საქმე №ას-197-2019 30 ივნისი, 2020 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ს.გ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გაუქმება, სამუშაოზე აღდგენა, იძულებით განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ს.გ–ძე (შემდგომში - „მოსარჩელე“, „დასაქმებული“ ან „სკოლის დირექტორი“) ოზურგეთის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ აირჩია ამავე სკოლის დირექტორად, რის შემდეგ 2014 წლის 26 ნოემბერს მოსარჩელესა და სამეურვეო საბჭოს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება. შრომის ანაზღაურება შეადგენდა ყოველთვიურად 900 ლარს. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2020 წლის 27 ნოემბრამდე.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 15 სექტემბრის ბრძანებით წერილობით გაფრთხილება გამოეცხადა სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლას. მასვე დაევალა დასკვნაში დაფიქსირებულ დარღვევებზე რეაგირება და გატარებული ღონისძიებების შესახებ ერთი თვის ვადაში ანგარიშის წარდგენა შიდა აუდიტის დეპარტამენტში.
3. სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭომ 2015 წლის 17 სექტემბრის №2 სხდომის ოქმით დაადგინა: უფლებამოსილება არ შეუწყდეს სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის დირექტორს - მოსარჩელეს.
4. საბჭოს გადაწყვეტილება ეფუძნება იმ დასაბუთებას, რომ სკოლაში განხორციელებული დარღვევები აშკარაა, თუმცა, დირექტორის გათავისუფლება არის გასატარებელი ღონისძიების უკიდურესი ფორმა, რაც არ არის დარღვევების თანაზომიერი.
5. სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილების მიუხედავად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (შემდგომში - „მოპასუხე“, „დამსაქმებელი“ ან „სამინისტრო“) ისარგებლა მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით და მიზანშეწონილად ჩათვალა სკოლის დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა.
6. სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის - ა.ო–ის 2015 წლის 24 სექტემბრის მოხსენებითი ბარათი (ანუ მოსარჩელის გათავისუფლების დასაბუთების თაობაზე არსებული დოკუმენტი) ძირითადად ეფუძნება იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც მითითებულია სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის №1009150933 დასკვნაში.
7. დასკვნის მიხედვით, საჯარო სკოლაში გამოვლენილია რამდენიმე დარღვევა, რომელიც მოგვიანებით საფუძვლად დაედო დირექტორის განთავისუფლებას. სახელდობრ:
7.1. ინგლისური ენის მასწავლებელმა ნ.ზ–ძემ სკოლის დირექტორის დავალებით, გარეშე პირების თანდასწრებით ისაუბრა მოსწავლის - ნ.შ–ძის შესახებ. დადგინდა, რომ მოსწავლესთან დაკავშირებული გარკვეული ინფორმაცია სკოლის მასწავლებელმა დირექტორისა და გარეშე პირების თანდასწრებით მიაწოდა მოსწავლის ბიძას;
7.2. მოსარჩელემ ასევე არ იმოქმედა კანონის მოთხოვნათა დაცვით, როდესაც მოხდა სკოლის კარებისა და სეიფის გატეხვა. დირექტორი ვალდებული იყო შეესწავლა სკოლის მოსწავლეების მხრიდან კარისა და სეიფის გატეხვასთან დაკავშირებული შესაძლო დისციპლინური გადაცდომის გარემოებები და საკითხი განსახილველად გადაეცა სკოლის დისციპლინური კომიტეტისათვის;
7.3. მძღოლები, რომლებიც ახდენდნენ ბავშვების ტრანსპორტირებას: რ.ხ–ძე, რ.ა–ძე, თ.მ–ძე, რ.ქ–ძე - დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის მიუხედავად, დაფიქსირებული არიან გამოცხადების ტაბელში და იღებდნენ ხელფასს. მძღოლების ხელმოწერა ტაბელში იმ რიცხვებში, როცა ისინი არ ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, თავისი ხელმოწერით დაადასტურა დირექტორმა;
7.4. სკოლის პედაგოგები ნ.ვ–ძე და ჯ.ი–ძე 2015 წლის მაისსა და ივნისში იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ, კერძოდ, თურქეთის რესპუბლიკაში, თუმცა, ჯ.ი–ძემ მაისის თვის ხელფასი სრულად აიღო. ასევე პედაგოგების განცხადებები შვებულების თაობაზე დაგვიანებით არის დაფიქსირებული.
8. ზემოაღნიშნული დარღვევები გახდა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №1/კ-595 ბრძანების გამოცემისა და საჯარო სკოლის დირექტორთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი.
9. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა:
9.1. მინისტრის 2015 წლის 15 სექტემბრის №1032 ბრძანების გაუქმება;
9.2. მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №1/კ-595 ბრძანების გაუქმება;
9.3. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე აღდგენა;
9.4. მოპასუხისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის დღიდან, 2015 წლის 30 სექტემბრიდან, განაცდური ხელფასის - ყოველთვიურად 900 ლარის ანაზღაურების დაკისრება გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
10. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
11. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №1/კ-595 ბრძანება; აღდგენილ იქნა მოსარჩელე სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე, საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ; მოპასუხეს დაევალა მოსარჩელისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის დღიდან 2015 წლის 30 სექტემბრიდან განაცდური ხელფასის ანაზღაურება, ყოველთვიურად 900 ლარის ოდენობით, გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
12. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 ივლისის განჩინებით მოცემული სამოქალაქო საქმიდან გამოიყო ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებაზე მოსარჩელის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებული წარმოება და მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად, განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება (მინისტრის 2015 წლის 15 სექტემბრის №1032 ბრძანების გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში).
15. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინებით სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება.
16. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებში მითითებული ფაქტები და აღნიშნა, რომ მხოლოდ დარღვევა შრომითი ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი არ უნდა გახდეს. პირველ რიგში, უნდა შეფასდეს, ინსპექტირების დასკვნაში დასახელებული გარემოებები ნამდვილად წარმოადგენს თუ არა დარღვევას; უნდა დადგინდეს, ვის მიუძღვის ბრალი მითითებული დარღვევის ჩადენაში და, ბრალის დადასტურების შემთხვევაში, უნდა შეფასდეს სანქცია, რომელიც გატარდა დამრღვევი პირის (მოსარჩელის) მიმართ, არის თუ არა დარღვევის თანაზომიერი და ადეკვატური.
17. ზემოაღნიშნულის შეფასების მიზნით, სააპელაციო პალატამ ცალ-ცალკე განიხილა დარღვევის თითოეული ფაქტი:
17.1. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ, მართალია, მე-12 კლასის მოსწავლეებმა უნებართვოდ გააღეს ოთახი და სეიფი, თუმცა, არანაირ დანაკარგს ან ზიანს ადგილი არ ჰქონია. ამ ქმედებით სკოლას ზიანი არ მისდგომია, ამასთან, მითითებული დარღვევა სკოლის დირექციას რეაგირების გარეშე არ დაუტოვებია, მოიკვლია და ფაქტი ადეკვატურად შეაფასა, კერძოდ, კლასს გამოეცხადა სიტყვიერი საყვედური, ამავე ფაქტზე მსჯელობა მოხდა მშობელთა კრებაზე. შესაბამისად, პალატამ არ გაიზიარა აუდიტის დასკვნაში გაკეთებული შეფასება, რომ დირექტორმა არ შეისწავლა სკოლის მოსწავლეების მხრიდან კარისა და სეიფის გატეხვასთან დაკავშირებული შესაძლო დისციპლინური გადაცდომის გარემოებები;
17.2. სააპელაციო სასამართლომ სკოლის დირექტორის მხრიდან დარღვევად მიიჩნია ტაბელზე კონკრეტულ თარიღში, კონკრეტულ მძღოლებზე არასწორი ინფორმაციის მითითება, თუმცა პალატამ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ აღნიშნული დარღვევა მხოლოდ დირექტორის ბრალეულობით არ მომხდარა, რადგან ირკვევა, რომ თავდაპირველად დირექტორმა კეთილსინდისიერად, სწორ ინფორმაციაზე მითითებით შევსებული ტაბელები წარუდგინა სატრანსპორტო კომპანიას, თუმცა, სატრანსპორტო კომპანიის მხრიდან ტაბელების მობრუნების შემდგომ მოსარჩელე იძულებული გახდა შეეცვალა ისინი და შეევსო მცდარი ინფორმაციით იმგვარად, როგორსაც მისგან კომპანია ითხოვდა ანუ ისე, რომ ტაბელში ჩაწერილიყო იმ მძღოლთა გვარები, რომლებთანაც კომპანიას ხელშეკრულებები ჰქონდა გაფორმებული. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ მითითებულ თარიღებში ტრანსპორტით მომსახურება სკოლაში არ შეფერხებულა, შესაბამისად, მიიჩნია, რომ აღნიშნული დარღვევა არ შეიძლება შეფასებულიყო დირექტორის მხრიდან უხეშ დარღვევად, რაც მისი გათავისუფლებისათვის საკმარის და ადეკვატურ საფუძვლად იქნებოდა მიჩნეული;
17.3. წინამდებარე განჩინების 7.4. ქვეპუნქტში მითითებულ დარღვევასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება, რომ დირექტორმა რეაგირება მოახდინა მასწავლებელთა მხრიდან გამოვლენილ დარღვევაზე - მასწავლებლებს დაექვითათ გაცდენილი დღეების ხელფასი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დირექტორს არც ეს ფაქტი შეიძლება შეერაცხოს იმ ხარისხის დარღვევად, რისთვისაც ადეკვატური იქნებოდა მისი სამუშაოდან გათავისუფლება. ამასთან, ამ პერიოდში არ მიმდინარეობდა სწავლება, იყო ზაფხულის არდადეგების პერიოდი და სწავლების შეფერხებას ადგილი არ ჰქონია;
17.4. წინამდებარე განჩინების 7.1. ქვეპუნქტში მითითებულ დარღვევასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხოლოდ თავად ა.შ–ძის განცხადებაშია მითითებული, რომ მასწავლებელმა მოსწავლე შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია. ამის თაობაზე ინფორმაციას არ შეიცავს არც აუდიტის დასკვნა და არც ალ. ო–ის მოხსენებითი ბარათი. სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილ იქნა მძღოლების ახსნა-განმარტებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სადაც ისინი არ ადასტურებენ მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოხსენების ფაქტს და მხოლოდ ის გარემოება, რომ მასწავლებელმა სხვა პირთა თანდასწრებით მოსწავლის ბიძას მოსწავლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, სააპელაციო პალატამ არ მიიჩნია იმ სახის დარღვევად, რომლისთვისაც ადეკვატური იყო მოსარჩელის მიმართ გატარებული პასუხისმგებლობის ზომა.
18. სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული დარღვევების შესწავლის საფუძველზე, მიიჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი არ ჰქონდა ისეთ დარღვევებს, რომლისთვისაც მისი სამსახურიდან გათავისუფლება ადეკვატური სანქცია იქნებოდა. სახეზე არ იყო მოსარჩელის უმოქმედობა სკოლაში არსებულ დარღვევებთან მიმართებაში და არც უუნარობა მითითებულ დარღვევებთან საბრძოლველად. საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების შესწავლის შედეგად დგინდებოდა, რომ მოსარჩელე ახდენდა პრობლემების იდენტიფიცირებას და ეძებდა მათი აღმოფხვრის გზებს.
19. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელეს არ ჩაუდენია ისეთი სამსახურებრივი გადაცდომა, რაც შეიძლება შეფასებულიყო, როგორც უხეში დარღვევა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სხვა უფრო ნაკლებად მკაცრი დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობას იძლეოდა.
20. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
21. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
21.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლი, რადგან სადავო ბრძანების სამართლებრივ საფუძველს არ წარმოადგენს აღნიშნული მუხლი. მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №1/კ-595 ბრძანების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, სამინისტრო უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორს, თუ საჯარო სკოლა დირექტორის საქმიანობის გამო 1 წლის განმავლობაში 2 წერილობით გაფრთხილებას მიიღებს. სააპელაციო სასამართლოს არ გამოუყენებია და არ უმსჯელია სადავო ბრძანებაში მითითებულ კანონზე;
21.2. სადავო ბრძანების ფაქტობრივ საფუძვლად მითითებულია შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის - ა.ო–ის 2015 წლის 24 სექტემბრის №966961 მოხსენებითი ბარათი, რომლის თანახმად, სკოლამ დირექტორის საქმიანობის გამო 1 წლის განმავლობაში 2 წერილობითი გაფრთხილება მიიღო. კერძოდ, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა 2015 წლის 30 იანვარს ქალაქ ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის - ლ.ი–ის კორესპონდენციით (სამინისტროში რეგისტრაციის ნომერი 66047) გადმოგზავნილი ამავე რესურსცენტრის უფროსი სპეციალისტის - ლ.გ–ას ანგარიში თანდართული დოკუმენტებით, სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის შესახებ. აღნიშნული კორესპონდენციის შესწავლის შედეგად შედგა შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა (№2702151005). დასკვნაში დაფიქსირებული დარღვევების (სკოლის პირველი კლასის მოსწავლეს სხვა მოსწავლის მიერ ნასროლი საახალწლო ასაფეთქებელი ნივთიერების აფეთქების შედეგად დაუზიანდა თვალი, ასევე საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას სკოლის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ უცხო პირები - აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით სკოლა ვალდებული იყო მიეღო ყველა გონივრული ზომა სასკოლო დროს, აგრეთვე სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის უფლებებისა და თავისუფლებების ჯეროვანი დაცვის, დარღვევის თავიდან აცილების მიზნით; მასწავლებლის მიერ მოსწავლის ცემის ფაქტთან დაკავშირებით სკოლის დირექტორს არ ჰქონდა გატარებული ღონისძიებები კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად) საფუძველზე, მინისტრის 2015 წლის 05 მარტის №145 ბრძანებით სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლას მიეცა წერილობითი გაფრთხილება. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია და, შესაბამისად, შეფასებაც არ მისცა მინისტრის 2015 წლის 5 მარტის №145 ბრძანებას, მის საფუძველს, შიდა აუდიტის დეპარტამენტის №2702151005 დასკვნას და მასში მითითებულ დარღვევებს;
21.3. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია და, შესაბამისად, შეფასებაც არ მისცა მინისტრის 2015 წლის 15 სექტემბრის №1032 ბრძანებას და მის საფუძველს, შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნას №1009150933;
21.4. ამდენად, უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლამ დირექტორის საქმიანობის გამო 1 წლის განმავლობაში მიიღო 2 წერილობითი გაფრთხილება: პირველი - 2015 წლის 5 მარტის №145 ბრძანებით (რომელიც არ გასაჩივრებულა) და მეორე - 2015 წლის 15 სექტემბრის №1032 ბრძანებით (რომელიც გასაჩივრებული იქნა მოსარჩელის მიერ და არ დაკმაყოფილდა). თუმცა, სასამართლომ არანაირი შეფასება არ მისცა აღნიშნულ გარემოებებს;
21.5. სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ შიდა აუდიტის დეპარტამენტის №1009150933 დასკვნაში მითითებული დარღვევები გახდა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №1/კ-595 ბრძანების გამოცემისა და მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი. შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის 24 სექტემბრის №966961 მოხსენებით ბარათში (რომელიც არის მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის N1/კ-595 ბრძანების გამოცემის საფუძველი), გარდა განჩინებაში მოყვანილი დარღვევებისა, მითითებულია შიდა აუდიტის დეპარტამენტის №2702151005 დასკვნაში აღნიშნული დარღვევები;
21.6. 2015 წლის 21 სექტემბერს ქალაქ ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის №936440 კორესპონდენციით სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტში წარმოდგენილ იქნა სკოლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის - ნ.მ–ძის წერილი, რომელსაც დანართად ახლავს სკოლის სამეურვეო საბჭოს 2015 წლის 17 სექტემბრის სხდომის ოქმი (№2). წარმოდგენილი ოქმით ირკვევა, რომ სამეურვეო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება არ შეეწყვიტა სკოლის დირექტორისათვის უფლებამოსილება ვადამდე. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი ოქმით დადგინდა, რომ სამეურვეო საბჭოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის 61 პუნქტის დარღვევით, რომელიც ითვალისწინებს სამეურვეო საბჭოს ვალდებულებას დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუ ამავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვადამდე არ შეუწყვეტს უფლებამოსილებას სკოლის დირექტორს;
21.7. სასამართლომ შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ დარღვევები განმეორებითი ხასიათის იყო.
22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის განჩინებით კასატორის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ხოლო ამავე პალატის 2019 წლის 25 თებერვლის განჩინებით სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
23. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
24. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
25. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
26. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
27. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო უპასუხებს კასატორის პრეტენზიას სამართლის ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 1.1 და 1.2. მუხლების თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით. ამდენად, სამინისტროსა და მოსარჩელეს შორის წარმოშობილი ურთიერთობა, სამართლებრივი თვალსაზრისით, წარმოადგენს სახელშეკრულებო ურთიერთობას, რომელიც სპეციალურ კანონთან – „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონთან ერთად წესრიგდება შრომის კოდექსით (იხ. სუსგ საქმე №ას-1219-2018, 22 ნოემბერი, 2019 წელი).
28. კასატორის ძირითადი პრეტენზია არის ის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია და შეფასება არ მისცა მინისტრის პირველი წერილობითი გაფრთხილების საფუძვლად მითითებულ დარღვევებს ანუ მინისტრის 2015 წლის 5 მარტის №145 ბრძანებას, მის საფუძველს, შიდა აუდიტის დეპარტამენტის №2702151005 დასკვნას და მასში მითითებულ დარღვევებს.
29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავის გადაწყვეტისას ზემოაღნიშნული დარღვევების გამოკვლევასა და შეფასებას არსებითი მნიშვნელობა აქვს. იმისათვის, რომ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის [სამინისტრო უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორს, თუ საჯარო სკოლა დირექტორის საქმიანობის გამო 1 წლის განმავლობაში 2 წერილობით გაფრთხილებას მიიღებს] თანახმად გამოცემული მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №1/კ-595 ბრძანება ჩაითვალოს კანონიერად, სამინისტრომ დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მართლზომიერება უნდა ამტკიცოს ორივე წერილობითი გაფრთხილების საფუძვლად მითითებულ დარღვევებზე დაყრდნობით, რადგან დასახელებული ნორმით განსაზღვრული შედეგი - დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა უკავშირდება სწორედ საჯარო სკოლის მიერ 1 წლის განმავლობაში 2 წერილობითი გაფრთხილების მიღების ფაქტს. ერთ-ერთი გაფრთხილების საფუძვლად მითითებული დარღვევების არარსებობა გამორიცხავს სადავო ბრძანების კანონიერებას.
30. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შრომით-სამართლებრივ დავებთან დაკავშირებულ საქმეებში არაერთხელ აქვს განმარტებული, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მასზედ, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს შემდეგი ძირეული პრინციპიდან, კერძოდ, დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა შრომითი მოვალეობები დაარღვია, რაც კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატა, ვიდრე დასაქმებული, რომელიც ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარდგენას მასზედ, რომ იგი ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა (იხ. სუსგ საქმე №ას-483-457-2015, 7 ოქტომბერი, 2015 წელი).
31. პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს [სსსკ-ის 201.4 მუხლი]. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული (კვალიფიციური) შესაგებლის წარდგენის ვალდებულება.
32. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამინისტრო შესაგებელში დაწვრილებით აღწერს მხოლოდ მეორე წერილობითი გაფრთხილების საფუძვლად არსებულ დარღვევებს. შესაგებელი არ შეიცავს დეტალურ ინფორმაციას პირველი წერილობითი გაფრთხილების საფუძვლებზე, დარღვევების კონკრეტულ აღწერას. სამინისტროს შესაგებელში მითითებულია წინამდებარე განჩინების 21.2 ქვეპუნქტში აღნიშნული ზოგადი ინფორმაცია (იხ. შესაგებელი, ტ. I, ს. ფ. 127), რომელიც ვერ აკმაყოფილებს კვალიფიციური შესაგებლის სტანდარტს. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რაზეც მხარეს შესაგებელში სათანადოდ და სრულყოფილად არ მიუთითებია.
33. ამდენად, კვალიფიციური შესაგებლის წარუდგენლობის პირობებში, დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია სამინისტროს პირველი წერილობითი გაფრთხილების საფუძვლად მითითებული დარღვევები (მინისტრის 2015 წლის 5 მარტის №145 ბრძანება, მისი საფუძველი, შიდა აუდიტის დეპარტამენტის №2702151005 დასკვნა და მასში მითითებული დარღვევები). შესაბამისად, დამსაქმებელმა ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერების დასაბუთება.
34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
35. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე