27 აპრილი, 2023 წელი,
საქმე №ას-542-2022 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გიორგი მიქაუტაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - გ.გ–ჩია (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.გ–ჩია (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა (სარჩელში); ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება, გაჩუქებული ნივთის გამოთხოვა (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2013 წლის 23 იანვრიდან ჩუქების ხელშეკრულების (შემდეგში - სადავო ხელშეკრულება ან ჩუქების ხელშეკრულება) საფუძველზე ნ.გ–ჩიას (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, დასაჩუქრებული, მესაკუთრე) საკუთრებად ქ.ზუგდიდში, ....... მდებარე უძრავი ქონებაა (760კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობა, ჩამონათვალი: N1, განაშენიანების ფართი - 103.75კვ.მ.; N2 – 49.42კვ.მ.; N3-31 – 16კვ.მ, შემდეგში მოხსენიებული, როგორც - სადავო ქონება, უძრავი ნივთი ან უძრავი ქონება) დარეგისტრირებული.
2. ჩუქების ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას, მჩუქებელის, გ.გ–ჩიას (შემდეგში - მოპასუხე, კასატორი ან მჩუქებელი) წარმომადგენელი იყო დასაჩუქრებული მოსარჩელე, რომელიც მოპასუხის მიერ 2012 წლის 16 ივლისს გაცემული მინდობილობის ფარგლებში მოქმედებდა.
3. მოპასუხე სადავო მისამართზე ცხოვრობს, თუმცა ქ.ზუგდიდში, ...... დარეგისტრირებული.
4. სს ,,ს.ბ–ის“ 2019 წლის 13 აგვისტოს ცნობით დადგენილია, რომ 2008 წლის 28 ივლისს მოსარჩელის სახელზე 93 300 აშშ დოლარის ოდენობით სესხი გაიცა.
5. 2011 წლის 16 მარტს გაცემული მინდობილობით მოპასუხე ადასტურებს, რომ 2008 წლის ივლისში მისი დისგან, მოსარჩელისგან, მის მიერ საცხოვრებელი ბინის ასაშენებლად აღებული იპოთეკური სესხი (72 000 აშშ დოლარი) სამი თვით იმ პირობით მიიღო, რომ აღნიშნული თანხის კუთვნილი საბანკო პროცენტი (თვეში 1 300 აშშ დოლარი) მის მიერ ვალის უკან დაბრუნებამდე დაიფარებოდა.
ზემომითითებული პირობით მოპასუხემ მხოლოდ ერთი თვის (აგვისტოს) გადასახადი (1 300 აშშ დოლარი) გადაიხადა, რადგან 2008 წლის სექტემბერში ის სამართალდამცველმა ორგანოებმა დააკავეს და პირობის შესრულება ვეღარ შეძლო.
დასახელებული საბანკო დავალიანება მოპასუხის დამ, მოსარჩელემ დაფარა, რის გამოც გ.გ–ჩია თავისი დის მიმართ 72 000 აშშ დოლარის ოდენობით (შესაბამისი საბანკო პროცენტით) ფინანსურ ვალდებულებას აღიარებს.
6. 2011 წლის 16 მარტს მოპასუხემ მეორე მინდობილობა გასცა, რომლის შინაარსით გამოვლენილი ნების შესაბამისად გამოხატა თანხმობა, რომ მის სახელზე არსებული უძრავ-მოძრავი ქონება მოსარჩელეზე გადაფორმებულიყო და ამ უკანასკნელის შეხედულებით განკარგულიყო. კერძოდ, მოსარჩელეს ხსენებული ქონების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაყიდვა, გასხვისება, გაჩუქება, გაქირავება და იპოთეკით დატვირთვა შეეძლო.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილების (4.2.პუნქტი) თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხემ დაადასტურა, რომ 2011 წლის 16 მარტის წერილობით დოკუმენტში დაფიქსირებული ვალი (72 000 აშშ დოლარი) რეალურად ჰქონდა, რომლის სანაცვლოდაც თავის დას (კრედიტორი) უძრავი ქონება გადასცა.
8. სადავო ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის მოთხოვნით მოპასუხის წინააღმდეგ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
9. მოგვიანებით, ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებისა და გაჩუქებული უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ მოსარჩელის მიმართ შეგებებული სარჩელი აღძრა მოპასუხემ.
10. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით:
- სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა;
- ჩუქების ხელშეკრულება გაუქმდა, ხოლო უძრავი ქონება მოპასუხის საკუთრებად აღირიცხა.
11. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებისა და შეგებებული სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით:
- მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;
- გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილება იქნა მიღებული;
- სარჩელი დაკმაყოფილდა;
- მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული უძრავი ნივთი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა;
- შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
12.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ მოცემული დავის გადასაწყვეტად არსებითი იყო შემდეგი გარემოების დადგენა: ჰქონდა თუ არა მოპასუხეს უძრავი ქონების მართლზომიერად ფლობის უფლება და, არსებობდა თუ არა რეგისტრირებული მესაკუთრის - მოსარჩელის ვინდიკაციური მოთხოვნის დაკმაყოფილების გამომრიცხავი გარემოება.
12.2. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ჩუქების ხელშეკრულებაში გამოხატული მოპასუხის ნება წარმოადგენდა არა უსასყიდლოდ ქონების გადაცემას, არამედ - სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, ოღონდ, არა გვაროვნულად განსაზღვრული ნივთის (ფულადი თანხის) გადაცემით, არამედ სხვა შესრულებით, კერძოდ, ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთის (საცხოვრებელი სახლის) ჩუქებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის ის არგუმენტები, რომლითაც შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება საბუთდებოდა.
12.3. უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ მოწინააღმდეგე მხარის სარჩელთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 170.1-ე და 172.1-ე მუხლებზე მიუთითა და ჩათვალა, რომ სარჩელი დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა.
13. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები შემდეგია:
13.1. დავის მოსაწესრიგებლად სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 530-ე მუხლი, რომლითაც დადგენილია, რომ თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს მძიმე მდგომარეობაში არ ჩააყენებს.
13.2. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ის გარემოება, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრაციიდან ვინდიკაციური სარჩელის აღძვრამდე უძრავ ნივთთან მიმართებით მოსარჩელეს მესაკუთრის უფლებამოსილებები არ გამოუყენებია, მასში არ უცხოვრია, ქონებით არ უსარგებლია, სადავო საცხოვრებელ სახლზე იჯარის, ქირავნობის, იპოთეკის ხელშეკრულებები არ გაუფორმებია. ჩუქების ხელშეკრულების დადებამდეც და შემდეგაც აღნიშნულ სახლში კასატორი ცხოვრობს, ამ უკანასკნელის კუთვნილებაში სხვა საცხოვრებელი სახლის არსებობის თაობაზე ინფორმაცია საქმის მასალებში წარმოდგენილი არაა. ასეთ შემთხვევაში, აშკარაა, რომ გაჩუქებული ქონებიდან გამოსახლების შედეგად გამჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება - იგი საცხოვრისის გარეშე დარჩება, რაც არასწორია.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ივნისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
15. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
16. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება გამოიწვია.
კონკრეტულ საქმეზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა.
17. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, ერთი მხრივ, სადავო ქონების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის შესახებ მოწინააღმდეგე მხარის სარჩელის, ხოლო, მეორე მხრივ, აღნიშნულ ქონებაზე დადებული ჩუქების ხელშეკრულებისა და გაჩუქებული ნივთის მოპასუხის საკუთრებაში დაბრუნების შესახებ კასატორის შეგებებული სარჩელის კანონიერება.
18. საკასაციო პალატის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოცემული დავის არსებითი კვლევის საგანი, კერძოდ: არის თუ არა მოპასუხე უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელი და, შესაბამისად, არსებობს თუ არა სადავო ქონების რეგისტრირებული მესაკუთრის, მოსარჩელის ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების გამომრიცხავი გარემოება.
19. უკანონოდ დაკავებული უძრავი ქონების გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს სსკ-ის 172.1 მუხლი ქმნის. ამ ნორმის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
20. რაც შეეხება მოცემული დავის საკვანძო საკითხს, კერძოდ, არის თუ არა მოპასუხე უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელი - აღნიშნულ შეკითხვას სააპელაციო სასამართლომ უარყოფითი პასუხი გასცა, რისი დასაბუთებისათვის საჭირო არგუმენტები გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ამომწურავად წარმოადგინა.
ზემომითითებული დასკვნის საფუძველი სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად ცნობილმა გარემოებებმა შექმნა, რომლებიც წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებშია წარმოდგენილი და რომლებიც კასატორს დასაბუთებული შედავების (პრეტენზია) გზით არ გაუქარწყლებია. აქედან გამომდინარე, ეს გარემოებები საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა (სსსკ-ის 407.2 მუხლი).
ამავდროულად, შექმნილი ფაქტობრივი მოცემულობა საკასაციო პალატასაც უყალიბებს დასკვნას, რომ: ჩუქების ხელშეკრულებაში გამოხატული მოპასუხის ნება უსასყიდლოდ ქონების გადაცემად კი არ გვევლინება, არამედ - მოპასუხის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას წარმოადგენს, რაც გვაროვნულად განსაზღვრული ნივთის - ფულადი თანხის გადაცემის ნაცვლად სხვა შესრულებით, სახელდობრ, ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთის (საცხოვრებელი სახლის) მოსარჩელისათვის (გამსასხებლისათვის) ჩუქებაში გამოიხატა.
განსახილველი სამართალურთიერთობის ამგვარად კვალიფიკაცია სსკ-ის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი), 427-ე (ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება), 428-ე (ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება მაშინაც, როდესაც კრედიტორი ამ ვალდებულებით გათვალისწინებული შესრულების ნაცვლად შესრულებად იღებს სხვა შესრულებას), 52-ე (ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან) მუხლების განმარტებიდან გამომდინარეობს და კასატორის შეგებებული სარჩელის მოთხოვნას წარუმატებელს ხდის.
21. უძრავ ნივთზე დადებული ჩუქების ხელშეკრულებისა და გაჩუქებული ნივთის მოსარჩელისგან გამოთხოვის შესახებ კასატორის შეგებებული სარჩელის უსაფუძვლოდ მიჩნევის შედეგად აღნიშნული ქონების შეგებებული მოსარჩელისგან გამოთხოვის თაობაზე მოწინააღმდეგე მხარის სარჩელის წარმატების საფუძველი ერთმნიშვნელოვნად გამოკვეთილია, რამდენადაც სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.
ამრიგად, ვინაიდან არსებობს სსკ-ის 172.1 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს.
22. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას საფუძვლად ვერ დაედება კასატორის მიერ იმ გარემოებებზე მითითება, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრაციიდან ვინდიკაციური სარჩელის აღძვრამდე უძრავ ნივთთან მიმართებით მოსარჩელეს მესაკუთრის უფლებამოსილებები არ გამოუყენებია, სადავო საცხოვრებელ სახლში კასატორი ცხოვრობს და გაჩუქებული ქონებიდან გამოსახლების შედეგად ის მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან სხვა საცხოვრებელი ფართი არ აქვს. ეს არგუმენტები ისეთი ხასიათის საკასაციო შედავებად ვერ მიიჩნევა, რომლებიც სადავო ქონებაზე კასატორის მფლობელობას გაამართლებდა და ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას გამორიცხავდა.
საკითხისადმი ამგვარი მიდგომა იმითაა განპირობებული, რომ მესაკუთრის ინტერესი, არ დაუშვას სხვა პირის მიერ ქონების უკანონოდ სარგებლობა, აღემატება მფლობელის ინტერესს, რომელიც ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის საფუძვლიანობას ვერ ადასტურებს (შდრ. სუსგ: №ას-1315-2018, 2019 წლის 31 იანვრის განჩინება). სხვაგვარად, წინააღმდეგობა შეიქმნება „საკუთრების მშვიდობიანი სარგებლობის უფლების“ პრინციპთანაც, რაც ევროკონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლით მესაკუთრის მიერ ქონების საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგვის უფლებას გარანტირებულს ხდის. გარდა ამისა, საწინააღმდეგო მოსაზრების გაზიარების შემთხვევაში, შეუსაბამობა გამოიკვეთება მოქმედ ეროვნულ კანონმდებლობასთან, რომლითაც საკუთრებით სარგებლობის თაობაზე მესაკუთრის უფლება აღიარებულია და მფლობელს მესაკუთრის პირისპირ უპირატესობა მხოლოდ მაშინ შეიძლება მიენიჭოს, თუკი მისი მფლობელობა მართლზომიერად იქნება მიჩნეული (სსკ-ის 159-ე და 162-ე მუხლები).
კონკრეტულ შემთხვევაში, არსებითი ისაა, რომ სადავო ქონების მესაკუთრე მოსარჩელეა და მოპასუხე უძრავ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს. ეს გარემოებები მესაკუთრეს იმ უფლებით აღჭურავს, რომ თავის საკუთრებაში არსებული ქონების მოპასუხისგან, როგორც არამართლზომიერი მფლობელისგან გამოთხოვა მოითხოვოს. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მესაკუთრის სარჩელი სწორად დაკმაყოფილდა.
23. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავდება.
24. არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
26. სსსკ-ის 104-ე და 407-ე მუხლების საფუძველზე, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები, ვინაიდან საკასაციო სასამართლო ამოწმებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მხოლოდ იურიდიულ მხარეს, კანონი კრძალავს საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითებას, და ახალი მტკიცებულებების წარდგენას, რამდენადაც ეს შეუთავსებელია საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილებასთან.
27. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.გ–ჩიას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. გ.გ–ჩიას (პ/ნ ......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, მთლიანობაში 1 200 ლარის (მათ შორის: 2022 წლის 18 აპრილს 13094449692 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი 1 000 ლარის და 2022 წლის 3 ივნისს 13481334773 საგადახდო დავალებით გადახდილი 200 ლარის) 70% - 840 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. გ.გ–ჩიას დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები (ს.ფ. 266-283).
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
გიორგი მიქაუტაძე
ლევან მიქაბერიძე