საქმე №ას-469-2022 23 თებერვალი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ზ.ე–ძე (მხარდამჭერი - ნ.კ–რი)
მოწინააღმდეგე მხარე – მ.ე–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 9 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ზ.ე–ძემ (მხარდამჭერი - ნ.კ–რი) (შემდგომში- "მოსარჩელე", "კერძო საჩივრის ავტორი") სარჩელი აღძრა სასამართლოში თ.ე–ძისა და მ.ე–ძის (შემდგომში - "მოპასუხეები") მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით ზ.ე–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 9 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდნენ მხარეები.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლოსათვის ცნობილი იყო, რომ ადვოკატი იმყოფებოდა შვებულებაში, რის შესახებაც წერილობითა და სიტყვიერად ეცნობა სასამართლოს, რაც უსაფუძვლოდ არ იქნა მიჩნეული საპატიო მიზეზად. სააპელაციო სასამართლოსთვის 2022 წლის 7 მარტს 09.41 საათზე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი შუამდგომლობით ირკვევა, რომ ადვოკატი კუთვნილ შვებულებაში იმყოფებოდა 4 მარტიდან 19 მარტამდე და მას იმ ეტაპზე არ ჰქონდა ბრძანების წარდგენის საშუალება. სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის საქმის წარმოების ელექტრონული ქსელის ამონაწერით, ადვოკატს ბრძანება გაეგზავნა 9 მარტს 15.18 საათზე, მაშინ როდესაც იგი იმყოფებოდა შვებულებაში, ამიტომ მოკლებული იყო შესაძლებლობას ბრძანება დაუყონებლივ სასამართლოსთვის წარედგინა. ამასთან, აპელანტი ზ.ე–ძე არის მხარდაჭერის მიმღები პირი, რომლის მხარდაჭერასაც იმ ეტაპზე ვერ ახორციელებდა მისი მხარდამჭერი (სოციალური სამსახურის მუშაკი ი.ჩ–ძე) სხვა რეგიონში სამუშაოდ გადასვლასთან დაკავშირებით და ზ.ე–ძეს მიმართული ჰქონდა უფლებამოსილი ორგანოსათვის განცხადებით მისთვის სხვა მხარდამჭერის შერჩევასთან დაკავშირებით. ამჟამად, მხარდამჭერის ცვლილებაზე სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს იურისტმა - ნ.ზ–მა წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში. შესაბამისად, არსებობდა სხდომის გადადების მეორე საპატიო მიზეზიც, მხარდამჭერი სხდომაზე ვერ გამოცხადდებოდა ობიექტური გარემოებების გამო. აღნიშნულის შესახებ სასამართლოს ინფორმირება ვერ მოხერხდა, მაგრამ სასამართლოს ევალებოდა მხარდამჭერის გამოუცხადებლობის მიზეზის გარკვევა.
6.1. რაც შეეხება საპატიო მიზეზის სარწმუნოდ დადასტურებას, საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სსიპ იურიდიული სამხახურის ადვოკატები წლებია ემსახურება სოციალურად დაუცველ და მოწყვლად მოსახლეობას და მონაწილეობას იღებს არაერთ საქმეში. სასამართლოებთან ურთიერთობაშიც დამკვიდრებული აქვთ სანდო რეპუტაცია. შესაბამისად, საქმის განხილვაზე წარმომადგენელმა საპატიო მიზეზით ვერ შეძლო გამოცხადება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მაისის განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 დეკემბრის განჩნებით, თ.ე–ძის უფლებამონაცვლედ ცნობილია მისი მეუღლე - მ.ე–ძე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დარჩეს.
9. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 387.1 და 387.3 მუხლების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სსსკ-ის 231-ე მუხლის მიხედვით, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება არც ერთი მხარე, რომლებსაც გაეგზავნათ შეტყობინება 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-ე და 278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. ამავე კოდექსის 275.1 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა;.
11. ზემოაღნიშნულ ნორმათა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას მხარეთა გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ მხარეები კანონით დადგენილი წესით მიწვეული იყვნენ საქმის განხილვაში და არ გამოცხადდნენ არასაპატიო მიზეზით.
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება უნდა გადაისინჯოს და საქმე განახლდეს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.
13. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (შდრ. სუს. #ას-1445-1459-2011, 31.10.2011წ; #ას-1410-1330-2017; 30.01.208 წ).
14. სსსკ-ის 215.3 მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. აღნიშნული ნორმის თანახმად, სასამართლოში საქმის განხილვისას შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება წერილობითი ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე ახალი არსებითი გარემოების საფუძველზე შუამდგომლობას დააყენებს სასამართლო სხდომაზე. შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული; მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს მოთხოვნა და მისი არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან. ერთგვაროვანი შუამდგომლობები სასამართლოს ერთად წარედგინება. თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის დაყენება ემსახურება პროცესის გაჭიანურებას, იგი ხსნის ამ შუამდგომლობას. თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ მხარე პროცესის გაჭიანურების მიზნით აყენებს შუამდგომლობებს, იგი მხარეებს ართმევს შუამდგომლობების დაყენების უფლებას და გადადის საქმის განხილვის შემდეგ სტადიაზე. ამავე კოდექსის 215.3 თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად მიიჩნევა მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
15. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია და კერძო საჩივრით შედავებული არ არის, რომ აპელანტს სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაჰბარდა სასამართლო უწყება 9.03.2022წ. 11:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ (იხ.: შეტყობინება ტელეფონით სასამართლო შეტყობინების თაობაზე, ს.ფ.27).
16. პალატა მიუთითებს, რომ გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემული ჩამონათვალის გარდა მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (სუსგ Nას-1410-1330-2017, 30.01.2018წ.).
17. პალატა მიუთითებს, რომ გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემული ჩამონათვალის გარდა მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (სუსგ Nას-1410-1330-2017, 30.01.2018წ.; Nას-1342-1267-2012 ).
18. საკასაციო სასამართლოს მიერ განსახილველი საკითხი ისაა, აპელანტის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ქმნის თუ არა საფუძველს, სასამართლოს მთავარ სხდომაზე მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევისათვის. ამ შემთხვევაში, საუბარია შემდეგ მტკიცებულებებზე, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის 2022 წლის 2 მარტის ბრძანებაზე, რომლის თანახმად, მ.ხ–ძეს მიეცა ანაზღაურებადი შვებულება 2022 წლის 4 მარტიდან 2022 წლის 19 მარტამდე. ამ უკანასკნელის ფუნქციების შესრულება, იმავე ბიუროს ადვოკატს თ.ქ–ძეს დაევალა (იხ. ს.ფ. 64). საქმის მასალებში, ასევე, წარმოდგენილია ამონაწერი ბრძანების ჩაბარებაზე, რომლის თანახმად, მ.ხ–ძეს შვებულების შესახებ ბრძანება გაეგზავნა 2022 წლის 9 მარტს 15:18 საათზე (იხ. ს.ფ. 65).
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს გამოუცხადებლობის საპატიოობის თაობაზე და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე (3) მუხლის მიზნებისათვის, კერძო საჩივარი არ შეიცავს მტკიცებას იმის თაობაზე, თუ რატომ ვერ შეძლო შვებულებაში მყოფი ადვოკატის ფუნციების შემსრულებელმა ადვოკატმა სასამართლო სხდომაზე გამოცხადება ან/და რატომ არ აცნობა პროცესის დაწყებამდე სასამართლოს გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ.
19. სსსკ-ის 102.1 მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103.1 მუხლის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოსათვის უნდა წარმოედგინა თავისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც სასამართლოს საფუძველს შეუქმნიდა რწმენისათვის, რომ სხდომაზე აპელანტის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა საპატიო იყო.
20. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2022 წლის 9 მარტს, 11:00 საათზე, რის შესახებაც კანონით დადგენილი წესით ეცნობა აპელანტს (იხ. აქტი ტელეფონით სასამართლო შეტყობინების შესახებ ს.ფ. 27, სადაც განმარტებულია სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ნეგატიური შედეგები), თუმცა დანიშნულ დროს აპელანტი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა. სასამართლოს სხდომაზე, ასევე, არ გამოცხადებულა მოპასუხე მხარე. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ს 275.1. ,,დ“ ქვეპუნქტის შებასამისად (სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ: არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა), მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა. საკასაციო პალატა სამართალწარმოების დისპოზიციურობის, პროცესის ეკონომიურობის პრინციპებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების გათვალისწინებით განმარტავს, რომ ნებისმიერი საპროცესო მოქმედების განხორციელებისას დაცული უნდა იყოს მხარეთა შორის უფლება-მოვალეობათა განაწილების სამართლიანი ბალანსი. ერთი მხარის მიერ თავისი საპროცესო უფლების არამართლზომიერად გამოყენებამ არ უნდა დააბრკოლოს მოდავე მხარის უფლებების რეალიზაცია და უსაფუძვლოდ არ უნდა გააჭიანუროს პროცესი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 დეკემბრის №ას-1412-2018 განჩინება).
21. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, რადგანაც აპელანტს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ეცნობა საქმის განხილვის შესახებ, იგი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა პროცესზე და არც გამოუცხადებლობის მიზეზი არ აცნობა სასამართლოს, სააპელაციო პალატის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ კანონიერია და უცვლელად უნდა დარჩეს
22. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ.ე–ძის (მხარდამჭერი ნ.კ–რი) კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 9.03.2022 წლის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
თეა ძიმისტარაშვილი