საქმე№ა-641-შ-19-2023 30 მარტი, 2023 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვა
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
შუამდგომლობის ავტორი – ო.მ–ნა (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - გ.გ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.მ. (მოპასუხე)
წარმომადგენელი - ა.ჩ–ძე
თარჯიმანი - თ.ც–ძე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის, კოპტევსკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება N 2-66/2022
დავის საგანი – ბავშვების მიკუთვნება, მშობლის უფლების ჩამორთმევა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის კოპტევსკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით (შემდეგში: უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება) ო.მ–ნას (შემდეგში: მოსარჩელე, შუამდგომლობის ავტორი ან ბავშვების დედა) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
1.1. ლ.ა. ძე მ–ს (შემდეგში: მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან ბავშვების მამა) არასრულწლოვან შვილებთან, 2014 წლის 28 ივნისს დაბადებულ მ.ლ. ძე მ–თან და 2016 წლის 25 ივლისს დაბადებულ, თ.ლ. ასულ მ–ასთან (შემდეგში: ბავშვები, შვილები ან არასრულწლოვნები), მიმართებით მშობლის უფლებები შეეზღუდა; არასრულწლოვანი შვილები მამისაგან აღსაზრდელად დედას გადაეცა.
2. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დედასთან განისაზღვრა არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი ადგილი. მოსარჩელის განმარტებით, მამამ ბავშვები მოტყუებით წამოიყვანა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებიდან და იძულებით გაიყვანა მოსკოვის რაიონიდან. დედის განმარტებით მამა ბავშვებზე ფსიქოლოგიურად ძალადობს და დედასთან ურთიერთობაში ხელს უშლის.
3. მოპასუხემ ბავშვები რუსეთიდან, ბელარუსის გავლით, საქართველოში არალეგალურად წამოიყვანა. მოპასუხის მიერ ბავშვების გაყვანის ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ბავშვების დედა ცნობილ იქნა დაზარალებულად, ხოლო მამაზე (მოპასუხეზე) საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.
4. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად მოპასუხე საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა, საქმის განხილვის თარიღი და დრო ეცნობა კანონით დადგენილი წესით, განხილვაზე გამოცხადდა ბავშვების მამის წარმომადგენელი, რომელსაც საქმის განხილვის გადადება არ მოუთხოვია.
5. მოპასუხემ მანამდე ვიდეო კომუნიკაციებით განხორციელებული ახსნა-განმარტებისას განაცხადა, რომ მისთვის პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი იყო შვილის - თ–ის სასწრაფო მკურნალობის ორგანიზება და ლოგოპედ-სპეციალისტის სისტემატიური დაკვირვება, ვინიდან გოგონას აღენიშნება მეტყველების შეფერხება, ხოლო დედა (მოსარჩელე) შვილის მდგომარეობით არ ინტერესდებოდა, რასაც შესაძლოა მომავალში ბავშვისთვის გამოუსწორებელი შედეგები გამოეწვია. მამის განმარტებით, ბავშვის გამოჯანმრთელებისთანავე ის დაიწყებდა სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე, ასევე დაიწყებდა ბავშვების დედასთან მოლაპარაკებას არასრულწლოვნების მამასთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე. იმ დროისთვის ასეთი შესაძლებლობა არ განიხილებოდა. ბავშვების მამამ სასამართლოს აცნობა, რომ არასრულწოვნებთან ერთად იმყოფებოდა ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, ქალაქ გროზნოში. ვიდეო კავშირის საშუალებით აჩვენა ბავშვები და მათი ჯანმრთელი შესახედაობა, ისინი იყვნენ კარგ განწყობაზე და მამის მიმართ პრეტენზია არ ჰქონდათ.
6. მოპასუხის წარმომადგენლებმა მოითხოვეს ბავშვების დედის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მათი განცხადებით, მოსარჩელემ თვითონ აიძულა მოპასუხე აღნიშნულ ქმედებაზე, რაც ბავშვების ინტერესებითაა ნაკარნახევი. მოპასუხე არ არის წინააღმდეგი დედისა და შვილების კომუნიკაციის, თუმცა იმ დროისთვის ბავშვებს არ ჰქონდათ ამის სურვილი, ამასთან მოპასუხე არ თვლიდა საჭიროდ და სავალდებულოდ, ბავშვების დედისათვის ეცნობებინა მათი ადგილსამყოფელი. მოპასუხე მიიჩნევდა, რომ მისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევა დაუსაბუთებელი და უკიდურესი ზომაა, რომელიც მამას ოჯახს ართმევდა, ხოლო ბავშვებს - მამას. მოპასუხე ღელავდა ბავშვების გამო, მისი განმარტებით, ბავშვების გამო ყველაფერი რისკის ქვეშ დააყენა, რაც ადასტურებდა მის სერიოზულ დამოკიდებულებას არასრულწლოვნების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით.
7. პროკურორმა სასამართლოს მიმართა, მოპასუხის გაფრთხილების მოთხოვნით, რომ მას უნდა შეეცვალა დამოკიდებულება მშობლის უფლებების და ვალდებულებების განხორციელებასთან დაკავშირებით. სამეურვეო ორგანოს წარმომადგენლის რეკომენდაცია იყო, რომ არასრულწოვნები ჩამორთმეოდა მოპასუხეს (მამას) და გადასცემოდა დედას, ამასთან მოპასუხეს ჩამოერთმეოდა მშობლის უფლებები.
8. რუსეთის უზენაესი სასამართლოს პლენუმის 2017 წლის 14 ნოემბრის N44 განმარტებების შესაბამისად “სასამართლოების მიერ კანონმდებლობის გამოყენების პრაქტიკის შესახებ ბავშვის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვასთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტისას, მისი სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის უშუალო საფრთხის შემთხვევაში, ასევე მშობლის უფლების შეზღუდვის ან ჩამორთმევის შემთხვევაში“ მშობლის უფლების ჩამორთმევა არის უკიდურესი ზომა, რომელსაც სასამართლო იღებს მხოლოდ მშობლის დანაშაულებრივი ქმედების შემთხვევაში, რომლის საფუძვლებიც მითითებულია რუსეთის საოჯახო კოდექსის 69-ე მუხლში.
9. მშობლის უფლების ჩამორთმევა დასაშვებია, როდესაც სხვაგვარად შეუძლებელია ბავშვის უფლებების და ინტერესების დაცვა (პუნქტი 13). ზემოაღნიშნული კანონმდებლობით, მშობლებს (ერთ-ერთს) შეიძლება ჩამოერთვათ მშობლის უფლებები, თუ ისინი თავს არიდებენ მშობლების მოვალეობების შესრულებას, მათ შორის - ალიმენტის გადახდისაგან, მშობლის მოვალეობის შესრულებისგან თავის არიდებად შესაძლებელია მიჩნეულ იქნას შვილების ჯანმრთელობაზე, ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, სულიერ და მორალურ განვითარება/განათლებაზე ზრუნვისგან თავის არიდება.
10. უცხო ქვეყნის უზენაესი სასამართლოს პლენუმმა მიუთითა ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლზე, რომელიც აღიარებს ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის თანაბარი და ერთნაირი პასუხისმგებლობის პრინციპს. მშობლებს ან კონკრეტულ შემთხვევაში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე პასუხისმგებლობა. ბავშვის საუკეთესო ინტერესი წარმოადგენს მათ პირველად საზრუნავს.
11. აქედან გამომდინარე, რუსეთის საოჯახო კოდექსის 73-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მშობლის უფლების შეზღუდვა დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვის მშობელთან დატოვება სახიფათოა მშობლისგან (ერთ-ერთი) დამოუკიდებელი გარემოებებით (ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ქრონიკული დაავადება, რთული გარემოებების ერთიანობა და სხვა).
12. მშობლის უფლების შეზღუდვა ასევე დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის მშობლებთან დატოვება (ერთ-ერთი) მათი ქცევიდან გამომდინარე ბავშვისთვის საფრთხის შემცველია, თუმცა არ არსებობს საკმარისი საფუძველი მშობლის უფლების ჩამორთმევისთვის. თუ მშობლები არ შეცვლიან ქცევას, მეურვეობის ორგანო ექვსი თვის შემდეგ, სასამართლოს მიერ მშობლის უფლების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან, ვალდებულია წარადგინოს სარჩელი მშობლის უფლების ჩამორთმევასთან დაკავშირებით. ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე სარჩელის წარდგენა შესაძლებელია ამ ვადის გასვლამდეც.
13. საქმის მასალებით და სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებებით დასტურდება, რომ მხარეები იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, რომელიც 2020 წლის 10 ივლისს შეწყდა სასამართლოს გადაწყვეტილებით.
14. მხარეებს შორის მშობლის უფლებების და მოვალეობის განხორციელების შესახებ 2020 წლის 30 ივლისის შეთანხმებით, განსაზღვრულია, რომ ბავშვები ცხოვრობენ დედასთან, ასევე განისაზღვრა ბავშვების მამასთან ურთიერთობის წესი.
15. მოპასუხის (ბავშვების მამის) მხრიდან შეთანხმება დაირღვა და არ შესრულდა, რადგან მან ბავშვები ნახვის შემდეგ არ დააბრუნა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს მოუწია სამართალდამცველი ორგანოებისთვის მიმართვა.
16. მოპასუხის მხრიდან შეთანხმების პირობების სისტემატიურად დარღვევის გამო, მოსკოვის კოპტევსკის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით ბავშვების საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი.
17. როგორც მოსარჩელის ახსნა-განმარტებით და წარდგენილი წერილობითი მასალებით დგინდება, მოსკოვის სასამართლოს 2020 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილების შემდეგ, მოპასუხემ გააგრძელა კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და ბავშვის და მოსარჩელის ინტერესების დარღვევა, კერძოდ:
17.1. 2020 წლის 27 ოქტომბერს, მოპასუხე მოტყუებით ცდილობდა დედისგან ბავშვების წამოყვანას. ამასთან, მოპასუხე, ბავშვების თანდასწრებით, უხეშად და უცენზურო ენით მიმართავდა მოსარჩელეს და ულახავდა პატივს და ღირსებას. მან ბავშვების თანდასწრებით გამოიყენა ფიზიკური ძალა ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ.
17.2. 2020 წლის 3 დეკემბერს, ბავშვების მამა იმყოფებოდა კორონავირუსთან დაკავშირებულ თვითიზოლაციაში, მივიდა საბავშვო ბაღში და, აღმზრდელების მოტყუებით, მოსარჩელის თანხმობის გარეშე წაიყვანა ბავშვები. მათ ადგილსამყოფელს მოპასუხე ამ დრომდე მალავს.
18. 2021 წლის 22 მარტს, მოსკოვის ნიკულინსკის რაიონულმა სასამართლომ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოსცა ბრძანება, რომლითაც სასამართლომ მოპასუხე დაავალდებულა, გადაეცა ბავშვები დედისთვის. აღნიშნული ბრძანება, ითვალისწინებდა დაუყოვნებლივ შესრულებას, რაც არ გასაჩივრებულა, თუმცა არც შესრულებულა.
19. 2021 წლის 25 მარტს ზემოხსენებული ბრძანების საფუძველზე დაიწყო აღსრულების პროცედურა, თუმცა ვერ ხერხდება აღსრულება, ვინაიდან, მიუხედავად სასამართლოს არაერთი მოთხოვნისა, მოპასუხე არ ასრულებს მას და მალავს ბავშვებს. მოპასუხეზე (ბავშვების მამაზე) გამოცხადებულია ძებნა.
20. 2021 წლის 7 აპრილს, მოპასუხის საცხოვრებელი ადგილზე, სპეციალისტების ვიზიტით დადგინდა, რომ მოპასუხე არ ასრულებს და არ აპირებს სასამართლოს არც ერთი გადაწყვეტილების შესრულებას. ამასთან, ფსიქოლოგებს არ მიეცათ არასრულწლოვნებთან გასაურების შესაძლებლობა, რადგან მოპასუხემ უხეშად გააგდო ისინი ბინიდან.
21. 2021 წლის 7 აპრილს, მოსარჩელე სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ცდილობდა ბავშვების მოპასუხისგან წამოყვანას, არასრულწლოვანი თ. ავტოსავარძელში ჩასვა და უსაფრთხოების ღვედი შეუკრა, ჩაკეტა ავტომობილი და დაბრუნდა სადარბაზოში მეორე არასრულწლოვნის მ–ის წამოსაყვანად. ამ დროს მოსარჩელის ავტომობილთან მივიდა მოპასუხე, ჩაამსხვრია მინა, აიყვანა არასრულწლოვანი გოგონა და გაიქცა მასთან ერთად თავის ბინაში.
22. ასევე სასამართლოსა და კომპეტენტური ორგანოების მიერ დადგენილია, რომ 2021 წლის 31 მაისს ბავშვების დედის განცხადების საფუძველზე გაირკვა, რომ არასრულწლოვნებმა გადაკვეთეს რუსეთის ფედერაციის საზღვარი. 2022 წლის 21 იანვრის და 11 თებერვლის სასამართლო სხდომებზე, ვიდეოკავშირის საშუალებით, სასამართლომ მოპასუხე დაკითხა ბავშვების ადგილსამყოფელთან დაკავშირებით. მოპასუხემ განმარტა, რომ 2021 წლის სექტემბრიდან ბავშვებთან ერთად ცხოვრობს გროზნოში, რადგან აღნიშნული უკავშირდება მის სამსახურეობრივ მოვალეობას.
23. 2021 წლის 6 დეკემბრიდან მოპასუხეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, დანაშაულის ნიშნების გამო, ამ საქმეზე მოსარჩელე დაზარალებულად არის ცნობილი. 2022 წლის 14 იანვარს მოპასუხეს დაუსწრებლად წარედგინა ბრალი და მასზე გამოცხადდა ძებნა, ამასთან, მოპასუხე რეგისტრაციის მისამართზე, მათ შორის გროზნოში, არ ცხოვრობს.
24. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს 2022 წლის 1 თებერვლის შეტყობინებით ირკვევა, რომ არასრულწლოვნები 2021 წლის 18 აგვისტოდან იმყოფებიან საქართველოში, სადაც ჩავიდნენ მოპასუხის (მამის) დედასთან ერთად, ხოლო თვითონ მოპასუხე საქართველოში 2021 წლის 26 ნოემბერს ჩავიდა. საქართველოს საზღვრის გადაკვეთა ხდებოდა ბელორუსის რესპუბლიკიდან.
25. ნიკულინსკის რაიონულმა სასამართლომ 2022 წლის 16 თებერვალს, შემაკავებელი ზომის სახით, მოპასუხეს პატიმრობა შეუფარდა.
26. ნიკულინსკის სასამართლომ, საოჯახო კოდექსის საფუძველზე, აღნიშნა, რომ სასამართლოს მანამდე მიღებული გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, ბავშვთან ურთიერთობის წესის ან მისი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე, პირველ რიგში, მიანიშნებს მშობლის მოქმედებაზე ბავშვის ინტერესების საწინააღმდეგოდ, რომელიც დადგენილია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ამასთან, აღნიშნული ქმედება ზიანს აყენებს ბავშვის ჯანმრთელობას, ანუ საფრთხის შემცველია ბავშვისთვის და სხვა არაფერია თუ არა მშობლის უფლების ბოროტად გამოყენება.
27. მოპასუხის დადგენილი ქმედებების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხე არ ხელმძღვანელობდა ბავშვების ინტერესებისა და უფლებების გათვალისწინებით კონკრეტული ქმედებებისას, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენდა მათ ცხოვრებაზე, ამასთან დაკავშირებით მისი ქმედება შეიძლება მიჩნეულ იქნეს, როგორც ბავშვებისთვის სახიფათო.
28. რამდენადაც გადაწყვეტილების მიღებისას არ დადგენილა მოპასუხის ქმედებების უარყოფითი შედეგები, კერძოდ ბავშვების ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა იმ დონეზე არ დაზიანებულა, რომ მისი სამედიცინო შეფასების საჭიროება ყოფილიყო, მიიჩნევა, რომ არ არის საკმარისი მტკიცებულებები, მოპასუხის მიერ ბავშვებისთვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის მიყენებული პირდაპირი ზიანის დასადგენად. შესაბამისად, არ დამდგარა საოჯახო კოდექსის 69-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები, რომელიც მოპასუხისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევის საფუძველი გახდებოდა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, მოპასუხის ქმედებაზე, რომელიც ხელს უშლის მოსარჩელეს (ბავშვების დედას) მშობლის უფლების განხორციელებაში. ბავშვების ადგილსამყოფელის დამალვისა და ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულებისგან თავის არიდების გამო, სასამართლო აუცილებლად მიიჩნევს მოპასუხისთვის მშობლის უფლების შეზღუდვას და მათ აღსაზრდელად გადაცემას მოსარჩელისთვის.
29. მოპასუხის არგუმენტები ქალიშვილის თ–ის მეტყველების აღდგენასთან დაკავშირებით, სასამართლოსთვის არადამაჯერებელია, რამდენადაც სასამართლოში არც ასეთი დიაგნოზი და არც მისი მკურნალობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარუდგენია მხარეს. ამასთან, არასრულწლოვანი თ–ის ქალაქ მოსკოვში დედასთან ცხოვრება არ გამორიცხავდა საჭირო მკურნალობის მიღების შესაძლებლობას, ხოლო დედის მიერ ექიმის რეკომენდაციების იგნორირების შემთხვევა შესაძლებელია გახდეს მისი, როგორც მშობლის, უფლების შეზღუდვის დამოუკიდებელი საფუძველი. ასევე, მოპასუხის მხრიდან მითითებული დასკვნა არ ხსნის მეორე შვილის მ–ის ყოფნას დაუდგენელ ადგილზე, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვს.
30. რუსეთის უზენაესმა სასამართლომ მიუთითა დადგენილ პრაქტიკაზე, რომლის მიხედვითაც, მშობლის უფლების ჩამორთმევა წარმოადგენს მშობლის პასუხისმგებლობის უკიდურეს ზომას, გამონაკლის შემთხვევებში მშობლის დანაშაულებრივი ქმედების დადასტურების შემთხვევაში, სასამართლომ ქმედების ხასიათის, პიროვნების და სხვა კონკრეტული გარემოებების შემთხვევაში, ასევე ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, შეიძლება უარი თქვას მშობლის უფლების ჩამორთმევის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე და გააფრთხილოს მოპასუხე ბავშვებთან დაკავშირებით ქცევის შეცვლის აუცილებლობაზე.
31. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოპასუხის გაფრთხილების საფუძველი, ვინაიდან დავა გაჭიანურებულია, მცირეწლოვან ბავშვებს დიდი ხნის განმავლობაში არ უნახავთ დედა, არ ჰქონდათ მასთან სრულფასოვანი ურთიერთობა. გარდა ამისა, მოპასუხეს ბავშვები ჰყავს უცნობ ადგილზე უცხო ქვეყანაში, მოპასუხე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს, მისთვის ცნობილია მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის, ჩხრეკისა და აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეფარდების თაობაზე.
32. მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხისთვის კიდევ ერთი გაფრთხილება ბავშვების აღზრდასთან მიმართებით არ იქონიებს რაიმე მნიშვნელოვან გავლენას, არ დააჩქარებს არასრულწლოვნების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების აღდგენას, როდესაც ისინი ფაქტობრივად იმყოფებიან მოპასუხის სრული კონტროლის ქვეშ, არ აქვთ საშუალება აირჩიონ საცხოვრებელი ადგილი, საშუალება არ აქვთ, რომ ურთიერთობა ჰქონდეთ ნათესავებთან და ახლობელ ადამიანებთან.
33. ასევე, სასამართლომ არ გაითვალისწინა ჩეჩნეთის რესპუბლიკის, ქალაქ გროზნოს სამეურვეო ორგანოს დასკვნა, რადგან მოპასუხის საცხოვრებელი პირობების შესწავლის მომენტიდან და გადაწყვეტილების მიღების თარიღიდან გარემოებები მნიშვნელოვნად შეიცვალა, მოპასუხემ დატოვა წინა საცხოვრებელი ადგილი, გაიყვანა ბავშვები ბინიდან და ქალაქ გროზნოში საცხოვრებელ ადგილს დანიშნულებისამებრ არ იყენებს, ხოლო მიმდინარე საცხოვრებელ ადგილს არ ატყობინებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქალაქ გროზნოს სამეურვეო ორგანოს დასკვნა ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე არარელევანტური მტკიცებულებაა საქმისთვის და სასამართლომ არ გაითვალისწინა.
34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის წინააღმდეგ არასრულწლოვნების ჩამორთმევისა და დედისათვის გადაცემის, ბავშვების მამისათვის მშობლის უფლების ჩამორთმევის თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს შეეზღუდა მშობლის უფლება არასრულწლოვნების მიმართ. ასევე ჩამოერთვა არასრულწლოვნები და აღსაზრდელად გადაეცა მოსარჩელეს.
35. ბავშვების დედამ 2023 წლის 13 თებერვალს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით, და რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის, კოპტევსკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 მარტის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება მოითხოვა.
36. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
37. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
38. შუამდგომლობისა და თანდართული დოკუმენტების ასლები გაეგზავნა მოპასუხეს, რომელმაც 2023 წლის 6 მარტს განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღება ითხოვა, არასრულწლოვანი ბავშვების თანდასწრებით.
39. საკასაციო სასამართლომ დაადგინა შუამდგომლობის განხილვა ზეპირი მოსმენის ფორმით, მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნის საფუძველზე „საერთაშორისო კერძოს სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად.
40. საკასაციო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებულ მხარეებს განემარტათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შუამდგომლობის განხილვის სამართალწარმოების თავისებურება, მიეწოდათ ვრცელი ინფორმაცია განხილვის ფარგლების თაობაზე, რაც უპირველეს ყოვლისა, იმას გულისხმობს, რომ საკასაციო სასამართლო ასეთ შემთხვევაში არ წარმოადგენს საქმის არსებითად განმხილველ სასამართლოს და მისი შემოწმების ფარგლები საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ცნობისა (აღირების) და აღსრულების ნაწილში მკაფიოდ არის შემოფარგლული „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონით, ასევე, მოცემულ შემთხვევაში განსახილველი შუამდგომლობისა და საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი გადაწყვეტილების სუბიექტებიდან გამომდინარე, გამოყენება „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ მრავალმხრივი კონვენცია (შემდეგში: „მინსკის კონვენცია“), რომლის მონაწილეები არიან საქართველო და რუსეთი, როგორც უცხო ქვეყანა, რომლის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულებაა მოთხოვნილი საქართველოს ტერიტორიაზე.
41. მხარეთა შორის დავის მორიგებთ დასრულების თაობაზე და აქედან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებზე მხარეებს განემარტათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 218-ე მუხლის თანამხმად, თუმცა, მათ შორის მორიგება ვერ შედგა.
42. საქართველოს ტერიტორიაზე საცნობ გადაწყვეტილებაში დადგენილი ფაქტებიდან გამომდინარე, რაც არასრულწოვანი ბავშვების მამის ძებნაში ყოფნას ეხება, საკასაციო სასამართლომ კანონით დადგენილი წესით გადაამოწმა ინფორმაცია, თუმცა, არ იქნა დადასტურებული საქმის განხილვის მომენტისათვის მოპასუხის ძებნილად აღრიცხვა, თავის მხრივ, მოპასუხემ ისიც განმარტა, რომ ის ლეგალურად იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, აქვს ბინადარობის მოწმობა (წარმოდგენილია საქმის მასალებში და ნებართვის სტატუსი აქტიურია) და ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე უწევს სხვადასხვა ორგანოებთან, მათ შორის სამართალდამცველ ორგანოებთან, დაწესებულებებთან ურთიერთობა, რა დროსაც არავითარი სამართლებრივი დაბრკოლება არ შექმნია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს და მიიჩნევს, რომ აღნიშნული შუამდგომლობა შეესაბამება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ კონვენციისა და სპეციალური კანონის მოთხოვნებს, რაც მისი დაკმაყოფილების სამართლებრვი საფუძველია.
43. შუამდგომლობით მოთხოვნილია რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის კოპტევსკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 მარტის გადაწყვეტილების ცნობა (აღიარება) და აღსრულება. კერძოდ, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებით შუამდგომლობის ავტორის ო.მ–ნას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ლ.ა. ძე მ–ს არასრულწლოვან შვილებთან, 2014 წლის 28 ივნისს დაბადებულ მ.ლ. ძე მ–თან და 2016 წლის 25 ივლისს დაბადებულ, თ.ლ. ასულ მ–ასთან (შემდეგში: ბავშვები, შვილები ან არასრულწლოვნები), მიმართებით მშობლის უფლებები შეეზღუდა; არასრულწლოვანი შვილები მამისაგან აღსაზრდელად დედას გადაეცა.
44. შუამდგომლობის მოწინააღმდეგე მხარემ ვერ დაადასტურა ვერც ერთი გარემოება, რომელიც წარმოდგენილი შუამდგომლობის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას დააბრკოლებს. უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებების მიხედვით, ასევე, საკასაციო სასამართლოს ზეპირ სხდომაზე გამოცხადებული, ადვოკატებით წარმოდგენილი მხარეების ურთიერთდამოკიდებულებით ვლინდება, რომ მათ შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბული და გამწვავებულია. მიუხედავად იმისა, რომ საკასაციო სასამართლომ განუმარტა მხარეებს შუამდგომლობის განხილვის სპეციფიკურობა უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილების მიხედვით, მოპასუხის ძირითადი არგუმენტები უკავშირდება უცხო სახელმწიფოში განხილული საქმის არსებით გარემოებებს, რომლებიც არ განეკუთვნება მოცემული შუამდგომლობის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს შესწავლისა და ხელახლა გამოკვლევის კომპეტენციას.
45. საკასაციო სასამართლომ დაადგინა, რომ არც ერთი არსებითი საკითხი, რამაც შესაძლოა დააბრკოლოს საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობა (აღიარება) და აღსრულება, არ არის დასახელებული შუამდგომლობის მოწინააღმდეგე მხარის მიერ, კერძოდ, კონვენციასა და სპეციალური კანონში მითითებული საფუძვლებიდან გამომდინარე არც ერთი გარემოება, რომ : ა) არ იყო მიწვეული სათანადო წესით საქმის განხილვაზე; ბ) არ იყო უზრუნველყოფილი ადვოკატის წარმომადგენლობით; გ) არ მიეცა საკუთარი პოზიციისა ჩამოყალიბებისა და მტკიცების ტვირთის რეალიზების შესაძლებლობა; დ) უცხო ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საჯარო მართლწესრიგსა და ფუნდამენტურ პრინციპებს- მხარეს (ბავშვების მამას), მხარეს არ მიუთითებია და არც საქმის მასალების მიხედვით დასტურდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მარტოოდენ ფაქტების მითითება ამ შემთხვევაში არ იქნებოდა საკმარისი, რადგან ვერ გააქარწყლებდა უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებს, რომლებიც წინამდებარე განჩინების 2-33 ქვეპუნქტებშია მითითებული. ამ თვალსაზრისით საკასაციო სასამართლოში მოპასუხის გამოცხადების გამო საგულისხმოა მხოლოდ ის გარემოება, რომელიც მოპასუხის მიერ საქართველოში მოპოვებულ ბინადრობის უფლებას უკავშირდება (იხ. წინამდებარე განჩინების 42-ე პუნქტი), ბინადრობის უფლების მოპოვების წინაპირობები და პროცედურები კი არ არის მოცემული შუამდგომლობის ფარგლებში განსახილველი და ამ მიმართებით საკასაციო სასამართლო ვერ განავითარებას მსჯელობას და არ აწარმოებს გარემოებათა გამოკვლევას.
46. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე კანონის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება.
47. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით. „მინსკის კონვენციის“ 51-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თითოეული ხელშემკვრელი მხარე წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობებით აღიარებს და აღასრულებს სხვა ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიაზე გამოტანილ შემდეგ გადაწყვეტილებებს - სამოქალაქო და საოჯახო საქმეთა იუსტიციის დაწესებულებათა გადაწყვეტილებები, მათ შორის სასამართლოს მიერ ამგვარ საქმეებზე მორიგების შესახებ დამტკიცებული შეთანხმებები და ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებით ნოტარიალური აქტები. ამავე კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების თაობაზე.
48. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული კონვენციის 51-55-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და, კერძოდ, არ არის გამოვლენილი 55-ე მუხლით გათვალისწინებული, შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები.
49. „მინსკის კონვენცია თავისი შინაარსით, ვიწრო გაგებით, მხოლოდ სამართლებრივ დახმარებას არ შეეხება- მისი გამოყენების სფერო ასევე მოქალაქეთა სამართლებრივი დაცვის საკითხებსაც მოიცავს. შესაბამისად, კონვენცია სამართლებრივი დახმარების, ასევე სამართლებრივი დაცვის ნაწილში ეფუძნება ერთ ძირითად - თანასწორობის - პრინციპს. კერძოდ, კონვენციის 1-ლი მუხლის თანახმად: 1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები, ასევე მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. 2. თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, ასევე მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, უფლება აქვთ, თავისუფლად და დაუბრკოლებლად მიმართონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს, პროკურატურას და სხვა დაწესებულებებს, რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები (შემდგომში – იუსტიციის დაწესებულებები); შეუძლიათ, გამოვიდნენ იქ, იშუამდგომლონ, წარადგინონ სარჩელები და განახორციელონ სხვა პროცესუალური ქმედებები იმავე პირობებით, როგორი პირობებითაც სარგებლობენ მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები.“ (იხ. საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთდახმარება სამოქალაქო საქმეებზე; პრაქტიკული სახელმძღვანელო; თბილისი; 2018; 29-30).
50. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებაა, რომ არასრულწლოვანი ბავშვები იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე (იხ. წინამდებარე განჩინების 24-ე პუნქტი), შესაბამისად, უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებებიდან და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ კანონით დადგენილი წესით მოხდეს უცხო ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა (აღიარება) და აღსრულება. საკასაციო სასამართლოს პრაქტიკით არაერთხელ იქნა განმარტებული, რომ სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - Elsholz v. Germany, # 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, # 28945/95, 10.05.2001, პარ.72)
51. ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას (ბავშვის უფლებათა კონვენციის 3.1 მუხლი). ბავშვი არ უნდა განშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელთან განშორებული ბავშვის უფლებას, რეგულარულ საფუძველზე პირადი ურთიერთობა და პირდაპირი კონტაქტები იქონიოს ორივე მშობელთან, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება (ამავე კონვენციის 9.1. და 9.3. მუხლები).
52. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, წარმოდგენილი შუამდგომლობა სავსებით კამაყოფილებს „მინსკის კონვენციისა“ და სპეციალური კანონის მოთხოვნებს, რის გამოც სრულად უნდა დაკმაყოფილდეს ო.მ–ნას შუამდგომლობა საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის, კოპტევსკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 მარტის N 2-66/2022 გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ, ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით დადგენილი შინაარსის მიხედვით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ კონვენციის 51-55 მუხლებით, საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ო.მ–ნას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსრულდეს რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის, კოპტევსკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება N 2-66/2022, რომლითაც ლ.ა. ძე მ–ს არასრულწლოვან შვილებთან, 2014 წლის 28 ივნისს დაბადებულ მ.ლ. ძე მ–თან და 2016 წლის 25 ივლისს დაბადებულ, თ.ლ. ასულ მ–ასთან, მიმართებით მშობლის უფლებები შეეზღუდა და არასრულწლოვანი შვილები მამისაგან აღსაზრდელად დედას - ო.მ–ნას გადაეცა;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური