თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - შპს „ე-ბ-ე“
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ჯ.გ.მ–ი“
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი:შპს „ჯ.გ.მ–მა“ სარჩელით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შპს „ე-ბ-ე–ის“ მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ჯ.გ.მ–ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს „ე-ბ-ე–ს“ შპს „ჯ.გ.მ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 35850,64 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს გადახდა.
გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა შპს „ე-ბ-ე–ის“ დირექტორი მ.ბ–ძე. მანვე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ჩაიბარა 2022 წლის 28 დეკემბერს.
2023 წლის 13 იანვარს შპს „ე-ბ-ე–მა“ სააპელაციო საჩივარი წარადგინა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 იანვრის განჩინებით შპს „ე-ბ-ე–ის“ სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად, სააპელაციო საჩივრის გასაჩივრების ვადის დარღვევით წარდგენის საფუძვლით. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო კომპანიის დირექტორის მიერ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან და ამოიწურა 2023 წლის 11 იანვარს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 იანვრის განჩინება შპს „ე-ბ-ე–მა“ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო საჩივარი დროულად წარადგინა, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის გათვალისწინებით, გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ შპს „ე-ბ-ე–ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
განსახილველ შემთხვევაში, საკვლევ საკითხს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო, განუხილველად დატოვების კანონიერება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად. იმავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
დასახელებული კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
ამრიგად, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ კრიტერიუმს მისი კანონმდებლობით დადგენილ 14-დღიან ვადაში შეტანა წარმოადგენს. მოცემული ვალდებულების დარღვევა კი, სასამართლოს, უალტერნატივოდ, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გამოცემას ავალებს. ვადის ათვლა კი დაკავშირებულია მხარისთვის განჩინების ჩაბარებასთან; ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლიდან გამომდინარე, მხარე ვალდებულიც კი არის (საკანონმდებლო გამონაკლისების გარდა) გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, რა მომენტიდანაც დაიწყება საჩივრის წარდგენის ვადის ათვლა; გადაწყვეტილების გამოცხადების 30-ე დღიდან გასაჩივრების ვადის დენა კი იწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა სასამართლოში გამოცხადებისა და გადაწყვეტილების ჩაბარების ვალდებულებას არ ასრულებს.
მოცემულ შემთხვევაში კი, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა შპს „ე-ბ-ე–ის“ დირექტორი მ.ბ–ძე, რომელმაც, კანონმდებლობით დადგენილი ვადის დაცვით, გადაწყვეტილება ჩაიბარა 2022 წლის 28 დეკემბერს. ამდენად, გასაჩივრების ვადის ათვლაც ამ მომენტს უნდა დაუკავშირდეს და არა გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების საფუძველზე, გასაჩივრების ვადის დენა დაიწყო 2022 წლის 29 დეკემბერს და დასრულდა 2023 წლის 11 იანვარს (ოთხშაბათს), 24:00 საათზე. სააპელაციო საჩივარი კი სასამართლოში წარდგენილია 2023 წლის 13 იანვარს, გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ. დასახელებული გარემოება ქმნიდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით მოხდა გასაჩივრებული განჩინების გამოცემა და არ იკვეთება კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.
რაც შეეხება კერძო საჩივარზე გადახდილ სახელმწიფო ბაჟს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სადავო შემთხვევაში კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა გადახდილიყო 50 ლარი. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორს უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი 250 ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ე-ბ-ე–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 იანვრის განჩინება;
3. შპს „ე-ბ-ე–ს“ (ს/ნ ......) დაუბრუნდეს კერძო საჩივარზე მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარიდან (საგადასახადო დავალება №5849, გადახდის თარიღი 16.02.2023წ.) ზედმეტად გადახდილი 250 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე