Facebook Twitter

საქმე №ას-355-2023 28 აპრილი, 2023 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

გიორგი მიქაუტაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ნ.ს–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.მ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 თებერვლის განჩინება

მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეული აჭარის ა/რ რეგიონული ცენტრი; საქმეში ჩაბმული არასრულწლოვნები - ს.მ–ძე, გ.მ–ძე

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მ.მ–ძემ (შემდგომ - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.ს–ძის (შემდგომ - მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ განქორწინებისა და ბავშვების საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებლის განსაზღვრის მოთხოვნით.

2. მოპასუხეს სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა სარჩელს მხარი დაუჭირა, ისევე როგორც - არასრულწლოვანი ს.მ–ძის წარმომადგენელმა. არასრულწლოვანი გ.მ–ძის ნაწილში წარმომადგენელს პოზიცია არ დაუფიქსირებია.

3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა; მხარეთა შორის 2016 წლის 16 ივნისს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა განქორწინებით; არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრა მამის - მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილის მისამართის მიხედვით.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოპასუხემ ბავშვთა საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში გაასაჩივრა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

6. სასამართლომ დაადგინა, რომ აპელანტი სააპელაციო სასამართლოში 2023 წლის 1 თებერვალს, 14:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე ინფორმირებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. იგი არც სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადა და არც გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ არ უცნობებია სასამართლოსათვის. სასამართლოს მითითებით, ვინაიდან აპელანტი არ გამოცხადდა სასამართლოს მთავარ სხდომაზე, ამასთან მოწინააღმდეგე მხარეს არ მოუთხოვია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, ამასთან, უარი განაცხადა საქმის განხილვის გადადებაზე, აღნიშნული სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი ნაწილისა და იმავე კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება აპელანტმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა და განჩინების გაუქმება მოითხოვა.

8. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლო პროცესზე გამოცხადებას აპირებდა, თუმცა პროცესის დღეს მესამე შვილი, ახალშობილი ცუდად გაუხდა და სასწრაფოდ ექიმთან წაიყვანა. ვინაიდან განერვიულებული და შეშინებული იყო, დრო და საშუალება არ ჰქონდა, სასამართლოსთვის ეცნობებინა.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აპრილის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

10. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.

12. ამ თვალსაზრისით, საქმის მასალებით დადასტურებულია და კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ არ ხდის შემდეგ გარემოებებს:

13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განხილვა სასამართლოს სხდომაზე დანიშნა 2022 წლის 14 დეკემბერს, რაც აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე 2023 წლის 1 თებერვალს, 14:00 საათზე გადაიდო. საქმეში წარდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტურით დგინდება, რომ აპელანტისათვის გაგზავნილი უწყება მას პირადად 2022 წლის 24 დეკემბერს ჩაჰბარდა.

14. 2023 წლის 1 თებერვალს, 14:00 საათზე გამართულ სასამართლოს სხდომაზე აპელანტი არ გამოცხადებულა. მოწინააღმდეგე მხარემ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება იშუამდგომლა, რასაც დაინტერესებული პირის - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეული აჭარის ა/რ რეგიონული ცენტრის წარმომადგენელი დაეთანხმა, ისევე როგორც - არასრულწლოვნების წარმომადგენელი.

15. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის მიზეზები სასამართლოსთვის უცნობი იყო, სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარის (მოსარჩელის) შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.

16. კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერებას და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე საპატიო მიზეზით, კერძოდ, ახალშობილი შვილის ავადმყოფობის გამო ვერ გამოცხადდა.

17. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას. ყველა სხვა შემთხვევაში, გამოიყენება პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები. ნორმით გათვალისწინებულია აპელანტის გამოუცხადებლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წესი, თუმცა კანონის ამ სპეციალური დათქმის პარალელურად, საკითხის მოწესრიგებისათვის განსაზღვრულია პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მომწესრიგებელი ნორმების გამოყენება.

18. სსსკ-ის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება, რასაც უკავშირდება 276-ე-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით კი, დადგენილია სარჩელის განუხილველად დატოვების შესაძლებლობაც, თუ საქმის განხილვაზე მოსარჩელე არ გამოცხადდება, ხოლო მოპასუხე თანახმაა, რომ სარჩელი დარჩეს განუხილველად.

19. ზემოაღნიშნულ ნორმათა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი კანონით დადგენილი წესით მოწვეული იყო საქმის განხილვაში და არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით (სუსგ №ას-1668-2019, 28.02.2020წ.; №ას-1380-2019, 24.12.2019წ.).

20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება უნდა გადაისინჯოს და საქმე განახლდეს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.

21. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებას მხარე სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით არ ედავება და მათი არსებობა არც საქმის მასალებით არ დგინდება, მხარე განმარტავს, რომ სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა განპირობებული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, შვილის ავადმყოფობით, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების საფუძვლიანობასაც საკასაციო პალატა შეაფასებს სსსკ-ის 241-ე მუხლის იმ კონტექსტით, რომელიც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე მიუთითებს.

22. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს იმავე კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა - სასამართლოს უფლებამოსილებაა (შდრ. სუს. №ას-1445-1459-2011, 31.10.2011წ.; №ას-1410-1330-2017; 30.01.2018წ.;).

23. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას.

24. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მხარეთა შეჯიბრებითობაზეა დამყარებული და სსსკ-ის 102-ე მუხლი თითოეულ მხარეს უდგენს ვალდებულებას, სათანადო მტკიცებულებით დაასაბუთოს მოთხოვნა. სსსკ-ის მე-4 მუხლით კი განსაზღვრულია მხარის აბსოლუტური შესაძლებლობა, თავადვე განსაზღვროს სადავო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და წარუდგინოს ისინი სასამართლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც დამტკიცებას საჭიროებს, მხოლოდ მხარის განმარტებით ვერ დადგინდება. ამდენად, სათანადო მტკიცებულებით დადასტურებას საჭიროებს საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დასახელებული ნებისმიერი გარემოება, რომელზეც მხარე აპელირებს.

25. სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის დეფინიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა ან სასამართლოსთვის შუამდგომლობისა და განცხადების წარუდგენლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს ორი წინაპირობა: 1) გამოუცხადებლობა გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით; და 2) აღნიშნული განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას. იმისათვის, რომ სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, მას უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის ყოველი კონკრეტული შემთხვევა უნდა შეფასდეს სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, ინდივიდუალურად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

26. საკასაციო პალატა აღნიშნავს, როდესაც მხარე სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიუთითებს ჯანმრთელობის მდგომარეობას, გამოუცხადებლობის შეუძლებლობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად უნდა დადგინდეს. დაუშვებელია სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მხოლოდ ფორმალურად განმარტება. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობის მიმართ საპროცესო კანონმდებლობით დაწესებული მოთხოვნები შესაძლებელია სასამართლომ არც კი შეაფასოს კრიტიკულად იმ შემთხვევაში, თუკი თავად ცნობის შინაარსი იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ პირს არ შეუძლია სასამართლოში გამოცხადება, რამდენადაც თავად სამედიცინო ცნობა არაფრით განსხვავდება საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მტკიცებულებებისაგან და მას რაიმე წინასწარ დადგენილი ძალა არ გააჩნია, არამედ იგი სასამართლომ მტკიცებულებათა კვლევისათვის დადგენილი სტანდარტით უნდა შეამოწმოს (იხ. სუსგ საქმე №ას-955-917-2014, 24.07.2015წ.; №ას-187-179-2016, 6.05.2016წ.; №ას-516-516-2018, 13.07.2018წ.; №ას-1674-2019, 14.09.2020წ.).

27. საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, განიმარტოს კანონმდებლის დათქმა – „პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე“. აღნიშნული დანაწესი გულისხმობს, რომ სამედიცინო ცნობაში გასაგებად უნდა იკითხებოდეს მხარის ჯანმრთელობის ისეთი მძიმე მდგომარეობის არსებობა, რომელიც რეალურად შეუშლის ხელს მხარეს გადაადგილებაში და სასამართლოსთან კომუნიკაციაში. აღნიშნული ეჭვს არ იწვევს, როდესაც დგინდება მხარისათვის სტაციონარული სამედიცინო მომსახურების გაწევის ფაქტი ან მკურნალი ექიმის რეკომენდაცია წოლითი რეჟიმის დაცვის თაობაზე, თუმცა გასათვალისწინებელია ისეთი შემთხვევაც, როდესაც სამედიცინო დოკუმენტი შეიცავს მხოლოდ პაციენტისათვის დასმულ დიაგნოზს. ეს დიაგნოზი კი, თავისთავად მეტყველებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეზე (იხ. სუსგ საქმე №ას-929-2019 1.08.2019წ.).

28. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილ ჯანმრთლეობის მდგომარეობის შესახებ ცნობაზე და განმარტავს, რომ აღნიშნული ვერ იქნება მიჩნეული საკმარის მტკიცებულებად სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიოობის დასადასტურებლად, ვინაიდან, ექიმისათვის მიმართვის თარიღია არა სასამართლო სხდომის დღე 2023 წლის 1 თებერვალი, არამედ - 2023 წლის 15 მარტი. ამასთან, ცნობაში მითითებული გარემოება, რომლის თანახმად, აპელანტის შვილი ექიმმა გასინჯა 2023 წლის 1 თებერვალს, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობას არ ქმნის, ვინაიდან არ დგინდება, რომ ახალშობილის ექიმთან კონსულტაცია არ იყო გეგმური. ამასთან, წარმოდგენილი ცნობის შინაარსიც არ იძლევა, იმ დასკვის საფუძველს, რომ 2023 წლის 1 თებერვალს კონსულტაციის დროს, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო იმგვარი, რაც აპელანტის სასამართლოში გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ დასკვნის საფუძველს შექმნიდა. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ჯანმრთელობის შესახებ ცნობა გაცემულია კერძო საჩივრის წარმოდგენამდე ორი დღით ადრე - 2023 წლის 15 მარტს, რაც დამატებით არ ქმნის კერძო საჩივრის ავტორის მიმართ ობიექტური რწმენის შესაძლებლობას, ამ უკანასკნელის სხდომაზე გამოცხადების საპატიოობასთან დაკავშირებით.

29. საკასაციო პალატის მითითებით, კერძო საჩივრის ავტორს არ დაუდასტურებია ის ფაქტიც, რომ მას არ შეეძლო გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ წინასწარ ეცნობებინა სასამართლოსთვის, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს შეეძლო თუნდაც ელექტრონული ფოსტის მეშვეობით სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოს ინფორმირება, რაც მან 2022 წლის 14 დეკემბერს ჩანიშნული სხდომის გადადების მიზნითაც განახორციელა, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, მას აღნიშნული შესაძლებლობით არ უსარგებლია. ნიშანდობლივია, რომ მას სასამართლოს ინფორმირება არ მოუხდენია არც სასამართლო სხდომის გამართვის შემდგომ. მან მხოლოდ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებიდან (01.02.2023წ.) დაახლოებით თვენახევრის შემდგომ წარმოდგენილ კერძო საჩივარში (17.02.2023) მიუთითა ბავშვის ავადმყოფობაზე და იმ გარემოებაზე, რომ დრო და საშუალება არ ჰქონდა სასამართლოს ინფორმირებისათვის, თუმცა, კერძო საჩივარში მოყვანილი გარემოების შეფასების სანდოობისა და სარწმუნოობის თვალსაზრისით, მას რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რისი გათვალისწინებითაც, პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორმა ვერ წარუდგინა სასამართლოს, იმგვარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მას ობიექტურად არ შეეძლო საქმის განხილვაზე გამოცხადება და სასამართლოს ინფორმირება.

30. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 თებერვლის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.ს–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

გიორგი მიქაუტაძე

ვლადიმერ კაკაბაძე