Facebook Twitter

საქმე №ას-390-2023 18 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ნ.ვ.დ–ვა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ნ.ვ.დ–ვის“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ პირგასამტეხლოს სახით 4900 ლარის გადახდის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის 2020 წლის 29 დეკემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №901 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხე ორგანიზაციამ იკისრა ვალდებულება, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გაეწია შემსყიდველის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების გაწევა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სატენდერო დოკუმენტაციით, მიმწოდებლის სატენდერო წინადადებითა და ტარიფებით. ამასთან, ხელშეკრულების №1-ის დანართი „დაზღვევის პირობების“ მე-2 ნაწილის, მე-2 მუხლის №10 პუნქტის თანახმად, ავტომანქანის ან მისი ნაწილების შეკეთება/აღდგენის ვადად განისაზღვრა ზარალის რეგულირების აქტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღე, ხოლო დეფიციტური ნაწილების შემთხვევაში - არაუგვიანეს 45 კალენდარული დღე. როგორც შსს ლოჯისტიკის დეპარტამენტის 2022 წლის 16 თებერვლის №410781 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, მოპასუხე ორგანიზაციის მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულების №1 დანართის მე-2 ნაწილის, მე-2 მუხლის №10 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების გაწევის ვადა, კერძოდ, 2021 წლის 2 ივლისს დაზიანდა შინაგან საქმეთა ბალანსზე რიცხული ავტომანქანა „KIA NIRO“, სახელმწიფო №„.....“, გამოშვების წელი - 2020, ხოლო 2021 წლის 23 ივლისს, მხარეების მიერ ხელმოწერილ იქნა დარეგულირების აქტი. აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშულების ტექნიკური მომსახურება, ნაცვლად 2021 წლის 12 აგვისტოსა (დარეგულირების აქტზე ხელმოწერიდან - 2021 წლის 23 ივლისიდან 45 კალენდარული დღე), გაწეულ იქნა 2022 წლის 13 დეკემბერს - 98 კალენდარული დღის დაგვიანებით.

3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების (მათ შორის წუნის გამოსწორების) ვადის გადაცილებისათვის, მხარეს დაეკისრა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, რაც თანხობრივად შეადგენს 4900 ლარს (ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა განისაზღვრა 98 დღით 98*50=4900). მოპასუხე ორგანიზაციას მიეცა 30-დღიანი ვადა აღნიშნული თანხის გადასახდელად, თუმცა უშედეგოდ. ( იხ. ტ.1.ს.ფ.3-18).

მოპასუხის პოზიცია:

4. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2020 წლის 29 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ შემსყიდველის ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის №901 ხელშეკრულება, რომლის თანახმად განისაზღვრა სადაზღვევო მომსახურების წესები და პირობები. დაზღვეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა შორის იყო „KIA NIRO-ს“ მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნორმით „.....“, გამოშვების წელი - 2020. მითითებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით, როგორც მოსარჩელე მხარემ აღნიშნა, დარეგულირების აქტის გაფორმების საფუძველზე მზღვეველმა იკისრა ვალდებულება, გადაეხადა თანხა.

5. ზემოაღნიშნული დარეგულირების აქტის გაფორმებიდან უმოკლეს ვადაში მზღვეველმა სადაზღვევო თანხა ჩარიცხა. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება გამორიცხავს მზღვეველის რაიმე ტიპის ბრალეულობას დროის გაჭიანურებასთან დაკავშირებით. მოპასუხემ პირნათლად შესრულდა თანხის გადახდის ვალდებულება, რის შესაბამისადაც შეკეთება უნდა განეხორციელებინა სერვისპროვაიდერს. ასევე, მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები იმყოფებოდნენ გარანტიაზე, შესაბამისად, მისი შეკეთების ადგილი მოპასუხეს არ შეურჩევია და მისი შეკეთება განხორციელდა მოსარჩელის მიერ მითითებულ სერვისცენტრში. აღნიშნული კიდევ ერთხელ გამორიცხავს მის მიერ რაიმე სახის ვალდებულების დარღვევას. საგულისხმოა, რომ, სერვისცენტრიდან მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შეკეთების დაგვიანება განაპირობა დეფიციტური ნაწილის მოძიების პროცესმა, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს ობიექტურ გარემოებას და არ უნდა ჩაითვალოს ვალდებულების დარღვევად.

6. მოპასუხის მითითებით, გასათვალისწინებელია, რომ მზღვეველის, როგორც ფინანსური ინსტიტუტის მიერ თანხის გადარიცხვის ვალდებულება შესრულებულია პირნათლად, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, შესაბამისად, საჯარიმო სანქციების გამოყენება გაუმართლებელია. თუმცა იმ ვითარებაშიც კი, თუ სასამართლო მაინც მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა, არსებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი (იხ. ტ.1.ს.ფ.55-59).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 980 ლარის გადახდა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

9. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეთა შორის 2020 წლის 29 დეკემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №901 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხე ორგანიზაციამ იკისრა ვალდებულება, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გაეწია შემსყიდველის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურება სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სატენდერო დოკუმენტაციით, მიმწოდებლის სატენდერო წინადადებითა და ტარიფებით. ამასთან, ხელშეკრულების №1 დანართის „დაზღვევის პირობების“ მე-2 ნაწილის, მე-2 მუხლის №10 პუნქტის თანახმად, ავტომანქანის ან მისი ნაწილების შეკეთება/აღდგენის ვადად განისაზღვრა ზარალის რეგულირების აქტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღე, ხოლო დეფიციტური ნაწილების შემთხვევაში არაუგვიანეს 45 კალენდარული დღე.

10. ხელშეკრულების №1 დანართის მე-2 ნაწილის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სადაზღვევო შემთხვევის შედეგად სატრანსპორტო საშუალების ნაწილობრივი დაზიანების ან/და მისი ნაწილების დაკარგვის/დაზიანების შემთხვევაში, მზღვეველი ვალდებული იყო, უზრუნველეყო სატრანსპორტო საშუალების სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე არსებულ მდგომარეობაში დაბრუნება. ამავე მუხლის 15-ე პუნქტის თანახმად, იმ სატრანსპორტო საშუალებების შეფასება/შეკეთება, რომლებზეც სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის ვრცელდებოდა საგარანტიო პირობები, უნდა განხორციელებულიყო შესაბამისი მარკის სერვის-ცენტრში, ხოლო იმ სატრანსპორტო საშუალებების შეფასება/შეკეთება, რომლებზეც არ ვრცელდებოდა საგარანტიო პირობები, უნდა განხორციელებულიყო მხარეთა მიერ შეთანხმებულ შემკეთებელ სერვის-ცენტრში.

11. ხელშეკრულების №1 დანართის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, სადაზღვევო კომპანიამ იკისრა ვალდებულება სერვისცენტრში სატრანსპორტო საშუალების შეკეთების ხარისხსა და ვადებზე, ვადების დარღვევის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მას დაეკისრებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები.

12. ხელშეკრულების პირობების მე-11 მუხლის 11.4 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების (მათ შორის, წუნის გამოსწორების) ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 100 ლარის ოდენობით.

13. ხელშეკრულების პირობების მე-11 მუხლის 11.5 პუნქტის შესაბამისად, 5 წლის წლოვანების სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების (მათ შორის, წუნის გამოსწორების) ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 50 ლარის ოდენობით.

14. შს სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის 2022 წლის 16 თებერვლის №410781 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ მოპასუხე ორგანიზაციამ დაარღვია ხელშეკრულების №1 დანართის მე-2 ნაწილის, მე-2 მუხლის №10 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების გაწევის ვადა, კერძოდ, 2021 წლის 2 ივლისს დაზიანდა შინაგან საქმეთა ბალანსზე რიცხული ავტომანქანა „KIA NIRO“, სახელმწიფო ნომრით „......“, გამოშვების წელი - 2020, ხოლო 2021 წლის 23 ივლისს მხარეებმა ხელი მოაწერეს დარეგულირების აქტს.

15. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურება, ნაცვლად 2021 წლის 12 აგვისტოსი (დარეგულირების აქტზე ხელმოწერიდან - 2021 წლის 23 ივლისიდან 45 კალენდარული დღე), გაწეულ იქნა 2022 წლის 13 დეკემბერს - 98 კალენდარული დღის დაგვიანებით.

16. ხელშეკრულების მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების (მათ შორის წუნის გამოსწორების) ვადის გადაცილებისათვის, მხარეს დაეკისრა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, რაც თანხობრივად შეადგენს - 4900 ლარს. მოპასუხე ორგანიზაციას მიეცა 30-დღიანი ვადა აღნიშნული თანხის გადასახდელად, თუმცა უშედეგოდ.

17. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოპასუხემ სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებლით პირგასამტეხლოს არაგონივრულობაზე მიუთითა.

18. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს რაიმე პრეტენზიას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით. აპელანტმა სადავოდ გახადა მხოლოდ სასამართლოს მიერ სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენების მართებულობა. შესაბამისად, პალატამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობას შეაფასა მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით, კერძოდ, რამდენად არსებობდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შემცირების კანონით გათვალისწინებული (სკ-ის 420-ე მუხლი) წინაპირობა.

19. სსკ-ის 420-ე, 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

20. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.

21. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების უფლება - ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგნია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მიუთითებს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.

22. სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირებისას მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ხოლო კონტიტენტური ევროპის სამართლის ქვეყნების სასამართლოები (მათ შორის, გერმანია), ასევე, უაღრესად დიდ ყურადღებას აქცევენ კრედიტორის ეკონომურ ინტერესს, კერძოდ, თუ რა ინტერესი და მნიშვნელობა გააჩნია კრედიტორს ვალდებულების დროულად შესრულების მიმართ, რაც განაპირობებს პირგასამტეხლოს, როგორც პრევენციულ ფუნქციას, ზოგჯერ საკმაოდ მაღალსაც კი.

23. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ხელშეკრულების თანახმად, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება. ხელშეკრულების პირობების მე-11 მუხლის 11.5 პუნქტის შესაბამისად, 5 წლის წლოვანების სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების (მათ შორის, წუნის გამოსწორების) ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 50 ლარის ოდენობით. მოპასუხემ 98 კალენდარული დღით გადააცილა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება, რისთვისაც, ხელშეკრულების თანახმად, პირგასამტეხლოს ოდენობამ 4900 ლარი შეადგინა.

24. სსკ-ის 115-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ხარისხი და სხვა. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

25. ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. სამართლის დოქტრინის თანახმად, კეთილსინდისიერების პრინციპს სამი ფუნქცია აკისრია: 1) ყველა ხელშეკრულება უნდა განიმარტოს კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე; 2) კეთილსინდისიერების პრინციპს აქვს ხარვეზის (სამართლის ნორმის) შემავსებელი ფუნქცია, ასევე ხელშეკრულების პირობათა (რომელიც მხარეთა მიერ ან/და კანონით არ იყო გათვალისწინებული) დამატების ფუნქცია; 3) გამაუქმებელი, შემზღუდავი და „მაკორექტირებელი“ ფუნქციები.

26. განსახილველ შემთხვევაში ნაკისრი ვალდებულების ხასიათის, ხელშეკრულების შესრულებისადმი მოსარჩელის ინტერესის გათვალისწინებით (მოსარჩელეს სარჩელში არ მიუთითებია, თუ რა იურიდიული ინტერესი გააჩნდა ესოდენ მაღალი პირგასამტეხლოს (დღეში 50 ლარი) მოთხოვნისათვის), ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს ვალდებულების შეუსრულებლობით რაიმე სახის ზიანი არ მიუღია (მოსარჩელე არ მიუთითებს ასეთ გარემოებაზე), სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან პირგასამტეხლოს სახით თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე 50 ლარის მოთხოვნა არაგონივრულია და სცდება სსკ-ის 8.3-ე მუხლით დადგენილ ქცევის სტანდარტს (სამართლებრივი ურთიერთობის მხარეები ვალდებული არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი მოვალეობები).

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნია, რომ არსებობს შეთანხმებული პირგასამტეხლოს, როგორც შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის, შემცირების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა (შეთანხმებული პირგასამტეხლოს 5-ჯერ შემცირებული ოდენობა - 980 ლარი) სრულად უზრუნველყოფს შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას და შეესაბამება მოპასუხის მიერ დაგვიანებით შესრულებელი ვალდებულებისათვის, პასუხისმგებლობის სახით დაწესებულ საზღაურს.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

28. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

29. კასატორის მოსაზრებით, მოპასუხემ სარწმუნოდ ვერ დაადასტურა, თუ რას ეფუძნება მისი მოთხოვნა პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი. სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად შეამცირა პირგასამტეხლო და არ უმსჯელია, რომელი გარემოებები მიიღო მხედველობაში.

30. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისად დადებულ ხელშეკრულებებში პირგასამტეხლო განსაზღვრული იყო არა სადამსჯელო ფუნქციით, არამედ ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენციის დანიშნულებით, რითიც უზრუნველყოფს ვალდებულების ჯეროვან შესრულებას.

31. კასატორმა მიიჩნია, რომ, მართალია, სსკ-ის 420-ე მუხლი სასამართლოს ანიჭებს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების უფლებამოსილებას, თუმცა აღნიშნული უნდა განხორციელდეს გონივრულობის ფარგლებში და კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად. ყურადსაღებია ვალდებულების დროულად შესრულების საჯარო ინტერესი და პირგასამტეხლოს შემაკავებელი ეფექტის შენარჩუნება. პირგასამტეხლოს ოდენობის სადავო ოდენობამდე შემცირება აზრს უკარგავს ამ ინსტიტუტის არსებობას და ხელს შეუწყობს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების წახალისებას. ამდენად, გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია და სსკ-ის 420-ე მუხლის მიზანს სცდება.

32. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

33. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

34. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

35. 2020 წლის 29 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ №901 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის გაეწია შემსყიდველის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურება სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სატენდერო დოკუმენტაციით, მიმწოდებლის სატენდერო წინადადებითა და ტარიფებით.

36. ხელშეკრულების №1 დანართის „დაზღვევის პირობების“ მე-2 ნაწილის, მე-2 მუხლის №10 პუნქტის თანახმად, ავტომანქანის ან მისი ნაწილების შეკეთება/აღდგენის ვადად განისაზღვრა ზარალის რეგულირების აქტის ხელმოწერიდან არაუგვიანეს 20 კალენდარული დღე, ხოლო დეფიციტური ნაწილების შემთხვევაში არაუგვიანეს 45 კალენდარული დღე.

37. ხელშეკრულების №1 დანართის მე-2 ნაწილის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სადაზღვევო შემთხვევის შედეგად სატრანსპორტო საშუალების ნაწილობრივი დაზიანების ან/და მისი ნაწილების დაკარგვის/დაზიანების შემთხვევაში, მზღვეველი ვალდებული იყო, უზრუნველეყო სატრანსპორტო საშუალების სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე არსებულ მდგომარეობაში დაბრუნება. ამავე მუხლის 15-ე პუნქტის თანახმად, იმ სატრანსპორტო საშუალებების შეფასება/შეკეთება, რომლებზეც სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის ვრცელდებოდა საგარანტიო პირობები, უნდა განხორციელებულიყო შესაბამისი მარკის სერვის-ცენტრში, ხოლო იმ სატრანსპორტო საშუალებების შეფასება/შეკეთება, რომლებზეც არ ვრცელდებოდა საგარანტიო პირობები, უნდა განხორციელებულიყო მხარეთა მიერ შეთანხმებულ შემკეთებელ სერვის-ცენტრში.

38. ხელშეკრულების №1 დანართის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, სადაზღვევო კომპანიამ იკისრა ვალდებულება სერვისცენტრში სატრანსპორტო საშუალების შეკეთების ხარისხსა და ვადებზე, ვადების დარღვევის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მას დაეკისრებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები.

39. ხელშეკრულების პირობების მე-11 მუხლის 11.4 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების (მათ შორის, წუნის გამოსწორების) ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 100 ლარის ოდენობით.

40. ხელშეკრულების პირობების მე-11 მუხლის 11.5 პუნქტის შესაბამისად, 5 წლის წლოვანების სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების (მათ შორის, წუნის გამოსწორების) ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 50 ლარის ოდენობით.

41. შს სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის 2022 წლის 16 თებერვლის №410781 სამსახურებრივი ბარათიდან ირკვევა, რომ მოპასუხე ორგანიზაციამ დაარღვია ხელშეკრულების №1 დანართის მე-2 ნაწილის, მე-2 მუხლის №10 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების გაწევის ვადა, კერძოდ, 2021 წლის 2 ივლისს დაზიანდა შინაგან საქმეთა ბალანსზე რიცხული ავტომანქანა „KIA NIRO“, სახელმწიფო ნომრით „.....“, გამოშვების წელი - 2020, ხოლო 2021 წლის 23 ივლისს მხარეებმა ხელი მოაწერეს დარეგულირების აქტს.

42. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ზემოაღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურება, ნაცვლად 2021 წლის 12 აგვისტოსი (დარეგულირების აქტზე ხელმოწერიდან - 2021 წლის 23 ივლისიდან 45 კალენდარული დღე), გაწეულ იქნა 2022 წლის 13 დეკემბერს - 98 კალენდარული დღის დაგვიანებით.

43. ხელშეკრულების მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების (მათ შორის წუნის გამოსწორების) ვადის გადაცილებისათვის, მხარეს დაეკისრა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, რაც თანხობრივად შეადგენს - 4900 ლარს. მოპასუხე ორგანიზაციას მიეცა 30-დღიანი ვადა აღნიშნული თანხის გადასახდელად, თუმცა უშედეგოდ.

44. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მოსარჩელე არ დაეთანხმა სააპელაციო პალატის მიერ სადავო პირგასამტეხლოს შემცირებას და მიიჩნია, რომ მოპასუხისათვის დაკისრებული ოდენობა ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს მიზანს. კასატორის მოსაზრებით, მხარეებმა თავად განსაზღვრეს პირგასამტეხლოს ოდენობა და სააპელაციო სასამართლომ მათი ნების ავტონომია გაუმართლებლად შეზღუდა.

45. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება კი, სასამართლოს ვალდებულებაა. სადავო ურთიერთობის შეფასებისას, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო არაა შებოჭილი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებებით, შესაბამისად, თუ ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გამოარკვევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს სამართლებრივი შეფასება არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან, იგი ვალდებულია, ეს გარემოებები თავად შეაფასოს სამართლებრივად სწორად და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. თუ ასეთი შემოწმების შედეგად სასამართლო იმ დასკვნას გამოიტანს, რომ საჩივრის მოთხოვნა გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, მაგრამ არა საჩივარში მითითებული, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის (კანონის) სხვა დარღვევის გამო, სასამართლომ უნდა გამოიტანოს შესაბამისი გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში კი, თუ არასწორი სამართლებრივი შეფასების შედეგად, ანუ კანონის (სსსკ-ის 393.2 მუხლის) დარღვევით მიღებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვება შესაძლებელია სხვაგვარი სამართლებრივი შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, თავისი განჩინებით ძალაში დატოვოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ან ამ გადაწყვეტილების შეცვლით მიიღოს ახალი გადაწყვეტილება (სსსკ-ის 386-ე მუხლი). ასეთივე შესაძლებლობითაა აღჭურვილი საკასაციო სასამართლოც, კერძოდ, მას შუძლია, არ გააუქმოს გადაწყვეტილება და ძალაში დატოვოს იგი (სსსკ-ის 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი) ან ახალი გადაწყვეტილებით დაადგინოს სხვა სამართლებრივი შედეგი (სსსკ-ის 411-ე და 412-ე მუხლები).

46. სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან, ზიანის მიყენებიდან (დელიქტი), უსაფუძვლო გამდიდრებიდან თუ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

47. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამრთლოს უფლება მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტს, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს მხარისათვის განჭვრეტადი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§ 55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, § 59; Perez v. France, § 80). ამასთან, მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (იხ. Milatova and others v. The Czech republic §59; Niderost-huber v. Switzerland, § 24; K.S. v. finland § 21; ).

48. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 417-ე მუხლი (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის).

49. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).

50. განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე საკასაციო პალატა საჭიროდ მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს პირგასამტეხლოს თავისებურებაზე.

51. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო ( შდრ. სუსგ №ას-1079-2019, 30 სექტემბერი, 2019).

52. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. სუსგ №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018; №ას-848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016).

53. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018; №ას-1158-1104-2014, 06.05.2015; №ას-1265-1187-2015, 10.02.2016).

54. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შეადრ: სუსგ №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).

55. პირგასამტეხლოს მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარვევის როგორც იდენტიფიცირება, ისე მისი დადგენაა შესაძლებელი, ხოლო ასეთი მოთხოვნის დაყენება კი არ უნდა მოდიოდეს შეუსაბამობაში საკანონმდებლო დანაწესებთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის თვალსაზრისით ყურადსაღებია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხი. ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობაში. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შესურულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი (იხ. სერგი ჯორბენაძე, საქართველოს სამოქალაქო კოდესის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 417, ველი 23-26). პირგასამტეხლოს დაკისრება ხდება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრება მოაზრებულია მხოლოდ ძირითადი ან/და დამატებითი ვალდებულების დარღვევისას (იხ. გიორგი ვაშაკიძე, სამოქალაქო კოდექსის გართულებულ ვალდებულებატა სისტემა, თბილისი, 2010, გვერდი. 232). მტკიცების ტვირთის განაწილების მხრივ კრედიტორმა უნდა ამტკიცოს ვალდებულების დარღვევა და პირგასამტეხლოს ტაობაზე წერილობითი შეთანხმების არსებობა, ხოლო მოვალის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ან მისი ბრალეულობის გამორიცხვა. (იხ. ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვერდი 93).

56. საკასაციო პალატა დოქტრინასა და სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ პირგასამტეხლოზე უფლება აქცესორული უფლებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს პირგასამტეხლო ძირითადი უფლების გარეშე. პირგასამტეხლო ძირითადი უფლების სამსახურშია. ამიტომაც დაუშვებელია პირგასამტეხლოს მოთხოვნის განხორციელება ძირითადი უფლების გარეშე (იხ. ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვერდი 89). პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი, გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590).

57. პირგასამტეხლოს აქცესორული ბუნება განაპირობებს იმ ფაქტსაც, რომ მისი დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს მოვალის მიერ ვალდებულების ბრალეულად დარღვევა. პირგასამტეხლო უსაგნო იქნება, როცა მოვალის ბრალის გარეშე ვალდებულება ვერ შესრულდება ან ხელშეკრულება გაუქმდება. პირგასამტეხლოთი ვალდებულების უზრუნველყოფა სულაც არ ცვლის პასუხისმგებლობის საერთო საფუძველს. ამიტომაცაა, რომ თუკი ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა, მაშინ მას არც პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრება (იხ. ლადო ჭანტურია, საქართველოს სამოქლქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, მუხლი 417, თბილისი, 2001, გვ. 489-490; ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვერდი 89; სუსგ 31 მაისი, 2022 წ. საქმე №ას-1006-2021, პ.17).

58. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ შეიცავს რაიმე პრეტენზიას სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით. კასატორი სადავოდ ხდის მხოლოდ სასამართლოს მიერ სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენების მართებულობას. შესაბამისად, საკასაციო პალატა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობას შეაფასებს მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით, კერძოდ, რამდენად არსებობდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შემცირების კანონით გათვალისწინებული წინაპირობა.

59. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800). კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, და ა.შ. მნიშვნელობა ენიჭება ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში მოვალის ბრალის ხარისხსაც, აგრეთვე გასათვალისწინებელია მოვალის ეკონომიკური მდგომარეობა. თუ მოსამართლე მივა იმ დასკვნამდე, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, იგი შეამცირებს მას იმ ოდენობამდე, რომელსაც ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად და სამართლიანად მიიჩნევს (შდრ. ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი, თანაავტორობით, თბილისი, 2014, გვ. 604, 605.).

60. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა.

61. იმისათვის, რომ სასამართლომ შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, კრედიტორის მოთხოვნა პირგასამტეხლოს გადახდაზე წარმოშობილი უნდა იყოს, ე.ი. ძირითადი ვალდებულება უნდა იქნეს დარღვეული. პირგასამტეხლოს შემცირება მის წარმოშობამდე ანუ ძირიადი ვალდებულების დარღვევამდე, დაუშვებელია (შდრ. Friesecke, in Palandt, BGB Komm., 78 Aufl., 2018., §343, Rn.5). სწორედ დარღვევის მომენტიდან ეკისრება მოვალეს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება და სწორედ ამ მომენტიდან ხდება იგი შესასრულებლად მძიმე ან შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. გარდა ამისა, სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენებისათვის აუცილებელ წინაპირობად გვევლინება ის გარემოება, რომ პირგასამტეხლო არ უნდა იყოს უკვე გადახდილი მოვალის მიერ. უკვე გადახდილი პირგასამტეხლოს შემცირება სასამართლოს მიერ, გამორიცხულია. აღნიშნული დასკვნის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოვალის მხრიდან პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნას ეფუძნება სწორედ იმას, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო შესასრულებლად მძიმეა მოვალისათვის. იმ შემთხვევაში კი, როდესაც მოვალე ნებაყოფლობით იხდის პირგასამტეხლოს, ამ გადახდით იგი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ პირგასამტეხლო მას შეუსაბამოდ მაღლად არ მიაჩნია (შდრ. სუსგ №ას-1527-2018, 31 იანვარი, 2019 წელი).

62. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესი იმპერატიულია, შესაბამისად, მხარეებს არ გააჩნიათ უფლებამოსილება, თავიანთი შეთანხმებით გამორიცხონ იგი. სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგება, არ გამოიყენება კანონით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან მიმართებით.

63. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე, მოპასუხის მიერ დაყენებული მოთხოვნის საფუძველზე მსჯელობს. ასეთი მოთხოვნა შეიძლება მითითებული იქნეს, როგორც შესაგებელში, ასევე პირველ ინსტანციაში საქმის მომზადების დამთავრებამდე მოპასუხის მიერ აღძრულ შუამდგომლობაში. ცალკეულ შემთხვევებში ასეთი მოთხოვნის დაყენება სარჩელითაცაა შესაძლებელი, მაგალითად, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა (პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება). პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოთხოვნის დაყენებასთან ერთად, მხარემ უნდა დაასაბუთოს, რას ეფუძნება ასეთი მოთხოვნა, ანუ მტკიცების ტვირთი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების თაობაზე, ეკისრება ვალდებულ პირს (მოვალეს) (იხ. სუსგ №ას-888-2020, 10 დეკემბერი, 2020).

64. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების თავისუფლება მოიცავს ისეთ ორ ძირითად პრინციპს, როგორიცაა ხელშეკრულების დადების თავისუფლება და ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება. ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს იმპერატიული ხასიათის ნორმებით. იმპერატიული ხასიათის ნორმები ორ ძირითად მიზანს ემსახურება: ა) მხარეთა მიერ განსაზღვრული პირობები შეიძლება ჩაითვალოს ბათილად, თუ მათი შინაარსი ეწინააღმდეგება სამართლებრივ მართლწესრიგს: ბ) იმპერატიული ნორმები აწესებენ გარკვეულ შეზღუდვებს და უზრუნველყოფენ, რომ ხელშეკრულების დადება კანონის მოთხოვნათა დაცვით განხორციელდეს.

65. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგჯერ თავად ნორმის მიზნიდან გამომდინარე დგინდება მისი იმპერატიული ხასიათი. ნორმისათვის გვერდის ავლას, სწორედ ამ ნორმის მიზანი შეიძლება კრძალავდეს. მაგალითის სახით გამოდგება სსკ-ის 420-ე მუხლი, რომლის თანახმად, „სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო“. აღნიშნული ნორმა იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ აუცილებელია მხარეები გონივრული ოდენობის პირგასამტეხლოზე შეთანხმდნენ.

66. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, შესაძლებელია ისინი იმ ოდენობის პირგასამტეხლოზე შეთანხმდნენ, რისი გადახდევინებაც შემდგომ მძიმე ტვირთად დააწვება მოვალეს. სასამართლო ასეთ შემთხვევაში ახდენს პირგასამტეხლოს „სამართლიან“ შემცირებას ანუ სასამართლოს ამოცანაა მხარეები დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ხელშეკრულების დადებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებს, შესაბამისად, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად, რადგან პირგასამტეხლოს უმთავრესი მიზანი კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენაა და არა მისი უსაფუძვლო გამდიდრება მოვალის ხარჯზე.

67. ამდენად, კანონმდებელმა დააწესა მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე იმ შემთხვევაში, როდესაც პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულ და სამართლიან ფარგლებს სცდება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება. (იხ. სუსგ-ები: №ას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-708-662-2017, 11.01.2017 წელი;).

68. როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (იხ: ნათია ჩიტაშვილი, პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე იხ.: სუსგ №ას-827-2021, 03.12.2021წ.).

69. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (შდრ: სუსგ №ას-186-2021, 25.03.2021წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ).

70. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (შდრ: სუსგ №ას-1336-2019, 30 მარტი, 2022; №ას-1928-2018, 31 ოქტომბერი, 2019 წ.).

71. საკასაციო პალატა კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საკანონმდებლო მოწესრიგებას საფუძვლად უდევს კონკრეტული სოციალური პროცესების მართვის სამართლებრივ-პოლიტიკური მოდელი ანუ, როდესაც კანონმდებელი განსაზღვრულ ქცევას სავალდებულოდ ადგენს, ამით მას სურს განსაზღვრული მიზნების მიღწევა. ასეთ შემთხვევაში, კანონმდებელს მინიჭებული აქვს უფლებამოსილებები ერთი მხრივ, დასახული მიზნის მიღწევასთან, ხოლო მეორე მხრივ, ამ მიზნის მისაღწევად გამოსაყენებელი სამართლებრივი საშუალებების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. კანონის ინტერპრეტაცია უნდა ემსახურებოდეს ამ კანონის მიზანს. კანონის ცალკეული დებულებები გააზრებული უნდა იქნას სხვადასხვა დებულებათა ურთიერთდამოკიდებულებაში. კანონის ინტერპრეტაცია მთლიანობაში წარმოადგენს არგუმენტების შერჩევისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს, რომელიც ხშირად სხვადასხვა, ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფ მიზნებზე არის ორიენტირებული. სამართლებრივი გადაწყვეტილებები დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციებზე, რადგან განსხვავებულ, თუნდაც ტიპიურ სიტუაციებში, მიზნები და მათთან დაკავშირებული ინტერესები სხვადასხვა მოცულობითა და კონსტელაციაში გარკვეულ როლს თამაშობენ.

72. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლიანობის მიღწევის გარდა, სამართლის ამოცანაა, უზრუნველყოს სამართლებრივი უსაფრთხოება და ინტერესთა ოპტიმალური და მიზანშეწონილი დაკმაყოფილება. ყოველივე ეს მიზანი გათვალისწინებულ უნდა იქნას კანონის ინტერპრეტაციისა და განვრცობის პროცესში. კანონის ინტერპრეტაცია სამართლიან მოწესრიგებასა და ოპტიმალურ დაკმაყოფილებას უნდა იწვევდეს.

73. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მოპასუხის შესაგებელზე, სადაც მოპასუხე მიუთითებს, მხარის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი( იხ. ტ.1.ს.ფ.59).

74. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დავის გადაწყვეტაში სარჩელთან ერთად შესაგებლის, როგორც საპროცესო ინსტიტუტის როლი, უაღრესად მნიშვნელოვანია. შესაგებლის ზოგადი კლასიფიკაცია შემდეგია: მატერიალური და საპროცესო შესაგებელი; აბსტრაქტული (ზოგადი) და კონკრეტული შესაგებელი; მარტივი და კვალიფიციური (არსებითი) შესაგებელი. რა ტიპის შესაგებელს წარადგენს მოპასუხე, სრულად თავსდება ამ უკანაკნელის ნების ავტონომიის ფარგლებში. კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება გამომდინარეობს 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან (ივარაუდება, რომ შედავებული უნდა იყოს დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტები და არა სამართლებრივი მოსაზრებები, ე.ი. ისეთი ფაქტები, რომელთა არსებობა წარმოშობენ მოთხოვნას), წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები, დამტკიცებულად ითვლება. მოსამართლემ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პირველ რიგში საპროცესო შესაგებელს, ხოლო ამის შემდეგ მატერიალურ შესაგებელს.

75. მატერიალური შედავება მიმართულია სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგის მიღწევის წინააღმდეგ, რაც გულისხმობს მოპასუხის მხრიდან ისეთ ფაქტებზე (წინაპირობებზე) მითითებას, რომლებიც გამორიცხავენ, წყვეტენ ან აფერხებენ (განუხორციელებელს ხდიან) სარჩელით მოთხოვნილი შედეგის დადგომას.

76. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შესაგებლის სახეებიდან განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია კვალიფიციურ შედავებას. კვალიფიციური შედავება იურიდიულ დოქტრინაში განმარტებულია შემდეგნაირად: „მოპასუხე მოსარჩელის მოხსენების ნაცვლად წარმოადგენს მოვლენათა განვითარების მისეულ, განსხვავებულ ვერსიას, რომელიც ცალკეულ საკითხებში სადავოს ხდის მოსარჩელის მოხსენებას“ (შდრ. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, (GIZ), 2013წ., გვ.19.) კვალიფიციურ შედავებას არსებით შედავებადაც მოიხსენიებენ. ამგვარი შედავება, ერთი მხრივ, შეიძლება გამორიცხავდეს სარჩელის დაკმაყოფილებას უსაფუძვლობის გამო, ხოლო მეორე მხრივ, ცვლიდეს მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციას, საიდანაც მოსარჩელეს დამატებითი მოხსენების (ფაქტების მითითების) გარეშე გაუჭირდება იმ შედეგის მიღწევა, რომელიც სარჩელით აქვს მოთხოვნილი. კვალიფიციური (არსებითი) შედავება მოსამართლეს ცალკეულ შემთხვევაში ავალდებულებს მოიძიოს მოთხოვნის სხვა დამფუძნებელი ნორმა, ასევე შეამოწმოს საგამონაკლისო ნორმები.

77. მას შემდეგ, რაც მოსამართლე მოიძიებს მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას, განსაზღვრავს ნორმის ფაქტობრივ ელემენტებს (წინაპირობებს), ამ წინაპირობებს მიუსადაგებს მოსარჩელის მიერ მოხსენებულ ფაქტებს და თითოეულ წინაპირობაზე გასცემს დადებით პასუხს, იგი ამოწმებს რომელ ფაქტებს ხდის მოპასუხე სადავოდ (მოპასუხის სტადია). თუ მოპასუხეს არ აქვს წარდგენილი კვალიფიციური (არსებითი) შედავება, არამედ მხოლოდ სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტების უარყოფით შემოიფარგლება, მოსამართლე გადადის მტკიცების სტადიაზე, რაც ნიშნავს სადავოდ გამხდარი ფაქტების დადგენის პროცესს. მოპასუხის მხრიდან არსებითი ხასიათის შედავების შემთხვევაში, მოსამართლემ ასევე უნდა მოიძიოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც გამორიცხავს, წყვეტს ან აფერხებს მოთხოვნის განხორციელებას, ხოლო ნორმის წინაპირობების შემოწმება იმავე წესით ხორციელდება. აქაც მნიშვნელოვანია რას პასუხობს მოსარჩელე მოპასუხის არსებით შედავებას, არ არის გამორიცხული მოსარჩელემაც კვალიფიციური პასუხი გასცეს მოპასუხის ამგვარ განმარტებას. ამდენად მოსამართლე ასე უწყვეტად გადადის მოსარჩელის სტადიიდან მოპასუხის სტადიაზე და პირიქით, ვიდრე არ დასრულდება მხარეთა განმარტებების ურთიერთგაცვლის პროცესი, რომლის შედეგადაც უნდა გაირკვეს უდავო და სადავო (მტკიცების საგანში შემავალი) ფაქტები.

78. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას.

79. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის. ასეთ შემთხვევაში, ორივე მხარე იქნება კმაყოფილი: კრედიტორი - ვალდებულების შესრულების მიღებით, ხოლო მოვალე - ვალდებულებისაგან გათავისუფლებით.

80. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურ სამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ვრცელი დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს (შდრ: სუსგ №ას-1338-1376-2014, 29.06.2015წ.). სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეების ქცევის მასშტაბს - კეთილსინდისიერების ვალდებულებას, ინდივიდის მოქმედებას სამართლიანობის კრიტერიუმთან ურთიერთკავშირში (იხ: ლადო ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, თბილისი, 2017, მუხ.8, ველი 1, 10-12; დავით კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, თბილისი, 2009, გვ.83, 92-95). სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები.

81. სახელშეკრულებო სამართალში შეიძლება გამოვყოთ კეთილსინდისიერების რამდენიმე ფუნქცია: 1) კანონისა და ხელშეკრულების ხარვეზის შევსება, რაც გულისხმობს მხარეთათვის დამატებით ვალდებულებების დადგენას, ანუ სახელშეკრულებო ვალდებულებების განვრცობას, გაფართოებას, შევსებას; 2) ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებების შეზღუდვა; 3) ხელშეკრულების კორექტირება; 4) ხელშეკრულების განმარტება. მოსამართლე ვალდებულია, გამოავლინოს და მხედველობაში მიიღოს ყველაფერი ის, რაც მხარეებმა არ გაამხილეს, მაგრამ ხელშეკრულების საბოლოო მიზნის გათვალისწინებით, მასში დაფიქსირებული უნდა ყოფილიყო, თუ ხარვეზიანი ადგილები მოწესრიგდებოდა სამართლიანობის პრინციპისა და საქმიანი ბრუნვის ჩვეულებათა შესატყვისად (იხ. ალექსანდრე იოსელიანი, კეთილსინდისიერების პრინციპი სახელშეკრულებო სამართალში (შედარებით-სამართლებრივი გამოკვლევა), ჟ. „ქართული სამართლის მიმოხილვა“, სპეციალური გამოცემა, თბ., 2007, 54). ამა თუ იმ ხელშეკრულებაში, შესაძლოა, არც კი იყოს ჩამოყალიბებული განსაზღვრულად ქცევის წესი, მაგრამ განსაზღვრული წესით ქცევის, განსაზღვრული მოქმედების შესრულების ვალდებულება კეთილსინდისიერების პრინციპის მოთხოვნებიდან გამომდინარეობდეს (იხ: ნინო ხუნაშვილი, კეთილსინდისიერების პრინციპი სახელშეკრულებო სამართალში, თბილისი, 2016, გვ.117,118). რაც შეეხება ე.წ. ხელშეკრულების კორექტირებას (მისადაგებას შეცვლილი გარემოებებისადმი), ანუ ხელშეკრულების ადაპტაციას, მან უნდა ასახოს მხარეთა ის ნება, რომელიც კონტრაჰენტებს ექნებოდათ შეცვლილი გარემოებების ხელშეკრულების დადების ეტაპზე ცოდნის შემთხვევაში (ვრცლად იხ.: ნათია ჩიტაშვილი, შეცვლილი გარემოებების გავლენა ვალდებულების შერულებაზე და მხარეთა შესაძლო მეორად მოთხოვნებზე (შედარებით ანალიზი), თბილისი, 2015).

82. საკასაციო პალატას მიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის შედავების ფარგლებში განმსაზღვრელია სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილის კეთილსინდისიერებისა და მეორე მონაწილის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების ვალდებულება და არა მარტოოდენ პირგასამტეხლოს მოთხოვნა.

83. დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული 2020 წლის 29 დეკემბრის ხელშეკრულების მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, შეთანხმებულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის, მათ შორის, ხარვეზის (წუნის) გამოსწორებისთვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 50ლარის ოდენობით. თუმცა საკასაციო პალატას წინამდებარე განჩინებაში განვითარებული მსჯელობებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიაჩნია, რომ მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით 4900 ლარის გადახდის მოთხოვნა არაგონივრულია და სსკ-ის 8.3-ე მუხლით დადგენილ ქცევის სტანდარტს სცდება.

84. შესაბამისად, კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით ვერ გააქარწყლა სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ მოცემულ საქმეზე პირგასამტეხლოს 980 ლარით განსაზღვრა, გონივრულ და სამართლიან ოდენობას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას სააპელაციო პალატამ მართებულად გაითვალისწინა სადავო დარღვევის ხასიათი, მოპასუხისათვის მიყენებული ზიანის სიმძიმე (საჯარო ინტერესის ხელყოფის გარდა, მოსარჩელეს სხვა სახის მატერიალურ ზიანზე არ მიუთითებია), ხელშეკრულების შესრულებისადმი მოსარჩელის ინტერესი.

85. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

86. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

87. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

88. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

89. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე