Facebook Twitter
საქმე №ას-1542-2022 28 აპრილი, 2023 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობა:

ალექსანდრე წულაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - შპს „ტ–ი“

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 აგვისტოს განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

აღწერილობითი ნაწილი:

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შპს „ტ–ის“ მიმართ, პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს „ტ–ის“ სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 27625.17 ლარის და ჯარიმის - 46041.95 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ საჩივრით გაასაჩივრა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 აპრილის განჩინებით შპს „ტ–ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2022 წლის 29 აპრილის განჩინებასთან ერთად, შპს „ტ–იმ“ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ივლისის განჩინებით შპს „ტ–ის“ სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და მის შესავსებად განესაზღვრა 10 დღე; კერძოდ, აპელანტს დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 2946.68 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნისა და სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარდგენა. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნებოდა განუხილველად.

„ხარვეზის დადგენის შესახებ“ განჩინება აპელანტს გაეგზავნა მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 2022 წლის 1 აგვისტოს ჩაბარდა კომპანიის წარმომადგენელს - ბ.ნ–ს, რომლის მიმართაც გაცემულია მინდობილობა და გზავნილი ჩაიბარა როგორც კომპანიის იურისტმა.

შპს „ტ–იმ“ სასამართლოში ფოსტის მეშვეობით გააგზავნა განცხადება ხარვეზის შევსების თაობაზე, რომელსაც დაურთო სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტიც.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 აგვისტოს განჩინებით შპს „ტ–ის“ სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აპელანტის განცხადების სასამართლოში რეგისტრაციის თარიღია 2022 წლის 19 აგვისტო, განცხადებას თან ერთოდა კონვერტი, რომელზეც სარეგისტრაციო თარიღად მითითებულია 2022 წლის 11 აგვისტო, თუმცა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტზე გადახდის შესრულების თარიღად მითითებული იყო 2022 წლის 12 აგვისტო, 4:26:19 საათი. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე, 368-ე, 374-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 აგვისტოს განჩინება შპს „ტ–იმ“ კერძო საჩივრით გაასაჩივრა.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ ხარვეზის შევსების მიზნით განცხადება სასამართლოში დროულად წარადგინა, ხოლო მესამე პირთა (ფოსტის და ბანკის თანამშრომელთა) არაკვალიფიციურობა მხარის საუარესოდ არ უნდა განიმარტოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 მარტის განჩინებით შპს „ტ–ის“ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების გაცნობის, წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ შპს „ტ–ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

მოცემულ შემთხვევაში, საკვლევ საკითხს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის განსაზღვრულ ვადაში შეუვსებლობის გამო. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის დაცვით, ვინაიდან სააპელაციო საჩივარს არ ერთოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, სააპელაციო საჩივარზე დაადგინა ხარვეზი და მხარეს განუსაზღვრა ათდღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი და მე-8 ნაწილების დაცვით, „ხარვეზის დადგენის შესახებ“ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ივლისის განჩინება 2022 წლის 1 აგვისტოს ჩაბარდა კომპანიის წარმომადგენელს - ბ.ნ–ს, რომლის მიმართაც გაცემულია მინდობილობა და გზავნილი ჩაიბარა როგორც კომპანიის იურისტმა.

საკასაციო სასამართლო, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლებზე მითითებით, აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, 2022 წლის 2 აგვისტოდან დაიწყო ხარვეზის შევსების ათდღიანი ვადის ათვლა, რომელიც ამოიწურა 2022 წლის 11 აგვისტოს (ხუთშაბათს), 24:00 საათზე ისე, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი ამ ვადაში არ გამოუსწორებია. აპელანტის მიერ სააპელაციო სასამართლოში ხარვეზის გამოსასწორებლად წარდგენილი, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი დათარიღებულია 2022 წლის 12 აგვისტოთი, როდესაც საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა გასული იყო. ამასთანავე, კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია დამატებითი ინფორმაცია/მტკიცებულება, რომ ქვითარზე თარიღი არასწორად არის დაფიქსირებული. ხარვეზის სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შეუვსებლობა კი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ქმნიდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს. ამასთანავე, საგულისხმოა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით აპელანტი ინფორმირებული იყო ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება გამოტანილია საპროცესო სამართლის ნორმების დაცვით, სასამართლომ ობიექტური შეფასება მისცა საქმის მასალებს და არ არსებობს განჩინების გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ტ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 აგვისტოს განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ა. წულაძე

მოსამართლეები: ლ. მიქაბერიძე

გ. მიქაუტაძე