Facebook Twitter
საქმე №ას-1083-2022 28 აპრილი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - შპს „მ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ი.“

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

I აღწერილობითი ნაწილი:

1. შპს „ი-მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შპს „მ–ის“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2016 წლის 22 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე ძირითადი დავალიანების - 772 500 აშშ დოლარის (შესაბამისი კურსით ლარში), დამატებითი სამუშაოების ღირებულების - 291 261,37 აშშ დოლარის (შესაბამისი კურსით ლარში), ზიანის - 135 333,91 აშშ დოლარის და ჯართის შენახვის ღირებულების - 165 750 ლარის დაკისრება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ი-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს „მ–ის“ შპს „ი-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 772 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის (გადახდის დღეს არსებული ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად) და ჯართის შენახვის ღირებულების - 165 750 ლარის გადახდა; შპს „მ–ის“ შპს „ი-ის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 3 068 ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და 8 400 ლარის გადახდა იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. შპს „მ–ისა“ (შემკვეთი) და შპს „ი-ს“ (მენარდე) შორის, თბილისში, რუსთაველის ....... მდებარე, შპს „მ–ის“ კუთვნილ ობიექტზე, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის მიზნით, 2014 წლის 14 ნოემბერს დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მენარდეს სამშენებლო სამუშაოები უნდა ეწარმოებინა შემკვეთის მიერ მიწოდებული ნახაზისა და ტექნიკური დავალების შესაბამისად, თანდართულ CD დისკზე მოცემული პროექტის სრული დაცვით. სამუშაო მენარდეს უნდა დაესრულებინა და შემკვეთისთვის სრულყოფილი სახით გადაეცა არაუგვიანეს 2016 წლის 30 აპრილისა. სამუშაოს სრული ღირებულება განისაზღვრა 20 000 000 აშშ დოლარის ეკვივალენტით ეროვნულ ვალუტაში.

მენარდე ვალდებული იყო, შემკვეთისთვის გადაეცა ნივთობრივად უნაკლო ნივთი. ნივთობრივ ნაკლს უთანაბრდებოდა, თუ მენარდე შეასრულებდა სამუშაოს პროექტისა და ნახაზების დარღვევით ან/და შესრულებული სამუშაო იქნებოდა შეუსაბამო (როგორც ტექნიკური, ასევე ვიზუალური თვალსაზრისით). სამუშაოების წარმოების, მისი დასრულების (მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების მომენტი) ან/და საგარანტიო პერიოდში ნაკლოვანების გამოვლენის შემთხვევაში, მენარდეს საკუთარი ხარჯით, შემკვეთის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, უნდა გამოესწორებინა ნაკლოვანება. ნაკლოვანების საკითხთან შეუთანხმებლობისას საკითხს კი შეისწავლიდა დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელიც შეირჩეოდა შეთანხმებით, ხოლო შეუთანხმებლობისას - შემკვეთის მიერ შერჩეული ექსპერტი. თუ მენარდე შემკვეთის მიერ დადგენილ დამატებით ვადაში არ გამოასწორებდა არსებულ ნაკლს, შემკვეთს უფლება ჰქონდა სხვა მესამე პირის დავალების საფუძველზე და მენარდის ხარჯზე გამოესწორებინა უხარისხო შესრულება.

ხელშეკრულების შესრულების მიზნით, შპს „ი-ს“ უფლება მიეცა, სხვა პირებთან გაეფორმებინა ნარდობის ხელშეკრულებები, თუმცა მენარდე იყო პასუხისმგებელი მათ შერჩევასა და შესრულებული სამუშაოს ხარისხზე;

3.2. 2016 წლის 22 დეკემბერს მხარეებმა გააფორმეს ხელშეკრულება, რომლითაც დაადასტურეს 2014 წლის 14 ნოემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადის დარღვევა და სამუშაოების დასრულების ახალ ვადად დაადგინეს 2017 წლის 1 ივნისი (დამატებით საპატიო 15-დღიანი გადაცდენის გათვალისწინებით). სამუშაოების დასრულების შემდგომ, 2017 წლის 17 სექტემბრამდე, მხარეები მოახდენდნენ შესრულებული სამუშაოების ტესტირებას. დარჩენილი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების სრული ღირებულება, რაც შპს „მ–ის“ შპს „ი“-ის სასარგებლოდ უნდა აენაზღაურებინა, განისაზღვრა 3 187 000 აშშ დოლარით;

3.3. შპს „ი-მა“ და მისი დაკვეთით ქვეკონტრაქტორებმა შეასრულეს 2016 წლის 22 დეკემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული, დარჩენილი სამუშაოები;

3.4. ხელშეკრულებით დადასტურებული, დარჩენილი 3 187 000 აშშ დოლარიდან შპს „მ–ის“ არ აუნაზღაურებია 772 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი;

3.5. თბილისში, ........ 2017 წლის 20 აგვისტოდან ფუნქციონირებს გასართობი ცენტრი, 2018 წლის 2 ოქტომბერს გაიხსნა სახვითი ხელოვნების მუზეუმი, ხოლო 2018 წლის დეკემბრიდან - სასტუმრო-სახლი. ობიექტზე, ასევე, ფუნქციონირებს კომერციული ფართები;

3.6. 2019 წლის 20 დეკემბერს შემკვეთმა შპს „ი-ს“ გაუგზავნა ობიექტზე სამუშაოს შესრულების შემდგომ აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ ჩამონათვალი, სულ 21 პოზიცია;

3.7. შპს „ი-მა“ სს „ვ.ბ.ჯ–თან“ 2016 წლის 22 ივნისს დადო საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება (ვადა 2016 წლის 22 ნოემბრამდე). ხელშეკრულების მიხედვით, შპს „მ–ისგან“ ჩარიცხული თანხებით საკრედიტო ხაზის ლიმიტი უნდა შემცირებულიყო. შპს „ი-მა“ მიიღო 550 000 აშშ დოლარი და 250 000 აშშ დოლარის ოდენობით სესხი. ამასთან, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების საფუძვლით სესხისა და ჯარიმის სახით გადაიხადა ჯამში 118 319,24 აშშ დოლარი;

3.8. შპს „ი-სა“ და სს „ხ.ბ.ს–ოს“ შორის 2018 წლის 11 ივნისს გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში მსესხებელმა მიიღო 200 000 აშშ დოლარი, წლიური 7,5% სარგებლის გადახდის პირობით. პროცენტის სახით შპს „ი-მა“ გადაიხადა 17 014,67 აშშ დოლარი;

3.9. 2013 წლის 1 ივლისს შპს „ი-სა“ და შპს „მ–ის“ შორის გაფორმდა ურთიერთშეთანხმების აქტი, რომლის საფუძველზეც, შპს „ი-მა“ თავის ტერიტორიაზე შეინახა შპს „მ–ის“ კუთვნილი ლითონი, თვეში 3350 ლარის ანაზღაურების მიღების პირობით;

3.10. ლითონის მასალები შპს „ი-ის“ ტერიტორიიდან შპს „მ–იმ“ 2017 წლის 24-27 მაისს წაიღო.

4. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე, 639-ე, 641-ე, 642-ე, 645-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ მოსარჩელეს სრულად უნდა ანაზღაურებოდა ნარდობის საფასური. შედეგად, მოპასუხეს დაეკისრა 772 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი, დამატებითი სამუშაოების ღირებულების - 291 261,37 აშშ დოლარის ანაზღაურებასთან დაკავშირებით კი, სამოქალაქო კოდექსის 398-ე, 631-ე მუხლებიდან გამომდინარე, სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან მხარეებმა მყარი ხარჯთაღრიცხვა გაითვალისწინეს და შეთანხმებული ანაზღაურება ყველა საჭირო სამუშაოს შესრულებას მოიცავდა, შემკვეთს შეთანხმებულ თანხაზე მეტის გადახდა ვერ დაეკისრებოდა.

5. პირველი ინსტანციის სასამართლომ, ასევე, მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 394-ე, 408-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ უსაფუძვლო იყო მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე, რადგან მოსარჩელის მიერ საბანკო კრედიტის პროცენტისა და ჯარიმის გადახდა მენარდის მიერ მიყენებულ ზიანს არ წარმოადგენდა.

6. მიბარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს „მ–ისთვის“ 165 750 ლარის დაკისრების მოთხოვნა კი საქალაქო სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია, სამოქალაქო კოდექსის 755-ე, 763-ე მუხლების საფუძველზე. ამასთანავე, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის შედავება მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება მხარეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „ი-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შპს „მ–ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება მოპასუხისთვის თანხის დაკისრების ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს გადასახდელად დაეკისრა 768 796 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი (გადახდის დღეს არსებული, ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად); მოსარჩელეს უარი ეთქვა ჯართის შენახვის ღირებულების - 165 750 ლარის ანაზღაურებაზე; დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

9. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დავის საგანი შეეხებოდა ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებას - ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან შემკვეთმა არ აანაზღაურა 772 500 აშშ დოლარი და თანხის გადაუხდელობა ნაკლიან შესრულებას დაუკავშირა. სადავო საკითხის შეფასებისას, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნებზე, კერძოდ:

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №004086019 დასკვნის თანახმად, თბილისში, ......... მდებარე შენობის, ....... ქუჩის მხრიდან არსებულ ფასადზე, მესამე სართულზე, აივანზე გასასვლელი კარის ალათის მინაპაკეტის გარე ნაწრთობი მინის დაზიანება ძირითადად გამოწვეულია ე.წ. თერმოშოკით. არ არის გამორიცხული, რომ დაზიანებამდე მინაზე არსებობდა დამზადების, ტრანსპორტირების ან მონტაჟის დროს განვითარებული, თვალით უხილავი მიკრობზარები, რომელიც წარმოადგენს თერმული შოკის განვითარების შემთხვევაში მინაპაკეტის დაზიანების ხელისშემწყობ გარემოებას. დროთა განმავლობაში იგივე მიზეზით შესაძლებელია ფასადის სხვა მონაკვეთებზეც ადგილი ჰქონდეს მინაპაკეტებზე ბზარების წარმოქმნას, მაპროვოცირებელი ფაქტორების არსებობის გამო;

- ბიუროს №005347320 დასკვნის თანახმად, თბილისში, ........ მდებარე შენობის შესრულებული სამუშაოების ხარისხი არადამაკმაყოფილებელია;

- შპს „ი-ის“ მიერ წარმოდგენილი, შპს „თ.ე.ჯ. ა–ის“ 2021 წლის 25 მარტის საექსპერტო დასკვნის შესაბამისად, არსებული დეფექტების (დაზიანებული პომპის შეცვლა, დიზელის ცენტრალური ავზის დემონტაჟი და ახალი ანალოგით ჩანაცვლება, მუზეუმის ლობში 22 ერთეული იატაკის გრანიტისფილის შეცვლა) აღმოფხვრის სავარაუდო ღირებულება მიმდინარე პერიოდისთვის 22 400 ლარს შეადგენს.

10. ზემოაღნიშნული დასკვნებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შესრულება იყო ნაკლიანი და ნაკლის გამოსწორების ღირებულება უნდა განსაზღვრულიყო 22 400 ლარით, რადგან შპს „მ–ის“ ნაკლიანი შესრულების ღირებულების თაობაზე მტკიცებულებები არ წარუდგენია და ნაკლის გამოსწორების სავარაუდო ღირებულების შესახებ მხოლოდ შპს „ი-ის“ მიერ წარდგენილი დასკვნა არსებობდა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ შესრულებული სამუშაოს ღირებულება უნდა შემცირებულიყო იმ ფასით, რაც ნაკლის გამოსწორებისთვის იყო საჭირო. შედეგად, შპს „მ–ის“ შპს „ი-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 772 500 აშშ დოლარზე 22 400 ლარით ნაკლები ანაზღაურება, რაც, პალატის მოსაზრებით, შეადგენდა 768 796 აშშ დოლარს.

11. დამატებითი სამუშაოების ღირებულების - 291 261,37 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა სააპელაციო სასამართლომაც უსაფუძვლოდ მიიჩნია, რადგან მხარეებს გათვალისწინებული ჰქონდათ მყარი ხარჯთაღრიცხვა და მენარდის მიერ შესასრულებელი ნებისმიერი სამუშაო შედიოდა აღნიშნულ თანხაში. ამასთან, თუ მხარეები დამატებით შეთანხმდებოდნენ სხვა სამუშაოს შესრულებაზე, რაც სცდებოდა ნარდობის ხელშეკრულების საგანს, მათ დამატებით უნდა გაეფორმებინათ ხელშეკრულება ან ცვლილება შეეტანათ უკვე არსებულ ხელშეკრულებაში, რაც არ განხორციელებულა.

12. ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შპს „ი.“ ზიანის ფაქტს უკავშირებდა შემკვეთის მიერ საზღაურის გადაუხდელობას, რის გამოც მოპასუხესთან შეთანხმებული სესხის დაფარვისთვის მოუწია სარგებლისა და ჯარიმის გადახდა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სესხის ერთი ხელშეკრულება დაიდო 2016 წლის ივნისში, როდესაც სამშენებლო სამუშაოები შეჩერებული იყო და განახლდა 2016 წლის ბოლოს დადებული ხელშეკრულების შემდეგ. ამდენად, შპს „მ–ი“ ვერ იქნებოდა პასუხისმგებელი სესხის ხელშეკრულების შეუსრულებლობაზე, რომელიც მოსარჩელეს 2016 წლის 20 დეკემბრამდე ჰქონდა დადებული. სესხის მეორე ხელშეკრულება კი დაიდო 2018 წლის 22 ივნისს, როდესაც შპს „მ–ის“ უკვე უნდა ჰქონოდა საზღაური სრულად ანაზღაურებული (ყველაზე გვიან ანაზღაურება 2017 წლის 18 სექტემბერს უნდა მომხდარიყო); ამიტომ, ვერც აღნიშნული სესხის აღება დაუკავშირდებოდა მოპასუხის მხრიდან ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობას, ვინაიდან დადებული იყო 2016 წლის 20 დეკემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გასვლის შემდგომ. ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, არ დადასტურდა ზიანის ანაზღაურების წინაპირობების არსებობა.

13. მიბარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს „მ–ისთვის“ 165 750 ლარის დაკისრებასთან დაკავშირებით კი, სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 130-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ სახელშეკრულებო მოთხოვნების მიმართ ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. სადავო შემთხვევაში, ლითონის მასალების ტრანსპორტირება შპს „ი-ის“ ტერიტორიიდან 2017 წლის 27 მაისს დასრულდა, ხელშეკრულებაც შეწყდა და თანხის ანაზღაურების მოთხოვნაც აღნიშნული მომენტიდან წარმოიშვა. სარჩელი კი, მართალია, სასამართლოში წარდგენილ იქნა 2020 წლის 11 მაისს, თუმცა ჯართის შენახვის ღირებულების ანაზღაურება მოთხოვნილ იქნა დაზუსტებული სარჩელით - 2020 წლის 23 სექტემბერს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულად მიიჩნია და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი ამ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება მხარეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს.

15. კასატორი შპს „ი“ აღნიშნავდა, რომ სრულად და ჯეროვნად შეასრულა მხარეთა შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც სრულად უნდა ანაზღაურებოდა ძირითადი დავალიანება - 772 500 აშშ დოლარი. გარდა ამისა, მას უნდა ანაზღაურებოდა დამატებითი სამუშაოების ღირებულება, რადგან ისინი ძირითადი ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ ყოფილა და მხარეთა ზეპირსიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე შესრულდა. ასევე, მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა ზიანი, რომელიც მის მიერ მოსარჩელისთვის თანხის გადაუხდელობამ გამოიწვია, კერძოდ, მოსარჩელე იძულებული გახდა, აეღო სესხი და მისი დროულად დაფარვის შეუძლებლობის გამო ჯარიმაც გადაიხადა.

16. ჯართის შენახვის ღირებულების ანაზღაურებაზე სასამართლოს მიერ უარის თქმის ნაწილში კი მოსარჩელემ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება არ გაასაჩივრა, შესაბამისად, ამ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

17. კასატორი შპს „მ–ი“ მიუთითებდა, რომ მოსარჩელემ ძირითადი ხელშეკრულება სრულყოფილად არ შეასრულა და არც დაშვებული ხარვეზები გამოასწორა. აქედან გამომდინარე, კასატორის (მოპასუხის) განმარტებით, არ არსებობდა მოსარჩელისთვის 772 500 აშშ დოლარის ანაზღაურების საფუძველი. ამასთან, კასატორმა აღნიშნა, რომ მართალია, სააპელაციო პალატამ ნაწილობრივ გაიზიარა მისი არგუმენტი ნაკლიანი შესრულების თაობაზე და ასანაზღაურებელ თანხას გამოაკლო მოპასუხის მიერ ხარვეზების აღმოსაფხვრელად გაწეული ხარჯის ნაწილი, თუმცა არასწორად გამოთვალა ვალუტის კურსი, კერძოდ, 22 400 ლარი სასამართლომ 3 704 აშშ დოლარად გაიანგარიშა.

18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 სექტემბრისა და 28 ოქტომბრის განჩინებებით საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის განჩინებით შპს „იმკ+ -ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; შპს „მ–ის“ საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და დადგინდა საჩივრის მხარეთა დასწრების გარეშე განხილვა; შპს „ი-ს“ დაუბრუნდა საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 8000 ლარის 70% - 5600 ლარი.

20. შპს „ი-ის“ საკასაციო საჩივართან დაკავშირებით, სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2022 წლის 16 დეკემბრის განჩინებაში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე, 629-ე, 631-ე მუხლების საფუძველზე, განმარტა, რომ თუკი მენარდე გადააჭარბებს მხარეთა შორის შეთანხმებულ ხარჯთაღრიცხვას, განსხვავებულად რეგულირდება საკითხი შეთანხმებული ხარჯთაღრიცხვის ტიპების მიხედვით. თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია მყარი ხარჯთაღრიცხვა, იგი არ ექვემდებარება გადასინჯვას, მიუხედავად მისი გადასინჯვის მოთხოვნის მიზეზისა; გამონაკლისია სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა - მყარი ხარჯთაღრიცხვის მნიშვნელოვნად გადაჭარბების შემთხვევაში, მენარდეს შეუძლია, შემკვეთს მოსთხოვოს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. თუ მენარდე ამ უფლებით არ ისარგებლებს და მაინც გააგრძელებს სამუშაოს შესრულებას, შემდეგში იგი კარგავს უფლებას, შემკვეთისაგან მოითხოვოს გადახარჯვის ანაზღაურება. ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში შეთანხმებული იყო მყარი ხარჯთაღრიცხვა და მენარდეს შემკვეთისთვის ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების მოთხოვნით არ მიუმართავს, მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი დამატებითი სამუშაოების ღირებულების - 291 261,37 აშშ დოლარის ანაზღაურებაზე.

21. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 394-ე, 395-ე, 408-ე, 409-ე მუხლებზე. პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ სესხი აიღო 2016 წლის 22 ივნისს, როდესაც სამუშაოების შესრულება შეჩერებული იყო და მხარეთა შეთანხმებით სამუშაოების შესრულება გაგრძელდა და მისი დასრულების ახალი ვადა განისაზღვრა მხოლოდ 2016 წლის 22 დეკემბრის შეთანხმებით. ამდენად, 2016 წლის 22 ივნისს სესხის ხელშეკრულების დადების საჭიროების წარმოშობა ვერ დაუკავშირდებოდა მოპასუხის ქმედებებს. მეორედ კი, მოსარჩელემ 2018 წლის 11 ივნისს აიღო ბანკისგან სესხის სახით 200 000 აშშ დოლარი და პროცენტის სახით გადაიხადა 17 014,67 აშშ დოლარი. ამ დროისთვის შპს „მ–ის“ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი თანხა (გარდა სადავო 772 500 აშშ დოლარისა) გადახდილი ჰქონდა. ამრიგად, მოპასუხის მიერ ანაზღაურებული და სესხად აღებული თანხების ოდენობის გათვალისწინებით, არც ამ შემთხვევაში დადასტურდა მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა მოსარჩელის მიერ სესხის აღებასა და მოპასუხის ქმედებას შორის. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატის განმარტებით, შპს „ი-ს“ მართებულად ეთქვა უარი ზიანის ანაზღაურებაზე.

22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიჩნეულ იქნა, რომ შპს „ი-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრულ, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს. ამასთან, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, კასატორს - შპს „ი-ს“ დაუბრუნდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

23. რაც შეეხება შპს „მ–ის“ საკასაციო საჩივარს, საკასაციო პალატამ, სააპელაციო პალატის მიერ მოპასუხისთვის დაკისრებული ძირითადი დავალიანების ოდენობის შემოწმების შედეგად, მიიჩნია, რომ კასატორის პრეტენზია ვალუტის კურსთა გაანგარიშების საკითხთან დაკავშირებით დასაბუთებული იყო, რის გამოც შპს „მ–ის“ საკასაციო საჩივარი დაშვებულ იქნა არსებითად განსახილველად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითა, რომ შპს „მ–ის“ საკასაციო საჩივრის დაშვების პირობებში, მის მიერ საკასაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, მხარეთა მიერ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის განაწილებისა და მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების ხარჯის დაკისრების საკითხები გადაწყდებოდა შპს „მ–ის“ მოთხოვნის არსებითად გადაწყვეტისას.

II სამოტივაციო ნაწილი:

24. საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ შპს „მ–ის“ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს, ნაკლიან შესრულებაზე მითითებით, მენარდის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებელი ოდენობის განსაზღვრა.

26. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. იმავე კოდექსის 639-ე მუხლი კი განსაზღვრავს მენარდის ვალდებულებას, წარუდგინოს შემკვეთს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთი. 641-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. თავის მხრივ, ნივთობრივად უნაკლო ნივთის წარდგენის ვალდებულების დარღვევა წარმოშობს იმავე კოდექსის 642-ე (დამატებითი შესრულების მოთხოვნა), 643-ე (ნაკეთობის ნაკლის გამოსწორება შემკვეთის მიერ), 644-ე (ხელშეკრულებაზე უარი ნაკეთობის ნაკლის გამო) და 645-ე (საზღაურის შემცირება ნაკეთობის ნაკლის გამო) მუხლებით გათვალისწინებულ მეორადი მოთხოვნის უფლებებს. მაშასადამე, შემკვეთი ვალდებულია, აუნაზღაუროს მენარდეს შეთანხმებული საზღაური ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებისთვის. თუმცა, თუკი შესრულება ნაკლიანია შემკვეთი აღიჭურვება დამატებითი მოთხოვნების წარდგენის უფლებით, მათ შორის, შემკვეთს შეუძლია შეამციროს საზღაური ნაკლის გამო; კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 645-ე მუხლის თანახმად, შემკვეთს, რომელიც არც ხელშეკრულების დამატებით შესრულებას მიიღებს საამისოდ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ და არც უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე,შეუძლია იმ თანხით შეამციროს საზღაური, რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას.

27. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს „მ–ისა“ (შემკვეთი) და შპს „ი-ს“ (მენარდე) შორის, თბილისში, .......... №18-ში მდებარე, შპს „მ–ის“ კუთვნილ ობიექტზე, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის მიზნით, 2014 წლის 14 ნოემბერს დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მენარდეს სამშენებლო სამუშაოები უნდა ეწარმოებინა შემკვეთის მიერ მიწოდებული ნახაზისა და ტექნიკური დავალების შესაბამისად. სამუშაო მენარდეს უნდა დაესრულებინა და შემკვეთისთვის სრულყოფილი სახით გადაეცა არაუგვიანეს 2016 წლის 30 აპრილისა. სამუშაოს სრული ღირებულება განისაზღვრა 20 000 000 აშშ დოლარის ეკვივალენტით ეროვნულ ვალუტაში. მენარდე ვალდებული იყო, შემკვეთისთვის გადაეცა ნივთობრივად უნაკლო ნივთი. ხელშეკრულების შესრულების მიზნით, შპს „ი-ს“ უფლება მიეცა, სხვა პირებთან გაეფორმებინა ნარდობის ხელშეკრულებები, თუმცა მენარდე იყო პასუხისმგებელი მათ შერჩევასა და შესრულებული სამუშაოს ხარისხზე.

28. ასევე, დადგენილია, რომ 2016 წლის 22 დეკემბერს მხარეებმა გააფორმეს ხელშეკრულება, რომლითაც დაადასტურეს 2014 წლის 14 ნოემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადის დარღვევა და სამუშაოების დასრულების ახალ ვადად დაადგინეს 2017 წლის 1 ივნისი. სამუშაოების დასრულების შემდგომ, 2017 წლის 17 სექტემბრამდე, მხარეები მოახდენდნენ შესრულებული სამუშაოების ტესტირებას. დარჩენილი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების სრული ღირებულება, რაც შპს „მ–ის“ შპს „ი-ის“ სასარგებლოდ უნდა აენაზღაურებინა, განისაზღვრა 3 187 000 დოლარით.

29. შპს „ი-მა“ და მისი დაკვეთით ქვეკონტრაქტორებმა შეასრულეს 2016 წლის 22 დეკემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული, დარჩენილი სამუშაოები. შპს „მ–იმ“ კი ხელშეკრულებით დადასტურებული, დარჩენილი 3 187 000 აშშ დოლარიდან, მენარდეს არ აუნაზღაურა 772 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი. სწორედ დასახელებული თანხის ანაზღაურება მოითხოვა მოსარჩელემ, ხოლო მოპასუხე სრული ღირებულების გადახდას გამორიცხავს ნაკლიან შესრულებაზე მითითებით.

30. ნაკლიანი შესრულების საკითხის შეფასებისას, საკასაციო პალატა მიუთითებს მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე. ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლიდან გამომდინარე, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ნაკლიანი შესრულების დადასტურების ტვირთი შემკვეთს აკისრია (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 8 ოქტომბრის №ას-856-2021, 2021 წლის 12 მარტის №ას-1324-2019 და 2020 წლის 11 მარტის №ას-58-2020 განჩინებები).

31. განსახილველ შემთხვევაში კი, საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების, კერძოდ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №004086019, №007318119 და №005347320 დასკვნების, შესწავლის შედეგად სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია ნაკლიანი შესრულება. ამასთანავე, თავად მენარდის - შპს „ი-ის“ მიერ წარმოდგენილი, შპს „თ.ე.ჯ. ა–ის“ 2021 წლის 25 მარტის საექსპერტო დასკვნიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ არსებული დეფექტების აღმოფხვრის სავარაუდო ღირებულება 22 400 ლარს შეადგენდა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). „დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 15 ოქტომბრის №ას-735-2021 და 2018 წლის 28 დეკემბრის №ას-1687-2018 განჩინებები). საკასაციო პალატა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და ექსპერტთა დასკვნებში ასახული ინფორმაციის შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ კასატორმა - შპს „მ–იმ“ ვერ წარმოადგინა დასაბუთებული პრეტენზია - ვერ დაადასტურა სააპელაციო სასამართლოს მიერ, არსებული ნაკლის გამოსწორებისთვის აუცილებელი ხარჯის ოდენობად 22 400 ლარის არასწორად განსაზღვრა. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ „ექსპერტიზის, თუნდაც სავარაუდო დასკვნა, აბათილებს მოპასუხის მარტოოდენ ზეპირ განმარტებას, რადგან სხვა მტკიცებულებებთან ერთად, სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის მოსაზრებას სადავო ურთიერთობის ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთებისას, უთუოდ ენიჭება გარკვეული უპირატესობა მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგე ვერ აბათილებს ობიექტური მტკიცებულებებით სადავო გარემოებებს“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 აპრილის №ას-45-2021 განჩინება). განსახილველ შემთხვევაში კი, კასატორმა სათანადო მტკიცებულების წარმოდგენა - ნაკლის გამოსწორებისთვის 772 500 აშშ დოლარის ხარჯის გაწევის საჭიროების დადასტურება ვერ უზრუნველყო.

32. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას, რომ შემკვეთს უნდა აენაზღაურებინა მენარდისთვის ნარდობის საფასურის დარჩენილი ნაწილი (772 500 აშშ დოლარი) ნაკლის გამოსწორებისთვის აუცილებელი ხარჯის (22 400 ლარის) გამოკლებით. ამავდროულად, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ სააპელაციო სასამართლომ 22 400 ლარი 3 704 აშშ დოლარად გაიანგარიშა და ასანაზღაურებელ თანხას გამოაკლო არა 22 400 ლარი, არამედ 3 704 აშშ დოლარი. საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო პალატის გაანგარიშებას და იზიარებს კასატორის განმარტებას ვალუტის მსგავსი კურსის არარსებობასთან დაკავშირებით.

33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და 411-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება - შპს „მ–ის“ შპს „ი-ის“ სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროს 772 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი (გადახდის დღეს არსებული, ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად), რომელსაც გამოაკლდება 22 400 ლარი.

34. რაც შეეხება საპროცესო ხარჯის განაწილებას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. საკასაციო პალატა, შპს „ი-ის“ სასარჩელო მოთხოვნებისა და კასატორის პრეტენზიის დაკმაყოფილებული ნაწილის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ შპს „მ–ის“ შპს „ი-ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 2 396 ლარის გადახდა, ხოლო მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი და სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად; ასევე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 8400 ლარის ანაზღაურება; ამასთან, მოსარჩელე შპს „ი-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი ბაჟიდან 15,54 ლარი (პირველი ინსტანციის სასამართლოში მოთხოვნის ნაწილზე უარის თქმის გამო). შპს „ი-ს“ კი შპს „მ–ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 2021 ლარის ანაზღაურება, ხოლო დანარჩენი ნაწილი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

35. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლზე, რომლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. ვინაიდან სადავო შემთხვევაში სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

III სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 394-ე, 401-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. შპს „მ–ის“ საკასაციო საჩივარი (არსებითად განსახილველად დაშვებულ ნაწილში) ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება არსებითად განსახილველად დაშვებულ ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს „ი– ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

4. შპს „მ–ის“ (ს/ნ .....) შპს „ი-ის“ (ს/ნ .........) სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 772 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი (გადახდის დღეს არსებული, ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად), რომელსაც გამოაკლდება 22 400 ლარი;

5. შპს „მ–ის“ (ს/ნ .....) შპს „ი-ის“ (ს/ნ .....) სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 2 396 ლარის და იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 8 400 ლარის ანაზღაურება;

6. შპს „ი-ს“ (ს/ნ ...) დაუბრუნდეს სარჩელზე თ.ს–ის (პ/ნ ………) მიერ 2020 წლის 11 მაისის №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 15,54 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

7. შპს „ი-ს“ (ს/ნ .....) შპს „მ–ის“ (ს/ნ .....) სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 2021 ლარის ანაზღაურება;

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე