Facebook Twitter

საქმე №ას-416-2022 17 ნოემბერი, 2022 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – გ.კ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს ,,ს.ბ–მა'' (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელით მიმართა სასამართლოს გ.კ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, ,,კასატორი“) მიმართ და უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვა მოითხოვა.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. ქ. თბილისში, ...... მდებარე უძრავი ქონება მოსარჩელემ შეიძინა. შესაბამისად, მოპასუხეს არ გააჩნია არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი ფლობის საფუძველი.

2.2. მოსარჩელის მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხე უარს აცხადებს უკანონო მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების გათავისუფლებაზე.

3. მოპასუხის პოზიცია:

3.1. მოპასუხის წარმომადგენელმა შესაგებლით და სასამართლოს სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო. მხარეს სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელის საკუთრების უფლება სასარჩელო მოთხოვნაში მითითებულ უძრავ ნივთზე და მის მფლობელობაში ნივთის არსებობის ფაქტი. თუმცა განმარტა, რომ სს „ს.ბ–მა“ საკუთრების უფლება ქონებაზე მოიპოვა არაკანონიერი გზით.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 01.12.2021წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე გ.კ–ძის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ნივთი, რომლის მისამართია: ქალაქი თბილისი, ........., ლიტ ა-ში, ფართი 71.46 კვ.მ, ს/კ №........ და გამოთავისუფლებული გადაეცა მესაკუთრე სს ,,ს.ბ–ს''.

5. მოპასუხემ გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით, მისი გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოტივით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 11.03.2022წ. განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა, განჩინება ეფუძნება შემდეგს:

6.1. №...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი ეკუთვნის სს ,,ს.ბ–ს'' (მოსარჩელე, მესაკუთრე).

6.2. გ.კ–ძე (აპელანტი) სადავო ნივთს ფლობს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.

6.3. პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად განმარტა, რომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, აპელანტი ვალდებული იყო დაებრუნებინა მესაკუთრისათვის კუთვნილი ქონება.

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე და 159-ე მუხლებზე მითითებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამჟამინდელ მესაკუთრეს აპელანტისათვის სადავო ნივთი მფლობელობაში არ გადაუცია; ამ ნივთთან დაკავშირებული გარიგებით ან სახელმწიფოს მიერ გამოცემული აქტით იგი აპელანტის მიმართ შებოჭილი არ არის და აპელანტს კანონით გათვალისწინებული ნივთის დაკავების უფლება არა აქვს. ამის შესაბამისად, აპელანტს სადავო ნივთის ფლობის სამართლებრივად ნამდვილი საფუძველი არ გააჩნია, ე.ი. ის მისი არამართლზომიერი მფლობელია და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

7.1. კასატორის მითითებით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის (შემდეგში კონვენცია) მე-6 მუხლით გარანტირებულია საქმის სამართლიანი განხილვის უფლება. მისი განმარტებით, სააპელაციო პალატის მიერ გ.კ–ძის სააპელაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვითა და გადაწყვეტილების მიღებით დაირღვა მხარის სამართლიანი სასამართლოს უფლება.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივლისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შემოწმების მიზნით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

10.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

10.2. უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 172.1 მუხლი.

10.3. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

10.4. თბილისში, ......., ლიტ ა, საკადასტრო კოდით: ....... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო უძრავი ქონება ან სადავო ქონება), უძრავი ქონება მოსარჩელის საკუთრებაა (საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი).

10.5. სადავო უძრავ ქონებას მოპასუხე ფლობს და, ამის გამო მოსარჩელე ვერ სარგებლობს თავისი ქონებით. მოპასუხე არ არის სადავო ქონების მართლზომიერი მფლობელი.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია:

12. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

13. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

14. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები მიიჩნევა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა, მოპასუხე სადავო უძრავი ქონების მფლობელია. მოპასუხემ, სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.

15. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, რადგანაც განხორციელებულია სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა, მოსარჩელეს უფლება აქვს, მფლობელობის შეწყვეტა და ნივთის გადაცემა მოითხოვოს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის წინაპირობების არსებობას, რაც მართებულად გახდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. ამდენად, განსახილველი დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.

16. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს საკასაციო საჩივრის ავტორის პრეტენზიას მის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის თაობაზე და მიიჩნევს, რომ სამართალწარმოების შეზღუდვაზე მოსარჩელის მითითება ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით აღიარებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპი - ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს და უზრუნველყოფილია საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება. კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, “სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება, დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება ,,თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე’’ (იხ. Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para. 5).

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3761 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, აგრეთვე თუ საქმე შეეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას და საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული (მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული) სესხის (კრედიტის) გაცემის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავებს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს. ზემოთ აღნიშნული გარემოებების არსებობის შემთხვევაშიც მოსამართლეს უფლება აქვს, საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენით.

18. პალატა მიუთითებს ერთ-ერთ პრეცედენტულ გადაწყვეტილებაზე, რომელშიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განიხილა განმცხადებლის პრეტენზია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმითა (საკუთრების უფლება) და კონვენციის მეექვსე მუხლით მინიჭებულ (სამართლიანი სასამართლოს უფლება) უფლებათა დარღვევასთან დაკავშირებით (იხ. Fredin v Sweden, 18.02.1991წ., /განაცხადის №12033/86). განმცხადებლის პრეტენზია იმ არგუმენტს ეფუძნებოდა, რომ მას შეეზღუდა საქმის განხილვაში მონაწილეობის საპროცესოსამართლებრივი შესაძლებლობა, ხოლო სამოქალაქო უფლებათა სრულყოფილად რეალიზებისათვის, ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო ზეპირი მოხსენებით წარდგომისა და, შესაბამისად, საქმის მხარეთა დასწრებით განხილვა. აღნიშნულ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დადგინა, რომ ვინაიდან მატერიალური თვალსაზრისით, განმცხადებლის მოთხოვნა შეეხებოდა საკუთრების უფლებას, რომელიც სამართლებრივი ბუნებით „სამოქალაქო“ ხასიათისა იყო, ამიტომ კონვენციის მეექვსე მუხლით მინიჭებული უფლების დარღვევის საკითხიც სამოქალაქო ჭრილში უნდა განხილულიყო. ეს ყოველივე კი, ნათელს ჰფენდა იმას, რომ „წრფელი და ღრმააზროვანი“ კამათი (შეჯიბრი) მხარეთა შორის და საქმის განმხილველი სასამართლოს წინაშე, გადამწყვეტი იყო თითოეულის უფლებათა დასადგენად. თუმცა საკვანძო საკითხი, მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის, სასამართლოს მოსაზრებით, სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ „წრფელ და ღრმააზროვან“ ზეპირ განხილვაზე სავალდებულო მოთხოვნა არ ვრცელდებოდა ზემდგომ და საბოლოო ინსტანციის სასამართლოზე (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 19 ნოემბრის განჩინება საქმე №ას-504-2020წ.).

19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგები: №ას-246-246-2018, 2018 წლის 20 მარტის განჩინება; №ას-1032-952-2017, 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; №ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; № ას-750-718-2016, 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება; №ას-3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება).

20. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

22. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს ი.მ–ძის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150.00 ლარის (საგადასახადო დავალება N13760413620, გადახდის თარიღი 04/07/2022), 70% –105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.კ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. გ.კ–ძეს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150, გადამხდელი ირმა მ–ძე პ/ნ 18001007618) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადახდო დავალება N13760413620, გადახდის თარიღი 04/07/2022), 70% – 105 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი