Facebook Twitter

საქმე №ა-2701-შ-75-2023 24 მაისი, 2023 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ს.მ– ბ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.მ–ა (მოპასუხე)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – გერმანიის, ოსნაბრიუკის სამხარეო სასამართლოს 2010 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება #87 F 287/10 S

დავის საგანი – განქორწინება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გერმანიის, ოსნაბრიუკის სამხარეო სასამართლოს 2010 წლის 6 დეკემბრის #87 F 287/10 S გადაწყვეტილებით ს.მ–ბ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე ან შუამდგომლობის ავტორი) სარჩელი გ.მ–ას (შემდეგში: მოპასუხე) წინააღმდეგ განქორწინების თაობაზე დაკმაყოფილდა და მათ შორის, 2006 წლის 21 მარტს, ოსნაბრიუკის მმაჩის ბიუროში (ქორწინების რეესტრი 88/2006) რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

2. შუამდგომლობაზე დართული ცნობით დასტურდება, რომ მოსარჩელე იყო ს.მ– ბ–ძე და გახდა ს.მ– ბ–ძე.

3. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2023 წლის 19 მაისს, შუამდგომლობით მომართა მოსარჩელემ და მოითხოვა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, განქორწინების თაობაზე.

4. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება და თავად შუამდგომლობის ავტორის განცხადებით, დადასტურებულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

5. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად განქორწინების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია ზეპირი განხილვის საფუძველზე. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოსარჩელეს განქორწინება სურს, მოპასუხე კი - თანახმაა.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 მაისის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

7. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად განქორწინების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია ზეპირი განხილვის საფუძველზე. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოსარჩელეს განქორწინება სურს, მოპასუხე კი - თანახმაა.

8. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

9. ამ განჩინების მე-8 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.

10. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მოცემული პირობები დაცულია, რის გამოც მოსარჩელის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს გერმანიის, ოსნაბრიუკის სამხარეო სასამართლოს 2010 წლის 6 დეკემბრის #87 F 287/10 S გადაწყვეტილება.

11. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 და 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს.მ– ბ–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს გერმანიის, ოსნაბრიუკის სამხარეო სასამართლოს 2010 წლის 6 დეკემბრის #87 F 287/10 S გადაწყვეტილება, რომლითაც ს.მ– ბ–ძესა და გ.მ–ას შორის, 2006 წლის 21 მარტს, ოსნაბრიუკის მმაჩის ბიუროში (ქორწინების რეესტრი 88/2006) რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

მ. ერემაძე