Facebook Twitter

საქმე №ას-279-2023 18 მაისი, 2023 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ინდივიდუალური მეწარმე ა.მ–ი (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის ავტორი)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდგომ – მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ინდივიდუალურ მეწარმე ა.მ–ის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ 2019 წლის 27 ივნისს გაფორმებული №06/60ხელშეკრულების ფარგლებში დარიცხული პირგასამტეხლოს - 1767.17 ლარისა და 2019 წლის 12 აგვისტოს გაფორმებული №06/75 ხელშეკრულების ფარგლებში დარიცხული პირგასამტეხლოს - 6 236.17 ლარის გადახდის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2019 წლის 27 ივნისს ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად მხარეთა შორის გაფორმდა N60/60 ხელშეკრულება, ქ. რუსთავში, №5 საჯარო სკოლაში მუსიკის კაბინეტის, ორი საკლასო ოთახისა და კანალიზაციის გარე ქსელის რეაბილიტაციის მიზნით, რომელიც უნდა შესრულებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარულ დღეში, 2019 წლის 11 აგვისტოს ჩათვლით. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 45 312 ლარს.

3. ხელშეკრულების №4 დანართით მშენებლობის ორგანიზაციის კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკის თანახმად, მუსიკის კლასისა და 2 საკლასო ოთახის რეაბილიტაციის სამუშაოებიდან: სამონტაჟო სამუშაოები „მიმწოდებელს“ უნდა წარედგინა 7 დღის ვადაში, 2019 წლის 8 აგვისტოს ჩათვლით, კანალიზაციის გარე ქსელების რეაბილიტაციის სამუშაოებიდან - სამშენებლო სამუშაოები 28 დღის ვადაში, 2019 წლის 8 აგვისტოს ჩათვლით, კანალიზაცია - 7 დღის ვადაში, 2019 წლის 25 ივლისის ჩათვლით.

4. მიმწოდებელმა შესრულებული სამუშაოები წარადგინა შემდეგ თარიღებში: მუსიკის კაბინეტისა და 2 საკლასო ოთახის რეაბილიტაციის სამუშაოებიდან: ელსამონტაჟო სამუშაოები - 2019 წლის 2 ივლისს, სამშენებლო სამუშაოები - 2019 წლის 15 ივლისს. კანალიზაციის გარე ქსელის რეაბილიტაციის სამშენებლო სამუშაოების ერთი ნაწილი - 2019 წლის 8 აგვისტოს, მეორე ნაწილი კი - 2019 წლის 16 სექტემბერს, ხოლო კანალიზაციის სამუშაოები - 2019 წლის 26 ივლისს.

5. კანალიზაციის გარე ქსელების რეაბილიტაციის სამშენებლო სამუშაოების გეგმა-გრაფიკის დარღვევის გამო, 2019 წლის 8 აგვისტოდან 2019 წლის 16 სექტემბრამდე, 39 დღის ვადაგადაცილების გამო, მოპასუხეს დაერიცხა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1 %, 1767 ლარის ოდენობით.

6. 2019 წლის 12 აგვისტოს ელექტრონული ტენდერის ჩატარების შედეგად მხარეთა შორის გაფორმდა №06/75 ხელშეკრულება, ქ. რუსთავში №26 საჯარო სკოლაში სველი წერტილების რეაბილიტაციის მიზნით, რომელიც უნდა შესრულებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეში, 2019 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 29 795 ლარს.

7. ხელშეკრულების №4 დანართით მშენებლობის ორგანიზაციის კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკის თანახმად, სველი წერტილების რემონტისთვის საჭირო სამუშაოები უნდა წარედგინა 30 დღის ვადაში, 2019 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით. სველი წერტილების სანტექნიკა - 21 დღის ვადაში, 2019 წლის 2 სექტემბრის ჩათვლით. სველი წერტილების ელმომარაგება - 5 დღის ვადაში, 2019 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით.

8. მიმწოდებელმა შესრულებული სამუშაოები წარადგინა შემდეგი გრაფიკით: სველი წერტილების სამშენებლო სამუშაოების პირველი ნაწილი - 2019 წლის 12 სექტემბერს, მეორე ნაწილი - 19 ნოემბერს. 68 დღის ვადაგადაცილებაზე დაერიცხა პირგასამტეხლო - 2026.06 ლარი; სველი წერტილების სანტექნიკა - ერთი ნაწილი - 2019 წლის 30 სექტემბერს და 28 დღის ვადაგადაცილებით წარდგენილ სამუშაოებზე დაერიცხა პირგასამტეხლო - 834.26 ლარი, მეორე ნაწილი კი - 2019 წლის 19 ნოემბერს და 50 დღით ვადისგადაცილების გამო დაერიცხა პირგასამტეხლო - 1 489.75 ლარი.

9. სველი წერტილების ელმომარაგება წარადგინა 2019 წლის 12 სექტემბერს, ერთი დღის ვადაგადაცილებაზე დაერიცხა 29.80 ლარი, მე-2 ნაწილი - 2019 წლის 19 ნოემბერს და დაერიცხა პირგასამტეხლო - 2026.06 ლარი, აქედან გაიქვითა 199.55 ლარი, შესაბამისად, სულ გადასახდელი დარჩა 6 236.17 ლარი.

10. მოსარჩელემ მოპასუხეს წერილობით მოსთხოვა დაკისრებული პირგასამტეხლოს ნებაყოფლობით გადახდა, თუმცა მიმწოდებელს აღნიშნული თანხა დღემდე არ გადაუხდია (იხ. ტ.1.ს.ფ.3-14; ტ.2.ს.ფ.3-14).

მოპასუხის პოზიცია:

11. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო, ასევე აღნიშნა, რომ პირგასამტეხლო და მისი ოდენობა შეიძლება დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან, არამედ კონკრეტულად შეუსრულებელი ან არჯეროვნად შესრულებული ნაწილებიდან. N60/60 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი და ის უნდა შემცირდეს და დაუახლოვდეს გონივრულ ოდენობას, კერძოდ, 0.05%, რაც ჯამში შეადგენს 56.16.ლარს. ( იხ. შესაგებელი, ტ.1.ს.ფ. 159-167). №06/75 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველაზე უარეს შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა არის 2, 025. 72 ლარი, თუმცა პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი და ის ასევე უნდა შემცირდეს და დაუახლოვდეს გონივრულ ოდენობას.( იხ. შესაგებელი, ტ.2.ს.ფ. 200-208). მოპასუხემ წარადგინა ასევე შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა უსაფუძვლოდ მიღებული პირგასამტეხლოს - 119.06 ლარის, 2019 წლის 19 ნოემბრიდან 2022 წლის 4 აპრილის ჩათვლით მიუღებელი შემოსავლის სახით 26.87 ლარის, 2022 წლის 5 აპრილიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველდღიურად - 0.03 ლარისა და უსაფუძვლოდ მიღებული 5959 ლარის გადახდა (იხ. ტ.1.ს.ფ.194-214;).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

12. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 320.33 ლარის გადახდა, შეგებებულ სარჩელს კი ეთქვა უარი, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

13. ამავე სასამართლოს 2022 წლის 13 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილებით მოპასუხის განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული დახმარებისთვის გაწეული 300 ლარის გადახდა (იხ. ტ.3.ს.ფ.56-59.).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

15. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2019 წლის 27 ივნისს მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ № 06/60 ხელშეკრულება, რომლის მიხედვით შესყიდვის საგანია ქალაქ რუსთავში №5 საჯარო სკოლაში მუსიკის კაბინეტის, ორი საკლასო ოთახისა და კანალიზაციის გარე ქსელის რეაბილიტაციისათვის საჭირო სამუშაოების განხორციელება. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 45 312 ლარით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, (სამუშაოს ღირებულება დღგ-ის გარეშე - 38400 ლარი, ხოლო დღგ-ის თანხა 6912 ლარი).

16. 2019 წლის 27 ივნისს მხარეთა შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №06/60 ხელშეკრულებით სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების დადებიდან 45 კალენდარული დღით (ხელშეკრულების დადებიდან 2019 წლის 11 აგვისტოს ჩათვლით).

17. იმავე ხელშეკრულების მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში დამრღვევი მხარე ვალდებულია, მეორე მხარეს მოთხოვნისთანავე გადაუხადოს პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების ღირებულების 5%, ასეთი მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღეში და უზრუნველყოს დარღვეული ვალდებულების დაუყოვნებლივ გამოსწორება. ხელშეკრულების მე-12 მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, განისაზღვრა, რომ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0.1 %-ის ოდენობით.

18. 2019 წლის 15 აგვისტოს ამავე წლის 27 ივნისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №06/60 ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად, შეიცვალა ხელშეკრულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი და ხელშეკრულების საერთო ღირებულებად განისაზღვრა 42 761.39 ლარი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით. სამუშაოს ღირებულება, დღგ-ის გარეშე, განისაზღვრა 36 238.47 ლარით. შეიცვალა ხელშეკრულებაზე თანდართული ხარჯთაღრიცხვის №2 დანართი, ასევე, ხელშეკრულებაზე თანდართული გეგმა-გრაფიკის №4 დანართი. ხელშეკრულების ყველა სხვა პირობა დარჩა უცვლელი.

19. 2020 წლის 31 მარტს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2019 წლის 27 ივნისის №06/60 ხელშეკრულებაში კვლავ შევიდა №2 ცვლილება, რომლის თანახმად ხელშეკრულების საერთო ღირებულებად განისაზღვრა 42 753.61 ლარი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით. სამუშაოს ღირებულება, დღგ-ის გარეშე, განისაზღვრა 36 231.87 ლარით (დღგ-ის თანხა - 6521.74 ლარი).

20. სსიპ „ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2019 წლის 30 დეკემბრის საინჟინრო ექსპერტიზის №008952919 დასკვნის თანახმად, 2019 წლის 27 ივნისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №06/60 ხელშეკრულების ფარგლებში მიმწოდებლის მიერ სულ 42 753.61 ლარის ღირებულების სამუშაოა შესრულებული.

21. 2019 წლის 12 აგვისტოს მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №06/75 ხელშეკრულება, რომლის მიხედვით შესყიდვის ობიექტია ქალაქ რუსთავში №26 საჯარო სკოლაში სველი წერტილების რემონტისათვის საჭირო სამუშაოები.

22. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 29 795 ლარით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით სამუშაოს ღირებულება დღგ-ის გარეშე - 25 250 ლარით, დღგ-ის თანხა - 4545 ლარით.

23. 2019 წლის 12 აგვისტოს მხარეთა შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №06/75 ხელშეკრულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განისაზღვრა მიმწოდებლის ვალდებულება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეესრულებინა ხელშეკრულების დადებიდან 30 კალენდარულ დღეში (2019 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით).

24. იმავე ხელშეკრულების მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, დამრღვევი მხარე ვალდებულია, მეორე მხარეს მოთხოვნისთანავე გადაუხადოს პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების ღირებულების 5%, ასეთი მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღეში და უზრუნველყოს დარღვეული ვალდებულების დაუყოვნებლივ გამოსწორება. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0.1 %-ის ოდენობით.

25. „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ 2019 წლის 12 აგვისტოს №06/75 ხელშეკრულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი უფლებამოსილია, შემსყიდველს წერილობით წარუდგინოს თხოვნა წინასწარი ანგარიშსწორების თანხის გადახდის თაობაზე.

26. 2019 წლის 16 აგვისტოს სს სადაზღვევო კომპანია „ა–სა“ (გარანტი) და მოპასუხეს (პრინციპალი) შორის, დაიდო საბანკო გარანტიის შესახებ NBG04287 ხელშეკრულება, რომლის 1.1. პუნქტის თანახმად განისაზღვრა, რომ ამ ხელშეკრულების საფუძველზე გარანტი პრინციპალს მისცემს საავანსო გადახდის უზრუნველყოფის საბანკო გარანტიას იმავე ხელშეკრულების 2.6-ე პუნქტში მითითებული პირისათვის (ბენეფიციარისათვის - თვითმმართველი ქალაქი, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი) წარსადგენად.

27. იმავე ხელშეკრულების 2.1.-ე პუნქტის თანახმად, გარანტის მოთხოვნის საფუძველია ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის 2019 წლის 12 აგვისტოს დადებული №06/75 ხელშეკრულება.

28. ხელშეკრულების 2.2.-ე პუნქტის მიხედვით, გარანტიის თანხა განისაზღვრა 5959 ლარით, ხოლო ამ ხელშეკრულების 2.2.1.-ე პუნქტის მიხედვით, ავანსის თანხის გაქვითვა მოხდება პროპორციულად, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულების იმ პროცენტის ოდენობით, რა ოდენობითაც გაიცა ავანსი.

29. შემსყიდველმა - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2019 წლის 12 აგვისტოს №06/75 ხელშეკრულების საფუძველზე, 2019 წლის 23 აგვისტოს, მიმწოდებელს - მოპასუხეს ავანსის სახით 5959 ლარი გადაურიცხა.

30. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 14 მაისის საინჟინრო ექსპერტიზის №5002558220 დასკვნის თანახმად, №06/75 ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება 26760.89 ლარს შეადგენს.

31. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით 199,55 ლარი დაუქვითა.

32. 2019 წლის 27 ივნისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №06/60 ხელშეკრულების №4 დანართში 2019 წლის 15 აგვისტოს განხორციელებული ცვლილების თანახმად, 1641.18 ლარის ღირებულების ელსამონტაჟო სამუშაოები მიმწოდებელს უნდა შეესრულებინა 7 დღის ვადაში, კერძოდ, 2019 წლის 11 ივლისის ჩათვლით; სამშენებლო სამუშაოები - 11 აგვისტოს ჩათვლით, კანალიზაციის გარე ქსელის სამშენებლო სამუშაოები - 11 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო კანალიზაციის სამუშაოები - 25 ივლისის ჩათვლით.

33. მიმწოდებლის მიერ №06/60 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელსამონტაჟო სამუშაოები შესრულდა 2019 წლის 2 ივლისს, სამშენებლო სამუშაოები - 2019 წლის 15 ივლისს და 2019 წლის 8 აგვისტოს, 12 725.90 ლარის ღირებულების კანალიზაციის გარე ქსელის სამუშაოები - 2019 წლის 8 აგვისტოს, ხოლო დანარჩენი სამუშაო - 2019 წლის 16 სექტემბერს, ნაცვლად 2019 წლის 11 აგვისტოსი. 2326.26 ლარის ღირებულების კანალიზაციის სამუშაოები შესრულდა 2019 წლის 26 ივლისს.

34. კანალიზაციის გარე ქსელის სამშენებლო სამუშაოების წარმოება მიმწოდებელს 2019 წლის 8 აგვისტოს ჩათვლით უნდა დაესრულებინა (აღნიშნულ გარემოებას არც მიმწოდებელი უარყოფს), მან სამუშაოები 2019 წლის 26 სექტემბერს, ანუ 39 დღის ვადაგადაცილებით შეასრულა. 2019 წლის 8 აგვისტოს მიმწოდებელმა შეასრულა 12 725,90 ლარის ღირებულების კანალიზაციის გარე ქსელის სამშენებლო სამუშაო, შესასრულებელი კი დარჩა 2836.35 ლარის სამუშაო.

35. „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ №06/75 ხელშეკრულების №4 დანართის თანახმად, მიმწოდებელს სველი წერტილების სამშენებლო სამუშაოები უნდა შეესრულებინა 30 დღის ვადაში, კერძოდ, ხელშეკრულების დადების დღიდან 11 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, სველი წერტილების სანტექნიკა - 21 დღის ვადაში, ხელშეკრულების დადების დღიდან 2 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო სველი წერტილების ელმომარაგების სამუშაოები - 5 დღის ვადაში, სულ - 11 სექტემბრის ჩათვლით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები სრულად 2019 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით უნდა შესრულებულიყო.

36. №06/75 ხელშეკრულებით გათვალისწინებული 16 337.20 ლარის ღირებულების სველი წერტილების რემონტისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები მიმწოდებელმა 2019 წლის 12 სექტემბერს შეასრულა, ხოლო 1319.82 ლარის ღირებულების სველი წერტილების რემონტისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები - 2019 წლის 19 ნოემბერს. 787.25 ლარის სველი წერტილების ელექტრობის სამუშაოები - 2019 წლის 12 სექტემბერს, ხოლო 138.81 ლარის სველი წერტილების ელექტროობის სამუშაოები - 2019 წლის 19 ნოემბერს. 4375 ლარის სანტექნიკის სამუშაოები - 2019 წლის 30 სექტემბერს, ხოლო 557.52 ლარის სანტექნიკის სამუშაოები, ღირებულებით - 2019 წლის 19 ნოემბერს.

37. სააპელაციო პალატის განმარტებით, მისი შეფასების საგანია, რამდენად არსებობს მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გაზრდის საფუძველი.

38. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2019 წლის 27 ივნისს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიასა (შემსყიდველი) და მოპასუხეს (მიმწოდებელი) შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №06/60 ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, შემსყიდველმა იკისრა ვალდებულება, ქალაქ რუსთავში №5 საჯარო სკოლაში მუსიკის კაბინეტის, ორი საკლასო ოთახისა და კანალიზაციის გარე ქსელის რეაბილიტაციისათვის საჭირო სამუშაოები შეესრულებინა. სამუშაოს შესრულების ვადა ხელშეკრულების დადებიდან 45 კალენდარული დღით (ხელშეკრულების დადებიდან 2019 წლის 11 აგვისტოს ჩათვლით) განისაზღვრა. ხელშეკრულების საერთო ღირებულებად განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, საბოლოოდ 42 753.61 ლარი დადგინდა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით (სამუშაოს ღირებულება დღგ-ის გარეშე - 36 231.87 ლარი).

39. 2019 წლის 12 აგვისტოს მხარეთა შორის ასევე დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №06/75 ხელშეკრულება, ქალაქ რუსთავში №26 საჯარო სკოლაში სველი წერტილების რემონტისათვის საჭირო სამუშაოების შესყიდვის თაობაზე. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 29 795 ლარით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით (სამუშაოს ღირებულება დღგ-ის გარეშე - 25 250 ლარი, დღგ-ის თანხა 4545 ლარი) მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო ხელშეკრულების დადებიდან 30 კალენდარულ დღეში უნდა შეესრულებინა. (2019 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით).

40. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ, როგორც „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ 2019 წლის 27 ივნისის №06/60 ხელშეკრულების, ასევე 2019 წლის 12 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №06/75 ხელშეკრულების მე-12 მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით განისაზღვრა, რომ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0.1 %-ის ოდენობით.

41. სააპელაციო პალატის მითითებით, აპელანტს სადავოდ არ გაუხდია ვადის გადაცილებით შესრულებული სამუშაოების ღირებულების ის ოდენობა, რომელიც დაანგარიშებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, სადავოა მხოლოდ პირგასამტეხლოს გამოანგარიშების პრინციპი, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ უნდა შეფასდეს მხოლოდ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შემცირების მართლზომიერების საკითხი და რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის გადაცილებით შესრულებული ვალდებულების ოდენობის სისწორე არ უნდა იქნეს გამოკვლეული.

42. მოპასუხემ №06/60 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა, კერძოდ, მან 2836.35 ლარის სამუშაოები 39 დღის დაგვიანებით დაასრულა. მიმწოდებელმა, ასევე, ვადის გადაცილებით შეასრულა №06/75 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ: 18 927.02 ლარის ღირებულის სამშენებლო სამუშაოს შესრულება გადააცილა ერთი დღით, 2599.81 ლარის ღირებულების სანტექნიკის სამუშაოები - 68 დღით, 5328.10 ლარის ღირებულების სამუშაო - 28 დღით, ხოლო 953.10 ლარის ღირებულების სამუშაო - 50 დღით. 984.88 ლარის ღირებულების ელექტრობის სამუშაოები გადააცილა ერთი დღით, ხოლო 197.63 ლარის ღირებულებისა - 68 დღით. აპელანტს მოცემულ დაანგარიშება სადავოდ არ გაუხდია, შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, აღნიშნული დაანგარიშების სისწორეზე იმსჯელოს.

43. მოცემულ შემთხვევაში რუსთავის საქალაქო სასამართლომ პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულებიდან დაიანგარიშა და არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან. შესაბამისად, ჩათვალა, რომ №06/60 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 112.94 ლარით, ხოლო №06/75 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, - 406.94 ლარით, რასაც უნდა გამოაკლდეს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით უკვე დაქვითული 199.55 ლარი და საბოლოოდ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს სახით, 320.33 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს.

44. ამდენად, სააპელაციო პალატის მსჯელობა იმ საკითხს შეეხება, პირგასამტეხლო ვადის გადაცილებით შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან უნდა დაანგარიშდეს, თუ ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან. სააპელაციო პალატამ ასევე შეაფასა ის საკითხი, დამატებითი ღირებულების გადასახადი ვადის გადაცილებით შესრულებული სამუშოების ღირებულებაში გათვალისწინებულ უნდა იქნეს თუ არა.

45. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 417-ე მუხლით, საკასაციო სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკით და მიუთითა, რომ ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 12 იანვრის Nას-905-2021 განჩინება, იხ. ასევე, სუსგ: Nას-971-2019, 28.10.2019; Nას-581-2019, 31.07.2019; Nას-164-160-2016, 28.07.2016). თუმცა სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ აღნიშნული მსჯელობა არ ეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც კრედიტორს ერთიანი შესრულების მიმართ დაცვის ღირსი განსაკუთრებული ინტერესი აქვს, რა დროსაც, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება, თავისი არსით, ვალდებულების სრულად შეუსრულებლობას უთანაბრდება. აღნიშნული ინტერესი კი, კრედიტორის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა, რაც მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის.

46. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ასევე გაიზიარა მოპასუხის პოზიცია პირგასამტეხლოს არაგონივრულობასთან მიმართებით და მიიჩნია, რომ მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობის გამოანგარიშება უნდა მოხდეს მხარეთა შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №06/60 და №06/75 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ვადის გადაცილებით შესრულებული ნაწილის ღირებულებიდან და არა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც შედავებული არ არის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოანგარიშებული ვადის გადაცილებით შესრულებული ვალდებულების ოდენობა, რუსთავის საქალაქო სასამართლომ მოპასუხის მიერ გადასახდელი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად №06/60 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 112.94 ლარი, ხოლო №06/75 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 406.94 ლარი სწორად განსაზღვრა, რასაც გამოაკლდა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით უკვე დაქვითული 199.55 ლარი.

47. რაც შეეხება იმ საკითხს, ამ პრინციპით პირგასამტეხლოს დაანგარიშების შემთხვევაშიც კი, დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ) ვადის გადაცილებით შესრულებული სამუშოების ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იქნეს თუ არა, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ არც „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ 2019 წლის 27 ივნისის №06/60 ხელშეკრულებით და არც 2019 წლის 12 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №06/75 ხელშეკრულებით მხარეები არ შეთანხმებულან პირგასამტეხლოს დარიცხვაზე დღგ-ის თანხის გათვალისწინებით. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი, რომ თუ სასამართლო მოპასუხეს პირგასამტეხლოს შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულებიდან გამომდინარე დააკისრებდა, მას დღგ-ის თანხა უნდა გაეთვალისწინებინა და ვალდებულების მოცულობა დღგ-ის თანხის ჩათვლით დაედგინა.

48. სსსკ-ის 420-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს შემცირება ემსახურება მხარეთა უფლება-მოვალეობების დაბალანსებას, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას სასამართლოს მხრიდან დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან და ა.შ.

49. ამასთან, პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, კეთილსინდისიერების პრინციპი ავალდებულებს მხარეებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა დაადგინონ იმ ფარგლებში, რომელიც არ სცდება ამ ინსტიტუტის დანიშნულებას და უფლების ბოროტად გამოყენების შედეგად შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს არ აკისრებს ხელშეკრულების მხარეს.

50. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ პირგასამტეხლოს ოდენობა მართლზომიერად შეამცირა.

51. რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 13 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა სადავო დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.

52. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა სულ 8003,34 ლარი იყო, სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით 320.33 ლარის დაკისრების ნაწილში, მაშასადამე, ის ნაწილი, რომელიც ძირითადი სასარჩელო მოთხოვნიდან არ დაკმაყოფილდა, 7683.01 ლარს შეადგენს (დავა მოპასუხის სასარგებლოდ თანხის ამ ნაწილში გადაწყდა), შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების გონივრული ოდენობა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, 300 ლარია.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

53. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

54. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა კანონი, როდესაც შეაფასა პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით არ იქნა გათვალისწინებული მოსარჩელის ინტერესები.

55. კასატორმა მიიჩნია, რომ მხარეებმა სსსკ-ის 319-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრეს მათ შორის დადებული ხელშეკრულების პირობები, მე-12 მუხლში კი განსაზღვრეს მათი შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში პასუხისმგებლობის ფარგლები, კერძოდ, ხელშეკრულების გეგმა-დანართით დარღვევისას მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით. განსახილველ შემთხვევაში კი პირგასამტეხლოს ოდენობის დაანგარიშება მოხდა დღგ-ს გაუთვალისწინებლად, რაც არასწორია. შემსყიდველი არ არის გათავისუფლებული დღგ-ს თანხისაგან და ანაზღაურებს მას.

56. კასატორმა მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის №ას-1451-1371-2017 საქმეში არსებულ განმარტებაზე, რომ პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ თუ ეკონომიკურ შედეგებს. ამდენად, თუ მხარე გამოცდილი სამეწარმეო სუბიექტია, ჰყავს ადვოკატი, ივარაუდება, რომ შეთანხმებული პირგასამტეხლო მხარეთა ნამდვილ ნებას შეესაბამება და შემცირებას არ ექვემდებარება. სადავო პირგასამტეხლოს ოდენობა თავად მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის ხანგრძლივი პერიოდით იყო განპირობებული, რაც მისი შემცირების საფუძველი ვერ გახდება. დაუსრულებელი სამუშაოების გამო, მერიამ განიცადა ზიანი.

57. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ არასწორად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილების კანონიერება მოსარჩელისათვის 300 ლარის დაკისრების თაობაზე და არასწორად განმარტა სსსკ-ის 53-ე მუხლი. მოცემულ საქმეზე თავდაპირველი მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უკანონოა მისთვის მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატის ხარჯების დაკისრება მაშინ, როდესაც მოპასუხის შეგებებულ სარჩელს ეთქვა უარი.

58. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 მარტის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

59. სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემაც, თუმცა საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 5 აპრილის განჩინებით ხარვეზის შეუვსებლობის გამო, იგი დარჩა განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

60. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

61. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

62. 2019 წლის 27 ივნისს მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №06/60 ხელშეკრულება, რომლის მიხედვით შესყიდვის საგანია ქალაქ რუსთავში №5 საჯარო სკოლაში მუსიკის კაბინეტის, ორი საკლასო ოთახისა და კანალიზაციის გარე ქსელის რეაბილიტაციისათვის საჭირო სამუშაოების განხორციელება. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 45 312 ლარით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, (სამუშაოს ღირებულება დღგ-ის გარეშე - 38400 ლარი, ხოლო დღგ-ის თანხა 6912 ლარი).

63. 2019 წლის 27 ივნისს მხარეთა შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №06/60 ხელშეკრულებით სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების დადებიდან 45 კალენდარული დღით (ხელშეკრულების დადებიდან 2019 წლის 11 აგვისტოს ჩათვლით).

64. იმავე ხელშეკრულების მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში დამრღვევი მხარე ვალდებულია, მეორე მხარეს მოთხოვნისთანავე გადაუხადოს პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების ღირებულების 5%, ასეთი მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღეში და უზრუნველყოს დარღვეული ვალდებულების დაუყოვნებლივ გამოსწორება. ხელშეკრულების მე-12 მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, განისაზღვრა, რომ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0.1 %-ის ოდენობით.

65. 2019 წლის 15 აგვისტოს ამავე წლის 27 ივნისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №06/60 ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად, შეიცვალა ხელშეკრულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი და ხელშეკრულების საერთო ღირებულებად განისაზღვრა 42 761.39 ლარი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით. სამუშაოს ღირებულება, დღგ-ის გარეშე, განისაზღვრა 36 238.47 ლარით. შეიცვალა ხელშეკრულებაზე თანდართული ხარჯთაღრიცხვის №2 დანართი, ასევე, ხელშეკრულებაზე თანდართული გეგმა-გრაფიკის №4 დანართი. ხელშეკრულების ყველა სხვა პირობა დარჩა უცვლელი.

66. 2020 წლის 31 მარტს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2019 წლის 27 ივნისის №06/60 ხელშეკრულებაში კვლავ შევიდა №2 ცვლილება, რომლის თანახმად ხელშეკრულების საერთო ღირებულებად განისაზღვრა 42 753.61 ლარი, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით. სამუშაოს ღირებულება, დღგ-ის გარეშე, განისაზღვრა 36 231.87 ლარით (დღგ-ის თანხა - 6521.74 ლარი).

67. სსიპ „ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2019 წლის 30 დეკემბრის საინჟინრო ექსპერტიზის №008952919 დასკვნის თანახმად, 2019 წლის 27 ივნისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №06/60 ხელშეკრულების ფარგლებში მიმწოდებლის მიერ სულ 42 753.61 ლარის ღირებულების სამუშაოა შესრულებული.

68. 2019 წლის 12 აგვისტოს მხარეთა შორისდაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №06/75 ხელშეკრულება, რომლის მიხედვით შესყიდვის ობიექტია ქალაქ რუსთავში №26 საჯარო სკოლაში სველი წერტილების რემონტისათვის საჭირო სამუშაოები.

69. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 29 795 ლარით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით სამუშაოს ღირებულება დღგ-ის გარეშე - 25 250 ლარით, დღგ-ის თანხა - 4545 ლარით.

70. 2019 წლის 12 აგვისტოს მხარეთა შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №06/75 ხელშეკრულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განისაზღვრა მიმწოდებლის ვალდებულება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეესრულებინა ხელშეკრულების დადებიდან 30 კალენდარულ დღეში (2019 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით).

71. იმავე ხელშეკრულების მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, დამრღვევი მხარე ვალდებულია, მეორე მხარეს მოთხოვნისთანავე გადაუხადოს პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების ღირებულების 5%, ასეთი მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღეში და უზრუნველყოს დარღვეული ვალდებულების დაუყოვნებლივ გამოსწორება. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0.1 %-ის ოდენობით.

72. „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ 2019 წლის 12 აგვისტოს №06/75 ხელშეკრულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი უფლებამოსილია, შემსყიდველს წერილობით წარუდგინოს თხოვნა წინასწარი ანგარიშსწორების თანხის გადახდის თაობაზე.

73. 2019 წლის 16 აგვისტოს სს სადაზღვევო კომპანია „ა–სა“ (გარანტი) და მოპასუხეს (პრინციპალი) შორის, დაიდო საბანკო გარანტიის შესახებ NBG04287 ხელშეკრულება, რომლის 1.1. პუნქტის თანახმად განისაზღვრა, რომ ამ ხელშეკრულების საფუძველზე გარანტი პრინციპალს მისცემს საავანსო გადახდის უზრუნველყოფის საბანკო გარანტიას იმავე ხელშეკრულების 2.6-ე პუნქტში მითითებული პირისათვის (ბენეფიციარისათვის - თვითმმართველი ქალაქი, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი) წარსადგენად.

74. იმავე ხელშეკრულების 2.1.-ე პუნქტის თანახმად, გარანტის მოთხოვნის საფუძველია ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის 2019 წლის 12 აგვისტოს დადებული №06/75 ხელშეკრულება.

75. ხელშეკრულების 2.2.-ე პუნქტის მიხედვით, გარანტიის თანხა განისაზღვრა 5959 ლარით, ხოლო ამ ხელშეკრულების 2.2.1.-ე პუნქტის მიხედვით, ავანსის თანხის გაქვითვა მოხდება პროპორციულად, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულების იმ პროცენტის ოდენობით, რა ოდენობითაც გაიცა ავანსი.

76. შემსყიდველმა - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2019 წლის 12 აგვისტოს №06/75 ხელშეკრულების საფუძველზე, 2019 წლის 23 აგვისტოს, მიმწოდებელს - მოპასუხეს ავანსის სახით 5959 ლარი გადაურიცხა.

77. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 14 მაისის საინჟინრო ექსპერტიზის №5002558220 დასკვნის თანახმად, №06/75 ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება 26760.89 ლარს შეადგენს.

78. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით 199,55 ლარი დაუქვითა.

79. 2019 წლის 27 ივნისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №06/60 ხელშეკრულების №4 დანართში 2019 წლის 15 აგვისტოს განხორციელებული ცვლილების თანახმად, 1641.18 ლარის ღირებულების ელსამონტაჟო სამუშაოები მიმწოდებელს უნდა შეესრულებინა 7 დღის ვადაში, კერძოდ, 2019 წლის 11 ივლისის ჩათვლით; სამშენებლო სამუშაოები - 11 აგვისტოს ჩათვლით, კანალიზაციის გარე ქსელის სამშენებლო სამუშაოები - 11 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო კანალიზაციის სამუშაოები - 25 ივლისის ჩათვლით.

80. მიმწოდებლის მიერ №06/60 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელსამონტაჟო სამუშაოები შესრულდა 2019 წლის 2 ივლისს, სამშენებლო სამუშაოები - 2019 წლის 15 ივლისს და 2019 წლის 8 აგვისტოს, 12 725.90 ლარის ღირებულების კანალიზაციის გარე ქსელის სამუშაოები - 2019 წლის 8 აგვისტოს, ხოლო დანარჩენი სამუშაო - 2019 წლის 16 სექტემბერს, ნაცვლად 2019 წლის 11 აგვისტოსი. 2326.26 ლარის ღირებულების კანალიზაციის სამუშაოები შესრულდა 2019 წლის 26 ივლისს.

81. კანალიზაციის გარე ქსელის სამშენებლო სამუშაოების წარმოება მიმწოდებელს 2019 წლის 8 აგვისტოს ჩათვლით უნდა დაესრულებინა (აღნიშნულ გარემოებას არც მიმწოდებელი უარყოფს), მან სამუშაოები 2019 წლის 26 სექტემბერს, ანუ 39 დღის ვადაგადაცილებით შეასრულა. 2019 წლის 8 აგვისტოს მიმწოდებელმა შეასრულა 12 725,90 ლარის ღირებულების კანალიზაციის გარე ქსელის სამშენებლო სამუშაო, შესასრულებელი კი დარჩა 2836.35 ლარის სამუშაო.

82. „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ №06/75 ხელშეკრულების №4 დანართის თანახმად, მიმწოდებელს სველი წერტილების სამშენებლო სამუშაოები უნდა შეესრულებინა 30 დღის ვადაში, კერძოდ, ხელშეკრულების დადების დღიდან 11 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, სველი წერტილების სანტექნიკა - 21 დღის ვადაში, ხელშეკრულების დადების დღიდან 2 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო სველი წერტილების ელმომარაგების სამუშაოები - 5 დღის ვადაში, სულ - 11 სექტემბრის ჩათვლით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები სრულად 2019 წლის 11 სექტემბრის ჩათვლით უნდა შესრულებულიყო.

83. №06/75 ხელშეკრულებით გათვალისწინებული 16 337.20 ლარის ღირებულების სველი წერტილების რემონტისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები მიმწოდებელმა 2019 წლის 12 სექტემბერს შეასრულა, ხოლო 1319.82 ლარის ღირებულების სველი წერტილების რემონტისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები - 2019 წლის 19 ნოემბერს. 787.25 ლარის სველი წერტილების ელექტრობის სამუშაოები - 2019 წლის 12 სექტემბერს, ხოლო 138.81 ლარის სველი წერტილების ელექტროობის სამუშაოები - 2019 წლის 19 ნოემბერს. 4375 ლარის სანტექნიკის სამუშაოები - 2019 წლის 30 სექტემბერს, ხოლო 557.52 ლარის სანტექნიკის სამუშაოები, ღირებულებით - 2019 წლის 19 ნოემბერს.

84. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარე არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრას მხოლოდ შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულებულებიდან, ასევე, დღგს-ს გაუთვალისწინებლად და მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა სახელშეკრულებო სამართალში მოქმედი ნების ავტონომიის პრინციპის დაცვით. კასატორმა ასევე არ გაიზიარა მისთვის მოპასუხის მიერ გაწეული ადვოკატის ხარჯის დაკისრების საკითხი.

85. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები. სარჩელის ინდივიდუალიზაცია სარჩელის ელემენტების მეშვეობითაა შესაძლებელი. სსსკ-ის მე-3, მე-4, 83-ე და 178-ე მუხლების ანალიზით შესაძლებელია, დავასკვნათ, რომ სარჩელი შედგება ორი ელემენტისგან: სარჩელის საგნისა და სარჩელის საფუძვლისგან. სარჩელის საგანია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისადმი (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი), ხოლო სარჩელის საფუძველი - კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი). საქმის გარემოებათა ანალიზის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის დადგენა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მოძიება კი, სასამართლოს ვალდებულებაა. სადავო ურთიერთობის შეფასებისას, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო არაა შებოჭილი ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასებებით, შესაბამისად, თუ ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გამოარკვევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს სამართლებრივი შეფასება არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან, იგი ვალდებულია, ეს გარემოებები თავად შეაფასოს სამართლებრივად სწორად და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. თუ ასეთი შემოწმების შედეგად სასამართლო იმ დასკვნას გამოიტანს, რომ საჩივრის მოთხოვნა გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, მაგრამ არა საჩივარში მითითებული, არამედ მატერიალურსამართლებრივი ნორმის (კანონის) სხვა დარღვევის გამო, სასამართლომ უნდა გამოიტანოს შესაბამისი გადაწყვეტილება. იმ შემთხვევაში კი, თუ არასწორი სამართლებრივი შეფასების შედეგად, ანუ კანონის (სსსკ-ის 393.2 მუხლის) დარღვევით მიღებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვება შესაძლებელია სხვაგვარი სამართლებრივი შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, თავისი განჩინებით ძალაში დატოვოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ან ამ გადაწყვეტილების შეცვლით მიიღოს ახალი გადაწყვეტილება (სსსკ-ის 386-ე მუხლი). ასეთივე შესაძლებლობითაა აღჭურვილი საკასაციო სასამართლოც, კერძოდ, მას შუძლია, არ გააუქმოს გადაწყვეტილება და ძალაში დატოვოს იგი (სსსკ-ის 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი) ან ახალი გადაწყვეტილებით დაადგინოს სხვა სამართლებრივი შედეგი (სსსკ-ის 411-ე და 412-ე მუხლები).

86. სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან, ზიანის მიყენებიდან (დელიქტი), უსაფუძვლო გამდიდრებიდან თუ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.

87. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამრთლოს უფლება მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტს, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს მხარისათვის განჭვრეტადი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§ 55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, § 59; Perez v. France, § 80). ამასთან, მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (იხ. Milatova and others v. The Czech republic §59; Niderost-huber v. Switzerland, § 24; K.S. v. finland § 21; ).

88. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 417-ე მუხლი (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის).

89. ამ ტიპის სარჩელის წარმატებულობა, ბუნებრივია, უნდა შემოწმდეს მისი დამფუძნებელი ნორმის/ნორმების წინაპირობებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უპირველესად, სასამართლომ სწორად უნდა განსაზღვროს მოთხოვნის მარეგულირებელი სამართლებრივი საფუძველი - კანონის ნორმა, გამოარკვიოს სარჩელში მითითებული ფაქტების შესაბამისობა დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებთან (ფორმალური გამართულობა), დადებითი პასუხის შემთხვევაში, სარჩელსა და შესაგებელში გამოთქმული პოზიციების ურთიერთშეჯერებით გამოარკვიოს სადავო და უდავო ფაქტობრივი გარემოებები (მტკიცების საგანი) და გაანაწილოს მხარეთა შორის მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადასტურების ტვირთი (მტკიცების ტვირთი).

90. განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე საკასაციო პალატა საჭიროდ მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს პირგასამტეხლოს თავისებურებაზე.

91. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო ( შდრ. სუსგ №ას-1079-2019, 30 სექტემბერი, 2019).

92. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. სუსგ №ას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018; №ას-848-814-2016, 28 დეკემბერი, 2016).

93. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018; №ას-1158-1104-2014, 06.05.2015; №ას-1265-1187-2015, 10.02.2016).

94. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (შეადრ: სუსგ №ას-1597-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).

95. პირგასამტეხლოს მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარვევის როგორც იდენტიფიცირება, ისე მისი დადგენაა შესაძლებელი, ხოლო ასეთი მოთხოვნის დაყენება კი არ უნდა მოდიოდეს შეუსაბამობაში საკანონმდებლო დანაწესებთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის თვალსაზრისით ყურადსაღებია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხი. ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობაში. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შესურულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი (იხ. სერგი ჯორბენაძე, საქართველოს სამოქალაქო კოდესის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 417, ველი 23-26). პირგასამტეხლოს დაკისრება ხდება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრება მოაზრებულია მხოლოდ ძირითადი ან/და დამატებითი ვალდებულების დარღვევისას (იხ. გიორგი ვაშაკიძე, სამოქალაქო კოდექსის გართულებულ ვალდებულებატა სისტემა, თბილისი, 2010, გვერდი. 232). მტკიცების ტვირთის განაწილების მხრივ კრედიტორმა უნდა ამტკიცოს ვალდებულების დარღვევა და პირგასამტეხლოს ტაობაზე წერილობითი შეთანხმების არსებობა, ხოლო მოვალის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ვალდებულების ჯეროვანი შესრულება ან მისი ბრალეულობის გამორიცხვა. (იხ. ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვერდი 93).

96. საკასაციო პალატა დოქტრინასა და სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ პირგასამტეხლოზე უფლება აქცესორული უფლებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს პირგასამტეხლო ძირითადი უფლების გარეშე. პირგასამტეხლო ძირითადი უფლების სამსახურშია. ამიტომაც დაუშვებელია პირგასამტეხლოს მოთხოვნის განხორციელება ძირითადი უფლების გარეშე (იხ. ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვერდი 89).პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული (იხ: ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590).

97. პირგასამტეხლოს აქცესორული ბუნება განაპირობებს იმ ფაქტსაც, რომ მისი დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს მოვალის მიერ ვალდებულების ბრალეულად დარღვევა. პირგასამტეხლო უსაგნო იქნება, როცა მოვალის ბრალის გარეშე ვალდებულება ვერ შესრულდება ან ხელშეკრულება გაუქმდება. პირგასამტეხლოთი ვალდებულების უზრუნველყოფა სულაც არ ცვლის პასუხისმგებლობის საერთო საფუძველს. ამიტომაცაა, რომ თუკი ძირითადი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა, მაშინ მას არც პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრება (იხ. ლადო ჭანტურია, საქართველოს სამოქლქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, მუხლი 417, თბილისი, 2001, გვ. 489-490; ქეთევან მესხიშვილი, კერძო სამართლის აქტუალური საკითხები, ტომი I, თბილისი, 2020, გვერდი 89, სუსგ 31 მაისი, 2022 წ. საქმე №ას-1006-2021, პ.17).

98. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ შეიცავს რაიმე პრეტენზიას სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით. კასატორი სადავოდ ხდის მხოლოდ სასამართლოს მიერ სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენების მართებულობას. შესაბამისად, საკასაციო პალატა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობას შეაფასებს მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით, კერძოდ, რამდენად არსებობდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შემცირების კანონით გათვალისწინებული წინაპირობა ( იხ. წინამდებარე განჩინების პ.41-43).

99. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800). კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, და ა.შ. მნიშვნელობა ენიჭება ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში მოვალის ბრალის ხარისხსაც, აგრეთვე გასათვალისწინებელია მოვალის ეკონომიკური მდგომარეობა. თუ მოსამართლე მივა იმ დასკვნამდე, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, იგი შეამცირებს მას იმ ოდენობამდე, რომელსაც ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად და სამართლიანად მიიჩნევს (შდრ. ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი, თანაავტორობით, თბილისი, 2014, გვ. 604, 605.).

100. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა.

101. იმისათვის, რომ სასამართლომ შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, კრედიტორის მოთხოვნა პირგასამტეხლოს გადახდაზე წარმოშობილი უნდა იყოს, ე.ი. ძირითადი ვალდებულება უნდა იქნეს დარღვეული. პირგასამტეხლოს შემცირება მის წარმოშობამდე ანუ ძირიადი ვალდებულების დარღვევამდე, დაუშვებელია (შდრ. Friesecke, in Palandt, BGB Komm., 78 Aufl., 2018., §343, Rn.5). სწორედ დარღვევის მომენტიდან ეკისრება მოვალეს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება და სწორედ ამ მომენტიდან ხდება იგი შესასრულებლად მძიმე ან შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. გარდა ამისა, სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენებისათვის აუცილებელ წინაპირობად გვევლინება ის გარემოება, რომ პირგასამტეხლო არ უნდა იყოს უკვე გადახდილი მოვალის მიერ. უკვე გადახდილი პირგასამტეხლოს შემცირება სასამართლოს მიერ, გამორიცხულია. აღნიშნული დასკვნის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოვალის მხრიდან პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნას ეფუძნება სწორედ იმას, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო შესასრულებლად მძიმეა მოვალისათვის. იმ შემთხვევაში კი, როდესაც მოვალე ნებაყოფლობით იხდის პირგასამტეხლოს, ამ გადახდით იგი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ პირგასამტეხლო მას შეუსაბამოდ მაღლად არ მიაჩნია (შდრ. სუსგ №ას-1527-2018, 31 იანვარი, 2019 წელი).

102. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესი იმპერატიულია, შესაბამისად, მხარეებს არ გააჩნიათ უფლებამოსილება, თავიანთი შეთანხმებით გამორიცხონ იგი. სსკ-ის 420-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგება, არ გამოიყენება კანონით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან მიმართებით.

103. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე, მოპასუხის მიერ დაყენებული მოთხოვნის საფუძველზე მსჯელობს. ასეთი მოთხოვნა შეიძლება მითითებული იქნეს, როგორც შესაგებელში, ასევე პირველ ინსტანციაში საქმის მომზადების დამთავრებამდე მოპასუხის მიერ აღძრულ შუამდგომლობაში. ცალკეულ შემთხვევებში ასეთი მოთხოვნის დაყენება სარჩელითაცაა შესაძლებელი, მაგალითად, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა (პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება). პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოთხოვნის დაყენებასთან ერთად, მხარემ უნდა დაასაბუთოს, რას ეფუძნება ასეთი მოთხოვნა, ანუ მტკიცების ტვირთი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენომადე შემცირების თაობაზე, ეკისრება ვალდებულ პირს (მოვალეს) (იხ. სუსგ №ას-888-2020, 10 დეკემბერი, 2020).

104. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების თავისუფლება მოიცავს ისეთ ორ ძირითად პრინციპს, როგორიცაა ხელშეკრულების დადების თავისუფლება და ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება. ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს იმპერატიული ხასიათის ნორმებით. იმპერატიული ხასიათის ნორმები ორ ძირითად მიზანს ემსახურება: ა) მხარეთა მიერ განსაზღვრული პირობები შეიძლება ჩაითვალოს ბათილად, თუ მათი შინაარსი ეწინააღმდეგება სამართლებრივ მართლწესრიგს: ბ) იმპერატიული ნორმები აწესებენ გარკვეულ შეზღუდვებს და უზრუნველყოფენ, რომ ხელშეკრულების დადება კანონის მოთხოვნათა დაცვით განხორციელდეს.

105. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგჯერ თავად ნორმის მიზნიდან გამომდინარე დგინდება მისი იმპერატიული ხასიათი. ნორმისათვის გვერდის ავლას, სწორედ ამ ნორმის მიზანი შეიძლება კრძალავდეს. მაგალითის სახით გამოდგება სსკ-ის 420-ე მუხლი, რომლის თანახმად, „სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო“. აღნიშნული ნორმა იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ აუცილებელია მხარეები გონივრული ოდენობის პირგასამტეხლოზე შეთანხმდნენ.

106. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ვინაიდან მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, შესაძლებელია ისინი იმ ოდენობის პირგასამტეხლოზე შეთანხმდნენ, რისი გადახდევინებაც შემდგომ მძიმე ტვირთად დააწვება მოვალეს. სასამართლო ასეთ შემთხვევაში ახდენს პირგასამტეხლოს „სამართლიან“ შემცირებას ანუ სასამართლოს ამოცანაა მხარეები დაიცვას უსამართლო და სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი ტვირთისაგან, ვინაიდან ხელშეკრულების დადებისას მხარეები ყოველთვის ვერ საზღვრავენ მათი თავისუფალი ნების მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებს, შესაბამისად, სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად, რადგან პირგასამტეხლოს უმთავრესი მიზანი კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენაა და არა მისი უსაფუძვლო გამდიდრება მოვალის ხარჯზე.

107. ამდენად, კანონმდებელმა დააწესა მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე იმ შემთხვევაში, როდესაც პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულ და სამართლიან ფარგლებს სცდება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება. (იხ. სუსგ-ები: №ას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-708-662-2017, 11.01.2017 წელი;).

108. როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (იხ: ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე იხ.: სუსგ №ას-827-2021, 03.12.2021წ.).

109. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (შდრ: სუსგ №ას-186-2021, 25.03.2021წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ).

110. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (შდრ: სუსგ №ას-1336-2019, 30 მარტი, 2022; №ას-1928-2018, 31 ოქტომბერი, 2019 წ.).

111. საკასაციო პალატა კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საკანონმდებლო მოწესრიგებას საფუძვლად უდევს კონკრეტული სოციალური პროცესების მართვის სამართლებრივ-პოლიტიკური მოდელი ანუ, როდესაც კანონმდებელი განსაზღვრულ ქცევას სავალდებულოდ ადგენს, ამით მას სურს განსაზღვრული მიზნების მიღწევა. ასეთ შემთხვევაში, კანონმდებელს მინიჭებული აქვს უფლებამოსილებები ერთი მხრივ, დასახული მიზნის მიღწევასთან, ხოლო მეორე მხრივ, ამ მიზნის მისაღწევად გამოსაყენებელი სამართლებრივი საშუალებების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. კანონის ინტერპრეტაცია უნდა ემსახურებოდეს ამ კანონის მიზანს. კანონის ცალკეული დებულებები გააზრებული უნდა იქნას სხვადასხვა დებულებათა ურთიერთდამოკიდებულებაში. კანონის ინტერპრეტაცია მთლიანობაში წარმოადგენს არგუმენტების შერჩევისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს, რომელიც ხშირად სხვადასხვა, ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფ მიზნებზე არის ორიენტირებული. სამართლებრივი გადაწყვეტილებები დამოკიდებულია კონკრეტულ სიტუაციებზე, რადგან განსხვავებულ, თუნდაც ტიპიურ სიტუაციებში, მიზნები და მათთან დაკავშირებული ინტერესები სხვადასხვა მოცულობითა და კონსტელაციაში გარკვეულ როლს თამაშობენ.

112. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლიანობის მიღწევის გარდა, სამართლის ამოცანაა, უზრუნველყოს სამართლებრივი უსაფრთხოება და ინტერესთა ოპტიმალური და მიზანშეწონილი დაკმაყოფილება. ყოველივე ეს მიზანი გათვალისწინებულ უნდა იქნას კანონის ინტერპრეტაციისა და განვრცობის პროცესში. კანონის ინტერპრეტაცია სამართლიან მოწესრიგებასა და ოპტიმალურ დაკმაყოფილებას უნდა იწვევდეს.

113.საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მოპასუხის შესაგებელზე, სადაც მოპასუხე მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ არაჯეროვნად შესრულებული ნაწილიდან, ასევე მხარის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი( იხ. ტ.1.ს.ფ 159-167, ტ.2.ს.ფ. 204-208).).

114.საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დავის გადაწყვეტაში სარჩელთან ერთად შესაგებლის, როგორც საპროცესო ინსტიტუტის როლი, უაღრესად მნიშვნელოვანია. შესაგებლის ზოგადი კლასიფიკაცია შემდეგია: მატერიალური და საპროცესო შესაგებელი; აბსტრაქტული (ზოგადი) და კონკრეტული შესაგებელი; მარტივი და კვალიფიციური (არსებითი) შესაგებელი. რა ტიპის შესაგებელს წარადგენს მოპასუხე, სრულად თავსდება ამ უკანაკნელის ნების ავტონომის ფარგლებში. კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება გამომდინარეობს 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან (ივარაუდება, რომ შედავებული უნდა იყოს დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი ფაქტები და არა სამართლებრივი მოსაზრებები, ე.ი. ისეთი ფაქტები, რომელთა არსებობა წარმოშობენ მოთხოვნას), წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები, დამტკიცებულად ითვლება. მოსამართლემ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს პირველ რიგში საპროცესო შესაგებელს, ხოლო ამის შემდეგ მატერიალურ შესაგებელს.

115.მატერიალური შედავება მიმართულია სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი შედეგის მიღწევის წინააღმდეგ, რაც გულისხმობს მოპასუხის მხრიდან ისეთ ფაქტებზე (წინაპირობებზე) მითითებას, რომლებიც გამორიცხავენ, წყვეტენ ან აფერხებენ (განუხორციელებელს ხდიან) სარჩელით მოთხოვნილი შედეგის დადგომას.

116.საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შესაგებლის სახეებიდან განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია კვალიფიციურ შედავებას. კვალიფიციური შედავება იურიდიულ დოქტრინაში განმარტებულია შემდეგნაირად: „მოპასუხე მოსარჩელის მოხსენების ნაცვლად წარმოადგენს მოვლენათა განვითარების მისეულ, განსხვავებულ ვერსიას, რომელიც ცალკეულ საკითხებში სადავოს ხდის მოსარჩელის მოხსენებას“. (შდრ. მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, (GIZ), 2013წ., გვ.19.) კვალიფიციურ შედავებას არსებით შედავებადაც მოიხსენიებენ. ამგვარი შედავება, ერთი მხრივ, შეიძლება გამორიცხავდეს სარჩელის დაკმაყოფილებას უსაფუძვლობის გამო, ხოლო მეორე მხრივ, ცვლიდეს მოსარჩელის მიერ შემოთავაზებული სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციას, საიდანაც მოსარჩელეს დამატებითი მოხსენების (ფაქტების მითითების) გარეშე გაუჭირდება იმ შედეგის მიღწევა, რომელიც სარჩელით აქვს მოთხოვნილი. კვალიფიციური (არსებითი) შედავება მოსამართლეს ცალკეულ შემთხვევაში ავალდებულებს მოიძიოს მოთხოვნის სხვა დამფუძნებელი ნორმა, ასევე შეამოწმოს საგამონაკლისო ნორმები.

117.მას შემდეგ, რაც მოსამართლე მოიძიებს მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას, განსაზღვრავს ნორმის ფაქტობრივ ელემენტებს (წინაპირობებს), ამ წინაპირობებს მიუსადაგებს მოსარჩელის მიერ მოხსენებულ ფაქტებს და თითეულ წინაპირობაზე გასცემს დადებით პასუხს, იგი ამოწმებს რომელ ფაქტებს ხდის მოპასუხე სადავოდ (მოპასუხის სტადია). თუ მოპასუხეს არ აქვს წარდგენილი კვალიფიციური (არსებითი) შედავება, არამედ მხოლოდ სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტების უარყოფით შემოიფარგლება, მოსამართლე გადადის მტკიცების სტადიაზე, რაც ნიშნავს სადავოდ გამხდარი ფაქტების დადგენის პროცესს. მოპასუხის მხრიდან არსებითი ხასიათის შედავების შემთხვევაში, მოსამართლემ ასევე უნდა მოიძიოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც გამორიცხავს, წყვეტს ან აფერხებს მოთხოვნის განხორციელებას, ხოლო ნორმის წინაპირობების შემოწმება იმავე წესით ხორციელდება. აქაც მნიშვნელოვანია რას პასუხობს მოსარჩელე მოპასუხის არსებით შედავებას, არ არის გამორიცხული მოსარჩელემაც კვალიფიციური პასუხი გასცეს მოპასუხის ამგვარ განმარტებას. ამდენად მოსამართლე ასე უწვეტად გადადის მოსარჩელის სტადიიდან მოპასუხის სტადიაზე და პირიქით, ვიდრე არ დასრულდება მხარეთა განმარტებების ურთიერთგაცვლის პროცესი, რომლის შედეგადაც უნდა გაირკვეს უდავო და სადავო (მტკიცების საგანში შემავალი) ფაქტები.

118.საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრატიკის მიხედვით, ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (შდრ: სუსგ-ები: №ას-1274-2022, 22 ნოემბერი, 2022, პ.74; №ას-626-2021, 14 ივლისი, 2021 წელი; №ას-1819-2019 19 თებერვალი, 2020;

119. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას.

120. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება, მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენა საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის. ასეთ შემთხვევაში, ორივე მხარე იქნება კმაყოფილი: კრედიტორი - ვალდებულების შესრულების მიღებით, ხოლო მოვალე - ვალდებულებისაგან გათავისუფლებით.

121. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურ სამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ვრცელი დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს (შდრ: სუსგ №ას-1338-1376-2014, 29.06.2015წ.). სსკ-ის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეების ქცევის მასშტაბს - კეთილსინდისიერების ვალდებულებას, ინდივიდის მოქმედებას სამართლიანობის კრიტერიუმთან ურთიერთკავშირში (იხ: ლადო ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, თბილისი, 2017, მუხ.8, ველი 1, 10-12; დავით კერესელიძე, კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, თბილისი, 2009, გვ.83, 92-95). სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები.

122. სახელშეკრულებო სამართალში შეიძლება გამოვყოთ კეთილსინდისიერების რამდენიმე ფუნქცია: 1) კანონისა და ხელშეკრულების ხარვეზის შევსება, რაც გულისხმობს მხარეთათვის დამატებით ვალდებულებების დადგენას, ანუ სახელშეკრულებო ვალდებულებების განვრცობას, გაფართოებას, შევსებას; 2) ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებების შეზღუდვა; 3) ხელშეკრულების კორექტირება; 4) ხელშეკრულების განმარტება. მოსამართლე ვალდებულია, გამოავლინოს და მხედველობაში მიიღოს ყველაფერი ის, რაც მხარეებმა არ გაამხილეს, მაგრამ ხელშეკრულების საბოლოო მიზნის გათვალისწინებით, მასში დაფიქსირებული უნდა ყოფილიყო, თუ ხარვეზიანი ადგილები მოწესრიგდებოდა სამართლიანობის პრინციპისა და საქმიანი ბრუნვის ჩვეულებათა შესატყვისად (იხ. ალექსანდრე იოსელიანი, კეთილსინდისიერების პრინციპი სახელშეკრულებო სამართალში (შედარებით-სამართლებრივი გამოკვლევა), „ქართული სამართლის მიმოხილვა“, სპეციალური გამოცემა, თბ., 2007, 54). ამა თუ იმ ხელშეკრულებაში, შესაძლოა, არც კი იყოს ჩამოყალიბებული განსაზღვრულად ქცევის წესი, მაგრამ განსაზღვრული წესით ქცევის, განსაზღვრული მოქმედების შესრულების ვალდებულება კეთილსინდისიერების პრინციპის მოთხოვნებიდან გამომდინარეობდეს (იხ: ნინო ხუნაშვილი, კეთილსინდისიერების პრინციპი სახელშეკრულებო სამართალში, თბილისი, 2016, გვ.117,118). რაც შეეხება ე.წ. ხელშეკრულების კორექტირებას (მისადაგებას შეცვლილი გარემოებებისადმი), ანუ ხელშეკრულების ადაპტაციას, მან უნდა ასახოს მხარეთა ის ნება, რომელიც კონტრაჰენტებს ექნებოდათ შეცვლილი გარემოებების ხელშეკრულების დადების ეტაპზე ცოდნის შემთხვევაში (ვრცლად იხ.: ნათია ჩიტაშვილი, შეცვლილი გარემოებების გავლენა ვალდებულების შერულებაზე და მხარეთა შესაძლო მეორად მოთხოვნებზე (შედარებით ანალიზი), თბილისი, 2015).

123.საკასაციო პალატას მიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის შედავების ფარგლებში განმსაზღვრელია სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილის კეთილსინდისიერებისა და მეორე მონაწილის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების ვალდებულება და არა მარტოოდენ პირგასამტეხლოს მოთხოვნა.

124.დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული №60/60 და №06/75 ხელსეკრულებების საფუძველზე, შეთანხმებულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება. თუმცა საკასაციო პალატას წინამდებარე განჩინებაში განვითარებული მსჯელობებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიაჩნია, რომ მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით №60/60 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1776.17 ლარის, ხოლო №06/75 ხელშეკრულებიდან კი - 6.236.17 ლარის გადახდის მოთხოვნა, არაგონივრულია და სსკ-ის 8.3-ე მუხლით დადგენილ ქცევის სტანდარტს სცდება.

125. შესაბამისად, კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ვერ დაუპირისპირა გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობის გამოანგარიშება უნდა მოხდეს მხარეთა შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №06/60 და №06/75 ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულების ვადის გადაცილებით შესრულებული ნაწილის და არა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან. სააპელაციო პალატამ მართებულად აღნიშნა, რომ მოსარჩელეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოანგარიშებული ვადის გადაცილებით შესრულებული ვალდებულების ოდენობა სადავოდ არ გაუხდია, რუსთავის საქალაქო სასამართლომ მოპასუხის მიერ გადასახდელი პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობად №06/60 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 112.94 ლარი, ხოლო №06/75 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 406.94 ლარი სწორად განსაზღვრა, რასაც გამოაკლდა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით უკვე დაქვითული 199.55 ლარი (იხ. წინამდებარე განჩინების პ.41-43).

126. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორის მითითება დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) ვადის გადაცილებით შესრულებული სამუშოების ღირებულებაში გაერთიანების შესახებ.

127. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედი მტკიცების სტანდარტის შესაბამისად, მოპასუხემ რაიმე მტკიცებულებით ვერ დაადასტურა მხარეთა შორის იმგვარი შეთანხმების არსებობა, რომელის საფუძველზეც პირგასამტეხლოს დარიცხვისას დღგ-ის თანხის ოდენობაც უნდა იქნეს გათვალისწინებული.

128. დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ შეფასდება კასატორის მითითება, რომლითაც იგი არ დაეთანხმა დამატებითი გადაწყვეტილებით მისთვის მოპასუხის მხრიდან გაღებული ადვოკატის ხარჯის ნაწილის ანაზღაურებას.

129. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V-ე თავი ეძღვნება პროცესის ხარჯებს. სსსკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია, თუ რას შეადგენს თითოეული მათგანი, კერძოდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

130. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის მეორე მხარისათვის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის წესი მოცემულია სსსკ-ის 53-ე მუხლში. ნორმის პირველი ნაწილის დანაწესით, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4%-ისა. ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვნ ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს. კანონდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთბელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულეობის კრიტერიუმად კი, კანონმდებელი მიიჩნევს დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს. აღსანიშნავია, რომ დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება წარმომადგენლის ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები იქნა განხორციელებული ადვოკატის მიერ, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვ. (შდრ: სუსგ №ას-818-784-2016, 02 ნოემბერი, 2016 წელი). გაწეული საადვოკატო ხარჯის დაკისრებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქმის სირთულით, სასამართლო სხდომებში მონაწილეობისათვის დახარჯული დროის, წარმოდგენილი მოსაზრებებისა თუ მტკიცებულებების სიმრავლით და სხვა ამგვარი გარემოებებით, რაც მეორე მხარისათვის დასაკისრებელი საადვოკატო ხარჯის გონივრულობას განაპირობებს (შდრ: სუსგ №ას-1125-2019, 31 ოქტომბერი, 2019).

131. საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, „საპროცესო კანონმდებლობა პროცესის ხარჯების საკითხის განხილვის თაობაზე რაიმე სპეციალური წარმოების სახეს არ იცნობს, გარდა კოდექსის 261-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა. სასამართლოს ყოველთვის შეუძლია გამოიტანოს გადაწყვეტილება პროცესის ხარჯების თაობაზე, თუკი ამას მხარეები მოითხოვენ და დაადასტურებენ სათანადო მტკიცებულებებით. სასამართლოსთვის მინიჭებული ამგვარი ლეგიტიმური უფლება გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის დებულებიდან. საპროცესო ხარჯების განაწილება მხარეთა შორის ხდება თითოეულ ინსტანციის სასამართლოში ცალ-ცალკე და იმის მიხედვით, თუ როგორ შეცვლის ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას, ამას მოჰყვება პროცესის ხარჯების განაწილების ცვლილებაც. საკასაციო პალატის შეფასებით, ვინაიდან არსებობს დავის გადაწყვეტასთან ერთად იმავე დავაზე გაწეული ხარჯების დაბრუნების სამართლებრივი მექანიზმი, ხოლო საპროცესო კანონი სპეციალურ რეგულაციას არ იცნობს, მხარეებმა პროცესის ხარჯების დაბრუნების (მეორე მხარისათვის მათ სასარგებლოდ დაკისრება) შესახებ უნდა მიუთითონ ძირითად სასარჩელო (შესაგებლის) მოთხოვნასთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ივარაუდება, რომ მათ პრეტენზია პროცესის ხარჯებთან დაკავშირებით არ გააჩნიათ. ამასთან, მხარეებს არ უნდა შეეზღუდოთ პროცესის ხარჯების მოთხოვნის უფლება საქმის მომზადების დასრულების შემდგომ, ან საქმის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში განხილვის ეტაპზე, თუკი ხარჯების საკითხი სწორედ საქმის განხილვის ამ სტადიაზე წარმოიშვა და მანამდე მხარისთვის ამ ფაქტის შესახებ ობიექტურად ცნობილი ვერ იქნებოდა“ (იხ. სუსგ №ას-165-158-2013, 27 იანვარი, 2014 წელი).

132. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია ვერც სასამართლოს და ვერც მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.

133. სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, კერძოდ: ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება,რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.

134. მოხმობილი ნორმის დეფინიიციდან გამომდინარეობს, რომ საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ამომწურავ ჩამონათვალს იმ საკითხების განხილვისა და გადაწყვეტისათვის, რომელიც ახასიათებს დამატებითი გადაწყვეტილების ინტიტუტს. აღსანიშნავია ისიც, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა დასაშვებია როგორც მხარეთა მოთხოვნის საფუძველზე, ისე სასამართლოს ინიციატივით. მითითებული მუხლი ითვალისწინებს ისეთი ხარვეზის აღმოფხვრის მექანიზმებს, როდესაც, მართალია, მხარემ მოითხოვა პროცესის ხარჯების ანაზღაურება სასამართლოსაგან, მაგრამ სასამართლოს თავისი მიზეზით გამორჩა მხედველობიდან ამ საკითხის გადაწყვეტა (შდრ. სუსგ.-ებები: №ას-1054-2019 30 სექტემბერი, 2019წ., №ას-165-158-2013, 27 იანვარი, 2014წ.).

135. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი არეგულირებს შემთხვევას, როდესაც მხარემ დასვა საპროცესო ხარჯების მოწინააღმდეგისათვის დაკისრების საკითხი, თუმცა სასამართლოს თავისი ბრალით გამორჩა მხედველობიდან ამ საკითხის გადაწყვეტა, ამასთანავე, მითითებული ნორმა არეგულირებს ე.წ „ნაკლიანი“ გადაწყვეტილების გასწორების შესაძლებლობას და მისი რეგულირების ქვეშ მოიაზრება მთლიანად სასამართლო ხარჯების საკითხი (როგორც სასამართლო, ისე არასასამართლო ხარჯები) (იხ. სუსგ №ას-658-625-2014, 26 იანვარი, 2015 წელი).

136. მოცემულ შემთხვევაში სარჩელის ფასმა შეადგინა სულ - 8003,34 ლარი, საიდანაც დაკმაყოფილდა 320.33 ლარის ოდენობის მოთხოვნა, ხოლო 7683.01 ლარის ანაზღაურებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი. შესაბამისად, 2022 წლის 13 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილებით, ადვოკატის ხარჯის - 300 ლარის გამოანგარიშება აღნიშნული ოდენობიდან, კანონის ზემოაღნიშნულ დანაწესს შეესაბამება. ( იხ. ტ.3.ს.ფ.58-59).

137. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

138. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

139. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

140. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

141. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ეკატერინე გასიტაშვილი

მირანდა ერემაძე