ჩ–ს ი.ღ–ის სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაკისრებოდა სესხის ძირი თანხის - 48 413,75 ლარის გადახდა (ნაცვლად 75 000 ლარისა). ამასთან, მოსარჩელის მოსაზრებით, უნდა შემცირებულიყო შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო და უნდა განსაზღვრულიყო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,01%-ით, რომლის დაანგარიშებაც მოხდებოდა 48 413 75 ლარიდან.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით შ.ჩ–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში შევიდა ცვლილება და შემცირდა პირგასამტეხლოს ოდენობა (0,085%-ის ნაცვლად, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე განისაზღვრა 0,042%).
4. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. 2017 წლის 7 სექტემბერს ნოტარიუს ლ.გ–ის სანოტარო ბიუროში ი.ღ–სა და შ.ჩ–ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (რეგ. №171039833);
4.2. №171039833 ხელშეკრულების თანახმად, შ.ჩ–მა ი.ღ–ისაგან სესხის სახით აიღო 80 000 ლარი, ყოველთვიურად 3 %-ის დარიცხვით, სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეადგენდა სამ თვეს, სესხის ძირი თანხა უნდა დაბრუნებულიყო 2017 წლის 7 დეკემბრისათვის, სარგებლის გადახდა უნდა მომხდარიყო ყოველი თვის 7 რიცხვში;
4.3. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა შ.ჩ–ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება (ს/კ №.....);
4.4. ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში სესხის დაუბრუნებლობისას სესხს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო - გადასახდელი თანხის 0,085% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის აღსრულებამდე;
4.5. მსესხებელმა სესხის ძირითადი თანხა სრულად არ დააბრუნა;
4.6. ნოტარიუსმა, ი.ღ–ის მიმართვის საფუძველზე, გამოსცა №200345898 სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვითაც, აღსრულების ვალდებულების მოცულობა შეადგენდა 75 000 ლარს, პირგასამტეხლო - ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის სესხის ძირითადი თანხის 0,085%-ს აღსრულებამდე, რაც ყოველი დღისათვის შეადგენდა 63,75 ლარს;
4.7. სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენის დროისათვის კრედიტორის მოთხოვნა შეადგენდა 96 120 ლარს, ხოლო სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 120 ლარს;
4.8. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების უკანა გვერდზე გაკეთებულია მინაწერები, სადაც აღნიშნულია, რომ 07.10.2017 წ; 07.11.2017 წ; 07.12.2017 წ; 07.01.2018 წ; 15.02.2018 წ; 17.09.2019 წ. მოსარჩელისაგან გაცემული და მოპასუხისაგან მიღებული თანხა (ძირითადად - 800 აშშ დოლარი, ხოლო უკანასკნელი - 400 აშშ დოლარის ოდენობით) ჩათვლილი იყო სარგებლის ოდენობაში.
5. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი სადავო ფაქტობრივი გარემოება:
5.1. მხარეთა ზეპირსიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, სესხისა და იპოთეკის №171039833 ხელშეკრულების ძირითადი თანხის დაბრუნების ვალდებულების შესასრულებლად მოვალეს მიეცა დამატებითი ვადა, კონკრეტული თარიღის მითითების გარეშე (ვალდებულების სრულ შესრულებამდე); მხარეთა შორის არ შეცვლილა თანხის დაბრუნებამდე მისი სარგებლის ოდენობის გადახდისა და ძირითადი თანხის დაბრუნების ვალდებულება, თანხის დაბრუნების თარიღი, პირგასამტეხლოს დარიცხვის წესი.
6. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 623-ე, 625-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მხარეთა შორის დადებული იყო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც მოვალემ ჯეროვნად არ შეასრულა; მოვალის მიერ გადახდილი თანხა კი წარმოადგენდა სარგებელს და არა სესხის ძირითად თანხას. აქედან გამომდინარე, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ დაუსაბუთებლად მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა სესხის ძირითადი მოთხოვნის ოდენობის შემცირების თაობაზე.
7. ამასთანავე, სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან სესხის ძირითადი ვალდებულება კვლავ შესასრულებელი იყო, არსებობდა პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველიც, თუმცა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს განაკვეთი შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიიჩნია. აქედან გამომდინარე, სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის დაიანგარიშა 0,042%-ის ოდენობით.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მხოლოდ შ.ჩ–მა გაასაჩივრა. შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების - პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების ნაწილში გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 3 დეკემბრის განჩინებით შ.ჩ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება.
10. სააპელაციო პალატამ მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და გაიზიარა საქალაქო სასამართლოს სამართლებრივი შეფასება.
11. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოდავე მხარეთა შორის წარმოშობილი სესხისა და იპოთეკის სახელშეკრულებო ურთიერთობა მხარეთა კონკლუდენტური მოქმედებებით გაგრძელდა უვადოდ - ძირითადი თანხის გადახდამდე, ვალდებულების შესრულებამდე (კონკრეტული თარიღის მითითების გარეშე). შესაბამისად, მხარეთა ნება იყო, ამ საშეღავათო პერიოდის მანძილზე ძალაში დარჩენილიყო სარგებლის დარიცხვაც. ამ მხრივ სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე გაკეთებულ მინაწერებზე, რომელთა მიხედვითაც, ბოლო 4 გადახდის შესახებ ჩანაწერი გაკეთებულია ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, რაც პალატის მოსაზრებით, სწორედ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებაზე მიუთითებდა.
12. ამასთან, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დამატებითი ვადა ვერ ჩაითვლებოდა ძირითადი თანხის დაბრუნების ვადის სხვა ვადით შეცვლად, რომელიც მხოლოდ სანოტარო წესით უნდა მომხდარიყო და მსგავსი ქმედება არ განხორციელებულა.
13. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „თიბისი ფეის“ მეშვეობით ელექტრონულად ერთსა და იმავე დღეს ნაწარმოები გადახდები ჯამში იძლეოდა 800 აშშ დოლარის მოცულობას, რაც ადასტურებდა ანგარიშებზე შეტანილი თანხის სარგებლის ჯამში შეტანას და არა ძირითადი თანხის გადახდას.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსის მე-400, 417-ე, 429-ე, 623-ე, 625-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია ძირი თანხის ნაწილში ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების თაობაზე და მიიჩნია, რომ აპელანტს თანხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება ამ ნაწილში არ წარუდგენია - წარდგენილი გადახდის ქვითრებითა და ხელნაწერებით დასტურდებოდა მხოლოდ სარგებლის გადახდა. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, არსებობდა პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველიც, რომელიც სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, მართებულად შეამცირა პირველი ინსტანციის სასამართლომ.
15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 3 დეკემბრის განჩინება შ.ჩ–მა საკასაციო წესით გაასაჩივრა.
16. კასატორმა მიუთითა, რომ მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია გამსესხებლისთვის სესხის ძირი თანხის ნაწილის დაბრუნება. აღნიშნული თანხა კი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს სარგებლად, რადგან მხარეები ხელშეკრულების მოქმედების და სარგებლის დარიცხვის ვადების გაგრძელების თაობაზე არ შეთანხმებულან.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2022 წლის 24 ნოემბრის განჩინებით - განსახილველად იქნა დაშვებული, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ამასთან, მხარეებს განემარტათ, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განიხილებოდა მათი დასწრების გარეშე.
II სამოტივაციო ნაწილი:18. საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სესხის ხელშეკრულების შეუსრულებელი ნაწილის ოდენობის განსაზღვრა.
20. საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამასთან, მსესხებლის მიერ ვალდებულების შესრულების თაობაზე დავის წარმოშობის შემთხვევაში, „მტკიცების ტვირთი მოვალეს აკისრია. მან უნდა დაამტკიცოს, რომ ვალდებულება შეასრულა და ამით ვალდებულება შეწყდა. მოვალეს ესაჭიროება სათანადო მტკიცებულება, რომ შეწყვეტის მიზნით ვალდებულების შესრულების ფაქტი დაამტკიცოს“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 14 ივლისის №ას-346-2021 განჩინება). ამასთან, მართალია, სესხის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმები არ უთითებს გადახდის სავალდებულო ფორმაზე, თუმცა, უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის დანაწესი. ხსენებული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამრიგად, შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი წერილობითი ფორმით უნდა იქნეს შედგენილი, რათა დავის შემთხვევაში, გამოყენებულ იქნეს მოვალის მიერ, როგორც ვალდებულების შეწყვეტის დამადასტურებელი მტკიცებულება. მოვალემ უნდა წარმოადგინოს უნაღდო ან ნაღდი ანგარიშსწორების გზით თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 თებერვლის №ას-1755-2018, 2021 წლის 14 ივლისის №ას-346-2021 და 2021 წლის 29 სექტემბრის №ას-488-2021 განჩინებები).
21. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 7 სექტემბერს ი.ღ–სა (გამსესხებელი) და შ.ჩ–ს (მსესხებელი) შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შ.ჩ–მა ი.ღ–ისაგან სესხის სახით მიიღო 80 000 ლარი. ასევე, დადგენილია, რომ მსესხებელმა სესხის თანხა სრულად არ გადაიხადა, რის გამოც ნოტარიუსმა გამოსცა სააღსრულებო ფურცელი. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა 75 000 ლარი.
22. მოსარჩელე არ ეთანხმება სააღსრულებო ფურცელში დაფიქსირებულ ოდენობას, რადგან, მისი განმარტებით, შესრულებული აქვს ვალდებულება ძირი თანხის - 26 586,65 ლარის ნაწილში.
23. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოსარჩელეს მართლაც აქვს წარმოდგენილი მტკიცებულებები გამსესხებლისთვის თანხის ჩარიცხვის შესახებ (ქვითრების ასლები; ხელწერილი), რომლებიც სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტებად - თანხის გადახდის დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებებად შეიძლება შეფასდეს, თუმცა ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მათ საფუძველზე თანხის გადახდა სარგებლის (და არა სესხის ძირითადი ვალდებულების) დაფარვად განიხილეს.
24. საკასაციო პალატა, მოსარჩელის მიერ თანხის გადახდის მიზნობრიობის საკითხის შეფასებისას, ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო სანოტარო წესით, 3 თვის ვადით, ყოველთვიურად 3 %-ის დარიცხვით. ამრიგად, მხარეებმა გამოიყენეს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული, სესხისათვის პროცენტის შეთანხმების შესაძლებლობა. რაც შეეხება სარგებლის ასანაზღაურებელ პერიოდს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლიდან გამომდინარე „სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო. ამასთან, 403-ე მუხლით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: მოვალეს შესასრულებელი უნდა ჰქონდეს ფულადი ვალდებულება; ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა უნდა იყოს დარღვეული; ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება პროცენტის თაობაზე“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 ოქტომბრის №ას-1701-1685-2011 გადაწყვეტილება და 2017 წლის 30 ივნისის №ას-408-381-2017 განჩინება). ვინაიდან სადავო შემთხვევაში არ მომხდარა პროცენტის გათვალისწინება ვადის გადაცილებისთვის, ამასთანავე, სამოქალაქო კოდექსის 68-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების მოქმედება შეიძლებოდა გაგრძელებულიყო მხოლოდ წერილობითი შეთანხმებით, რაც არ განხორციელებულა, მოსარჩელეს ევალებოდა მხოლოდ სამი თვის სარგებლის გადახდა. სამი თვის სარგებლის ოდენობის დაფარვის შემდგომ გადახდილი თანხა კი უნდა ჩათვლილიყო სესხის ძირი ვალდებულების ნაწილში. მაშასადამე, სააპელაციო სასამართლოს განმარტება, რომ ხელშეკრულების მინაწერითა და ქვითრებით გათვალისწინებული თანხა უნდა ჩათვლილიყო სარგებლად და არ უნდა გამოკლებოდა სესხის ძირითად ვალდებულებას, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია (მსგავს სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით, ასევე, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 მარტის №ას-1034-2020 განჩინება).
25. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ, მართალია, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა მოსარჩელის მიერ თანხის გადახდის ფაქტი (რომელიც არასწორად განიხილა სარგებლად), თუმცა მიუხედავად მოსარჩელის მითითებებისა, სააპელაციო პალატას არ დაუდგენია გადახდილი თანხის ოდენობა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლიდან გამომდინარე კი, უზენაესი სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს. ამდენად, საკითხის სწორად გადასაწყვეტად საქმეზე დამატებით შესასწავლი და დასადგენია ფაქტობრივი გარემოება - განსასაზღვრია მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხის ოდენობა, რომლითაც შემცირდება სადავო სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული აღსასრულებელი ვალდებულება. ამასთან, აღსასრულებელი მოთხოვნის ზუსტ დადგენაზეა დამოკიდებული პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხის გადაწყვეტაც. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გაუქმების საფუძველი და საქმე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლიდან გამომდინარე, ხელახლა განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
26. საკასაციო სასამართლო, ასევე, მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. მაშასადამე, საქმის ხელახლა განხილვისას, საპროცესო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
III სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ.ჩ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 3 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯები განაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე