საქმე №ას-742-2022 17 ნოემბერი, 2022 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრი
მოწინააღმდეგე მხარე - დ.მ–ე (მხარდამჭერი - ი.ხ–ძე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის მიერ გამოვლენილი ნების ბათილად ცნობა, კომპენსაციის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. დ.მ–ემ (მხარდამჭერი ირინა მენაბდე; შემდეგში: მოსარჩელე) სასამართლოში სარჩელი აღძრა ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრის (შემდეგში მოპასუხის, აპელანტის, კერძო საჩივრის ავტორის) მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი მოპასუხე ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრის დირექტორის 18.08.2021 წლის Nბ10.36212301 ბრძანება უმეთვალყურეოდ დარჩენილი შინაური ცხოველების იზოლაციის განყოფილების მუშის თანამდებობიდან დ.მ–ის განთავისუფლების შესახებ.
1.2. ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრს დ.მ–ის სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაციის გადახდა 24 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით.
2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხე ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრის დირექტორის 18.08.2021 წლის Nბ10.36212301 ბრძანებით გამოვლენილი ნება მხარეთა შორის არსებული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. მოპასუხე ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრს დაეკისრა მოსარჩელე დ.მ–ის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით 5000 ლარის გადახდა.
3. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა ამ გადაწყვეტილების გაუქმება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 29 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა დაუშვებლობის გამო.
5. სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება მოპასუხემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მას არ დაურღვევია სააპელაციო საჩივრის განსახილველად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესაბამისად, სასამართლოში წარდგენის წესები და ფორმა, ვინაიდან “ელექტრონული დოკუმენტისა და სანდო მომსახურების'' შესახებ საქართველოს კანონის მეოთხე მუხლში მითითებული ჩანაწერი “ან/და დადასტურებული“ წარმოადგენს იმ მითითებას, რომ ასეთი სახის დოკუმენტზე თუ დატანილია ე.წ. “სველი“ ბეჭედი, რომელშიც ამავე ფერით ჩაბეჭდილია “ტრანზაქცია განხორიელებულია“, წარმოადგენს ამ დოკუმენტების დადასტურებას და ისინი წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის დამადასტურებელ დოკუმენტს დედნის სახით.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 27 ივნისის განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი დასაბუთებელია, შესაბამისად, იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
7. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.
8. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და, იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, დარჩება განუხილველად დაუშვებლობის გამო.
9. ამდენად, თუ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია, სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც ხარვეზის შევსების მიზნით უნდა განხორციელდეს და აპელანტს დაუნიშნავს ვადას, რომლის განმავლობაშიც ის ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში მითითებული მოქმედებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად. გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში.
10. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება შემდეგი:
10.1 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 თებერვლის განჩინებით - მოპასუხის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, აპელანტს დაევალა, განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში ხარვეზის შევსება, კერძოდ: ა) წარედგინა სააპელაციო წარმოებისათვის სახელმწიფო ბაჟის - 360 ლარის შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22, ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300183150 ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი დედნის სახით, სადაც მითითებული იქნება ბაჟის გადახდის საფუძველი, კერძოდ, თუ რომელი განჩინების საფუძველზე განხორციელდა გადახდა. ბ) წარედგინა მტკიცებულება (მინდობილობა), რაც დაადასტურებდა ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრის სახელით სააპელაციო საჩივრის წარდგენაზე გოჩა გორდელაძის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ან წარმოადგინოს ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრის დირექტორის მიერ ხელმოწერილი კერძო საჩივარი (ს.ფ. 153-159).
7.2. 2022 წლის 22 მარტს, სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრის წარმომადგენელმა, წარადგინა №00338 და №00853 საგადასახადო მოთხოვნის-ელექტრონული დოკუმენტების ასლი, დამოწმებული თავად აპელანტის, ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრის ბეჭდით (ს.ფ. 162-177).
7.3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 30 მარტის განჩინებით აპელანტს, ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრს გაუგრძელდა №2/ბ-157 სამოქალაქო საქმეზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 თებერვლის განჩინებით, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა და სახელმწიფო ბაჟის - 360 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენისათვის ვადა განისაზღვრა განჩინების ასლის აპელანტისათვის ჩაბარებიდან 10 დღე (ს.ფ. 179-184).
7.2. 2022 წლის 21 აპრილს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრის წარმომადგენელმა, წარადგინა №00338 და №00853 საგადასახადო მოთხოვნის-ელექტრონული დოკუმენტები (ს.ფ. 197-190).
8. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მას არ დაურღვევია სააპელაციო საჩივრის განსახილველად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შესაბამისად, სასამართლოში წარდგენის წესები და ფორმა, ვინაიდან “ელექტრონული დოკუმენტისა და სანდო მომსახურების'' შესახებ საქართველოს კანონის მეოთხე მუხლში მითითებული ჩანაწერი “ან/და დადასტურებული“ წარმოადგენს იმ მითითებას, რომ ასეთი სახის დოკუმენტზე თუ დატანილია ე.წ. “სველი“ ბეჭედი, რომელშიც ამავე ფერით ჩაბეჭდილია “ტრანზაქცია განხორიელებულია“, წარმოადგენს ამ დოკუმენტების დადასტურებას და ისინი წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის დამდასტურებელ დოკუმენტს დედნის სახით (ს.ფ. 201-217).
9. ამდენად, განსახილველი სადავო საკითხი შემდეგია: სააპელაციო საჩივარზე წარდგენილ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს გააჩნია თუ არა ორიგინალის თანაბარი იურიდიული ძალა.
10. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. სტრასბურგის სასამართლოს განმარტების მიხედვით ხელმისაწვდომობის პროცედურული წინაპირობები, როგორიცაა მაგალითად სასამართლო ხარჯები და დასაშვებობის პრაქტიკული წინაღობები, როგორიცაა იურიდიული დახმარების არარსებობა (Airey v. Ireland), ექცევა სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების ფარგლებში და ცალკეულ გარემოებებში შესაძლებელია გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევაც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 5 მაისის საქმე №ას-376-2022 განჩინება).
11. ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ე'' და ,,ვ'' ქვეპუნქტების თანახმად, ელექტრონული ხელმოწერა არის ელექტრონულ მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც დაერთვის ან ლოგიკურად უკავშირდება ელექტრონულ დოკუმენტს და ელექტრონული დოკუმენტის ხელმოსაწერად გამოიყენება. ხოლო, ელექტრონული შტამპი არის ელექტრონულ მონაცემთა ერთობლიობა, რომელიც დაერთვის ან ლოგიკურად უკავშირდება ელექტრონულ დოკუმენტს და ელექტრონული დოკუმენტის მთლიანობისა და წარმომავლობის სისწორის დასადასტურებლად გამოიყენება. ამავე კანონის მე-4 მუხლის თანახმად, ელექტრონული დოკუმენტის ყველა ეგზემპლარი ორიგინალია. ელექტრონულ დოკუმენტს არ შეიძლება ჰქონდეს ელექტრონული ასლი. ელექტრონული დოკუმენტის გამოყენება შესაძლებელია ყველა შემთხვევაში, როდესაც მოითხოვება წერილობითი ფორმის მატერიალური დოკუმენტი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ელექტრონული დოკუმენტის ამონაბეჭდი არის ელექტრონული დოკუმენტის ასლი და მას ელექტრონული დოკუმენტის თანაბარი იურიდიული ძალა აქვს, თუ ის ხელმოწერისთვის პასუხისმგებელი პირის ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილი პირის მიერ არის დამოწმებული ან/და დადასტურებული.
კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარდგენილია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი - №00338 და №00853 საგადასახადო მოთხოვნის ორიგინალი ელექტრონული დოკუმენტების ამონაბეჭდი (ასლი), რომლებიც შეესაბამება ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ'' საქართველოს კანონის მოთხოვნებს, და მათ გააჩნიათ ორიგინალის თანაბარი იურიდიული ძალა. საკასაციო სასამართლო ასევე დამატებით მიუთითებს ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-3,7 მუხლზე, რომლის თანახმად, დაუშვებელია სასამართლოში სამართალწარმოებისას ელექტრონული ხელმოწერისათვის ან/და ელექტრონული შტამპისათვის მტკიცებულებითი ძალის მინიჭებაზე უარის თქმა მხოლოდ იმ მოტივით, რომ ის არ აკმაყოფილებს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისათვის ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპისათვის ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დასაბუთებელია. კერძოდ, რაკი არ არსებობდა 371-374-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძველი, სასამართლოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა. სააპელაციო პალატა არ იყო უფლებამოსილი, სახელმწიფო ბაჟის გადახდასთან დაკავშირებით ხარვეზი დაედგინა აპელანტისათვის, ვინაიდან ამ უკანასკნელმა იმთავითვე სააპელაციო საჩივარში წარადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ს.ფ. 148). სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად ვერ დაედება მხარის მიერ ისეთი ხარვეზის გამოუსწორებლობის ფაქტი, რომლის დადგენა არასწორად მოხდა (შდრ. სუსგ №ას-1121-1055-2015, 09.12.2015წ., პ.23).
13. სსსკ-ის 412.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება, დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას. ამდენად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე სააპელაციო საჩივარზე დასაშვებობის საკითხის შესამოწმებლად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 აპრილის განჩინება და საქმე, ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად, დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი