11 მაისი 2023 წელი
საქმე №ას-1305-2022 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები _ ბ.მ–ძე, ი.მ–ძე, ნ.გ–ძე, კ.მ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ ხ.მ–ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ მესაკუთრედ ცნობა, ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება, გაჩუქებული ნივთის უკან გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით ხ.მ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ხ.მ–ძე ცნობილი იქნა, ქ. ბათუმი ........ N80-ში მდებარე 322 კვ.მ საცხოვრებელი ფართის მესაკუთრედ. შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდა 2012 წლის 10 იანვრის საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება N882012004536 და გაუქმდა 2012 წლის 24 სექტემბრის სარეგისტრაციო გადაწყვეტილება N88201281290 ბ.მ–ძეს, ი.მ–ძეს, ნ.გ–ძეს, კ.მ–ძეს საკუთრების უფლების დარეგისტრირების ნაწილში, ქ. ბათუმი ...... N80-ში მდებარე 322 კვ.მ საცხოვრებელ ფართზე. ბათილად იქნა ცნობილი ბ.მ–ძეს, ნ.გ–ძეს, კ.მ–ძეს და ი.მ–ძეს შორის 2012 წლის 18 სექტემბერს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება, უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ბათუმი .......ქუჩა N80-ში, მდებარე 322 კვ.მ საცხოვრებელ ფართზე ს/კ ......... და შესაბამისი ცვლილება ასახული იქნა საჯარო რეესტრში. ბ.მ–ძის, ი.მ–ძის, ნ.გ–ძის და კ.მ–ძის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა ხ.მ–ძის კუთვნილი ქონება 322 კვ.მ საცხოვრებელი ფართი, ს/კ ........ მდებარე ქ. ბათუმი ...... ქუჩა N80-ში. უარი ეთქვა ხ.მ–ძეს ქ. ბათუმი ........ ქუჩა N80-ში მდებარე 1448 კვ.მ მიწის ფართის მესაკუთრედ ცნობის, დამდგენი დოკუმენტი ძალადაკარგულად ცნობის, ჩუქების ხელშეკრულების 1448 კვ/მ მიწის ნაკვეთის ნაწილში ბათილად ცნობის და მოპასუხეებისგან ქონების 1448 კვ/მ მიწის ნაკვეთის გამოთხოვის ნაწილში.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბ.მ–ძემ, ი.მ–ძემ, ნ.გ–ძემ და კ.მ–ძემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით ბ.მ–ძის, ი.მ–ძის, ნ.გ–ძის და კ.მ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ხ.მ–ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ხ.მ–ძე ცნობილ იქნა ქ. ბათუმში, ...... ქ. #80-ში მდებარე 322 კვ.მ საცხოვრებელი ფართის ½ ნაწილის მესაკუთრედ. ძალადაკარგულად გამოცხადდა 2012 წლის 10 იანვრის საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება (N882012004536) და გაუქმდა 2012 წლის 24 სექტემბრის სარეგისტრაციო გადაწყვეტილება (N88201281290) ბ.მ–ძის, ი.მ–ძის, ნ.გ–ძის, კ.მ–ძის საკუთრების უფლების დარეგისტრირების ნაწილში ქ. ბათუმში, ...... ქ. #80-ში მდებარე 322 კვ.საცხოვრებელი ფართის ½ ნაწილზე. ბათილად იქნეს ცნობილი ბ.მ–ძეს, ი.მ–ძეს, ნ.გ–ძეს და კ.მ–ძეს შორის 2012 წლის 18 სექტემბერს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ბათუმში, .....ქ. #80-ში მდებარე 322 კვ.მ საცხოვრებელი ფართის ½ ნაწილზე, ქონების საკადასტრო კოდი ........ და შესაბამისი ცვლილება იქნა შეტანილი საჯარო რეესტრში. ბ.მ–ძის, ი.მ–ძის, ნ.გ–ძის და კ.მ–ძის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ხ.მ–ძის კუთვნილი ქონება 322 კვ.მ საცხოვრებელი ფართის ½ ნაწილი ს.კ. ....... დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ბ.მ–ძემ, ი.მ–ძემ, ნ.გ–ძემ და კ.მ–ძემ. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორებს დაევალათ, ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 20 (ოცი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივრის გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით და დავის საგნის ღირებულების სარწმუნოდ განსაზღვრის დამადასტურებელი დოკუმენტის და მის შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის დედნის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება კასატორების წარმომადგენელ რ.პ–ძეს 2022 წლის 28 ოქტომბერს ჩაბარდა. 2022 წლის 18 ნოემბერს (ფოსტით გამოგზავნის თარიღი 2022 წლის 16 ნოემბერი) საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა კასატორების წარმომადგენლის რ.პ–ძის განცხადება, რომლითაც მან ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადის 60 დღით გაგრძელება ითხოვა, იმ მიზეზით, რომ მისმა მარწმუნებლებმა განსაზღვრულ ვადაში ვერ შეძლეს საჭირო თანხის მოძიება.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 ნოემბრის განჩინებით კასატორების წარმომადგენლის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და კასატორებს მიეცათ 15-დღიანი ვადა ხარვეზის სრულად აღმოსაფხვრელად. აღნიშნული განჩინება კასატორების წარმომადგენელ რ.პ–ძეს 2022 წლის 29 დეკემბერს ჩაბარდა. 2023 წლის 18 იანვარს (ფოსტით გამოგზავნის თარიღი 2023 წლის 13 იანვარი) საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა კასატორების წარმომადგენლის რ.პ–ძის განცხადება, რომლითაც მან ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადის 10 დღით გაგრძელება ითხოვა, იმ მიზეზით, რომ მისმა მარწმუნებლებმა განსაზღვრულ ვადაში ვერ შეძლეს სახელმწიფო ბაჟის სრულად მოძიება, რომლის ოდენობაც 7000 ლარამდეა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 იანვრის განჩინებით კასატორების წარმომადგნელის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და კასატორებს მიეცათ 10-დღიანი ვადა ხარვეზის სრულად აღმოსაფხვრელად. ამავე განჩინებით კასატორებს განემარტათ, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
8. აღნიშნული განჩინება კასატორების წარმომადგენელ რ.პ–ძეს (იხ. ჩაბარების მინდობილობა ტ.1, ს.ფ. 140-142) გაეგზავნა და 2023 წლის 07 თებერვალს ჩაბარდა პირადად (იხ. ჩაბარების დასტური).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივარს და საქმეში არსებულ მასალებს, მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 იანვრის განჩინებით კასატორებს მიეცათ 10-დღიანი საპროცესო ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ამავე განჩინებით კასატორებს განემარტათ, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
11. ზემოაღნიშნული განჩინება კასატორების წარმომადგენელს გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა 2023 წლის 07 თებერვალს.
12. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.
13. საქმეში არსებული მასალებით დასტურდება გზავნილის მხარისათვის 2023 წლის 07 თებერვალს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხარვეზის შესავსებად სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2023 წლის 08 თებერვალს და ამოიწურა 2023 წლის 17 თებერვალს. ამ დროის განმავლობაში მხარეს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო დადგენილი ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ.მ–ძის, ი.მ–ძის, ნ.გ–ძის და კ.მ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი