Facebook Twitter

საქმე №ას-515-2023 18 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – შპს „ზ.თ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.გ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 მარტის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. შპს „ზ.თ–მა“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.გ–ის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა; ძირითადი ვალდებულების ანაზღაურების სახით, 290 000 აშშ დოლარის გადახდის ნაცვლად, მოსარჩელის საკუთრებაში აღირიცხოს მოპასუხის კუთვნილი 763, 16 კვ.მ-დან (მდებარე: თბილისი, .........) კონკრეტული უძრავი ქონება; მიუღებელი ზიანისა და 10 თვეზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის ნაწილში, 29 000 აშშ დოლარის ანაზღაურების ნაცვლად, მოსარჩელის საკუთრებაში აღირიცხოს მოპასუხის კუთვნილი 76,31 კვ.მ-დან გარკვეული უძრავი ქონება; 2021 წლის 15 მაისის შემდგომ პერიოდზე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს ძირითადი ვალდებულების 1%-ის სახით, ზიანის ნაწილში თანხის ანაზღაურება და, შესაბამისად, ვალდებულების სრულად შესრულების დღემდე, ყოველი 380 აშშ დოლარის სანაცვლოდ, მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცეს პროპორციული მოცულობის უძრავი ქონება.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 30 მარტს მხარეთა შორის გაფორმდა აღნაგობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, დასახელებული ხელშეკრულების მხარე, მოსარჩელე და მოპასუხის გარდა, ასევე, იყო სს „თ.ბ–ი“. სამივე ხელშემკვრელ მხარეს ჰქონდა ერთმანეთის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები და უფლებები, რომელიც, თავის მხრივ, სრულად შეასრულა ბანკმა და 2019 წლის 2 ივლისის წერილით დაადასტურა აღნაგობის ხელშეკრულებიდან გასვლა. 2018 წლის გაზაფხულზე მოსარჩელემ დაიწყო მისივე ვალდებულებების შესრულება, რაც თავიდანვე გამოხატა ბანკის სასარგებლოდ სახელშეკრულებო თანხის გადახდასთან დაკავშირებით. მოგვიანებით მოსარჩელემ მშენებლობის პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის მიღებისთანავე დაიწყო აღნაგობით დატვირთულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობა და ამ ქმედებით მოსარჩელე გადავიდა აღნაგობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მე-2 ეტაპზე. ამავე მხარეთა შორის 2019 წლის 24 დეკემბერს გაფორმდა N:912-SUT/B-241 ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, საბოლოოდ გადასახდელად, განესაზღვრა 290 000 აშშ დოლარი, რომელიც მოპასუხეს მოაღნაგეს სასარგებლოდ უნდა გადაეხადა არაუგვიანეს იმ დღისა, როდესაც მოსარჩელის ძალისხმევით მშენებარე შენობა-ნაგებობის მე-8 სართული გადაიხურებოდა მონოლითური დასხმის გზით. გარდა ამისა, ხელშეკრულება ითვალისწინებდა ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში საპროცენტო სარგებლის დარიცხვის პირობასაც. იმავე ხელშეკრულების მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით, 290 000 აშშ დოლარის 1% არის თვეში 2900 აშშ დოლარი. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული - შენობა-ნაგებობის მე-8 სართულის მონოლითური დასხმის გზით 2020 წლის 4 ივლისს გადახურვის შესახებ, რაზეც 2020 წლის 11 ივლისს, მოსარჩელის ინიციატივით, შედგა მიმდინარე მშენებლობის შუალედური შემოწმების N: 007-SUT/M-111 აქტი. მოსარჩელის მიერ მე-8 სართულის მონოლითური დასხმის გზით 2020 წლის 4 ივლისს გადახურვის ფაქტი დასტურდება მოსარჩელის საგადასახადო (RS.ge-ს) პორტალზე ატვირთული ზედნადებებით და ასევე, მოპასუხის მიერ 2020 წლის 11 ივლისის ხელმოწერილი მიმდინარე მშენებლობის შუალედური შემოწმების 007 SUT/M-111 აქტის მე-2 ნაწილით, სადაც ხაზგასმით აღინიშნა, რომ 2020 წლის 11 ივლისის მდგომარეობით, უკვე დასრულებული იყო მე-9 სართულის საპროექტო დოკუმენტაციით განსაზღვრული არმატურის ქსოვა, რაც ასევე, შეფუთული იყო ლამინატის ყალიბით (ე.წ. „აპალოვკით“), აღნიშნულის გათვალისწინებით, უდავოა, რომ 5 დღეზე ნაკლებ დროში ეს სამუშაოები ვერც მოესწრებოდა და, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ, შენობა-ნაგებობის მე-8 სართულის მონოლითური დასხმის გზით 2020 წლის 4 ივლისს გადახურვა არ უნდა იყოს სადავოდ მიჩნეულ თარიღად. იმის გათვალისწინებით, რომ შენობა-ნაგებობის მე-8 სართულის მონოლითური დასხმის გზით გადახურვა მოსარჩელემ უზრუნველყო 2020 წლის 14 ივლისს, მოპასუხის მიერ, ძირითადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების თარიღად უნდა ჩაითვალოს 2020 წლის 4 ივლისი და ასევე, ძირითად ვალდებულებაზე, ანუ 290 000 აშშ დოლარზე ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე 1%-იანი ოდენობით, საპროცენტო სარგებლის დარიცხვა უნდა დაიწყოს 2020 წლის 5 ივლისიდან. 2021 წლის 28 მაისს მოსარჩელემ წარადგინა დაზუსტებული სარჩელი (იხ. ტ.1.ს.ფ. 238-247).

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მოითხოვა უსაფუძვლობის გამო მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 3 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული რიგი უძრავი ნივთების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. (იხ. ტ.1.ს.ფ.85-89).

5. ამავე სასამართლოს 2022 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა ( იხ. ტ.1.ს.ფ.191-222), რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. ( იხ. ტ.1.ს.ფ. 228-241).

განმცხადებლის მოთხოვნა:

6. 2023 წლის 27 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა მოპასუხემ და მოითხოვა, მოსარჩელეს დაევალოს საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით მოპასუხისთვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა (იხ.ტ.5.ს.ფ.30-31).

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განჩინებით მოპასუხის განცხადება დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე (სს „თ.ბ–ი“, ბანკის კოდი: TBCBGE22, ანგარიშის ნომერი GE07TB7563236020100006) 139 200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის შეტანის გზით (იხ. ტ.5.ს.ფ.43-48).

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 მარტის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 3 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა, რადგან მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 2 მარტის განჩინებით დაკისრებული ვალდებულება არ შეასრულა. ( იხ. ტ.5.ს.ფ.64-68).

საჩივრის ავტორის მოთხოვნა:

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სასარჩელო/სააპელაციო მოთხოვნის უზრუნველყოფის სახით, მოპასუხისათვის სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე 705 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დეპონირების დაკისრება, თანხის დეპონირების შემდეგ მოსარჩელე სააპელაციო პალატის 2023 წლის 27 მარტის განჩინებას დაეთანხმებოდა.

10. საჩივრის ავტორის მითითებით, მოსარჩელემ ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, ვერ შეძლო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 7 დღის ვადაში უზრუნველყოფის გარანტიის - 139 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის მობილიზება და სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანა. საწარმოს გამართული, შეუფერხებელი ფუნქციონირების ინტერესებიდან გამომდინარე, მოსარჩელისათვის მისაღები იქნებოდა, უზრუნველყოფის გარანტია მომხდარიყო მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უფლებრივი შეზღუდვის განხორციელების გზით.

11. საჩივრი ავტორმა მიუთითა, რომ სსსკ-ის 199-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თანხის შეტანის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. აპელანტის მიმართ კი სააპელაციო სასამართლომ განსაზღვრა მაქსიმალურად მცირე 7 დღის ვადა. აღნიშნულ ვადაში საკმაოდ დიდი მოცულობის თანხის აკუმულირება თითქმის შეუძლებელია, მაშინ როდესაც მოსარჩელე კომპანია თავად დაზარალებულია. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ სსსკ-ის 57-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს ასევე შეუძლია დაუშვას უზრუნველყოფის სხვა საშუალება, კერძოდ, რომელიმე საკრედიტო დაწესებულების მიერ გაცემული თავდებობა, რაც ასევე უგულველყოფილი იქნა სააპელაციო სასამართლოს მხრიდან და მოსარჩელეს არ მიეცა უზრუნველყოფის სხვა საშუალების გამოყენების შესაძლებლობა.

12. საჩივრის ავტორმა ასევე მიუთითა, რომ მოპასუხის შუამდგომლობა გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის შესახებ დაუსაბუთებელია. ზიანის ოდენობა არ არის დადასტურებული სათანადო მტკიცებულებებით, უძრავი ქონების ფასის 50%-ით ზრდის ფონზე მოპასუხისათვის ზიანის დადგომა გამორიცხულია. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება გართულდება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების არარსებობის პირობებში. ის გარემოება, რომ მოსარჩელემ დავა წააგო პირველი ინსტანციის სასამართლოში, არ უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენებისას, რადგან ჯერ კიდევ ორ ინსტანციაში არის შესაძლებელი დავის განხილვა. მოსარჩელემ დამატებით მიუთითა, რომ თავის დროზე მოპასუხის მიერ გასაჩივრების გზით, არ გაუქმებულა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება (იხ. ტ.5.ს.ფ.102-106).

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 აპრილის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და, საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფა ესაა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება, რაც დამოკიდებულია ვარაუდზე, რომ, შესაძლოა, მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნებისაგან თავის დაღწევის მიზნით განახორციელოს ისეთი ქმედება, რაც საბოლოოდ შეუძლებელს გახდის ან დააბრკოლებს მოპასუხის ინტერესების საწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.

15. ამასთან, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 21.02.2018წ. განჩინება საქმეზე №ას-1556-1476-2017).

16. ამავე კოდექსის 199-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებული მსჯელობა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მოსარჩელეს სასამართლოს 2023 წლის 2 მარტის განჩინებით დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში მოპასუხისთვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე 139 200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის შეტანის გზით.

17. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მითითებული განჩინება მოსარჩელის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს ჩაბარდა 2023 წლის 14 მარტს. შესაბამისად, საპროცესო მოქმედება (მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა) უნდა განხორციელებულიყო 2023 წლის 21 მარტამდე.

18. ზემოაღნიშნული განჩინებით განსაზღვრულ ვადაში მოსარჩელემ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე 139 200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის შეტანის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოში არ წარადგინა, ამდენად, საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 აგვისტოს განჩინება მართებულად გაუქმდა.

19. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის პრეტენზია მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობის დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით, ვინაიდან სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მოქმედების პირობებში მოპასუხე მოკლებული იყო შესაძლებლობას, ესარგებლა მის საკუთრებაში არსებული ქონებით, განეკარგა იგი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობების ფარგლებში მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მიზნით. აღსანიშნავია, რომ მოპასუხისათვის მიყენებული ზარალი მზარდი ხასიათის მატარებელია, ვინაიდან გამომდინარეობს პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობიდან. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხის შუამდგომლობა მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ შეიცავს მისი დაკმაყოფილებისათვის საჭირო მინიმალურ დასაბუთებას.

20. სააპელაციო პალატა ასევე არ დაეთანხმა საჩივრის ავტორის მოსაზრებას მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის შესახებ. სსსკ-ის 57-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ კანონის დასახელებული დანაწესი, მართალია, შეიცავს სხვა უზრუნველყოფის საშუალების გამოყენების შესაძლებლობას (თავდებობა), მაგრამ, განსახილველ შემთხვევაში, შესაბამისი შუამდგომლობის არარსებობის პირობებში, მისი გამოყენება პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია.

21. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მოთხოვნა გასაჩივრებული განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შედეგად, მოსარჩელისთვის მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხის მიერ 705 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის შეტანის შესახებ. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსსკ-ის 199-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ასევე 191-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ საპროცესო გარანტია უზრუნველყოფს მოპასუხე მხარის ინტერესების დაცვას მოსარჩელის სასარგებლოდ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების არსებობის პირობებში, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

22. სააპელაციო პალატამ მიუთითა შემდეგზე: ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს. „სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას დაცული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსი მოსარჩელის უფლებასა (უზრუნველყოს სასამართლო წესით სამომავლოდ დადასტურებული უფლების რეალიზაცია) და მოპასუხის ინტერესს (უზრუნველყოფის ღონისძიებამ გაუმართლებლად არ ხელყოს მისი, როგორ მოპასუხის უფლებები) შორის. უფლების დროებით შეზღუდვის დროს მნიშვნელოვანია გონივრული ბალანსის დაცვა დაცულ სიკეთესა და შეზღუდულ უფლებას შორის“ (შდრ. სუსგ 2015 წლის 6 თებერვლის განჩინება საქმეზე №ას-114-107-2015).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

23. საკასაციო სასამართლო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

24. სსსკ-ის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ემუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

25. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის განჩინების კანონშესაბამისობა, რომლითაც გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ არ განახორციელა მოპასუხის მოთხოვნით სასამართლოს მიერ განსაზღვრული სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა.

26. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე. უზრუნველყოფის ღონისძიების სახე კი შერჩეულ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის გათვალისწინებით, რომლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უზრუნველყოფის ერთ-ერთი ღონისძიებაა მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა.

27. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელეს, კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის შესახებ. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის - სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება (შდრ: სუსგ №ას-258-2022, 17 მაისი, 2022; №ას-587-2019, 20 თებერვალი, 2020 წ.).

28. ამდენად, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად (იხ. ჰ.ბოელინგი, ლ. ჭანტურია; სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2004, 37.).

29. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მართლმსაჯულების სისტემის ეფექტურობა სამართლებრივი წესრიგის განმტკიცებასა და სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნდამენტური წინაპირობაა. მართლმსაჯულების ეფექტურობა დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ, სამართლიან და დროულ სამართალწარმოებაში პოვებს გამოხატულებას (იხ. შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), 2013, 3.). როგორი სწრაფიც არ უნდა იყოს მართლმსაჯულება, როგორი სამართლიანი და კანონიერიც არ უნდა იყოს სასამართლო გადაწყვეტილება, მართლმსაჯულების მიზნები და ამოცანები განუხორციელებელი რჩება, თუ არ მოხდება გადაწყვეტილების აღსრულება.

30. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და განმარტავს, რომ „სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება“ (იხ. „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №40765/02; Burdov v. Russia, no. 59498/00, §34, ECHR 2002-III; Hornsby v. Greece , judgment of 19 March 1997, Reports of Judgments and Decisions 1997-II, p. 510, §40 Hornsby; Mutishev and Others v. Bulgaria, 18967/03, §129, 3 December 2009; Antonetto v. Italy, no. 15918/89, §28, 20 July 2000).

31. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს წარმოადგენს გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება, მოპასუხისათვის თავისი ქონების განკარგვის უფლების შეზღუდვის თუ კანონით გათვალისწინებული უზრუნველყოფის სხვა საშუალებების გამოყენების გზით“ (იხ. თ.ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი (მეორე გამოცემა), თბ., 2005, 299.). სასამართლო ამოწმებს მხოლოდ, რამდენად შეუწყობს ხელს უზრუნველყოფის ღონისძიება მომავალი, მოსარჩელისათვის სავარაუდო გადაწყვეტილების დაცვას შესაძლო დაბრკოლებებისაგან აღსრულების ეტაპზე (შდრ: Beck’sche Kurz-Kommentare Band1, Zivilprozessordnung mit Gerichtsverfassungsgesetz und anderen Nebengesetzen. Begründet von Dr. Adolf Baumbach, Professor Dr. Wolfgang Lauterbach, Dr. Jan Albers, Dr. Dr. Peter Hartmann. Verlag C.H. Beck ,München 2003, 2375.).

32. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება თავის თავში გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან იმგვარი რეგულაციის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტურ აღსრულებას. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით „საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლება... უნდა იყოს არა ილუზორული, არამედ ქმნიდეს პირის უფლებებში ჯეროვნად აღდგენის რეალურ შესაძლებლობას და წარმოადგენდეს უფლების დაცვის ეფექტურ საშუალებას“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება, II-30).

33. „მიუხედავად სამართლიანი სასამართლოს უფლების უდიდესი მნიშვნელობისა, იგი არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და შეიძლება შეიზღუდოს გარკვეული პირობებით, რაც გამართლებული იქნება დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური საჯარო ინტერესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე: №1/2/466.). „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე.“ (იხ.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე №3/1/512).

34. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მაქსიმალურად გათვალისწინებული უნდა იქნეს ორივე მხარის კანონიერი ინტერესი. დავის საგნის დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, რითაც ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესის რეალიზაცია და მისი სარჩელის უზრუნველყოფა, არ უნდა მოხდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის უპირობო და ცალსახა შელახვა, არამედ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა განხორციელდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის გონივრულ ფარგლებში შეზღუდვა-შევიწროებით და იმ ოდენობით, რაც აუცილებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცულობისთვის. იმისათვის, რომ მოხდეს მხარეთა ინტერესების დაბალანსება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს არაადეკვატური, არათანაზომიერი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.

35. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კანონი ყოველთვის არ იძლევა იმის საშუალებას, მოსამართლემ შეძლოს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც დაცული იქნება ორივე მხარის, როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის ინტერესები [თანაზომიერების პრინციპი], მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის (სარჩელის საგნის) პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ იკვეთებოდეს. „სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით საკუთრების შეზღუდვის გამართლება უნდა მოხდეს თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით - სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის საჯარო მიზნისა და საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული კერძო ინტერესების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (შდრ. სუსგ 2015 წლის 25 ნოემბრის განჩინება საქმეზე №ას-1165-1095-2015 წ.).

36. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მართალია, სარჩელის უზრუნველყოფის ინტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, თუმცა მხარეთა თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, დაცული უნდა იქნეს მოპასუხის ინტერესებიც. „სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას დაცული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსი მოსარჩელის უფლებასა (უზრუნველყოს სასამართლო წესით სამომავლოდ დადასტურებული უფლების რეალიზაცია) და მოპასუხის ინტერესს (უზრუნველყოფის ღონისძიებამ გაუმართლებლად არ ხელყოს მისი, როგორ მოპასუხის უფლებები) შორის. უფლების დროებით შეზღუდვის დროს მნიშვნელოვანია გონივრული ბალანსის დაცვა დაცულ სიკეთესა და შეზღუდულ უფლებას შორის“ (შდრ. სუსგ 2015 წლის 6 თებერვლის განჩინება საქმეზე №ას-114-107-2015; სუსგ №ას-1586-2018, 26 ოქტომბერი, 2018 წ.).

37. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონდებელი, ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობასაც და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება. აღნიშნული საკითხი მით უფრო აქტუალურია, როდესაც საუბარია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე (იხ. სუსგ №ას-829-775-2017, 26 ივნისი, 2017; №ას-538-2022, 16 ივნისი, 2022 წ.), რადგან გადაწყვეტილების აღუსრულებლობის საფრთხემ შესაძლოა მოგებული მხარისათვის აზრი დაუკარგოს დავას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/2/411).

38. როგორც წინამდებარე განჩინების პ.25-ში აღინიშნა, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელემ არ განახორციელა მოპასუხის მოთხოვნით სასამართლოს მიერ განსაზღვრული სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა.

39. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებამ, მით უმეტეს, თუ ასეთი ღონისძიებით იზღუდება მოპასუხის უფლებამოსილება განკარგოს თავისი ქონება ან ფულადი სახსრები, შეიძლება მოპასუხეს გარკვეული ზიანი მიაყენოს (იხ: ჰ. შნიტგერი, გაუმართლებელი უზრუნველყოფის ღონისძიების შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, GIZ, №10, (2020), გვ.6.). სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით მიყენებული ზარალის (ზიანის) ანაზღაურების უზრუნველყოფა, ემსახურება მოპასუხის ინტერესს და წამოადგენს იმის გარანტიას, რომ იმ შემთხვევაში, თუ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა, მოხდება მოპასუხის უფლების შეზღუდვით გამოწვეული ზარალის (ზიანის) ანაზღაურება. (იხ: ჰ.ბოელინგი, ლ.ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2004, 142.). მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის პოზიციიდან. (შდრ: სუსგ №ას-859-825-2016, 28 ნოემბერი, 2016 წ.).

40. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულია, თუ მოსარჩელე მოითხოვს სარჩელის უზრუნველყოფას, მოპასუხეს შეუძლია მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფით მისთვის მოსალოდნელი ზიანის არა ანაზღაურება, არამედ ანაზღაურების უზრუნველყოფა (იხ. დამატებით: ზ. ძლიერიშვილი, სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის (ზიანის) ანაზღაურების უზრუნველყოფა, „სამართლის ჟურნალი“ №1, 2018 წ, გვ. 10).

41. სსსკ-ის 199 I მუხლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოპასუხეს შეიძლება მიადგეს ზარალი, მას შეუძლია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და იმავდროულად მოსთხოვოს პირს, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, მეორე მხარისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. უზრუნველყოფის გარანტია სასამართლომ შეიძლება ასევე გამოიყენოს მოწინააღმდეგე მხარის განცხადების საფუძველზე (იხ. დამატებით: გ.კაჟაშვილი, მტკიცებულების უზრუნველყოფისა და უზრუნველყოფის გარანტიის როლი საქმისწარმოებაში, „სამართლის ჟურნალი“, №1, 2016 წ, გვ.84.).

42. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 199-ე მუხლი ითვალისწინებს მოპასუხის ინტერესების დაცვის ორ ერთმანეთთან დაკავშირებულ სამართლებრივ საშუალებას: ა) მოსარჩელის მიერ იმ ზარალის ანაზღაურება, რომელიც მიადგა მოპასუხეს სარჩელის უზრუნველყოფით. აღნიშნული მოთხოვნის უფლება მოპასუხეს გააჩნია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობისას, როგორიცაა, სასამართლოს მიერ სარჩელის არდაკმაყოფილება (ან ჯერ არაღძრული სარჩელის უზრუნველყოფისას, სარჩელის შეუტანლობა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რის გამოც უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა) და სარჩელის უზრუნველყოფით მოპასუხისათვის ზიანის მიყენება (რომლის არსებობაც და ოდენობაც უნდა ამტკიცოს მოპასუხემ). ბ) მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც იმაში გამოიხატება, რომ თუ მოსარჩელე მოითხოვს სარჩელის უზრუნველყოფას, მოპასუხეს შეუძლია მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფით მისთვის მოსალოდნელი ზიანის არა ანაზღაურება, არამედ ანაზღაურების უზრუნველყოფა. ასეთ ვითარებას შეიძლება ვუწოდოთ საპასუხო უზრუნველყოფა, რომელიც უნდა განხორციელდეს სსსკ-ის 57-ე მუხლით დადგენილი წესით. (იხ.თ. ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი,მეორე გამოცემა, თბ., 2005, გვ.304.).

43. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლი აწესრიგებს საპროცესო უზრუნველყოფის გარანტიის საკითხს. აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში მხარეს დაეკისრა იმ ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა, რომელიც შეიძლება განიცადოს მოწინააღმდეგე მხარემ შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულებით, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, მან ასეთი უზრუნველყოფა უნდა განახორციელოს ფულადი თანხის ან ფასიანი ქაღალდების საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანის გზით, რაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მისაღებია გარანტიის უზრუნველსაყოფად. სასამართლომ შეიძლება შეღავათიანი პირობებით დაუშვას უზრუნველყოფის სხვა საშუალება, კერძოდ, რომელიმე საკრედიტო დაწესებულების მიერ გაცემული თავდებობა.

44. „სსსკ-ის 57-ე მუხლის ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით, აუცილებელია, უფლებაში ჩარევის გამართლებისთვის, უპირველესად, დადგინდეს, რა არის ის ღირებული სამართლებრივი სიკეთე, რის დასაცავადაც კანონმდებელმა აირჩია მხოლოდ ის სამი სამართლებრივი მოცემულობა, რომლის მეშვეობით არის შესაძლებელი საპროცესო უზრუნველყოფის გარანტიით სარგებლობა. საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული შემზღუდველი ღონისძიების გამოსადეგობის გააზრებისათვის მხედველობაშია მისაღები სადავო ნორმის მოქმედების არსი, სფერო და ფარგლები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ნებისმიერ შემთხვევაში ზღუდავს მესაკუთრის უფლებას სრული მოცულობით განკარგოს ესა თუ ის ქონება ან ისარგებლოს სხვა უფლებით. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებამ, დიდი ალბათობით, შესაძლოა გამოიწვიოს მატერიალური ზიანი, რომელიც მიადგება მოპასუხეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლი უზრუნველყოფს ამგვარი ზიანის დადგომის თავიდან აცილების გარანტიას, რაც ცალსახად აბალანსებს მხარეთა პროცესუალურ უფლებებს, უზუნველყოფს შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვასა და, საბოლოოდ, ემსახურება სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციას. ამასთან, აღსანიშნავია ის, რომ უზრუნველყოფით გამოწვეული ზიანის გარანტიის ამა თუ იმ ფორმის გამოყენება არ ნიშნავს მოპასუხისთვის სარჩელის უზრუნველყოფით მიყენებული ზიანის ავტომატურ ანაზღაურებას, არამედ გულისხმობს მხოლოდ ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფას. სარჩელის უზრუნველყოფით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე მხარემ - მოპასუხემ სარჩელით უნდა მიმართოს სასამართლოს და დაამტკიცოს როგორც ამგვარი ზიანის მიყენების ფაქტი/საფრთხე, ასევე მიყენებული ზიანის ოდენობა. შედეგად, გათვალისწინებული საპასუხო უზრუნველყოფა არის მოპასუხის ინტერესების სამართლებრივი დაცვის საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს გაუმართლებელი ღონისძიებით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას. სადავო სამართლებრივი ინსტიტუტის სრული ანალიზისთვის აუცილებელია სადავო ნორმისა და ამავე კოდექსის 199-ე მუხლის კომპლექსური აღქმა, ვინაიდან მხარის [მოსარჩელის] უფლებას, გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, უპირისპირდება მოპასუხის ინტერესი - თავი დაიცვას ზიანის მომტანი უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან. მოცემულ შემთხვევაში ერთმანეთს უპირისპირდება მოსარჩელისა და მოპასუხის ლეგიტიმური ინტერესები, რომელთა გონივრული დაბალანსებაც კანონმდებლისადმი წაყენებული უპირველესი კონსტიტუციური მოთხოვნაა. დადგენილი შეზღუდვა უნდა ითვალისწინებდეს პროცესის მონაწილე ორივე მხარის ინტერესებს - მოპასუხეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დააზღვიოს უზრუნველყოფის ღონისძიებიდან მომდინარე ქონებრივი ზიანი, ხოლო მოსარჩელისათვის დადგენილი მოთხოვნები უნდა იყოს გონივრული და მას აძლევდეს რეალურ შესაძლებლობას მოახდინოს მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფა (იხ: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე №1/3/1377, პ.18-25.).

45. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება წარმოადგენს, ერთი მხრივ, მოსარჩელის უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო, მეორე მხრივ, მოპასუხის უფლების მზღუდავ საშუალებას. ზემოაღნიშნული ღონისძიების გამოყენებით მოსარჩელის ინტერესების დაცვამ შეიძლება გამოიწვიოს მოპასუხისათვის ქონებრივი ზარალის მიყენება, შესაბამისად, გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება წარმოიშვას მოპასუხის ინტერესების დაცვისათვის საჭირო მექანიზმების შექმნის აუცილებლობა. მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება წარმოადგენს ხსენებული ინტერესების გონივრულად დაბალანსების მექანიზმს და ემსახურება მოპასუხის უფლებების დაცვას (იხ: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 1-ლი დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №2/6/746). „სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტით უზრუნველყოფილია მოსარჩელის ინტერესების დაცვა, ხოლო უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფით კი - მოპასუხის ინტერესების დაცვა. (იხ.შ.ქურდაძე, ნ. ხუნაშვილი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა, თბ., 2015 წ, გვ.393).

46. მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლი ითვალისწინებს სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას, თუმცა ამისათვის სასამართლო უნდა დარწმუნდეს ასეთი ზარალის წარმოშობის რეალურობაში. საპასუხო უზრუნველყოფა არის მოპასუხის ინტერესების სამართლებრივი დაცვის საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს გაუმართლებელი ღონისძიებით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას. ამასთან, მისი გამოყენება დამოკიდებულია მოსალოდნელ, შესაძლო ზიანის წარმოშობის საფრთხესთან. მოსარჩელისათვის გარანტიის წარმოდგენის მოთხოვნა უნდა ეფუძნებოდეს განმცხადებლის მიერ კონკრეტულ გარემოებებზე მითითებას და შესაბამის დასაბუთებას გარანტიის წარმოდგენის აუცილებლობის შესახებ (შდრ: სუსგ №ას-859-825-2016, 28 ნოემბერი, 2016 წ.).

47. მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის მომთხოვნმა მოპასუხემ უნდა დაასაბუთოს უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების აუცილებლობა. ამასთან, დასაბუთება უნდა იყოს საფუძვლიანი, დასაბუთებული ვარაუდი გულისხმობს გადაწყვეტილების მიღებას არა მარტოოდენ ეჭვის, ან ფორმალური ანალიზის საფუძველზე, არამედ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და ლოგიკურ დასკვნას მოთხოვნის საფუძვლიანობის შესახებ. (ანალოგიური მიდგომებია დამკვიდრებული უცხოური კანონმდებლობით და სასამართლო პრაქტიკით. (იხ. http:// www. Justice.gov.uk/courts/procedure-rules/civil/rules/part25/pd_part25q#5.1; Energy Venture Partners Ltd v Malabu Oil and Gas Ltd (2014) EWCA Civ 1295 (09 October 2014); https:///www.gesetze-im-internet.de/zpo/, სექცია 537, 709, 945.).

48. მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ უზრუნველყოფის გარანტია არ ნიშნავს მოპასუხისათვის სარჩელის უზრუნველყოფით მიყენებული ზიანის ავტომატურად ანაზღაურებას, არამედ გულისხმობს მხოლოდ ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფას. სარჩელის უზრუნველყოფით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, მოპასუხემ უნდა მიმართოს სასამართლოს სარჩელით და დაამტკიცოს, როგორც ამგვარი ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე მიყენებული ზიანის ოდენობა (იხ. დამატებით: ზ. ძლიერიშვილი, სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ((ზიანის) ანაზღაურების უზრუნველყოფა, „ სამართლის ჟურნალი“ №1, 2018 წ, გვ. 17).

49. სსსკ-ის 199-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილია, რომ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირი, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, ვალდებულია უზრუნველყოს მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურება სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო დაუყონებლივ გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ, რომელიც ექვემდებარება საჩივრის ფორმით გასაჩივრებას. განჩინების გასაჩივრების ვადა 5 დღეა. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოწესრიგების საგანს არ წარმოადგენს მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის გამოყენების შესახებ განჩინების გასაჩივრებასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება. ამდენად, სადავო ნორმას არ აქვს ის შინაარსი, რომელიც მოსარჩელეს მიანიჭებდა ან შეუზღუდავდა მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას. უფრო მეტიც, სადავო ნორმა ასევე არ წარმოადგენს მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის თაობაზე განჩინების ინსტიტუტის ან/და მისი გამოყენების უფლებამოსილების განმსაზღვრელ წესს“ (იხ: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 1-ლი დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №2/6/746).

50. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 3 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხეს აეკრძალა, მის საკუთრებაში არსებული რიგი უძრავი ნივთების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. 2023 წლის 27 თებერვალს სასამართლოს განცხადებით მიმართა მოპასუხემ და მოითხოვა, მოსარჩელეს დაევალოს საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით მოპასუხისთვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 მარტის განჩინებით მოპასუხის განცხადება დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში მოპასუხის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე (სს „თ.ბ–ი“, ბანკის კოდი: TBCBGE22, ანგარიშის ნომერი GE07TB7563236020100006) 139 200 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის შეტანის გზით.

51. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 მარტის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 3 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდა, რადგან მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 2 მარტის განჩინებით დაკისრებული ვალდებულება არ შეასრულა.

52. საჩივრი ავტორმა ზემოაღნიშნულ განჩინებაზე წარდგენილ საჩივარში მიუთითა, რომ სსსკ-ის 199-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თანხის შეტანის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. აპელანტის მიმართ კი სააპელაციო სასამართლომ განსაზღვრა მაქსიმალურად მცირე 7 დღის ვადა. აღნიშნულ ვადაში საკმაოდ დიდი მოცულობის თანხის აკუმულირება თითქმის შეუძლებელია, მაშინ როდესაც მოსარჩელე კომპანია თავად დაზარალებულია (იხ. წინამდებარე განჩინების პ.11).

53. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საჩივრის ავტორის აღნიშნული პრეტენზია გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება შემდეგ გარემოებათა გამო:

54. სამართლებრივი სახელმწიფოს მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია: „სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, ისე მოაწყოს თავისი სამართლებრივი სისტემა, რომ მისცეს სასამართლოებს შესაძლებლობა იმოქმედონ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 6.1. მუხლის მოთხოვნების, მათ შორის „გონივრულ ვადაში“ საქმის განხილვის მოთხოვნის დაცვით. სასამართლოს მიერ ,,გონივრული ვადის” დაცვის მოთხოვნის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ოთხი გარემოება: საქმის სირთულე, მხარის მოქმედება, სასამართლო და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მოქმედება და მომჩივნის რისკის ხარისხი. გონივრულ ვადაში გადაწყვეტილების მიღების უფლება არის არა მხოლოდ ინდივიდების უფლება, არამედ, ის მოიცავს სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელთა ვალდებულებასაც, ისე გამართონ სასამართლო სისტემა, რომ დაკმაყოფილებულ იქნას მე-6 მუხლის მოთხოვნები“. (იხილეთ მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია CM/Rec (2010 წევრი ქვეყნების მიმართ გადაჭარბებულად ხანგრძლივი საქმის წარმოების თავიდან აცილების ეფექტიანი საშუალებების შესახებ, 2010 წლის 24 თებერვალი.ლუკენდა სლოვენიის წინააღმდეგ (Lukenda v. Slovenia), No. 23032/02, 6.10.05. რუმპფი გერმანიის წინააღმდეგ (Rumpf v. Germany), No. 46344/06, 2.9.10. ვასილიოს ათენასიოუ საბერძნეთის წინააღმდეგ (Vassilios Athanasiou and others v. Greece), No. 50973/08, 21.12.10. No. 30210/96, 26.10.00).

55. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების დაცვას სასამართლო (სახელმწიფო), უპირველესად, ცდილობს ისეთი მექანიზმების გამოყენებით, როგორიცაა საკანონმდებლო ბერკეტების შემუშავება. ევროკონვენციის მე-6 მუხლის კონტექსტი არ შეიძლება განხილულ იქნეს იმგვარად, რომ ის გარკვეულ ვალდებულებებს (მაგალითად, ვადის დაცვას) მხოლოდ სასამართლოს აკისრებს. სამართლიანი სასამართლოს განხორციელების უფლება თავისი არსით მოიცავს როგორც სასამართლოს ვალდებულებას, გონივრული ვადა განუსაზღვროს მხარეს საპროცესო მოქმედებისთვის (თუ ამას კანონი არ განსაზღვრავს), ასევე მხარის მოვალეობას, რომ დადგენილ ვადაში განახორციელოს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ესა თუ ის საპროცესო ქმედება. აღნიშნულ ვალდებულებათა განუხრელად დაცვა სამართალწარმოების მთლიან პროცესში უმნიშვნელოვანესია, რადგან ხელს უწყობს სასამართლოს, რომ შეძლოს კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული უფლების რეალიზება, მათ შორის - დავის გონივრულ ვადაში დასრულების თვალსაზრისითაც, პირის დარღვეული უფლების დროულად აღსადგენად.

56. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს საპროცესო სამართლწარმოებაში ვადები რიგ შემთხვევებში კანონით ზუსტადაა განსაზღვრული, რიგ შემთხვევებში კი - სასამართლოს დისკრეციის საგანს წარმოადგენს და ვადის ხანგრძლივობა კონკრეტულ გარემოებებს ეფუძნება. თუ ვადა კანონით არაა დადგენილი და სასამართლოს მიერაა განსაზღვრული, ის უნდა იყოს გონივრული და უნდა გამომდინარეობდეს რიგი გარემოებებიდან (საქმის სირთულე, დავის საგანი, რამდენიმე სასარჩელო მოთხოვნა და ა.შ).

57. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით. ამდენად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს, მხარის დასაბუთებული შუამდგომლობის არსებობისას სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების მექანიზმს. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საჩივრის ავტორს აღნიშნული საპროცესო შესაძლებლობით არ უსარგებლია და თანხის განთავსებისათვის განსაზღვრულ პერიოდში სასამართლოსათვის მითითებული ვადის გაგრძელების მოთხოვნის შუამდგომლობით არ მიუმართავს. მეტიც, სადავო 7-დღიანი ვადის გასვლის შემდეგაც, საჩივრის შეტანიდან მისი განხილვის პერიოდში მოსარჩელეს ზარალის უზრუნველსაყოფი თანხის დეპოზიტზე განთავსება და სასამართლოსათვის იმგვარი რწმენის შექმნა არ უცდია, რომ საპროცესო ვადის გაგრძელების შემთხვევაში, იგი მითითებულ თანხას მართლაც განათავსებდა.

58. საჩივრის ავტორის მითითებით, საწარმოს გამართული, შეუფერხებელი ფუნქციონირების ინტერესებიდან გამომდინარე, მოსარჩელისათვის მისაღები იქნებოდა, უზრუნველყოფის გარანტია მომხდარიყო მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უფლებრივი შეზღუდვის განხორციელების გზით (იხ. წინამდებარე განჩინების პ.10).

59. საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის მითითებას, რომ, მისი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად მოპასუხისათვის მოსალოდნელი ზიანის უზრუნველსაყოფად, სააპელაციო პალატას უნდა გამოეყენებინა მოსარჩელის უძრავ ქონებაზე უფლებრივი შეზღუდვა და არა თანხის დეპოზიტზე განთავსება, შემდეგ გარემოებათა გამო:

60. სსსკ-ის 57-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მხარეს დაეკისრა იმ ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა, რომელიც შეიძლება, განიცადოს მოწინააღმდეგე მხარემ შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულებით, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, მან ასეთი უზრუნველყოფა უნდა განახორციელოს ფულადი თანხის ან ფასიანი ქაღალდების საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანის გზით, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით მისაღებია გარანტიის უზრუნველსაყოფად.

61. „სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაც და ამ ღონისძიების გამოყენების შედეგად მოპასუხისთვის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის გარანტიაც (ე.წ. საპროცესო უზრუნველყოფა) ქმნის სამართლიანი სასამართლოს უფლებით ეფექტიანად სარგებლობის ერთ-ერთ საპროცესო გარანტიას და, შესაბამისად, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცული სფეროს ნაწილს. სადავო სსსკ-ის 57-ე მუხლის დანაწესთან მიმართებით კანონმდებელი ბლანკეტურად გაწერს სამ სამართლებრივ მოცემულობას, რომლის არსებობის ფარგლებში შესაძლოა გამოყენებული იქნეს საპროცესო უზრუნველყოფა: 1. თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან; 2. სასამართლოს მიერ შეღავათიანი პირობებით დაშვებული სხვა საშუალება, კერძოდ, რომელიმე საკრედიტო დაწესებულების მიერ გაცემული გარანტია და; 3. ფულადი თანხა ან ფასიანი ქაღალდები, რომლებიც მხარემ უნდა შეიტანოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მისაღებია გარანტიის უზრუნველსაყოფად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლი არ ითვალისწინებს გარდა ამ მუხლში ჩამოთვლილი საშუალებებისა, უზრუნველყოფის ისეთ საშუალებას, როგორიცაა ქონება [სხვა უძრავი და მოძრავი ქონება], რომელიც შესაძლოა დაიტვირთოს იპოთეკის ან/და გირავნობის ვალდებულებით. შესაბამისად, სადავო ნორმას გააჩნია ის გამომრიცხველი ნორმატიული შინაარსი, რომლითაც შეზღუდულია მოპასუხე მხარე და სასამართლო, თავისი ინიციატივის ფარგლებში, საპროცესო უზრუნველყოფის საშუალების ობიექტად გამოიყენონ სადავო ნორმით გათვალისწინებული საშუალებების მიღმა მოსარჩელის სხვა ქონება, რომელიც შეიძლება დაიტვირთოს იპოთეკის ან/და გირავნობის ვალდებულებით. საბოლოოდ, კერძოსამართლებრივი ურთიერთობების არქიტექტურის გათვალისწინებით, აღნიშნული მექანიზმი მიემართება მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებულ დავასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას. აღსანიშნავია, რომ მხარეთა შეთანხმება კერძოსამართლებრივი ურთიერთობებისთვის მნიშვნელოვანი ინსტიტუტია. იგი მიემართება კერძო ავტონომიის პრინციპის დაცვის უზრუნველყოფას, რომელზეც მთლიანი სამოქალაქო სამართლებრივი არქიტექტურაა დაფუძნებული და მასში სახელმწიფო ყველაზე დაბალი ინტენსივობით ერევა, ისიც მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს თავად მხარეთა შორის დადებული შეთანხმების უგულებელყოფიდან წარმოშობილი დავის გადაწყვეტას ემსახურება მიზნად. ასევე, ფულადი თანხის/ფასიანი ქაღალდის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსება სამართლებრივად მარტივად და უმტკივნეულოდ უზრუნველყოფს მოპასუხის ინტერესების დაცვას მაშინ, როდესაც მოსარჩელემ თავდაპირველად სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად, მოპასუხე ისედაც უფლებაშეზღუდულ მდგომარეობაში ჩააყენა დავის გადაწყვეტის მომენტამდე. ამავდროულად, ფულის და ფასიანი ქაღალდის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე არსებობა მოპასუხეს აძლევს შესაძლებლობას, დავის დასრულების შემდგომ მყისიერად აინაზღაუროს ზარალი თანმხვედრი ტვირთის გარეშე. მოთხოვნის უზრუნველყოფის ისეთი საშუალებები, როგორებიცაა გირავნობა და იპოთეკა უფლებებთან ერთად გულისხმობს მნიშვნელოვან სამართლებრივ ტვირთსაც. კერძოდ, გირავნობით ან იპოთეკით კრედიტორი იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების რეალიზაციით. თავის მხრივ, ქონების რეალიზაცია გულისხმობს: სააღსრულებო ფურცლის მოპოვებას, აღსრულების პროცესის დაწყებას, ნივთის რეალიზაციის პროცედურებს და ამონაგები თანხების განაწილების პროცედურას. ასეთი პროცედურა მოითხოვს შესაბამის ხარჯებს და ვადას. იგი შესაძლებელია გაგრძელდეს რამდენიმე თვე. ამასთან, ასეთი მექანიზმის არსებობა თავის თავში მოიცავს ისეთ რისკებს, როგორებიცაა: ქონების რეალიზაციის შეფერხება ამ ქონებაზე სხვა პირის მიერ ყადაღის დადებით, ქონების ღირებულების შემცირება გარემო ფაქტორების ზემოქმედებით და მოთხოვნის არასრული დაკმაყოფილება. საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ იპოთეკისა და გირავნობის სამართლებრივი ბუნების გათვალისწინებით, საკანონმდებლო დონეზე მისი იმპერატიულად არსებობა ილუზორულს გახდიდა სადავო სსსკ-ის 57-ე მუხლით გათვალისწინებული ერთ-ერთი საშუალების - მხარეთა შეთანხმების - სამართლებრივ გამოყენებას (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე №1/3/1377, პ.6.;18-25,; 44-46.)

62. სსსკ-ის 57-ე მუხლის მითითებული დანაწესი კონცეპტუალურად უზრუნველყოფის საპროცესო გარანტიად ფულად თანხას ან ფასიან ქაღალდებს, ასევე სასამართლოს დისკრეციის ფარგლებში საგარანტიო თანხაზე რომელიმე საკრედიტო დაწესებულების მიერ გაცემულ თავდებობას (საბანკო გარანტიაც) მოიაზრებს. რაც შეეხება საპროცესო გარანტიად სხვა მატერიალური აქტივის გამოყენებას, ამ შესაძლებლობას კანონმდებელი საგამონაკლისო წესით, სამართალწარმოების მხარეთა შორის შეთანხმების მიღწევას უკავშირებს. მითითებული ნორმა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის საპროცესო ურთიერთობებში თანასწორობის უზრუნველყოფას ემსახურება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების პარალელურად, მოსარჩელეს ავალდებულებს მოპასუხისათვის განჭვრეტადი ზიანის ანაზღაურება უზრუნველყოს საგარანტიო თანხით, რომელსაც შესწევს უნარი სწრაფად და ეფექტურად მოემსახუროს მოპასუხისათვის სარჩელის უზრუნველყოფით მოსალოდნელი ზიანის კომპენსირებას. კანონმდებელმა საპროცესო გარანტიის სახეთა დაკონკრეტებით და ასეთად ფულადი აქტივის განსაზღვრით, პრაქტიკულად გამორიცხა მოსარჩელის შესაძლებლობა საკუთარ ნებას დაუქვემდებაროს შებრუნებული უზრუნველყოფის საშუალებად გამოსაყენებელი მატერიალური აქტივის შერჩევა (განსხვავებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისაგან) და ეს საკითხი სამართალწარმოების პროცესში განსჯის საგნად აქციოს, გარდა მოპასუხის თანხმობის შემთხვევისა (შდრ: სუსგ №ას-1199-2021, 21 დეკემბერი, 2021 წელი, პ.11-12).

63. ზემოაღნიშნულის საფუძველზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა განსხვავებული შეთანხმების არარსებობის პირობებში, მოპასუხის სავარაუდო ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა დასაშვებია მხოლოდ ფულადი თანხის ან ფასიანი ქაღალდების საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსების მეშვეობით და არა უძრავ ქონებაზე უფლებრივი შეზღუდვის დაწესებით.

64. საჩივრი ავტორი ასევე მიუთითებს, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ სსსკ-ის 57-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს ასევე შეუძლია დაუშვას უზრუნველყოფის სხვა საშუალება, კერძოდ, რომელიმე საკრედიტო დაწესებულების მიერ გაცემული თავდებობა, რაც ასევე უგულველყოფილ იქნა სააპელაციო სასამართლოს მხრიდან და მოსარჩელეს არ მიეცა უზრუნველყოფის სხვა საშუალების გამოყენების შესაძლებლობა (იხ. წინამდებარე განჩინების პ.11).

65. „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლი საპროცესო უზრუნველყოფას განსაზღვრავს როგორც სარჩელის უზრუნველყოფით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების აღსრულების მექანიზმს. აუცილებელია, რომ სადავო ნორმა სისტემურად იქნეს წაკითხული მის მეორე ნაწილთან ერთად, რომლის თანახმად, სასამართლომ შეიძლება შეღავათიანი პირობებით დაუშვას უზრუნველყოფის სხვა საშუალება, კერძოდ, რომელიმე საკრედიტო დაწესებულების მიერ გაცემული თავდებობა. აღნიშნულის თანახმად, სასამართლომ შეიძლება შეღავათიანი პირობებით დაუშვას უზრუნველყოფის სხვა საშუალება, კერძოდ, რომელიმე საკრედიტო დაწესებულების მიერ გაცემული თავდებობა. საკონსტიტუციო სასამართლო განარტავს, რომ სადავო ნორმის მე-2 ნაწილი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოპასუხის ინტერესების ეფექტიანი დაცვის პროცესში, ვინაიდან კანონმდებელმა მიზანშეწონილად მიიჩნია სასამართლოს მიერ უზრუნველყოფის სხვა საშუალებად რომელიმე საკრედიტო დაწესებულების მიერ შეღავათიანი პირობებით გაცემული თავდებობის დაშვება. ეს კონკრეტული კი თავის თავში გულისხმობს მოსამართლის მიერ მოსარჩელის ფინანსური ინტერესების გათვალისწინებას მოპასუხის მიერ საპროცესო უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების შესახებ დასაბუთებული მოთხოვნის თაობაზე მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების მომენტში“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე №1/3/1377, პ.9; 29.)

66. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება. შუამდგომლობა საკრედიტო დაწესებულების მიერ გაცემული თავდებობის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენების შესახებ უნდა იყოს დასაბუთებული. მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვთ შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან, ასევე დართული უნდა იქნეს შესაბამისი მტკიცებულებები.

67. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საჩივრის ავტორს სსსკ-ის 57-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული თავდებობის გამოყენება არ მოუთხოვია, შესაბამისად, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს წინამდებარე განჩინების პ.20-ში აღნიშნულ სააპელაციო პალატის მსჯელობას.

68. საჩივრის ავტორი მოითხოვს, რომ სასარჩელო/სააპელაციო მოთხოვნის უზრუნველყოფის სახით, მოპასუხეს დაეკისროს სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე 705 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დეპონირება.

69. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ სსსკ-ის 199-ე მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებული საპროცესო გარანტია უზრუნველყოფს მოპასუხე მხარის ინტერესების დაცვას მოსარჩელის სასარგებლოდ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების არსებობის პირობებში, შესაბამისად, უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე შეტანილი მოსარჩელის საჩივრის ფარგლებში, მოპასუხისათვის სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე 705 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დეპონირების მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

70. საჩივრის ავტორმა ასევე მიუთითა, რომ მოპასუხის შუამდგომლობა გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის შესახებ დაუსაბუთებელია (იხ. წინამდებარე განჩინების პ.12).

71. საკასაციო პალატა, დაუსაბუთებლობის გამო, არ იზიარებს საჩივრის ავტორის მითითებილ პრეტენზიას და განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მოქმედების პირობებში მოპასუხე მოკლებული იყო შესაძლებლობას, ესარგებლა მის საკუთრებაში არსებული ქონებით, განეკარგა იგი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობების ფარგლებში მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მიზნით. აღსანიშნავია, რომ მოპასუხისათვის მიყენებული ზარალი მზარდი ხასიათის მატარებელია, ვინაიდან გამომდინარეობს პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობიდან. ამდენად, გასაზიარებელია სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ მოპასუხის შუამდგომლობა მოსალოდნელი ზარალის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, შეიცავს მისი დაკმაყოფილებისათვის საჭირო მინიმალურ დასაბუთებას (იხ. წინამდებარე განჩინების პ.19).

72. ყოველივე ზემოხსენებულის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობა არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 1971.4-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ზ.თ–ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 მარტისა და 2023 წლის 20 აპრილის განჩინებები დარჩეს უცვლელად.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე