საქმე №ას-1523-2022 21 აპრილი, 2023 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი –შპს "ც–ნი", შპს "დ.ჰ–ი" (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ.ქ–ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩნება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის და სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ.ქ–ას (შემდეგში: მოსარჩელე ან დასაქმებული) სარჩელი შპს „დ.ჰ–ის“ (შემდეგში: პირველი მოპასუხე, პირველი აპელანტი, პირველი კასატორი ან პირველი დამსაქმებელი) და შპს „ც–ნის“ (შემდეგში: მეორე მოპასუხე, მეორე აპელანტი, მეორე კასატორი ან მეორე დასაქმებული) წინააღმდეგ, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის, იძულებითი განაცდურისა და სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე, დაკმაყოფილდა:
1.1. ბათილად იქნა ცნობილი პირველი მოპასუხის 2021 წლის 15 თებერვლის №15/02/21 ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ;
1.2. მოსარჩელე აღდგენილ იქნა პირველ დამსაქმებელ კომპანიაში „სუპერვაიზერის“ პოზიციაზე; პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, 2021 წლის 2 მარტიდან, ყოველთვიურად 1 300 ლარის ოდენობით (კანონით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე;
1.3. პირველ დამსაქმებელს დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისრა: 2020 წლის დეკემბრის თვის სახელფასო დავალიანების 1 300 ლარის ანაზღაურება, კანონით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე; 2021 წლის იანვრის თვის სახელფასო დავალიანებების 1 300 ლარის ანაზღაურება, კანონით გათვალისწინებული გადასახადის გარეშე; 2021 წლის თებერვლის თვის სახელფასო დავალიანებების 1 300 ლარის ანაზღაურება, კანონით გათვალისწინებული გადასახადის გარეშე;
1.4. ბათილად იქნა ცნობილი მეორე დამსაქმებელი კომპანიის 2021 წლის 15 თებერვლის №15/02/21-1 ბრძანება მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ;
1.5. მოსარჩელე აღდგენილ იქნა მეორე მოპასუხე კომპანიაში „სუპერვაიზერის“ პოზიციაზე;
1.6. მეორე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2021 წლის 2 მარტიდან ყოველთვიურად 800 ლარის ოდენობით (კანონით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების თარიღამდე;
1.7. მეორე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა: 2020 წლის დეკემბრის თვის სახელფასო დავალიანების 800 ლარის ანაზღაურება, კანონით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე; 2021 წლის იანვრის თვის სახელფასო დავალიანების 800 ლარის ანაზღაურება, კანონით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე; 2021 წლის თებერვლის თვის სახელფასო დავალიანების 800 ლარის ანაზღაურება, კანონით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა მათზე:
3.1. მოსარჩელე, 2019 წლის 4 ივნისს, პირველ მოპასუხე კომპანიასა და მეორე მოპასუხე კომპანიაში შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე დასაქმდა „სუპერვაიზერის“ პოზიციაზე. დასაქმებულის ფუნქციებში შედიოდა: მის დაქვემდებარებაში მყოფი „პრესელერებისთვის“ შრომითი პროცესის ორგანიზება და დანაწილება, მათი საქმიანობის გაკონტროლება/მონიტორინგი; საყოფაცხოვრებო/საკვები პროდუქციის საბითუმო რეალიზაციის მიზნით მომხმარებლების (კლიენტების) მოძიება; დამსაქმებლის სახელით პროდუქციასთან დაკავშირებული შეკვეთების მიღება და მომხმარებლისთვის პროდუქციის მიწოდების გაკონტროლება; დამსაქმებლის სასარგებლოდ არსებულ ვალდებულებათა შესრულების პროცესის ზედამხედველობა და სხვა ფუნქციები;
3.2. შრომითი ხელშეკრულებების თანახმად დასაქმებულის ხელფასს დირექტორი ყოველთვიურად ბრძანებით განსაზღვრავდა;
3.3. დასაქმებული, 2021 წლის 15 თებერვალს, პირველ და მეორე დამსაქმებელ კომპანიებში დაკავებული პოზიციიდან, საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ) 47-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტების საფუძვლით, გათავისუფლდა;
3.4. მოსარჩელემ 2021 წლის 4 მარტს განცხადებით მიმართა მოპასუხეებს, რომლითაც მოითხოვა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წერილობითი დასაბუთება;
3.5. მოსარჩელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების არაჯეროვნად შესრულებისა და მის მიმართ დისციპლინური პასუხიმგებლობის რომელიმე ზომის გამოყენების ფაქტი საქმის მასალებით არ დადასტურდა;
3.6. მოპასუხეებმა მოსარჩელის სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისა და მისი მხრიდან ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტის დადასტურების მიზნით განმარტეს, რომ მოსარჩელის ფუნქციაში შედიოდა მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების - ,,პრესელერების“ კონტროლი, რომელთა მხრიდანაც ადგილი ჰქონდა მოპასუხეთა კუთვნილი თანხების მითვისებას, მოპასუხე ორგანიზაციების კუთვნილი პროდუქციის საცავებში (ა/ფარეხებში) დალაგებას და ვადის გასვლის შემდეგ კომპანიაში დაბრუნებას;
3.7. მოპასუხეთა შუამდგომლობის საფუძველზე მოწმის სახით დაკითხულმა ა.კ–მა, რომელსაც პირველ მოპასუხე კომპანიაში 2020 წლის სექტემბრიდან ეკავა ჯერ რეგიონის მენეჯერის, ხოლო შემდეგ გაყიდვების მენეჯერის პოზიცია, განმარტა, რომ ზუგდიდის რეგიონის გადამოწმების შედეგად გამოვლინდა გარკვეული პრობლემები, კერძოდ, პროდუქციის დალაგების, შეკვეთების არასწორი მიწოდების, ტრანსპორტის, ფინანსური ვალდებულებების კუთხით, არსებობდა კომპანიის მიმართ დავალიანებები, ეს იყო კონსიგნაციის წესით მიწოდებული საქონლის ღირებულება, რაზედაც თავდაპირველად დასაქმებულს სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა, რომ თუ პრობლემები არ მოგვარდებოდა იგი სამსახურიდან გათავისუფლდებოდა. განმეორებით გადამოწმების შედეგად, აღნიშნული პრობლემები არ იყო მოგვარებული. აღნიშნულზე ა.კ–მა, მოსარჩელეს, რომელიც მის დაქვემდებარებაში იყო, შესთავაზა ობიექტების - ქსელის ერთად გადამოწმება, რაზედაც რამდენჯერმე გაურკვეველი მიზეზებით უარი მიიღო. მოწმემ ასევე განმარტა, რომ დასაქმებულის დაქვემდებარებაში იყვნენ, ,,პრესელერები“ ბ.გ–ია, ზ.მ–ა და ზ.ვ–ა, რომლებსაც გააჩნდათ ფინანსური ვალდებულებები კომპანიის მიმართ, რომელთა კონტროლი მოსარჩელის მოვალეობაში შედიოდა. მოწმემ აღნიშნა, რომ დასახელებული პირები იყვნენ როგორც მისი, ასევე მოსარჩელის დაქვემდებარებაში;
3.8. მოპასუხეებმა წარადგინეს ხელწერილები, რომელთა თანახმად ბ.გ–ა პასუხისმგებლობას იღებდა შეკვეთების არასწორ ობიექტებზე განთავსებისთვის, ზ.მ–ა ეთანხმებოდა 2021 წლის 20 იანვრის მდგომარეობით არსებულს ვალებს და აცხადებდა, რომ ისინი მისი გასასწორებელი იყო;
3.9. სადავო გარემოებების დადასტურების მიზნით მოპასუხეთა მიერ, გარდა ზეპირი ახსნა-განმარტებისა, არ იქნა წარდგენილი სხვა სახის მტკიცებულება, რომ მოსარჩელის დაქვემდებარებაში იყვნენ დასახელებული ,,პრესელერები“. საქმის მასალებში არ არის წარდგენილი ბრძანება ან სხვა სტრუქტურული შიდა დოკუმენტი, რომელიც აღნიშნულ გარემოებას დაადასტურებდა. ასევე, წარდგენილი ხელწერილებით და ახსნა-განმარტებებით არ ირკვევა, თუ ვის მიმართ იღებდნენ პასუხისმგებლობას ხელწერილის ავტორები, ისევე როგორც არ არის წარდგენილი მტკიცებულება, ნამდვილად იყვნენ თუ არა მოპასუხე კომპანიებში დასაქმებული ბ.გ–ა, ზ.მ–ა და ზ.ვ–ა. ამდენად საქმის მასალებში მოთავსებული ხელწერილები სასამართლომ საქმის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებად ვერ მიიჩნია;
3.10. მოპასუხეებს ასევე არ წარუდგენიათ მოსარჩელის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომის გამოყენების მტკიცებულება. რაც შეეხება ზეპირ ახსნა-განმარტებას, როგორც სადავო გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებას, სასამართლომ ამის საფუძველზე აღნიშნული გარემოება დადგენილად ვერ მიიჩნია იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მოპასუხის ახსნა-განმარტებას არ ეთანხმებოდა;
3.11. მოპასუხეების მიერ წარდგენილმა მოწმემ, რომელიც მათ დაქვემდებარებაშია, ვერ დაადასტურა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ დასაქმებული არაჯეროვნად ასრულებდა მოვალეობებს და ვალდებულებებს უხეშად არღვევდა;
3.12. მოსარჩელეს 2020 წლის დეკემბრიდან - ხელშეკრულების შეწყვეტამდე, 2021 წლის 1 მარტამდე, არც ერთ კომპანიაში, არ მიუღია კუთვნილი შრომის ანაზღაურება. დასაქმებულის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება პირველ მოპასუხე კომპანიაში შეადგენდა 1 300 ლარს, კანონით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე, ხოლო მეორე მოპასუხე კომპანიაში - 800 ლარს, კანონით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე;
3.13. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა, რომ მას სამი თვის პერიოდში არ მიუღია კუთვნილი შრომის ანაზღაურება. მოპასუხეებს წარდგენილი შესაგებლით აღნიშნული გარემოება სადავოდ არ გაუხდიათ.
4. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა (უფლებრივი რესტიტუცია) და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნა სშკ-ის 48.8-ე (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) და 58-ე (ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 394.1-ე (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის) და 408-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლებიდან გამომდინარეობს.
5. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა, დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიურ ვალდებულებას წარმოადგენს, რომ დამსაქმებელს არ უნდა შეეძლოს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება შესაბამისი და გამართლებული საფუძვლის გარეშე, ამიტომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის იმ რეგულაციებს, რომლებიც სშკ-ის 47-ე და 48-ე მუხლებშია მოცემული, აქვთ ერთგვარი ,,შემაკავებელი ეფექტი“, რომლის საფუძველიც არის წინაპირობა შრომის ურთიერთობათა მხარეების თვითნებური, გაუმართლებელი გადაწყვეტილებების აღკვეთისთვის. სსკ-ის 115-ე მუხლი წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენების აღკვეთის საკანონმდებლო იმპერატივს, რომლის მიხედვითაც, აკრძალულია უფლების ბოროტად გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. აღნიშნული მუხლი, სშკ-ის შესაბამის ნორმებთან ერთად, ქმნის საკანონმდებლო რეგულირების იმ ბადეს, რომელიც, ერთი მხრივ, იცავს დასაქმებულს - გაუმართლებლად არ მოხდეს მისი გათავისუფლება და, მეორე მხრივ, დამსაქმებელს - შრომითი ურთიერთობის დარღვევისათვის დაითხოვოს თანამშრომელი. ასე რომ აღნიშნული ნორმები ქმნიან მოქმედების იმ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია გამართლებული იყოს როგორც პირის სამსახურიდან დათხოვნა, ისე - სამსახურში აღდგენა, თუმცა აღნიშნული შედეგების რეალიზებისთვის აუცილებელია ყურადღება გამახვილდეს მტკიცების ტვირთზე, რადგან სამოქალაქო სამართლებრივი მტკიცების კლასიკური ტვირთი შრომის დავებში სპეციფიკურადაა წარმოჩენილი და ხშირ შემთხვევაში მიმართულია ერთგვარად ,,სუსტი მხარის“ ანუ დასაქმებულის პროცესუალური თანადგომისაკენ, თუმცა, ეს არ უნდა მივიჩნიოთ შეჯიბრებითობისა და პროცესუალური თანასწორობის კონსტიტუციური უფლების დარღვევად, რადგან ასეთი ტიპის დავებში სწორედ რომ უთანასწორო დამოკიდებულებაში მყოფი სუბიექტების ერთგვარი პროცესუალური გათანაბრება ხდება მის ოპონენტთან.
6. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. “favor prestatoris” პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით (შდრ. სუსგ № ას-941-891-2015, 29.01.2016 წ.).
7. მოცემულ შემთხვევაში როგორც მოპასუხეები უთითებენ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტები იყო (დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა; დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ მის მიმართ ბოლო 1 წლის განმავლობაში უკვე გამოყენებული იყო ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა).
8. საკასაციო სასამართლოს განმარტების მიხედვით, თავდაპირველად უნდა შემწმდეს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერება. აღნიშნული შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (სუსგ-ები: №ას-151-147-2016, 19.04.2016წ; №ას-861-861-2018, 25.09.2018წ; №ას-416-399-2016, 29.06.2016წ.). სასამართლო ზედამხედველობის ფარგლებში ყოველთვის უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, რომლებზე დაყრდნობითაც განისაზღვრება დამსაქმებლის მიერ ხელშეკრულების მოშლის შესახებ გამოვლენილი ცალმხრივი ნების კანონიერების, თანაზომიერების საკითხი (სუსგ №ას-887-854-2016, 08.02.2019წ.).
9. დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება დამსაქმებელმა მაშინ უნდა გამოიყენოს, როდესაც დარღვევა იმდენად მნიშვნელოვანი, არსებითი და მძიმეა, რომ შრომითი ურთიერთობის გაგრძელება შეუძლებელია. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ დამსაქმებლის მხრიდან განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შრომის სამართალში მოქმედ „Ultima Ratio“-ს პრინციპის დაცვას, რაც იმას ნიშნავს, რომ დასაქმებულის გათავისუფლება გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მისი ჩადენილი გადაცდომის ხასიათიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. დასაქმებულის ყოველი დარღვევა უნდა შეფასდეს მისი სიხშირის, სიმძიმისა და, რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით (შდრ. სუსგ-ები №ას-1276-1216-2014, 18.03.2015 წ.; №ას-787-736-2017, 10.11.2017 წ.).
10. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას დადაასკვნა, რომ არ დასტურდება დასაქმებულის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების არაჯეროვნად შესრულებისა და მის მიმართ დისციპლინური პასუხიმგებლობის რომელიმე ზომის გამოყენების ფაქტი (იხ.წინამდებარე განჩინების 3.9-3.11 ქვეპუნქტები).
11. მოწმის ჩვენებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 140-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად განმარტა, რომ მოწმე შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ. მოწმე იმით განსხვავდება პროცესის მონაწილე სხვა სუბიექტებისაგან, რომ მას არ გააჩნია საქმის შედეგის მიმართ იურიდიული დაინტერესება. ამდენად, მოწმე არის საქმის მიმართ იურიდიული ინტერესის არმქონე პირი. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, ნებისმიერ შემთხვევაში, მოწმეთა კომპეტენცია, პირველ რიგში ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად წესრიგდება (იხ. the Lüdi v. Switzerland, გადაწყვეტილება 15.06.1992, სერია A, N238, გვ. 20, პარაგრაფი 43). სსსკ-ის 105-ე და 140-ე მუხლების ანალიზიდან კი, გამომდინარეობს, რომ მოწმის ჩვენების მიღებისას ეროვნულმა სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს ყველა იმ ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორით, რაც ამ მტკიცებულების იურიდიულ ბუნებას ახლავს, მათ შორისაა მოწმის, როგორც სუბიექტის დამოუკიდებლობა მხარეთა შორის სადავო ფაქტებისა და მოვლენების მიმართ. სწორედ ამ კრიტერიუმებით განისაზღვრება ჩვენებაში გადმოცემული ფაქტების იურიდიული სანდოობა. ამდენად, მოპასუხეების მიერ წარდგენილი მოწმის ჩვენებით, რომელიც მათსავე დაქვემდებარებაშია, არ დასტურდება მოსარჩელის მიერ საკუთარი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებისა და ვალდებულებების უხეშად დარღვევის ფაქტობრივი გარემოება.
12. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ აპელანტებმა ვერ დაადასტურეს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერება. შესაბამისად, მათ მიერ გამოვლენილი ნება, როგორც კანონსაწინააღმდეგო, სსკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლომ ბათილად ცნო. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივარი შეიცავს ისეთ არგუმენტებს, რომელზეც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პასუხი გაცემულია.
13. სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილად ცნობის შემთხვევაში, სამართლებრივად ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტიდან ხელშეკრულება გაგრძელებულად მიიჩნევა, თუმცა, ხელშეკრულების ავტომატურად გაგრძელებულად მიჩნევას სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილი გამორიცხავს და ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილობის პირობებში, უფლებრივი რესტიტუციის სამ მექანიზმს განიხილავს, კერძოდ, პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენას, ტოლფასს თანამდებობაზე დასაქმებას ან კომპენსაციას. აღნიშნული შესაძლებლობები, რიგითობის მიხედვით უნდა იქნეს განხილული, კერძოდ, შრომითი ხელშეკრულების ბათილობის პირობებში, რაღა თქმა უნდა, შედეგობრივი თვალსაზრისით მიიჩნევა, რომ დასაქმებულთან დადებული ხელშეკრულება არც შეწყვეტილა, შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტის ბათილობის უპირველესი და ყველაზე მართებული სამართლებრივი შედეგი პირვანდელი მდგომარეობის აღდგენაა. თუმცა, ვინაიდან სშკ-ი დასაქმებულის უფლებებში რესტიტუციის სხვა შესაძლებლობებსაც იძლევა, ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელი ან მიზანშეუწონელია, გამოკვლეულ უნდა იქნეს სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სხვა შესაძლებლობები, კერძოდ, დასაქმებულის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და კომპენსაციის შესაძლებლობა. ამგვარი მსჯელობაა განვითარებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 27 აპრილის Nას-588-556-2014 განჩინებაშიც, სადაც სასამართლო განმარტავს, რომ „სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეკვლია არსებობდა, თუ არა, ის თანამდებობა, რომელზე აღდგენასაც მოსარჩელე ითხოვს. იმ შემთხვევაში, თუ ხსენებული თანამდებობა გაუქმებულია და, შესაბამისად, პირვანდელ სამუშაო ადგილზე მოსარჩელის აღდგენა შეუძლებელია, სასამართლომ, შესაძლებელია, მოსარჩელის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე იმსჯელოს, ხოლო, თუ ასეთი თანამდებობაც არ არსებობს, მაშინ უნდა გაირკვეს, არსებობს, თუ არა, მოსარჩელისათვის კომპენსაციის გადახდის წინაპირობები“.
14. ვინაიდან სასამართლომ ბათილად ცნო მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებების ბრძანებები, მოსარჩელე უნდა აღდგეს გათავისუფლებამდე არსებულ პოზიციაზე და აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური. ამასთან, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, არ არსებობს სამსახურში აღდგენის დამაბრკოლებელი გარემოებები. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ახალი ფაქტობრივი გარემოება, რომ აპელანტებმა/დამსაქმებლებმა დასაქმებული აღადგინეს სამსახურში, თუმცა ის არ გამოცხადებულა. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სამსახურში აღდგენა, საიდანაც იკვეთება, რომ მოსარჩელეს სამსახურში აღდგენის ინტერესი გააჩნია. აპელანტების მიერ მითითებული გარემოება, რომ დამსაქმებლებმა დასაქმებული აღადგინეს სამსახურში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი ვერ გახდება, ვინაიდან აღდგენის დამაბრკოლებელი გარემოების შესახებ, როგორიცაა, პოზიციის გაუქმება, ვაკანტური პოზიციის არარსებობა, აპელანტებს არ მიუთითებიათ.
15. მოცემულ შემთხვევაში აპელანტებმა გადაწყვეტილება გაასაჩივრეს სრულად, თუმცა სახელფასო დავალიანებასთან დაკავშირებით, სააპელაციო საჩივარში პოზიცია წარმოდგენილი არ არის. როგორც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, მოპასუხეებს აღნიშნულ ნაწილში შესაგებელშიც არ მიუთითებიათ რაიმე სადავო გარემოებაზე. შედავება. სასამართლო სხდომაზე აპელანტების წარმომადგენელმა უარყო მოთხოვნა, თუმცა კვალიფიციური შედავება არ წარმოუდგენია. ამდენად, სააპელაციო სასამართლომდაასკვნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელი უნდა დარჩეს.
16. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
16.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, დასაქმებულის სარჩელის უარყოფა მოითხოვეს.
16.2. კასატორებმა განმარტეს, რომ მათ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით დასაქმებული აღადგინეს თავდაპირველ პოზიციაზე, თუმცა იგი სამსახურში არ გამოცხადდა, რის შედეგადაც მოსარჩელე ხელახლა გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
16.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 თებერვლის განჩინებით მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ დამსაქმებელი კომპანიების საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
18. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორებს არ წარმოუდგენიათ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
21. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის სწორედ იმ სპეციფიკურობის გათვალისწინებით გადაანაწილა, რაც ახასიათებს შრომითსამართლებრივ ურთიერთობას და იცავს კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს. აღნიშნული უზრუნველყოფს სამართალწარმოებისას მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე დავის განხილვასა და გადაწყვეტას, ამასთან, დამსაქმებელს მტკიცების უფრო მეტი ტვირთი მოეთხოვება, ვიდრე დასაქმებულს (სსსკ-ის მე-4-5 მუხლები; სხვა მრავალთა შორის იხ. სუსგ-ები: N ას-1338-2022, 16.02.2023წ; N ას-1404-2022, 15.02.2023წ; N ას-1316-2022, 23.12.2022წ; N ას-1114-2021, 14.12.2022წ; N ას-788-2021, 14.12.2022წ.).
22. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს შეფასებას, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება დასაქმებულის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების არაჯეროვნად შესრულებისა და მის მიმართ დისციპლინური პასუხიმგებლობის რომელიმე ზომის გამოყენების ფაქტი. საქმის მასალებში არ არის წარდგენილი ბრძანება ან სხვა სტრუქტურული შიდა დოკუმენტი, რომელიც აღნიშნულ გარემოებას დაადასტურებდა. ასევე, საქმეში მოთავსებული ხელწერილებით და ახსნა-განმარტებებით არ ირკვევა, თუ ვის მიმართ იღებდნენ პასუხისმგებლობას ხელწერილის ავტორები, ისევე როგორც არ არის წარდგენილი მტკიცებულება, ნამდვილად იყვნენ თუ არა მოპასუხე კომპანიებში დასაქმებული სასამართლოში მოწმედ დაკითხული პირები (იხ. წინამდებარე განჩინების 3.9-3.11 ქვეპუნქტები).
23. სასამართლოსათვის სახელმძღვანელოა ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები.
24. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას (იხ. წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტი) და დამატებით განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარ ფაქტობრივ გარემოებებს მოპასუხე დამსაქმებელი კომპანიები, თავიანთი და მათ მიერ წარდგენილი მოწმეთა ზეპირი ახსნა-განმარტების გარდა, ვერანაირი მტკიცებულებით ვერ ადასტურებენ. იმ სამართლებრივი დასაბუთების საფუძველზე, რაც გასაჩივრებულ განჩინებაშია აღწერილი, დამსაქმებელთა გადაწყვეტილებები დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე მართებულად იქნა უკანონოდ მიჩნეული, რასაც სშკ-ის 48.8-ე მუხლით დადგენილი სამართლებრივი შედეგი, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, მოჰყვა.
25. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ დასაქმებული არამართლზომიერად გათავისუფლდა, რაც გასაჩივრებული ბრძანებების ბათილობის საფუძველს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს განაპირობებს. მოპასუხეებმა (კასატორებმა) მტკიცების კუთვნილი ტვირთის ფარგლებში ვერ გააბათილეს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები, ვერ დაადასტურეს დასაქმებულის მართლზომიერად გათავისუფლება. სააპელაციო სასამართლომ დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დასაბუთებულობა ყოველმხრივ და ობიექტიურად გამოიკვლია, შესაბამისად, გადაწყვეტილება გამოიტანა მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში და შრომითსამართლებრივ დავებზე დადგენილი მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, რაც გასაჩივრებული განჩინების კანონიერებაზე მიუთითებს. კასატორებს არ წარმუდგენიათ არც ერთი არგუმენტი, დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს დასაშვებად ცნობილი საკასაციო განაცხადი.
26. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. ზემოაღნიშნულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, კერძოდ, საქართველოს შრომის კოდექსი დამსაქმებელს ავალდებულებს, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (სუსგ-ები: №ას-1135-2018, 31.05.2019წ.; №ას-951-901-2015, 29.01.2016წ.).
27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები პრაქტიკულად ეთანხმებიან გასაჩივრებულ განჩინებას, რადგან როგორც მოპასუხე კომპანიების წარმომადგენელმა განაცხადა, დამსაქმებლებმა დასაქმებულის სამსახურში აღდგენა გადაწყვიტეს, საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, თუმცა დასაქმებული სამსახურში არ გამოცხადდა და იგი ხელახლა გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. დამსაქმებელ კომპანიათა პრეტენზიის ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს შეფასება დასაბუთებულია (იხ. წინამდებარე განჩინების მე-15 პუნქტი), რომ იგი დასაქმებულის სარჩელის უარყოფის საფუძველი ვერ გახდება.
28. საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება სამართლიანობის, კანონიერებისა და მხარეთა კეთილსინდისიერების პრინციპების, შრომითი დავის განხილვისას მხარეთა შორის თანაზომიერი ბალანსის დაცვის გათვალისწინებით, დასაბუთებულია და კანონიერი, შესაბამისად, არ არსებობს დამსაქმებელი კომპანიების საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
29. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს "ც–ნის" და შპს "დ.ჰ–ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს "ც–ნს" (ს/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1560 ლარის (საგადახდო დავალება N5022, გადახდის თარიღი 2023 წლის 10 თებერვალი) 70 % - 1092 ლარი;
3. შპს "დ.ჰ–ს" (ს/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2535 ლარის (საგადახდო დავალება N674, გადახდის თარიღი 2023 წლის 10 თებერვალი) 70 % - 1774,5 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
მ. ერემაძე