Facebook Twitter

საქმე №ას-184-2023 21 აპრილი, 2023 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს "ჩ.კ.ბ. ?-ე ჯ–ი" (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ხ.კ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტლების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით ხ.კ–ის (შემდეგში: მოსარჩელე ან აპელანტი) სარჩელი შპს „ჩ.რ. ?-ე ბ. ჯ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი ან კომპანია) წინააღმდეგ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 30 000 ლარის გადახდა დაეკისრა.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მოსარჩელის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დამატებით 16 762.9 ლარის გადახდა დაეკისრა.

3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. მოსარჩელის საკუთრების უფლება დარეგისტრირებულია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ....... მდებარე უძრავ ნივთზე, საკადასტრო კოდით 69.06.60.040;

3.2. მოპასუხე კომპანია 2012 წლიდან ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ....... სარკინიგზო გვირაბს აშენებს, რა დროსაც მიწისქვეშა აფეთქებებს იყენებს;

3.3. მოსარჩელის კუთვნილი სახლი, დამხმარე ნაგებობა და ეზოს შემომსაზღვრელი ღობე დაზიანებულია და ის გამოწვეულია მოპასუხის მიერ განხორციელებული აფეთქებითი სამუშაოებით;

4. მოპასუხე კომპანიის ბრალეული ქმედებისა და მიზეზობრივი კავშირის არსებობა მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების დაზიანებასა და მოპასუხის მიერ განხორციელებულ აფეთქებებს შორის დადგენილია. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელისთვის ზიანის 30 000 ლარის ანაზღაურება. აღსანიშნავია, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს მხოლოდ მოსარჩელეს ზიანის ოდენობის ნაწილში, მოპასუხეს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, მოპასუხის ბრალეულობის საკითხი მოსარჩელისათვის მიყენებულ ზიანში დადგენილია და წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შეფასების საგანს აღარ წარმოადგენს;

4.1. განსახილველ შემთხვევაში იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ზიანის ანაზღაურების დაკისრება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი) და 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლებიდან გამომდინარეობს. კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. განსხვავებით სახელშეკრულებო ვალდებულებისგან, რომელიც წარმოიშობა პირის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობიდან, დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება, შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა (შდრ. სუსგ №ას-72-72-2018, 15.02.2018 № ას-809-776-2016, 04.04.2017);

4.2. სსკ-ის 992 მუხლი განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ: უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული მოქმედების უშუალო შედეგი. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს მითითებულ კონსტრუქციას და მათგან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას;

4.3. განსახილველ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, ასევე მიზეზობრივი კავშირი დამდგარ ზიანსა და ქმედებას შორის დადასტურებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც მოპასუხე მხარეს არ გაუსაჩივრებია. დავის საგანი მხოლოდ მიყენებული ზიანის ოდენობაა;

4.4. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა მის მიერ მოთხოვნილი ზიანის ოდენობის დადასტურება, ხოლო მოპასუხეს უნდა ემტკიცებინა მისი შედავების საფუძვლიანობა. საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად მოსარჩელეს საქმეში წარმოდგენილი აქვს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდეგში: ექსპერტიზის ბიურო) 2020 წლის 17 დეკემბრის დასკვნა და ი/მ ზ.გ–ძის მიერ შედგენილი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია;

4.5. ექსპერტიზის 17.12.2020 წ. დასკვნით დადგენილია, რომ ვიზუალური დათვალიერებით, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის, პირველი სართულის, ღია აივნის რკინაბეტონის ფილის შუა ნაწილის მონაკვეთის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, ხოლო დანარჩენი ნაწილის ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. გარე პერიმეტრზე ტორსული კედლების დაზიანებები (ჩამორეცხვა) გამოწვეულია ატმოსფერული ნალექების გადაყვანის ორგანიზებული სისტემის გაუმართაობით. მიშენებული ნაწილის მხარეს მდებარე კიბის ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია და ექვემდებარება დემონტაჟს ამ მიზნით სპეციალურად დამუშავებული დემონტაჟის პროექტის საფუძველზე. ეზოში მდებარე დამხმარე ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. საკარმიდამო ეზოს შემომსაზღვრელი ბეტონის ღობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და ექვემდებარება დემონტაჟს ამ მიზნით სპეციალურად დამუშავებული დემონტაჟის პროექტის საფუძველზე. ძირითადი და დამხმარე შენობების შემდგომი ნორმალური ექსპლუატაციისთვის აუცილებელია დაუყოვნებლივ ჩატარდეს შენობების ტექნიკური მდგომარეობის დეტალური გამოკვლევა და მიღებული შედეგების ანალიზის შემდეგ, აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოები, ამ მიზნით სპეციალურად დამუშავებული გამაგრების პროექტის მიხედვით;

4.6. ზემოხსენებული ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში აღნიშნულია შემდეგი - ვიზუალური დათვალიერებით, გარე პერიმეტრზე ეზოს მხრიდან მარცხენა ტორსული კედლის პირველ სართულზე ჩამოშლილია ნალესი, ეროზირებულია წვრილი სამშენებლო ბლოკის წყობა და აღინიშნება დახრილი გამჭოლი ბზარი, მარჯვენა ტორსული კედლის მეორე სართულზე ეროზირებულია წითელი აგურის წყობა. მიშენებული ნაწილის კედელზე აღინიშნება დახრილი გამჭოლი ბზარი, აქვე ლითონის მზიდი კონსტრუქციებით მოწყობილი კიბის ბაქნიდან მთლიანად ჩამოშლილია ბეტონის დამცავი შრე და გაშიშვლებულია კოროზირებული არმატურა. ანალოგიური მდგომარეობაა აივნის შუა ნაწილში მდებარე რკინაბეტონის ფილის მონაკვეთზე. ქუჩის გასწვრივ პირველ სართულზე ფანჯრის ღიობების ქვემოთ კედლებზე მრავალ ადგილზე დაზიანებული და ჩამოშლილია ნალესი. ფანჯრის ღიობების ქვედა კუთხეში, ორივე სართულზე აღინიშნება ვერტიკალური და დახრილი ბზარები. შენობის ინტერიერში პირველ სართულზე მარცხენა ტორსულ კედელზე და შუა კედელზე კარების ღიობთან აღინიშნება დახრილი გამჭოლი ბზარები, მიშენების ადგილზე ვერტიკალური ბზარები, ქუჩის გასწვრის პირველ სართულზე ფანჯრის ღიობების ქვემოთ აღინიშნება სინესტის კვალი, რის გამოც ალაგ-ალაგ ჩამოშლილია ნალესი. იატაკი დეფორმირებულია, კერძოდ დახრილია ქუჩის მხარეს. ეზოში მდებარე დამხმარე ნაგებობის მთელ პერიმეტრზე აღინიშნება დახრილი და ჰორიზონტალური, გამჭოლი ბზარები. განსაკუთრებით დაზიანებულია მარჯვენა გრძივი კედელი, სადაც აღინიშნება დახრილი გამჭოლი ნაპრალი;

4.7. მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების დაზიანებების შესახებ აღწერას შეიცავს ასევე ი/მ ზ.გ–ძის მიერ შედგენილი საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, სადაც აღწერილია, რომ საცხოვრებელი სახლის კედლებს აქვს სხვადასხვა მიმართულების და გახსნილობის ბზარები. მარცხენა ტორსული კედლის და უკანა კედლის კუთხე ძლიერაა დაზიანებული. მარჯვენა ტორსულ კედელთან არსებული მიშენება დაშორებულია მზიდი კედლიდან. აქვე არსებული კიბის საფეხურები და რკ/ბეტონის ბაქანი ექვემდებარება დემონტაჟს და ახალი საფეხურების და ბაქნის მოწყობას. ეზოში მდებარე დამხმარე ნაგებობის მთელ პერიმეტრზე შეინიშნება დახრილი და ჰორიზონტალური ბზარები. განსაკუთრებით დაზიანებულია მარჯვენა გრძივი კედელი. საკარმიდამო ეზოს შემომსაზღვრელი ბეტონის კედლის შუა ნაწილი გადმონგრეულია, დანარჩენი ნაწილი კი გადახრილია ვერტიკალური სიბრტყიდან;

4.8. პროექტით გათვალისწინებულია საცხოვრებელი სახლის გვერდით კედლებთან მოწყობილი მიშენებების საძირკვლების გამაგრება რკ/ბეტონის ფილების საშუალებით. ხდება დაზიანებული ნალესის დემონტაჟი მიშენების მეორე სართულის და პირველი სართულის შიდა და გარე კედლებიდან. აღნიშნული კედლები თავიდან უნდა შეილესოს საბათქაშე ბადის გამოყენებით. კედლების მოპირკეთება უნდა მოხდეს არსებული მოპირკეთების ანალოგიურად. რემონტისას დასვრილი ხის ჭერი და იატაკები იღებება ზეთოვანი საღებავებით. დამხმარე ნაგებობის საძირკველის გასაძლიერებლად გარე პერიმეტრთან უნდა მოეწყოს რკ/ბეტონის ფილა. შიდა და გარე კედლებიდან ხდება ნალესის დემონტაჟი და ახალი ლესვის მოწყობა საბათქაშე ბადის გამოყენებით. საკარმიდამო ეზოს შემომსაზღვრელ ბეტონის კედელს უნდა გაუკეთდეს დემონტაჟი. დემონტაჟის წინ კედლის დაბლა ფერდობზე ადგილობრივი მასალებით უნდა მოეწყოს დროებითი ღობე, რათა არ მოხდეს ნანგრევების მეზობლის ეზოში დაგორება. არსებული კედლის ადგილზე ეწყობა ანალოგიური პარამეტრების რკ/ბეტონის ახალი კედელი;

4.9. აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების საწინააღმდეგოდ მოპასუხე მხარეს რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია, თუმცა თავის შედავებას მოპასუხე ამყარებდა ექსპერტიზის ბიუროს 2020 წლის 17 დეკემბრის დასკვნაში მოცემულ შეფასებას, რომ გარე პერიმეტრზე ტორსული კედლების დაზიანებები (ჩამორეცხვა) გამოწვეულია ატმოსფერული ნალექების გადაყვანის ორგანიზებული სისტემის გაუმართაობით. აღნიშნულ ჩანაწერზე დაყრდნობით მოწინააღმდეგე მხარე ამტკიცებს, რომ ი/მ ზ.გ–ძის მიერ შედგენილ დოკუმენტში აღრიცხული სამუშაოების სრულად ანაზღაურების ვალდებულება მოპასუხეს არ უნდა დაეკისროს;

4.10. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ი/მ ზ.გ–ძის მიერ შედგენილ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტში აღწერილი მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების დაზიანებები ემთხვევა 17.12.2020 წ. ექსპერტიზის დასკვნის როგორც კვლევით, ასევე დასკვნით ნაწილში აღწერილ დაზიანებებს. რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ შეფასებას, რომ გარე პერიმეტრზე ტორსული კედლების დაზიანებები (ჩამორეცხვა) გამოწვეულია ატმოსფერული ნალექების გადაყვანის ორგანიზებული სისტემის გაუმართაობით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ექსპერტი დასკვნის ბოლოს უთითებს, რომ მოსარჩელის საცხოვრებელ სახლზე, დამხმარე ნაგებობაზე და ეზოს შემომსაზღვრელ ბეტონის ღობეზე არსებული დაზიანებები და არსებული დაზიანებების დამძიმება გამოწვეულია №9 სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული სამუშაოების შედეგად. აღსანიშნავია, რომ დასკვნის ბოლოს ექსპერტი ცალკე არ გამოჰყოფს საცხოვრებელი სახლის გარე პერიმეტრზე ტორსული კედლების დაზიანებებს და საცხოვრებელი სახლის დაზიანებებს ერთიანობაში უკავშირებს მოპასუხის მიერ წარმოებულ სამუშაოებს. ექსპერტიზის კვლევით ნაწილში, როგორც ზემოთ ვრცლად იქნა გადმოცემული, საცხოვრებელი სახლის გარე პერიმეტრზე ტორსულ კედლებზე დაფიქსირებულია სხვადასხვა სახის დაზიანებები, კერძოდ, ნალესის ჩამოშლა, სამშენებლო ბლოკების წყობის ეროზია, გამჭოლი ბზარები და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ყველა ამ დაზიანებას ექსპერტი ატმოსფერული ნალექების გადაყვანის სისტემის გაუმართაობას არ უკავშირებს, არამედ როგორც დასკვნაშია აღნიშნული, ხსენებული მიზეზი მიემართება კედლების ჩამორეცხვის ტიპის დაზიანებებს, რაშიც ვერ იქნება მოაზრებული მაგალითად, კედლებზე არსებული გამჭოლი ბზარები. საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებების გამომწვევი მიზეზი ექსპერტიზის დასკვნის ბოლო აბზაცში ნათლად არის ჩამოყალიბებული, აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცების ტვირთი, რომ მაგალითად გარე ტორსულ კედლებზე არსებულ სხვა დაზიანებებთან, გარდა ჩამორეცხვისა, მოპასუხის საქმიანობას კავშირი არ აქვს, სწორედ მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, რაც მან ვერ განახორციელა;

4.11. ი/მ ზ.გ–ძის მიერ შედგენილ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში მოცემულია ის სამუშაოები, რაც საჭიროა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების გამაგრება-რეაბილიტაციისთვის. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილ მსჯელობაზე, კერძოდ, ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ შეადარა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილი დაზიანებები საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით ჩასატარებელ სამუშაოებს და დაასკვნა, რომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებულია ისეთი სამუშაოების შესრულებაც, რაც ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში აღწერილ, მოპასუხის ბრალით გამოწვეული დაზიანების მოცულობას სცილდებოდა. შესაბამისად, სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომლის შესაბამისად, ინდ/მეწარმე "ზ.გ–ძის" სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტით გაზრდილია შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა, რითაც იმავდროულად გაზრდილია საშენი მასალებისა და შრომითი რესურსების ოდენობაც, რის გამოც, მოპასუხეს უნდა გადახდეს ექსპერტის დასკვნაში აღნიშნული დაზიანებების გამოსასწორებლად საჭირო გონივრული თანხა, რაც, სასამართლოს შეფასებით 30 000 ლარია. აღნიშნული მსჯელობის შემდეგ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაასკვნა, რომ ინდ/მეწარმე ზ.გ–ძის მიერ გაცემული სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. გარდა ამისა, ამ დასკვნის საფუძველზე მომზადებული სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შეეხება მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების როგორც ნაწილის დემონტაჟის, ასევე - დარჩენილი ნაწილის გამაგრება-შეკეთებისათვის ჩასატარებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვას, ხოლო მოსარჩელის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობებზე არსებული ზიანის ხარისხი, ასევე მათი შემდგომი ნორმალური ექსპლუატაციისათვის აუცილებელი აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა დადასტურებულია ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით;

4.12. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილი ზემოხსენებული მსჯელობები ურთიერთსაწინააღმდეგოა, კერძოდ, ერთ შემთხვევაში, სასამართლომ მიუთითა, რომ ი/მ ზ.გ–ძის მიერ შედგენილ დოკუმენტში გაზრდილია ხარჯების ოდენობა, შემდგომ კი დაასკვნა, რომ აღნიშნული ხარჯთაღრიცხვის სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობდა და მოპასუხე მხარემ საწინააღმდეგოს დადასტურება ვერ შეძლო, რაც, თავის მხრივ, ბუნდოვანს ხდის აბზაცის დასაწყისში განვითარებულ მსჯელობას. სააპელაციო სასამართლომ ასევე ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ სასამართლომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებით დადასტურებული ხარჯების ოდენობა ისე შეამცირა 30 000 ლარამდე, რომ არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი სამუშაოები მიიჩნია არასავალდებულოდ, ან რომელი სამუშაოების მიმართ არ დაადგინა მოპასუხე მხარის ბრალეულობა. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადასტურა, რომ ი/მ ზ.გ–ძის მიერ შედგენილ დოკუმენტში აღწერილი, მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებზე არსებული ზიანის ხარისხი, ასევე მათი შემდგომი ნორმალური ესპლუატაციისათვის აუცილებელი აღდგენა- გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა დადასტურებულია ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით. შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზემოხსენებული ორი დოკუმენტი ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება და ი/მ ზ.გ–ძის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტი დადასტურებულია ასევე ექსპერტიზის დასკვნით, რაც სააპელაციო სასამართლომაც გაიზიარა საქმის მასალების დეტალური შესწავლა-გამოკვლევის საფუძველზე;

4.13. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ი/მ ზ.გ–ძის მიერ შედგენილი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შეესაბამება ექსპერტიზის ბიუროს 2020 წლის 17 დეკემბრის დასკვნას, სადაც ცალსახად არის დადგენილი მოპასუხე კომპანიის ბრალეულობა დამდგარ ზიანში. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ ვერც საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის ეტაპზე წარადგინა შესატყვისი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას დარწმუნებულიყო, რომ ი/მ ზ.გ–ძის მიერ შედგენილ დოკუმენტში უძრავი ქონების აღდგენა-გაძლიერებისთვის საჭირო ხარჯები ხელოვნურადაა გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ საქმის განხილვის პროცესში ვერც მოწინააღმდეგე მხარემ მიუთითა, თუ ხარჯთაღრიცხვაში ჩამოთვლილი კონკრეტულად რომელი სამუშაოები იყო ზედმეტი, რაც ხარჯის ხელოვნურად გაზრდას იწვევდა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დაზიანებული უძრავი ქონების რეაბილიტაციისთვის საჭირო მოქმედებების განსაზღვრა მოითხოვს სპეციალურ ცოდნას, შესაბამისად ამ გარემოების დადგენა სათანადო ექსპერტის მიერ შედგენილი დასკვნითაა შესაძლებელი, რაც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს, მოპასუხეს კი, თავის მხრივ, გარდა ზეპირი ახსნა-განმარტებისა, სარწმუნო მტკიცებულება მოსარჩელის მტკიცების გასაქარწყლებლად არ წარუდგენია.;

4.14. ყოველი ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ საქმის მასალებიდან არ იკვეთებოდა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმის საფუძველი. მოსარჩელემ სრულად უზრუნველყო კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და მის მიერ მოთხოვნილი ზიანის ოდენობის სარწმუნოდ დადასტურება, რაც, თავის მხრივ, სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენით ვერ გამორიცხა მოპასუხე მხარემ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ გამოვლინდა სარჩელის სრულად დაკმაყოფილების წინაპირობა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების საფუძველი, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის უკვე დაკისრებული 30 000 ლარის გარდა, ამ უკანასკნელს მოსარჩელის სასარგებლოდ დამატებით უნდა დაეკისროს 16 762,90 ლარის გადახდა და სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

5. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

5.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხე კომპანიამ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის უარყოფა მოითხოვა.

5.2. კასატორის განმარტებით, მოსარჩელის უძრავი ქონების დაზიანება ნაწილობრივ ატმოსფერული ნალექითაა გამოწვეული, რის გამოც მოპასუხისათვის დაკისრებული ზიანის ანაზღაურება გონივრულად, მხოლოდ 30 000 ლარით უნდა განისაზღვროს.

5.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 მარტის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მოპასუხის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

8. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის საკასაციო პრეტენზია მხოლოდ იმას ეფუძნება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული ზიანის ოდენობა არასწორია და მას ამ ოდენობის ზიანი არ მიუყენებია მოსარჩელისათვის.

9. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და დავა სამართლებრივად მართებულად შეაფასა (სსკ-ის 992-ე, 408.1-ე, 409-ე მუხლები).

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიუთითებენ მათზე. კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე, რომელიც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია. დასახელებული ნორმა ითვალისწინებს დელიქტურ პასუხისმგებლობას, რომელიც დგება ზიანის მიყენების შედეგად. თავისთავად დელიქტური პასუხისმგებლობა, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილ ვალდებულებას, რომლის სტრუქტურულ ელემენტებს წარმოადგენს მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალი. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს მიზეზშედეგობრივი კავშირი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედების უშუალო შედეგი. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა (იხ. სუსგ N ას-809-776-2016, 04.04.2017წ) .

11. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ.სუსგ Nას-72-72-2018, 15.02.2018).

12. დადგენილია, რომ მოსარჩელემ, თავისი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად სასამართლოს წარუდგინა ექსპერტიზის დასკვნა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტი (იხ. ამ განჩინების 4.5-4.8 ქვეპუნქტები).

13. „ექსპერტიზის დასკვნა, ესაა მტკიცებულების ერთ-ერთი სახე, რომელიც შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს საქმის გარემოებათა დასადგენად. იმის მიხედვით, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რა გარემოებაა დასადგენი. თავად ექსპერტი კი პროცესის მონაწილე დამხმარე სუბიექტია, რომელიც ფლობს სპეციალურ ცოდნას მეცნიერების, ტექნიკის, მედიცინის, ხელოვნების ან ხელობის დარგში. მის მიერ შედგენილ დასკვნაში გადმოცემულია გამოკვლევის შინაარსი, შედეგები და პასუხი მის წინაშე დასმულ კითხვებზე. სსსკ-ის 162-ე მუხლის ნორმატიული გაგებით, მტკიცების ამ საშუალებით შესაძლებელია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის დადგენა, ხოლო ამგვარი მტკიცებულების გარეშე, ზოგიერთ შემთხვევაში, საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ექსპერტიზის საჭიროება საქმეზე დასადგენი გარემოებების თავისებურებიდან გამომდინარეობს. ექსპერტიზის დასკვნა, როგორც სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კვლევის წერილობითი შედეგი პასუხს სცემს სამოქალაქო საქმესთან დაკავშირებით მხარეთა ანდა სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებს“ (იხ., ილონა გაგუა, „მტკიცებულებები და მტკიცების პროცესი კერძო ხასიათის სამართლებრივ დავებზე“, 2020 წელი, გვ: 97-99,102, 106-107, 112-113. რედაქტორები: ზურაბ ძლიერიშვილი, ნუნუ კვანტალიანი) - იხ. სუსგ Nას-45-2021, 22.04.2021წ.

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე, შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).

15. მოსარჩელის სამართლებრივი პრეტენზიის დასადასტურებლად მითითებული მტკიცებულებების საპირწონე ფაქტების დადასტურების ვალდებულება მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, თუმცა მოცემული დავის ფარგლებში მოპასუხემ ვერ უზრუნველყო იმგვარ გარემოებებზე მითითება/მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც საქმეში წარმოდგენილ დასკვნებს გააქარწყლებდა.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხეს (კასატორს) მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის გასაბათილებლად არანაირი წერილობითი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით კასატორს სასამართლოსათვის შეეძლო წარედგინა მტკიცებულება, რომელიც მოსარჩელის მიერ წარდგენილ დასკვნას ეჭვქვეშ დააყენებდა, სასამართლოს კი დაარწმუნებდა, რომ კომპანიის მიერ სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში სამუშაოების (აფეთქებების) ჩატარებისას მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების დაზიანებაში ბრალი მოპასუხეს სრულად არ მიუძღვის. იმისათვის, რომ მოვალეს დაეკისროს პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, წარმოადგენს თუ არა ზიანი მოვალის მოქმედების უშუალო შედეგს. თუ მიზეზობრივი კავშირი სახეზეა, არსებული ზიანი ანაზღაურდება სრულად, მიუხედავად იმისა, თუ რა ოდენობისაა ეს ზიანი ან რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობა დამდგარ შედეგში. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როდესაც კრედიტორი თავადაც არის პასუხისმგებელი დამდგარი შედეგისათვის (სსკ-ის 415-ე მუხლი ,,თუ ზიანის წარმოშობას ხელი შეუწყო დაზარალებულის მოქმედებამაც, მაშინ, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დამოკიდებულია იმაზე, თუ უფრო მეტად რომელი მხარის ბრალით არის ზიანი გამოწვეული. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა დაზარალებულის ბრალი გამოიხატება მის უმოქმედობაში - თავიდან აეცილებინა ან შეემცირებინა ზიანი). პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მხოლოდ მაშინაა ზიანის მიზეზი, როცა ის უშუალოდაა დაკავშირებული დამდგარ შედეგთან. ამრიგად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მისი გამომწვევი ქმედების უშუალო, აუცილებელი, პირდაპირი შედეგია (სხვა მრავალთა შორის იხ. სუსგ-ები: N ას-85-2021, 24.12.2021წ; N ას-601-2022, 29.09.2022წ.).

18. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას (იხ. ამ განჩინების 4.10 და 4.14 ქვეპუნქტები) და განმარტავს, რომ ი/მ ზ.გ–ძის მიერ მომზადებული სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შეეხება მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების როგორც ნაწილის დემონტაჟის, ასევე - დარჩენილი ნაწილის გამაგრება-შეკეთებისათვის ჩასატარებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვას, ხოლო მოსარჩელის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობებზე არსებული ზიანის ხარისხი, ასევე მათი შემდგომი ნორმალური ექსპლუატაციისათვის აუცილებელი აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარების საჭიროება დადასტურებულია ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით.

19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს შესაბამისი მტკიცებულებები, რაც მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს ზიანის ოდენობასთან მიმართებით გააქარწყლებდა, არ წარუდგენია სასამართლოსათვის, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, კასატორის (კომპანიის) პრეტენზია, ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელია.

20. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შეად. სუსგ-ებს: N ას-482-2019, 31.05.2019; N ას-280-280-2018, 18.07.2018; N ას-189-189-2018, 23.03.2018; N ას-1052-2019, 20.12.2019წ; N ას-1388-2019, 26.03.2020წ; N ას- 204-2020, 24.06.2020წ).

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

22. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

1. შპს "ჩ.კ.ბ. 23-ე ჯ–ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს "ჩ.კ.ბ. ?-ე ჯ–ს" (ს/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ.ფ–ის (პ/ნ ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება N1679212787, გადახდის თარიღი 2023 წლის 19 მარტი), 70% – 105 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური