Facebook Twitter
საქმე №ას-961-2022 28 აპრილი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - დ.კ–ვი

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, კომპენსაციის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

I აღწერილობითი ნაწილი:

1. დ.კ–ვმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (უფლებამონაცვლე - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო) მიმართ, ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ.კ–ვის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 13 მაისის ბრძანებით მოსარჩელე დაინიშნა სოციალურ მუშაკად, სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრში;

3.2. ამავე ორგანიზაციის დირექტორის 2018 წლის 30 აპრილის ბრძანების თანახმად, მოსარჩელე 2018 წლის 1 მაისიდან, კარიერული განვითარების წესით, დაინიშნა გლდანი-ნაძალადევის სერვისცენტრში, უფროსი სოციალური მუშაკის პოზიციაზე. ხელშეკრულება დაიდო განუსაზღვრელი ვადით;

3.3. უფროსი სოციალური მუშაკის სამუშაო აღწერილობის თანახმად, დაკისრებულ სხვა მოვალეობებთან ერთად, უფროსი სოციალური მუშაკის ძირითად საქმიანობას მიეკუთვნებოდა: სოციალურ მუშაკთა საქმიანობაზე ზედამხედველობა და მათი საქმის წარმოების მონიტორინგი, შემთხვევების განხილვა და სოციალურ მუშაკთან ერთად შემთხვევის წარმართვის პროცესის განსაზღვრა, ბავშვთა უფლებების სფეროში სხვა, სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება;

3.4. „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამოქმედო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ 2016 წლის 11 ოქტომბრის №04-519/ო ბრძანების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ ბავშვზე ძალადობის ფაქტი დადასტურებულია და ბავშვი განთავსებულია უსაფრთხო გარემოში, სოციალური მუშაკი: ა) პოლიციის შემაკავებელი ორდერით დადასტურებული, ბავშვზე ძალადობის ფაქტის შესახებ მომართვის საფუძველზე, შეტყობინების მიღებისთანავე (გარდა არასამუშაო საათებისა 18 საათიდან დილის 9 საათამდე, დასვენების ან უქმე დღეებში გამოცემული შემაკავებელი ორდერებისა), გადის შემთხვევის ადგილზე, ახორციელებს სიტუაციურ ანალიზს და გადაუდებელი რეაგირების ოქმით უზრუნველყოფს შესაბამის მომსახურებაში ან/და დანართი 3-ით მესამე პირთან (ნათესავი, მეზობელი და სხვა) ბავშვის გადაყვანას საპატრულო პოლიციის დახმარებით; ბ) არასამუშაო საათებსა და დასვენების ან უქმე დღეებში შემაკავებელი ორდერების გამოცემის შემთხვევაში, ბავშვის გადაყვანა შესაბამის მომსახურებაში ხორციელდება პოლიციისა და სოციალური სამსახურის ერთობლივი კონსულტირების საფუძველზე. ამავე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, სოციალური მუშაკის კომპეტენციით ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის რეფერირების პროცედურებში თუ სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაცია იძლევა სავარაუდო, ან საფუძვლიან ეჭვს, რომ ბავშვზე განხორციელდა ან ხორციელდება ძალადობა, სოციალური მუშაკი: ა) ახორციელებს ვიზიტს ბავშვთან ბ) აფასებს ბავშვზე ძალადობის შემთხვევას; ახდენს ბავშვზე ძალადობის ნიშნების იდენტიფიკაციას, საჭიროებისამებრ რთავს სხვა სპეციალისტებს (იურისტი, ფსიქოლოგი) და ძალადობის შედეგებისა და ბავშვის უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას ბავშვთან დაკავშირებით; თუ ბავშვთან ვიზიტის დროს სოციალურმა მუშაკმა ჩათვალა, რომ საჭიროა ბავშვის ერთ-ერთ მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან/სხვა პასუხისმგებელ პირთან ერთად ან მარტო უსაფრთხო გარემოში გადაყვანა, იგი დაუყოვნებლივ მიმართავს პოლიციას შემაკავებელ ორდერის გამოწერის მიზნით;

3.5. სააგენტოს 2019 წლის 30 იანვრის ბრძანების თანახმად, სააგენტოს დირექტორის №04-303/ო ბრძანებით შექმნილი კომისიის 2019 წლის 30 იანვრის სხდომის №2 ოქმის გათვალისწინებით, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დაკისრებული სამსახურებრივი ვალდებულებების უხეში დარღვევის გამო, მოსარჩელე 2019 წლის 1 თებერვლიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან;

3.6. 2019 წლის 27 თებერვლის მიმართვით მოსარჩელეს განემარტა, რომ მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას ფაქტობრივ საფუძვლად დაედო „სოციალური მომსახურების საქმიანობის კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებების შესახებ“ სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 11 მაისის №04-303/ო ბრძანებით შექმნილი კომისიის 2019 წლის 30 იანვრის სხდომის №2 საოქმო გადაწყვეტილება;

3.7. „სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრირების სფეროს მიკუთვნებული ფუნქციების უკეთ განხორციელებისა და გაწეული საქმიანობის კონტროლის გაუმჯობესების ღონისძიებების შესახებ“ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 11 მაისის №04-303/ო ბრძანებით შექმნილი კომისიის 2019 წლის 30 იანვრის №2 სხდომის ოქმის თანახმად, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა.

აღნიშნული კომისიის სხდომის დროს განხილულ იქნა სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი არასრულწლოვანის, აწ გარდაცვლილი ნ.ზ-ის საქმის შედეგების შესახებ სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის მიერ შედგენილი, 2018 წლის 29 იანვრის დასკვნა, რომლის თანახმადაც, გლდანი-ნაძალადევის უფროსი სოციალური მუშაკის და სოციალური მუშაკების მიერ გატარებული ღონისძიებები იყო კანონსაწინააღმდეგო, ვინაიდან ისინი საქმის მიმდინარეობის ყველა ეტაპზე ფლობდნენ დროულ, სრულ, საჭირო და საკმარის ინფორმაციებს ლ.ქ–ის და ა.ძ–ის მხრიდან ძალადობრივი ქმედებების შესახებ, რაც არათუ ნ.ზ-ის, არამედ მშობლებთან მცხოვრები არასრულწლოვანების, მათ შორის ლ.ქ–ის ბიოლოგიური ოჯახიდან განცალკევების საფუძველი უნდა გამხდარიყო, რაც თავისთავად გამოიწვევდა ნ.ზ-ზე დამდგარი შედეგების პრევენციას. ამავე დასკვნის თანახმად, გლდანი-ნაძალადევის სერვისცენტრის უფროსი სოციალური მუშაკის დ.კ–ვის და ამავე ცენტრის სოციალური მუშაკების მიერ ნ.ზ-ის საქმეზე გატარებული ღონისძიებები შეფასდა როგორც არაჯეროვანი, რამაც დააზიანა ბავშვის ინტერესები და გამოიწვია მისი სიცოცხლის მოსპობა. აღნიშნულ დასკვნაში მითითებულია, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილი პირების გამოკითხვით მიღებულ იქნა ინფორმაცია არასრულწლოვან ნ.ზ-ის საქმეზე: „საყურადღებოა დ. კ–ვის განმარტება, მ/წლის 6 იანვრის, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ მისი მისამართით გაკეთებულ სატელეფონო შეტყობინებაზე, რომელიც ეხებოდა არასრულწლოვან ნ.ზ-ის მიმართ დედის - ლ.ქ–ის მხრიდან განხორციელებულ ძალადობას. ფაქტზე დ. კ–ვი განმარტავს: „2019 წლის 6 იანვარს ჩემს პირად ნომერზე დამიკავშირდა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი და მაცნობა, რომ გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიაზე დედამ განახორციელა ძალადობრივი ქმედება არასრულწლოვანზე, რა დროსაც მისი მხრიდან არ იქნა მოწოდებული რაიმე სახის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2016 წლის 11 ოქტომბრის ბრძანების (ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამოქმედო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე) მიხედვით, მოხდა სატელეფონო ინსტრუქტაჟის მიცემა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებისა და არასრულწლოვანის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით, რაზეც ზარის ინიციატორმა აღნიშნა, რომ გამომძიებლის მოსვლის შემდეგ მიიღებდა გადაწყვეტილებას, რაც ცნობილი უნდა ყოფილიყო ჩემთვის, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია არ მომეწოდა.“ მიუხედავად დ. კ–ვის მიერ გაკეთებული განმარტებისა, სოციალური მუშაკი ვალდებულია მსგავსი შეტყობინების საფუძველზე გააკეთოს კანონით დანაწესები რეაგირება, მით უმეტეს, საქმე ეხებოდა არასრულწლოვანს, რომლის საქმეზე ისედაც მუშაობდა გლდანი-ნაძალადევის სერვისცენტრი“;

3.8. არაიდენტიფიცირებული არასრულწლოვანის მიმართ გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიაზე განხორციელებული ძალადობის შესახებ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის მიერ 2019 წლის 6 იანვარს მოსარჩელის მიმართ სატელეფონო შეტყობინების განხორციელების შემდეგ, მოსარჩელეს არასრულწლოვანის მიმართ მომხდარი ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ გადაუცია გლდანი-ნაძალადევის სააგენტოს სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის შესაბამისი სოციალური მუშაკისთვის;

3.9. 2019 წლის 6 იანვარს მოსარჩელეს საპატრულო პოლიციის მიერ სატელეფონო ზარის მეშვეობით ეცნობა არაიდენტიფიცირებულ არასრულწლოვანზე გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიაზე მშობლის მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტის შესახებ. მოსარჩელემ განუმარტა საპატრულო პოლიციას, რომ ძალადობის გამოხატული ნიშნების არსებობისას არასრულწლოვანი უნდა გადაყვანილიყო სამედიცინო დაწესებულებაში. აღნიშნულის შემდეგ არასრულწლოვანი სამედიცინო დაწესებულებიდან გაიყვანა მოძალადე მშობელმა და იგი გარდაიცვალა 2019 წლის 22 იანვარს, მშობლის მიერ განხორციელებული სხვა ძალადობის შედეგად;

3.10. სსიპ სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გლდანი-ნაძალადევის სერვისცენტრის უფროსი სოციალური მუშაკის თანამდებობაზე 2019 წლის 18 მარტიდან დასაქმებულია სხვა პირი;

3.11. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არ არსებობს უფროსი სოციალური მუშაკის ტოლფასი სამუშაო პოზიცია.

4. სასამართლომ, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, აღნიშნა, რომ უფროს სოციალურ მუშაკზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების მხოლოდ სატელეფონო კონსულტირებით ამოწურვა ეწინააღმდეგებოდა თავად სოციალური მუშაკის იდეას და წინააღმდეგობაში მოდიოდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კანონით განსაზღვრულ მიზნებთან; მით უფრო, რომ საქმე ეხებოდა არასრულწლოვანზე ძალადობის ფაქტს; აღნიშნული ფაქტის შეტყობისას მოსარჩელეს, როგორც უფროს სოციალურ მუშაკს, მიუხედავად სამუშაო თუ არასამუშაო დროისა, უნდა ემოქმედა თანამდებობრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე გულისხმიერებით. სოციალური სამსახურის თანამშრომლების, მათ შორის, მოსარჩელის მიერ განხორციელებულმა ქმედებებმა კი სათანადოდ ვერ დაიცვა არასრულწლოვანის კანონიერი ინტერესები. სააგენტოზე დაკისრებული მაღალი სოციალური ფუნქციის გათვალისწინებით, მოსარჩელის და მოწმეთა ის განმარტება, რომ მას შემდგომი რეაგირება (ინფორმაციის გადაცემა სოციალურ მუშაკამდე) აღარ ევალებოდა, სასამართლოს მოსაზრებით, არ წარმოადგენდა დამაჯერებელ და რელევანტურ არგუმენტს.

5. სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ შესაფასებელი ქმედება არ წარმოადგენდა ისეთი ხასიათის დარღვევას, რომელიც დამსაქმებლის მიერ გამაფრთხილებელი ზომის გამოყენების შემთხვევაში გამოსწორდებოდა იმგვარად, რომ დამსაქმებელი არ დაკარგავდა მუშაკთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების ინტერესს; მით უფრო დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, რომელიც შეიძლება პირდაპირ კავშირში არ იყო მოსარჩელის ქმედებასთან, თუმცა სხვაგვარი მოქმედების შემთხვევაში ალბათობის მაღალი ხარისხით შესაძლებელი იქნებოდა შედეგის თავიდან აცილება.

6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის ქმედებები სასამართლომ შეაფასა საქართველოს შრომის კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უხეშ დარღვევად და მიიჩნია, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება დ.კ–ვმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით დ.კ–ვის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი „დ.კ–ვის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 30 იანვრის №04-65/კ ბრძანება; მოპასუხეს დ.კ–ვის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაცია 10 000 ლარის ოდენობით; მოსარჩელეს უარი ეთქვა სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე.

9. სააპელაციო პალატამ მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, თუმცა არ გაიზიარა სამოქალაქო კოლეგიის სამართლებრივი შეფასებები.

10. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, სააგენტოს თითოეული თანამშრომელი უნდა აცნობიერებდეს, რომ ის იმყოფება მაღალი პასუხისმგებლობის მქონე სამსახურში და ამ პასუხისმგებლობისათვის შესაფერისი გულისხმიერებით აანალიზებდეს იმ რისკებს, რაც უკავშირდება ბავშვის შეუფერებელ გარემოში განთავსებას. ამასთანავე, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ძალადობის ფაქტის განხორციელებისას არასრულწლოვანი იყო დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის ბენეფიციარი, ხოლო მოსარჩელე იყო გლდანი-ნაძალადევის რაიონში უფროსი სოციალური მუშაკი. ამდენად, გლდანი-ნაძალადევის სოციალური სამსახური და შესაბამისად, მისი მუშაკები მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას, აღეკვეთათ დედის მიერ არასრულწლოვანის სამედიცინო დაწესებულებიდან გაყვანის ფაქტი, რაც პირდაპირ კავშირში იყო დამდგარ არასასურველ შედეგთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ გლდანი-ნაძალადევის სამოქმედო ტერიტორიაზე ჩადენილი ძალადობის თაობაზე მიღებული სატელეფონო შეტყობინების შემდეგ რეაგირების განუხორციელებლობა, შესაძლოა, წარმოადგენდა სამსახურებრივი მოვალეობის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებას, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის უმოქმედობის დაკავშირება დამდგარ ფატალურ შედეგთან გაუმართლებელი იყო და არ გამომდინარეობდა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან. შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, არ იკვეთებოდა იმგვარი არასათანადო ქმედების ჩადენის ფაქტი, რაც აღწევდა მნიშვნელოვან დონეს და ქმნიდა დასაქმებულის დათხოვნის სათანადო საფუძველს.

11. სააპელაციო პალატამ დამატებით აღნიშნა, რომ შრომითსამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებზე, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისთვის მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობის მტკიცების ტვირთი დამსაქმებელს ეკისრებოდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დამსაქმებელმა ვერ შეძლო შრომის კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წინაპირობებს არსებობის დამტკიცება. აქედან გამომდინარე, პალატამ უკანონოდ მიიჩნია დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება და გასაჩივრებული ბრძანება ბათილად ცნო. ამასთან, ვინაიდან დადასტურდა სააგენტოში ვაკანტური პოზიციის არარსებობა, სასამართლომ შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე, დასაქმების ხანგრძლივობისა და გათავისუფლების უკანონობის ხარისხის შესაბამისად, მიზანშეწონილად მიიჩნია მოსარჩელის უფლებებში რესტიტუციის მიზნით მოპასუხისთვის კომპენსაციის - 10 000 ლარის დაკისრება.

12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ საკასაციო წესით გაასაჩივრა.

13. კასატორი მიუთითებს, რომ არასრულწლოვანი დედასთან ერთად ცხოვრობდა მოსარჩელის სამოქმედო არეალში (გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიაზე). ბავშვის მიმართ დანაშაულიც სწორედ გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიაზე იქნა ჩადენილი. ამასთან, დაუსაბუთებელია მოსარჩელის არგუმენტი, რომ არ ჰქონდა უფლება ეკითხა ძალადობის მსხვერპლი ბავშვის სახელი და გვარი. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ვალდებული იყო, ყველაფერი გაეკეთებინა ბავშვის ძალადობისგან დასაცავად. ამასთანავე, გარემოება, რომ მან არ იცოდა ბავშვის ვინაობა, აბათილებს მოსარჩელის პოზიციას, რომ ბავშვი არ იყო მისი რაიონის ბენეფიციარი და მას არ ევალებოდა რეაგირება ძალადობის ფაქტზე. აქედან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელე საფუძვლიანად გათავისუფლდა სამსახურიდან.

14. კასატორი, ასევე, ითხოვს საქართველოს გენერალური პროკურატურიდან ინფორმაციის (გლდანი-ნაძალადევის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის მიმართ დამდგარი განაჩენის) გამოთხოვას.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2022 წლის 24 ნოემბრის განჩინებით - საკასაციო საჩივარი განსახილველად იქნა დაშვებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ამასთან, მხარეებს განემარტათ, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განიხილებოდა მხარეთა დასწრების გარეშე.

II სამოტივაციო ნაწილი:

16. საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

17. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერება, თანაზომიერი დისციპლინური სახდელის გამოყენების საკითხის შეფასების კუთხით.

18. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს აწესრიგებს საქართველოს შრომის კოდექსი, რომლის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა წარმოადგენს.

19. მითითებული საფუძვლით დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომას წარმოადგენს. სახდელის გამოყენებისას კი, აუცილებელია, რომ დეტალურად იქნეს შესწავლილი და შეფასებული გადაცდომის ბუნება, ბრალის ხარისხი, ჩადენილი ქმედების სიმძიმე და შედეგები, დასაქმებულის პიროვნება. ხსენებული გარემოებების გათვალისწინებით უნდა შეირჩეს პასუხისმგებლობის ისეთი ზომა, რომელიც იქნება ჩადენილი გადაცდომის შესაბამისი და პროპორციული; ასევე, დაიცავს ბალანსს მხარეთა უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს შორის. სამსახურიდან გათავისუფლების, როგორც პასუხისმგებლობის ყველაზე მძიმე ზომისა და უკიდურესი ღონისძიების, გამოყენება უნდა იყოს განსაკუთრებით არგუმენტირებული, აუცილებლობით გამოწვეული და დასაბუთებული, რატომ არ არსებობდა უფრო მსუბუქი სახდელის გამოყენების შესაძლებლობა.

20. განსახილველ შემთხვევაში, დ.კ–ვი სწორედ უხეში დარღვევის ჩადენის გამო იქნა სამსახურიდან გათავისუფლებული. შესაბამისად, მისი გათავისუფლების კანონიერების საკითხის გამოკვლევისას, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, ერთობლიობაში შეაფასოს საქმეზე დადგენილი ყველა ფაქტობრივი გარემოება, მათ შორის, დასაქმებულის პოზიცია, ფუნქციები, ჩადენილი დარღვევის შემადგენლობა და შედეგები.

21. პირველ ყოვლისა, საკასაციო სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს მოსარჩელის თანამდებობასა და ფუნქციებზე, კერძოდ, დადგენილია, რომ დ.კ–ვი დანიშნული იყო გლდანი-ნაძალადევის სერვისცენტრში, უფროსი სოციალური მუშაკის პოზიციაზე, რომლის ერთ-ერთ ძირითად მოვალეობასაც წარმოადგენდა შემთხვევების განხილვა და სოციალურ მუშაკთან ერთად შემთხვევის წარმართვის პროცესის განსაზღვრა.

22. დამატებით საგულისხმოა, რომ „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამოქმედო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ 2016 წლის 11 ოქტომბრის №04-519/ო ბრძანების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ ბავშვზე ძალადობის ფაქტი დადასტურებულია და ბავშვი განთავსებულია უსაფრთხო გარემოში, სოციალური მუშაკი: ა) პოლიციის შემაკავებელი ორდერით დადასტურებული, ბავშვზე ძალადობის ფაქტის შესახებ მომართვის საფუძველზე, შეტყობინების მიღებისთანავე (გარდა არასამუშაო საათებისა 18 საათიდან დილის 9 საათამდე, დასვენების ან უქმე დღეებში გამოცემული შემაკავებელი ორდერებისა), გადის შემთხვევის ადგილზე, ახორციელებს სიტუაციურ ანალიზს და გადაუდებელი რეაგირების ოქმით უზრუნველყოფს შესაბამის მომსახურებაში ან/და დანართი 3-ით მესამე პირთან (ნათესავი, მეზობელი და სხვა) ბავშვის გადაყვანას საპატრულო პოლიციის დახმარებით; ბ) არასამუშაო საათებსა და დასვენების ან უქმე დღეებში შემაკავებელი ორდერების გამოცემის შემთხვევაში, ბავშვის გადაყვანა შესაბამის მომსახურებაში ხორციელდება პოლიციისა და სოციალური სამსახურის ერთობლივი კონსულტირების საფუძველზე. ამავე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, სოციალური მუშაკის კომპეტენციით ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის რეფერირების პროცედურებში თუ სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაცია იძლევა სავარაუდო, ან საფუძვლიან ეჭვს, რომ ბავშვზე განხორციელდა ან ხორციელდება ძალადობა, სოციალური მუშაკი: ა) ახორციელებს ვიზიტს ბავშვთან ბ) აფასებს ბავშვზე ძალადობის შემთხვევას; ახდენს ბავშვზე ძალადობის ნიშნების იდენტიფიკაციას, საჭიროებისამებრ რთავს სხვა სპეციალისტებს (იურისტი, ფსიქოლოგი) და ძალადობის შედეგებისა და ბავშვის უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას ბავშვთან დაკავშირებით; თუ ბავშვთან ვიზიტის დროს, სოციალურმა მუშაკმა, ჩათვალა, რომ საჭიროა ბავშვის ერთ-ერთ მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან/სხვა პასუხისმგებელ პირთან ერთად ან მარტო უსაფრთხო გარემოში გადაყვანა, იგი დაუყოვნებლივ მიმართავს პოლიციას შემაკავებელ ორდერის გამოწერის მიზნით.

23. ამრიგად, სოციალური მუშაკი ვალდებულია, მოახდინოს რეაგირება ბავშვზე ძალადობის განხორციელების თაობაზე სავარაუდო ეჭვის არსებობის შემთხვევაშიც კი, მიიღოს შესაბამისი ზომები არასრულწლოვანის უფლებებისა და ინტერესების დასაცავად, კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელოს ყველა საჭირო ღონისძიება ბავშვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სოციალური მუშაკის მიერ დაკისრებული ფუნქციების სათანადოდ განხორციელებას კი შესაძლებელია გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს არასრულწლოვანის უფლებების დაცვის, მათ შორის ბავშვის უსაფრთხო და შესაფერის გარემოში განთავსების, კუთხით. სწორედ ამიტომ, სოციალურ მუშაკს ეკისრება მაღალი პასუხისმგებლობა; მან ზედმიწევნით უნდა დაიცვას კანონის მოთხოვნები, ჯეროვნად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობანი და გამოიჩინოს სათანადო გულმოდგინება ბავშვზე ძალადობის განხორციელების შესახებ ინფორმაციის მიღებისას.

24. სადავო შემთხვევაში, 2019 წლის 6 იანვარს მოსარჩელეს, საპატრულო პოლიციის მიერ სატელეფონო ზარის მეშვეობით, ეცნობა არაიდენტიფიცირებულ არასრულწლოვანზე გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიაზე მშობლის მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტის შესახებ. მართალია, მოსარჩელემ განუმარტა საპატრულო პოლიციას, რომ ძალადობის გამოხატული ნიშნების არსებობისას არასრულწლოვანი უნდა გადაყვანილიყო სამედიცინო დაწესებულებაში, თუმცა მოსარჩელეს არასრულწლოვანის მიმართ მომხდარი ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ გადაუცია გლდანი-ნაძალადევის სააგენტოს სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის შესაბამისი სოციალური მუშაკისთვის, რომელიც ვალდებული იქნებოდა დაეწყო მოკვლევა ბავშვის უფლებების დასაცავად. ამასთან, დადგენილია, რომ ბავშვი სამედიცინო დაწესებულებიდან გაიყვანა მოძალადე მშობელმა და არასრულწლოვანი გარდაიცვალა 2019 წლის 22 იანვარს, მშობლის მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად.

25. საკასაციო პალატა, სადავო საკითხის განხილვისას, გადამწყვეტ მნიშვნელობას მიანიჭებს დასაქმებულის მოვალეობებსა და ქცევის სტანდარტს, დაკისრებული მოვალეობების დარღვევით წარმოშობილი საფრთხის ხარისხს, ბავშვის ინტერესების უპირატესობას. „სსიპ სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოს თითოეული თანამშრომელი უნდა აცნობიერებდეს, რომ ის იმყოფება მაღალი პასუხისმგებლობის მქონე სამსახურში და ამ პასუხისმგებლობისათვის შესაფერისი გულისხმიერებით აანალიზებდეს იმ რისკებს, რაც უკავშირდება ბავშვის შეუფერებელ გარემოში განთავსებას. ასეთი რისკებისა და საკუთარი პასუხისმგებლობის გაუცნობიერებლობა ან მათ მიმართ გულგრილი დამოკიდებულება წარმოადგენს ისეთი შინაარსის დარღვევას, რომელიც მიუღებელია ბავშვებზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოში დამრღვევის შემდგომი საქმიანობის გაგრძელების მიზნებისათვის... სოციალური მომსახურების სააგენტო კი ის დაწესებულებაა, რომლის ფუნქციონირებისთვისაც თანამშრომლის მიერ მომზადებული დასკვნისა და შეფასებების სანდოობას არსებითი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება ითქვას, რომ სააგენტოს თანამშრომლების მიერ მომზადებული დასკვნებისა და შეფასების სანდოობა ის ქვაკუთხედია, რომელსაც თავად სააგენტოს რეპუტაცია და მის მიმართ საზოგადოებისა და სახელმწიფოს ნდობა ეფუძნება“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 ივნისის №ას-127-123-2016 გადაწყვეტილება). განსახილველ შემთხვევაში კი, მოსარჩელემ გამოიჩინა უმოქმედობა - არ განახორციელა კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობანი სრულყოფილად, არ მოახდინა მიღებულ ინფორმაციაზე სათანადო რეაგირება, არ გადასცა ეს ინფორმაცია თანამშრომლებს, რაც უზრუნველყოფდა საკითხის მოკვლევასა და ბავშვის უფლებების დაცვას.

26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელისთვის დაკისრებული ფუნქციების და ამ ფუნქციების ჯეროვნად შესრულების განსაკუთრებული მნიშვნელობის, დარღვევის ხასიათისა და სიმძიმის, დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის მიმართ ნდობის დაკარგვის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ ჩაიდინა უხეში დარღვევა, რაც დამსაქმებლის მხრიდან მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წინაპირობას ქმნიდა. შესაბამისად, „დ.კ–ვის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 30 იანვრის №04-65/კ ბრძანება კანონიერია. ასეთ პირობებში კი, ვერ მოხდება როგორც გათავისუფლების უკანონოდ მიჩნევა, ისე მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისთვის კომპენსაციის გადახდის დაკისრება.

27. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და 411-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს - სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

28. საქმეზე ახალი მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობასთან დაკავშირებით კი, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამრიგად, უზენაესი სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს და საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე ახალი მტკიცებულებების გამოთხოვა დაუშვებელია. შესაბამისად, კასატორის შუამდგომლობა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

29. რაც შეეხება საპროცესო ხარჯების განაწილებას, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მესამე ნაწილზე, რომლის მიხედვით, თუ საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან; ხოლო 55-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სადავო შემთხვევაში, ვინაიდან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან ნაწილობრივ - შრომის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში, მოსარჩელის მიერ პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - სულ 250 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად; მასვე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით.

III სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 394-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. დ.კ–ვის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს შუამდგომლობა ახალი მტკიცებულების გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

5. დ.კ–ვს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს საკასაციო ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის გადახდა 300 ლარის ოდენობით, შემდეგ ანგარიშზე: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე