Facebook Twitter
საქმე №ას-1486-2022 28 აპრილი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - შ.კ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ი.ჰ.გ–ი“

დავის საგანი - თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

აღწერილობითი ნაწილი:

შპს „ი.ჰ.გ–მა“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შ.კ–ძის მიმართ, მოპასუხისთვის 6 300 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით. შ.კ–ძემ კი წარადგინა შეგებებული სარჩელი, რომლითაც 2021 წლის 15 იანვარს მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით შპს „ი.ჰ.გ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; შ.კ–ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 6 300 აშშ დოლარის ეკვივალენტის ეროვნულ ვალუტაში გადახდა; შ.კ–ძის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება შ.კ–ძემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ივლისის განჩინებით შ.კ–ძეს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, რომლის შესავსებად განესაზღვრა 7-დღიანი ვადა.

„ხარვეზის დადგენის შესახებ“ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ივლისის განჩინება 2022 წლის 2 აგვისტოსა და 14 სექტემბერს გაეგზავნა აპელანტ შ.კ–ძეს, მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე - თბილისი, ……. თუმცა, გზავნილები ადრესატს ვერ ჩაბარდა (ფოსტის უკუგზავნილებში მიზეზად დასახელებულია, რომ მისამართზე არავინ იმყოფებოდა).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით შ.კ–ძის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

სააპელაციო პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე, 73-ე მუხლების საფუძველზე, გზავნილი აპელანტისათვის ჩაბარებულად მიიჩნია; ჩაბარების თარიღად კი განსაზღვრა ფოსტის კურიერის მეორე ვიზიტის თარიღი - 2022 წლის 23 სექტემბერი. შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 7-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2022 წლის 24 სექტემბრიდან და ამოიწურა 30 სექტემბერს ისე, რომ აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია. შედეგად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ საჩივარი განუხილველად დატოვა, ხარვეზის საპროცესო ვადაში შეუვსებლობის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ოქტომბრის განჩინება შ.კ–ძემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ გზავნილებში დაფიქსირებულ მისამართზე მუდმივად იმყოფებოდა მისი მეუღლე; გარდა ამისა, საქმის მასალებში მითითებული იყო შ.კ–ძის ტელეფონის ნომერი, თუმცა მას არავინ დაკავშირებია სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის თაობაზე (სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ მხარეს ინფორმაცია სწორედ ტელეფონის საშუალებით მიეწოდა, რის შემდგომაც ჩაიბარა განჩინებაც).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 მარტის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ შ.კ–ძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

მოცემულ შემთხვევაში, საკვლევ საკითხს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ, ხარვეზის საპროცესო ვადაში შეუვსებლობაზე მითითებით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლში ჩამოთვლილია მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. ამასთან, ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის დენა იწყება მხარისთვის გზავნილის კანონით დადგენილი წესით ჩაბარების მომენტიდან.

გზავნილის ჩაბარების წესთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ სასამართლოს გზავნილი ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. იმავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად კი, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ შეტყობინება მხარეებს (მათ წარმომადგენლებს) აცნობოს ტელეფონით, თუ ხარვეზი შეეხება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“ და „ზ“−„ი“ ქვეპუნქტებითა და მე-2−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ სააპელაციო საჩივრის ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) მხარეს ან სააპელაციო საჩივარს არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. საყურადღებოა, რომ იმავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, გზავნილის გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს ის, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. ამრიგად, სასამართლო თავად ირჩევს, რა ფორმით გაუგზავნოს მხარეს შეტყობინება და მისთვის ცნობილ რომელ მისამართზე, ხოლო თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე გზავნილი ორჯერ მაინც ვერ ჩაბარდა კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გზავნილი ჩაბარებულად ჩაითვლება. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ საქმის სამართლიანი განხილვის უფლება მოითხოვს მხარის ინფორმირების მიზნით საპროცესო საშუალებათა გონივრულად განკარგვის აუცილებლობას სასამართლოს მხრიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2017 წლის 17 იანვრის №30459/13 გადაწყვეტილება საქმეზე „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“). სწორედ ამიტომ, „დასახელებული საპროცესო ნორმა არ შეიძლება, განიმარტოს იმგვარად, რომ სასამართლომ მხოლოდ ფორმალურად უნდა შეასრულოს უწყების გაგზავნის წესი, არამედ, სასამართლომ უნდა განკარგოს ყველა ის საპროცესო საშუალება, რომელიც გონივრულობის დაცვით იძლევა პირის ინფორმირების საშუალებას. ზემოხსენებული ჩამონათვალი, ასევე, ნორმის დანაწესი, რომ შეტყობინება უნდა გაიგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც, მიანიშნებს სასამართლოს ვალდებულებაზე, შეისწავლოს პირველი გზავნილის ჩაუბარებლობის მიზეზი და ეცადოს, განმეორებითი შეტყობინება მეტად უზრუნველყოფდეს მხარის დაბარებას“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივლისის №ას-666-622-2017 განჩინება).

განსახილველ შემთხვევაში, „სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ“ განჩინება მხარეს ორჯერ უშედეგოდ გაეგზავნა მის მიერ მითითებულ, ერთსა და იმავე მისამართზე ისე, რომ გზავნილებზე არ ყოფილა მითითებული მხარის საკონტაქტო ნომერი, რაც კურიერს მისცემდა მხარესთან დაკავშირების საშუალებას და, გზავნილის ჩაუბარებლობის მიზეზების გათვალისწინებით, შესაძლებელს გახდიდა გზავნილის ადრესატისთვის გადაცემას. საყურადღებოა, რომ სწორედ ტელეფონით დაკავშირების შემდგომ მოხდა მხარისთვის მოგვიანებით სადავო, „სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე“ განჩინების ჩაბარების უზრუნველყოფაც. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, მიიჩნევს, რომ „სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ“ განჩინება მხარისთვის ჩაბარებულად არ უნდა მიჩნეულიყო. ამდენად, საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები არ არსებობდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი კერძო საჩივარი არის საფუძვლიანი, დასაბუთებული და უნდა დაკმაყოფილდეს - გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შ.კ–ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 4 ოქტომბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე