თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოპასუხეები) - ზ.ზ–ძე, ლ.ო–ია, გ.გ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ხ.კ–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მაისის განჩინება
კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
I აღწერილობითი ნაწილი:1. ხ.კ–მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ზ.ზ–ძის, ლ.ო–იას, გ.გ–ძისა და ე.ჩ–ძის მიმართ, თანხის დაკისრებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით ხ.კ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; იბა „ა–სი ?-ის“ წევრებს: ზ.ზ–ძეს, ლ.ო–იას და გ.გ–ძეს ხ.კ–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 52 100 აშშ დოლარის გადახდა; ე.ჩ–ძის ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
3. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. 2006 წლის 3 აგვისტოს დაფუძნდა იბა „ა–სი ?“, რომლის დამფუძნებლები იყვნენ: ზ.ზ–ძე, ლ.ო–ია და გ.გ–ძე;
3.2. 2007 წლის 29 მაისს ხ.კ–სა და ზ.ზ–ძეს შორის დაიდო წილის უფლების ნასყიდობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების 1.1 მუხლის თანახმად, წილის უფლების გამყიდველმა - ზ.ზ–ძემ გაყიდა, ხოლო წილის უფლების მყიდველმა - ხ.კ–მა იყიდა ზ.ზ–ძის წილის უფლება იბა „ა–სი ?-ის“ კუთვნილ, თბილისში, ...... მდებარე მშენებარე კორპუსში (მე-3 ბლოკი, მე-3 სართული, საერთო ფართი - 147 მ2, თეთრი კარკასი და ორი ავტოფარეხი). წილის უფლების მყიდველს წილის უფლების გამყიდველისგან გადაეცემა ყველა ის უფლებამოსილება, რაც მას ჰქონდა ამხანაგობის მიმართ. ამავე ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, ზ.ზ–ძე ვალდებული იყო, 12 თვის განმავლობაში წილის უფლების მყიდველისათვის ჩაებარებინა თბილისში, ..... მდებარე მშენებარე კორპუსში, მე-3 ბლოკში, მე-3 სართულზე, საერთო ფართი - 147 მ2, თეთრი კარკასით და ორი ავტოფარეხი. გასაყიდი წილი მხარეთა მიერ შეფასებულ იქნა 122 900 აშშ დოლარად;
3.3. ხ.კ–მა ზ.ზ–ძეს გადაუხადა 122 900 აშშ დოლარი ხელშეკრულებაზე ხელმოწერისთანავე;
3.4. 2007 წლის 29 მაისს ხ.კ–სა და ზ.ზ–ძეს შორის დაიდო წილის უფლების ნასყიდობის მეორე ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების 2.1 მუხლის თანახმად, ზ.ზ–ძე ვალდებული იყო, ხ.კ–ისთვის 12 თვის განმავლობაში ჩაებარებინა იბა „ა–სი ?-ის“ კუთვნილ, თბილისში, ..... მდებარე მშენებარე კორპუსში, პირველ ბლოკში, მე-2 სართულზე, საერთო ფართი - 147 მ2 თეთრი კარკასი. აღნიშნული ფართი შეფასდა 112 100 აშშ დოლარად;
3.5. ხ.კ–მა გადაიხადა 32 100 აშშ დოლარი ხელმოწერისთანავე;
3.6. ხ.კ–ს საკუთრებაში გადაეცა მხოლოდ საცხოვრებელი ბინა (ს/კ ......);
3.7. ხ.კ–ისთვის ზ.ზ–ძეს არ დაუბრუნებია პირველ კორპუსში, საცხოვრებელ ბინაზე შეტანილი თანხა - 32 100 აშშ დოლარი და ორი ავტოფარეხის ღირებულება - 20 000 აშშ დოლარი.
4. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 930-ე, 937-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ამხანაგობის ვალდებულების წარმოშობისთანავე ავტომატურად წარმოიშობა ამხანაგობის თითოეული წევრის პასუხისმგებლობა ამ ვალდებულებისათვის. სადავო ხელშეკრულებები კი ითვალისწინებდა ამხანაგობის ვალდებულებას, გადაეცა მყიდველისთვის ქონება. რადგან ეს ხელშეკრულება სრულად არ შესრულდა, ამხანაგობის წევრებს დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ 52 100 აშშ დოლარის გადახდა.
5. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, რადგან მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენდა უძრავი ქონების შეძენა და არა ნასყიდობის საფასურის ბანკში ანაბარზე განთავსება და ამ გზით სარგებლის მიღება. შესაბამისად, მიჩნეულ იქნა, რომ არ არსებობდა მოპასუხისთვის სავარაუდო ზიანის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები.
6. ე.ჩ–ძის მიმართ არსებულ მოთხოვნასთან დაკავშირებით კი, საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ რადგან ხსენებული პიროვნება ამხანაგობის წევრი მხოლოდ 2011 წლის 30 მარტს გახდა, 2006 წელს დადებულ გარიგებაზე პასუხისმგებელ პირს არ წარმოადგენდა.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს. შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მაისის განჩინებით ზ.ზ–ძის, ლ.ო–იასა და გ.გ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მაისის გადაწყვეტილება.
9. სააპელაციო პალატამ მიუთითა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და გაიზიარა საქალაქო სასამართლოს სამართლებრივი შეფასება.
10. სამოქალაქო კოდექსის 930-ე და 937-ე მუხლებზე მითითებით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ზ.ზ–ძე გარიგების გაფორმებისას მოქმედებდა, როგორც ამხანაგობის დამფუძნებელი წევრი/თავმჯდომარე და არა როგორც ფიზიკური პირი, იგი განკარგავდა ამხანაგობის ქონებას და არა მის პირად საკუთრებას (საკუთარ წილს ამხანაგობაში). შესაბამისად, ვინაიდან ამხანაგობა, კანონის თანახმად, ამხანაგობის დამფუძნებელი წევრის/თავმჯდომარის მიერ განხორციელებულ ქმედებაზე აგებს პასუხს, ამხანაგობის წევრები პასუხისმგებელნი იყვნენ მოდავე მხარეებს შორის წარმოშობილ სამართალურთიერთობაზე.
11. სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ მოპასუხე მხარემ ვერ დაადასტურა ზ.ზ–ძის მიერ ხ.კ–ისთვის წილის უფლების ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 52 100 აშშ დოლარის დაბრუნება, რაც წარმოადგენდა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს ძირი თანხის მოთხოვნის ნაწილში.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მაისის განჩინება ზ.ზ–ძემ, ლ.ო–იამ და გ.გ–ძემ საკასაციო წესით გაასაჩივრეს.
13. კასატორები აღნიშნავენ, რომ ზ.ზ–ძე არ მოქმედებდა ამხანაგობის სახელით, რადგან მას არ ჰქონდა ამხანაგობის წევრთა თანხმობა. ამასთანავე, ლ.ო–იასა და გ.გ–ძის მიმართ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია. გარდა ამისა, თუკი ზ.ზ–ძესა და მოსარჩელეს შორის დადებული ხელშეკრულება ნამდვილად ჩაითვლება, ხ.კ–იც ამხანაგობის წევრად უნდა იქნეს განხილული და ადგილი აქვს ამხანაგობის წევრთა შორის წარმოშობილ პასუხისმგებლობას.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2023 წლის 2 მარტის განჩინებით - განსახილველად იქნა დაშვებული, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ამასთან, მხარეებს განემარტათ, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი განიხილებოდა მათი დასწრების გარეშე.
II სამოტივაციო ნაწილი:15. საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად, მიიჩნევს, რომ ზ.ზ–ძის, ლ.ო–იასა და გ.გ–ძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ საქმეში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ დადებული ხელშეკრულების შეუსრულებლობისთვის ამავე ამხანაგობის წევრებისთვის პასუხისმგებლობის სოლიდარულად დაკისრების წინაპირობების არსებობა.
17. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად. იმავე კოდექსის 937-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივი საქმიანობიდან წარმოშობილი ვალებისათვის პასუხს აგებენ სოლიდარულად. ერთმანეთთან ურთიერთობაში პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრება მონაწილეთა წილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. ამრიგად, თუკი დადასტურდება ამხანაგობის მიერ სხვა პირის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებაზე შეთანხმება, ამავე შესრულებაზე ამხანაგობის წევრები სოლიდარულად იქნებიან პასუხისმგებელნი.
18. ამასთან, კანონმდებლობა აწესრიგებს ამხანაგობის მიერ მესამე პირებთან ხელშეკრულების დადების წესსაც, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 933-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წილი ქონების ან უფლების სახით არ შეიძლება გადაეცეს მესამე პირს ხელშეკრულების სხვა მონაწილეთა თანხმობის გარეშე. უარი თანხმობაზე დაიშვება მხოლოდ პატივსადები მიზეზის არსებობისას. იმავე კოდექსის 934-ე მუხლის მე-3 ნაწილი კი ადგენს, რომ თუ ხელშეკრულებით ამხანაგობის საქმეების გაძღოლა დაკისრებული აქვს ერთ-ერთ მონაწილეს, საეჭვოობისას ის წარმოადგენს ამხანაგობას მესამე პირებთან ურთიერთობაში და მის მიერ დადებული გარიგებები ნამდვილია.
19. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ზ.ზ–ძესა და ხ.კ–ს შორის დაიდო ორი ხელშეკრულება „წილის უფლების ნასყიდობის შესახებ“, რომელთა საფუძველზეც ზ.ზ–ძემ მოსარჩელეს მიჰყიდა უფლება ბინასა და ორ ავტოფარეხზე (რისთვისაც მოსარჩელემ მას 122 300 აშშ დოლარი გადაუხადა) და უფლება ბინაზე (რისთვისაც მოსარჩელემ საფასურის მხოლოდ ნაწილი - 32 100 აშშ დოლარი გადაიხადა). ხელშეკრულების მიხედვით, ქონება მოსარჩელეს 12 თვეში უნდა გადასცემოდა. დადგენილია, რომ მოსარჩელეს მხოლოდ ერთი ბინა გადაეცა, რის გამოც სარჩელით მან მოითხოვა ავტოფარეხების და მეორე ბინის საფასურის გადახდილი ნაწილის (ჯამში - 52 100 აშშ დოლარის) ანაზღაურება.
20. საკასაციო პალატა, დასახელებული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მიუთითებს, რომ საქმეზე დადგენილია ვალდებულების შეუსრულებლობა, თუმცა სადავოა ვალდებულების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირის განსაზღვრა.
21. სადავო საკითხის შეფასებისას, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ გარემოებებზე: ზ.ზ–ძე წარმოადგენდა იბა „ა–სი ?-ის“ დამფუძნებელსა და თავმჯდომარეს, თუმცა წესდების მიხედვით, თავმჯდომარეს სჭირდებოდა ყველა დამფუძნებელი წევრის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა საერთო საკუთრების ქონების გასასხვისებლად; ეს წესი არ ეხებოდა მხოლოდ ისეთ ქონებას, რომელიც ინდივიდუალურ საკუთრებაში იქნებოდა; წესდება მოხსენიებულია სადავო ხელშეკრულებებში, ე.ი. მის თაობაზე იცოდა მოსარჩელემაც; ხელშეკრულებები დადებულია ზ.ზ–ძის მიერ ისე, რომ ის არ არის მითითებული ამხანაგობის სახელით მოქმედ პირად; ხელშეკრულებებით, უძრავი ქონების გადაცემის ვალდებულება იკისრა ზ.ზ–ძემ; საფასური გადახდილია ზ.ზ–ძისთვის.
22. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები ერთობლიობაში მოწმობს, რომ ზ.ზ–ძე მოსარჩელესთან გარიგების გაფორმებისას მოქმედებდა როგორც ფიზიკური პირი და არა როგორც ამხანაგობის თავმჯდომარე; ასევე, მანვე მიიღო და განკარგა სადავო თანხა. აქედან გამომდინარე, მის მიერ დადებული ხელშეკრულების შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობაც უნდა დაეკისროს ზ.ზ–ძეს და არა - ამხანაგობის წევრებს, რადგან ვალდებულება იკისრა ფიზიკურმა პირმა და არა ამხანაგობამ (მსგავს სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 თებერვლის №ას-853-2021 და 2022 წლის 16 დეკემბრის №ას-1328-2022 განჩინებები).
23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა და 411-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ - სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე. კერძოდ, მოსარჩელის სასარგებლოდ 52 100 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა უნდა დაეკისროს მხოლოდ ზ.ზ–ძეს. ამასთან, რადგან მოთხოვნა გ.გ–ძისა და ლ.ო–იას მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს, სასამართლო მათ მიმართ არსებული სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხს აღარ შეაფასებს.
24. რაც შეეხება საპროცესო ხარჯის განაწილებას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით კი, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან სადავო შემთხვევაში სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა (მხოლოდ ერთი მოპასუხის მიმართ; ასევე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილით მოსარჩელეს მოთხოვნილი თანხის ნაწილის ანაზღაურებაზე უარი ეთქვა), სახელმწიფო ბაჟის საკითხიც შესაბამისად უნდა გადაწყდეს. კერძოდ, დადგენილია, რომ მოსარჩელემ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადაიხადა 3 000 ლარი, ამრიგად, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად, მოპასუხე - ზ.ზ–ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1 500 ლარის ანაზღაურება, ხოლო დანარჩენი 1 500 ლარი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად. ზ.ზ–ძეს, ლ.ო–იასა და გ.გ–ძეს კი სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი აქვთ ჯამში ბაჟი 11 000 ლარის ოდენობით. შესაბამისად, ვინაიდან ლ.ო–იასა და გ.გ–ძის საჩივარი დაკმაყოფილდა, საჩივრის დაკმაყოფილებული ნაწილის გათვალისწინებით, მოსარჩელეს მათ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 7333,3 ლარის გადახდა, დარჩენილი ნაწილი კი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
25. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლზე, რომლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან. ვინაიდან სადავო შემთხვევაში სარჩელი ზ.ზ–ძის მიმართ დაკმაყოფილდა, მის მიმართ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
III სარეზოლუციო ნაწილი:საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 394-ე, 401-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ზ.ზ–ძის, ლ.ო–იასა და გ.გ–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მაისის განჩინება გასაჩივრებულ ნაწილში და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ხ.კ–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
4. ზ.ზ–ძეს (პ/ნ ......) ხ.კ–ის (პ/ნ .........) სასარგებლოდ დაეკისროს 52 100 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა;
5. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
6. ზ.ზ–ძეს (პ/ნ .........) ხ.კ–ის (პ/ნ .......) სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 1 500 ლარის ანაზღაურება;
7. ხ.კ–ს (პ/ნ ..........) ლ.ო–იასა (პ/ნ ...........) და გ.გ–ძის (პ/ნ ........) სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი ბაჟის ნაწილის - 7333,3 ლარის ანაზღაურება;
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ა. წულაძე
მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე
გ. მიქაუტაძე