საქმე №ას-397-2023
18 მაისი, 2023 წელი ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - სს ,,ს–ი’’ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - დ.ჭ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - ბრძანებების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით:
- დ.ჭ–ის (შემდეგში - მოსარჩელე ან დასაქმებული) სარჩელი დაკმაყოფილდა:
- ბათილად იქნა ცნობილი დასაქმებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების - სიტყვიერი გაფრთხილების შესახებ სს ,,ს–ის“ (შემდეგში - მოპასუხე, დამსაქმებელი საწარმო ან კასატორი) 2020 წლის 20 აგვისტოს ბრძანება;
- ბათილად იქნა ცნობილი მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე 2020 წლის 4 სექტემბრის ბრძანება;
- მოსარჩელე აღდგენილ იქნა დამსაქმებელ საწარმოში ადმინისტრაციული სამსახურის სამეურნეო ჯგუფის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე;
- დასაქმებულის სასარგებლოდ დამსაქმებელს დაეკისრა იძულებითი განაცდურის - ყოველთვიური 1 000 ლარის (დაბეგრილი) ანაზღაურება, 2020 წლის 4 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე დროის მონაკვეთში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 იანვრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით დამსაქმებელმა გაასაჩივრა, ამ განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 აპრილის განჩინებით კასატორს განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში მის მიერ 1 800 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის დედნისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 396.1 მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა დაევალა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სსსკ-ის 396 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩება.
მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას საჩივრის ავტორს სასამართლო ვადას განუსაზღვრავს და იმ საპროცესო მოქმედებებს დაუდგენს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
7. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 5 აპრილის განჩინებით კასატორს განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში მის მიერ 1 800 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის დედნისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 396.1 მუხლის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შედგენილი დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა დაევალა.
8. ზემოხსენებული განჩინება მოსარჩელეს სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა და 2023 წლის 20 აპრილს ჩაჰბარდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის მე-60-ე და 61-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო საჩივრის ავტორისათვის ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადის დენა ამ უკანასკნელისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარების მომდევნო დღიდან, 2023 წლის 21 აპრილიდან დაიწყო და 2023 წლის 1 მაისს (30 აპრილი იყო არასამუშაო დღე, კვირა) ამოიწურა.
ამდენად, კასატორი ვალდებული იყო საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი შეევსო 2023 წლის 1 მაისის 24 საათამდე.
9. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია.
10. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
დასახელებული საპროცესო ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
11. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რაკი კასატორს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია, საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 396 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს ,,ს–ის’’ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე : ვლადიმერ კაკაბაძე